Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტად ქვეყანას ვთავაზობთ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას

საქართველოს პრეზიდენტად ქვეყანას ვთავაზობთ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას

796

საქართველოში თანდათან ძალას იკრებს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია. კანდიდატებიც გვყავს _ ქალბატონები ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნესტან კირთაძე, «ქართული ოცნების» _ გიორგი მარგველაშვილი, ლეიბორისტების _ შალვა ნათელაშვილი, სულ ახლახან ბატონი პაატა ბურჭულაძეც დაასახელეს.

გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტს მნიშვნელოვნად აქვს შეკვეცილი ფუნქციები, მაგრამ იგი მაინც არის «საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი», «საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი» და «წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში».

გარდა ამისა, მას აქვს მინიჭებული ერთგვარი არბიტრის როლი მთავრობასა და პარლამენტს შორის წინააღმდეგობების წარმოქმნის შემთხვევაში.

ზემოთ ჩამოთვლილი პერსონების ფონზე ჩვენი საზოგადოება მოსახლეობას პრეზიდენტად სთავაზობს ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას.

შევეცდებით, აქვე ავხსნათ ამის მიზეზები:

უნდა ითქვას, რომ ხალხი საქართველოს პრეზიდენტს აღიქვამს არა პრეზიდენტის ფორმალური უფლებამოვალეობების მიხედვით, არამედ როგორც ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირს, ერის წინამძღოლს და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც აფასებს იმ მოლოდინებისა და სურვილების შესრულებათავის გართმევის კუთხით, რასაც ის ზოგადად მოელის ქვეყნის ხელისუფლებისგან.

ტრადიციულ პატრიარქალურ საზოგადოებას, რომელსაც ქართველებიც მივეკუთვნებით, ახასიათებს ხელმძღვანელის, უფრორე კი ქვეყნის პირველი პირის აღქმა როგორც უფროსი, გამოცდილი, დარბაისელი პიროვნებისა, რომელსაც შეთვისებული აქვს ჩვენი ერის ყველა ტრადიციული ნიშანთვისება.

დამეთანხმებით, რომ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი ამ მხრივ მომგებიანად გამოირჩევა ყველა დასახელებული კანდიდატისგან.

საქართველოს მოსახლეობა ზოგადად ხელისუფლებისგან და კონკრეტულად პრეზიდენტისგან მოელის ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ _ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში წინსვლას (თუმცა კონსტიტუციით ეს მისი ფუნქცია არ არის), აგრეთვე, იმას, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი მას შინაურად და თავისიანად მიიჩნევდეს.

ჯუმბერ პატიაშვილის ბიოგრაფია სწორედ ასეთი მოღვაწის მაგალითია. იმასთან ერთად, რომ ის თავისიანია საქართველოს ყველა კუთხეში, აფხაზეთში და .. სამხრეთ ოსეთში მას აღიქვამენ, როგორც მათდამი ყოველთვის პოზიტიურად განწყობილ ხელმძღვანელს, რომლისგანაც, ასაკიდან და განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე, რჩევასაც მოისმენენ და საყვედურსაც მიიღებენ.

აფხაზეთსა და ოსეთთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი სერიოზული ნიუანსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ყველგან და ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს: იქაურ საზოგადოებაში და პოლიტიკურ კლასში დიდი, თითქმის გადამწყვეტი გავლენა აქვს უხუცესთა აზრს, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უხუცესებთან თათბირის გარეშე იქ არ მიიღება. ოსი და განსაკუთრებით, აფხაზი უხუცესები ქალებთან არანაირ საკითხს არ განიხილავენ, ქალს სალაპარაკოდაც არ მიიღებენ. თუკი ჩვენ გვინდა აფხაზებისა და ოსების ჩვენკენ შემობრუნება, ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რა თვალით შეხედავენ იქაური უხუცესები საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პერსონებს.

დღევანდელ სინამდვილეში, ალბათ, ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის პიროვნულად ენდობოდეს უმაღლეს ხელისუფალს, .. პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი პიროვნული თვისებებით, წარსული პოლიტიკური გამოცდილებით და საქმიანობით ამ ნდობას უნდა იმსახურებდეს. ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლებას და ე.ი. პრეზიდენტსაც უნდა შეეძლოს შექმნას სტაბილურობა საზოგადოებაში და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში. ხალხი გადაღლილია უკანასკნელი ოცი და განსაკუთრებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობით და დაძაბულობით და დამშვიდება და სტაბილურობა სწყურია. მოსახლეობა დაღლილია პირტიტველა გოგო-ბიჭების მმართველობით, რომლებიც უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე გამწესებით იწყებდნენ ჩაბარებული დარგის შესწავლას და საერთოდ, შრომით საქმიანობას.

ვერც ამ მხრივ გაუწევს ვინმე დღევანდელ რეალობაში კონკურენციას ბატონ ჯუმბერს.

საქართველო აგრარული ქვეყანაა, მისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს და საქართველოს მცხოვრებთათვის სულერთი არაა, ქვეყნის პირველ პირს როგორ ესმის სოფლის მეურნეობა და როგორი დამოკიდებულება აქვს ეკონომიკის ამ სფეროსთან, მით უმეტეს დღეს, როცა ათწლეულების მანძილზე მიტოვებული ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგი გადარჩენას საჭიროებს.

ყველას მოეხსენება, რომ ბატონი ჯუმბერი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია და ამ დარგში იქეთ მისცემს რჩევას, ვისაც გინდა.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში გამეფებული ტოტალური ჩინოვნიკური თვითნებობისა და განუკითხავი უკანონობის ფონზე, როცა მთლიანად მოსახლეობის სამართლებრივი ტერორი და შევიწროება ყოველდღიური ამბავი იყო, ქვეყნის მოსახლეობისთვის არსებითია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს უკანონობისა და კორუფციისადმი.

თავისი განვლილი ცხოვრებით ბატონმა ჯუმბერმა დაადასტურა, რომ მისთვის ჩინოვნიკის თვითნებობა, კორუფცია და სახელმწიფო მმართველობა შეუთავსებელი მცნებებია.

და, ბოლოს, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 1995 წლის არჩევნებში, სინამდვილეში, ჯუმბერ პატიაშვილმა გაიმარჯვა და რომ არა შევარდნაძე-ჟვანიასეული ტოტალური გაყალბება, ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე კარგა ხნის გასული იქნებოდა.

ალბათ, ეს არის ძირითადი ჩამონათვალი ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის უპირატესობებისა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» სახელით, საზოგადოების თავმჯდომარე

ტარიელ გაგნიძე

1 COMMENT

  1. სავსებით ვეთანხმები ავტორს ჯუმბერ პატიაშვილის პიროვნების შეფასებაში და მხარს ვუჭერ მის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here