Home რუბრიკები საზოგადოება ნატო _ ჩიხი თუ გამოსავალი?

ნატო _ ჩიხი თუ გამოსავალი?

649

ყოველდღე გვესმის: «შევალთ ნატოში და გვეშველება». როცა მავანს ხელს უშლიან ადამიანების წამებაში ან ფულის შოვნაში, ან სულაც ქალაქის ცენტრში აღლუმის ჩატარებას ექმნება პრობლემა, მაშინაც გვესმის: «ასე ვინ მიგვიღებს ნატოში?!»

გვიღებენ კი საერთოდ? და მაინც, რა მესიჯები ჩამოიტანა ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა, ხომ არ ნიშნავდა მისი განცხადებები შემდეგს: კი, ბატონო, მეგობრები ვართ, ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, მაგრამ იქ ვერასოდეს შეხვალთ? არის კი ნატოში შესვლა მარტო ჩვენს სურვილზე დამოკიდებული ან იქნებ ეს სურვილიც არ აქვს საქართველოს მოსახლეობას? რა ვიცით, რომ გვინდა? მართალია, 2008 წელს «ჩატარდა» რაღაც გამოკითხვა, რომელსაც ხან რეფერენდუმს ეძახიან და ხან პლებისციტს, მაგრამ სპეციალისტებს ეეჭვებათ, ამას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ითქვა, რომ ეს პლებისციტი იმისთვის ჩატარდა, რომ როგორმე მოეხერხებინათ და მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის ნულამდე დავარდნილი რეიტინგი ოდნავ მაინც ამოექაჩათ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმდროინდელი ოპოზიცია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის არჩევნები გაყალბდა. გამოდის, ის პლებისციტიც არ უნდა ჩაითვალოს ნამდვილ და გაუყალბებელ პლებისციტად?! ყველა ლოგიკით, იმ პლებისციტის შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი და გულდინჯად, კარგად გააზრებული ფორმით უნდა  გამოიკითხოს _ უნდათ თუ არა ნატო ქართველებს! «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ესაუბრა.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი:

_ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი ნატოს გენერალური მდივნის _ რასმუსენის განცხადებების შემდეგ. მაშინ, როდესაც უამრავი წამების კადრები აღმოჩნდა, სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რასმუსენი ხმას არ იღებს და საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობები იჩაგრებიან; აცხადებს, რომ, თუ არ დავიცავთ მათ, ნატოს კარი ღია აღარ იქნება ჩვენთვის. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. რასმუსენი რამდენიმეჯერ იყო საქართველოში ჩამოსული და არ მახსენდება, რომ ან 26 მაისის სისხლიან მოვლენებზე, ან წამების ფაქტებზე ხმა ამოეღო. გარდა ამისა, მისგან ჩვენ კონკრეტული პასუხი კითხვაზე – საქართველოს ნატოში მიიღებენ თუ არა, არასდროს მოგვისმენია. თუ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ ნატოში, თუ პედერასტები და ლესბოსელები გავხდებით, მაშინ, მე პირადად, ასეთი ნატო არ მჭირდება.

_ ავღანეთში ქართველი სამხედროების მონაწილეობა არ არის საქართველოს ნატოში შესვლის გარანტიაო, ესეც აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა

_ არ მგონია, რომ საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა ჰქონდეს. ჩვენ გარკვეულ სტანდარტებს უნდა ვპასუხობდეთ, მაგრამ ჩვენ მათ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ. სანამ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რომ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი და, სანამ თავად არ მოვემზადებით, ვიყოთ ისეთები, როგორიც უნდა იყოს ნორმალური საზოგადოება, მანამდე ნატოში შესვლის არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს. მით უმეტეს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნატო ვინმეს დახმარებოდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ უფრო ისეთ ალიანსზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

_ იქნებ საზოგადოების განწყობაც შეცვლილია ნატოსთან დაკავშირებით; მართალია, 2008 წელს ჩატარდა პლებისციტი, რომლის მიხედვითაც ქართველმა ხალხმა ნატოში შესვლას დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა, რაზეც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები გამუდმებით საუბრობდნენ, ხომ არ დგება იმის საჭიროება, რომ ამ საკითხზე ჩატარდეს ხელახალი გამოკითხვა რეფერენდუმის სახით?

_ პირდაპირ გეუბნებით, რომ რასმუსენის ვიზიტისა და განცხადებების შემდეგ გამორიცხულია, ოდესმე საქართველოს ნატოში შესვლას დავუჭირო მხარი. ჩემ გვერდით მყოფი ადამიანებიც ზუსტად ასე ფიქრობენ. მე არ მინდა მიმიღონ ნატოში, რადგან ამ შემთხვევაში ყოველკვირა გეიაღლუმები უნდა ვატარო და ახალგაზრდობა გაირყვნას. ეს არ არის ჩემი ქართული ოცნება, ეს არ არის ჩვენი ღირებულება. ვფიქრობ, რასმუსენის ვიზიტის შემდეგ თუ ჩატარდება გამოკითხვა, უნდა თუ არა ქართველ ერს ნატოში შესვლა, 80% უპასუხებს, რომ არ უნდა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ ეყოფა გამბედაობა, რომ რეფერენდუმი ჩაატაროს. ვიმეორებ, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ რასმუსენის განცხადებებით. ერთი თვეა, რაც ათი ჯარისკაცი დაგვეღუპა და ჩამოდის ეს კაცი და ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ეს ადამაინები დაგვცინიან, თავს გვახვევენ გეიაღლუმებს, ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ. უნდა გამოიძებნოს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე უარს იტყვის და რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

აქ არის ძალიან დიდი ინტერესი _ შენ ავღანეთში უნდა იყო, თუ შენ დამოუკიდებელი თამაში დაიწყე ძალიან ცუდად შეიძლება მოგექცნენ. ჩვენ გვეგონა, რომ ივანიშვილი შესძლებდა დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას, რადგან მას არ სჭირდებოდა ფული და გავლენის მოპოვება და გვეგონა, რომ ქართულ თამაშს ითამაშებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეტიც, 26 მაისს ივანიშვილი გამოვიდა და იმაზე მეტი ილაპარაკა სექსუალურ უმცირესობაზე, რაც ოდესმე რომელიმე ქვეყნის მეთაურს ულაპარაკია.

გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი:

_ ნატოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ამბობს იმას, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. აცხადებენ, ნატოში მაშინ მიგიღებთ, როდესაც დააკმაყოფილებთ ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც ნატოს სტანდარტები აწესებსო.

_ დიახ, ამას, წლებია, ვისმენთგჯერათ, რომ უახლოეს მომავალში მიგვიღებენ ნატოში?

_ როგორც ჩანს, დღეს არ დამდგარა ის პოლიტიკური მიზანშეწონილობა ნატოსთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. როდის და რა შემთხვევაში ჩათვლის ნატოს ხელმძღვანელობა, რომ დადგა ეს დრო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მთავარი, ნატოში მიღება-არ მიღების განმსაზღვრელი ეს საკითხია და არა ის, ასრულებს თუ არა ქვეყანა 100%-ით ნატოს სტანდარტებს. რაც შეეხება რეფერენდუმს, გეთანხმებით, რომ დღეს სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია ნატოსთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა, რომ ნატო არ გახდა ფარი და დამცველი საქართველოსი, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, დღეს არის ის, რომ ნატოც და, ალბათ, რუსეთიც თანახმა იქნებიან, რომ საქართველო მიიღონ ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, რაზეც, ბუნებრივია, ქართველი ხალხი არ იქნება თანახმა.

და დღეს აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით ნატოში შესვლა არის ილუზია და ზღაპარი, იმიტომ, რომ  გამოდის, ნატომ ომი უნდა გამოუცხადოს რუსეთს და თუ საკითხი ასე დადგება, რომ ქართველო ხალხო, გინდათ თუ არა ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებს და, თუ დადგება საკითხი აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით გინდათ თუ არა, რა თქმა უნდა, ამას უმრავლესობა დადებითად უპასუხებს, ოღონდ ეს დღეის მდგომარეობით არარეალურია, რადგან იქ რუსეთის ჯარი დგას. აი, ამ დილემის,  წინაშე დგას დღეს საქართველო. თუ ნატოში არ შევალთ, ამ შემთხვევაში რამდენად არის საქართველოს გაერთიანების პერსპექტივა, ანუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესაძლებლობა _ აი, ესეც არის ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც გასათვალისწინებელია და რომელსაც ასევე ქართველმა ხალხმა უნდა უპასუხოს, დღეს კი ამ კითხვაზე 100%-ით სწორ და გადამწყვეტ პასუხს ვერავინ გასცემს.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

_ არ ვიცი, რა შეიძლება ჩაითვალოს რასმუსენის გამოსვლიდან მეგობრულ ტონად, ალბათ, ის, ღიმილი, რომლითაც ეს ადამიანები გამოირჩევიან. ახლახან დაიღუპნენ ჩვენი მეომრები ავღანეთში და ამის ფონზე ეს კაცი ამბობს, რომ თურმე ეს არ არის საშვი იმისთვის, რომ საქართველო ნატოში შევიდეს. არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო. რას ნიშნავდა საერთოდ ამ განცხადების გაკეთება, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ბილეთი, სად არის ბილეთი და რის შედეგად ხდება ნატოში შესვლა.

გარდა ამისა, ამ კაცმა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევად 17 მაისის აქცია აღიქვა და არა ის ყველაფერი, რაც საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში თავს დაატყდა, მათ შორის, ბოლო პერიოდის მოვლენები _ წამების კადრები. რა მოხდა ისეთი 17 მაისს, იქნებ გამაგებინოთ, რომ ეს გახდა სალაპარაკო და იმ შემზარავმა ფაქტებმა ასახვაც კი ვერ ჰპოვა მის გამოსვლაში. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მეგობრული და კეთილგანწყობილი ვიზიტი, პირიქით, მგონია, რომ არასასურველი შინაარსის იყო მისი განცხადებები. ესეც რომ არა, საქართველოს მოსახლეობისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მართლაც რომ გაგვიღონ კარი და შეგვიშვან ნატოში, რა ხდება, რას გვპირდება ნატო? გვპირდება კი ტერიტორიულ მთლიანობას? თუ არ გვპირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამაში მხარდაჭერას, რაც მის სიტყვებშიც ნათლად ჩანს (თქვენ უნდა მოაგვაროთ რუსეთთან პრობლემებიო), მაშინ რაში გვჭირდება ასეთი აღტკინება ამ ნატოზე, ვერ გამიგია?! თუ ნატო არის ის, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ, თუ ნატოში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვცნოთ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, მაშინ ნატოში შესვლა არავის სჭირდება. ვის სჭირდება ასეთი ნატო? აი, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია.

არ ვიცი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ მთავარია, ქართველი ხალხი იყოს ინფორმირებული, რას გვპირდება ნატო, რა არის ნატო ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუ ნატო არანაირ დადებით როლს არ ასრულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში და პირიქით, ნატოში შესვლა საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ასეთი ნატო არავის სჭირდება.

ჯონდი ბარათურია, «ქართული დასის» ლიდერი:

_ ნატოს ისევე, როგორც არც ერთ სახელმწიფოს, არ უნდა რუსეთთან კონფლიქტში შესვლა. შესაბამისად, ის აყენებს პირობას, რომ კონფლიქტი უნდა ამოიწუროს. კონფლიქტის ამოწურვა კი ნიშნავს საქართველოს მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას, რაც იქნება სამშობლოს ღალატი და მოღალატე იქნებ ის, ვინც ამას გაიფიქრებს; ან მეორე _ რუსეთთან ომის მოგება, რაც არარეალურია. რეალური სურათი ასეთია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ჩვენ დასავლეთის კარი გამოვიხუროთ. ასეთ შემთხვევაში რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება უფრო გართულდება. საქართველომ უნდა ეძებოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გზები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლეთთან ურთიერთობაზე. რაც შეეხება რეფერენდუმს, მე მის ჩატარება-არ ჩატარებას ვერ გადავწყვეტ, საქართველოს ერთ ნაწილს, რა თქმა უნდა, უნდა ნატოში შესვლა, მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგია და კიდევ არის მესამე ნაწილი (საკმაოდ დიდი ნაწილი), რომელიც სიფრთხილეს იჩენს და პრაგმატული და რაციონალური დამოკიდებულება აქვს ნატოს ან რომელიმე სხვა კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის ასეთი მრავალგვარი განწყობისა და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის პოზიტიური განწყობისა, ნატო არ არის მზად საქართველოს ნატოში მისაღებად, ეს აშკარაა, ჩვენ ამას კარგად ვხედავთ.

_ იქნება კი უახლოეს ხანში ამისთვის მზად? მუდმივი მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ?  

_ მე ნატოს მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ კარი არ უნდა გამოვიჯახუნოთ, ზურგი არ უნდა შევაქციოთ დასავლეთს და არ უნდა აღმოვჩნდეთ პირისპირ მხოლოდ რუსეთთან. ჩვენ რუსეთთან უნდა ვარეგულიროთ ურთიერთობები, უნდა აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური, დიპლომატიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები,  აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად აძლევს რუსეთს გარანტიას, რომ მის სამხრეთ საზღვრებზე მას ექნება სტაბილური და მშვიდი ვითარება. მხოლოდ ძლიერ და სტაბილურ საქართველოს შეუძლია მისცეს რუსეთს ამის გარანტია. საქართველო სანამ ვერ გააკონტროლებს თავის ტერიტორიებს, მანამდე ვერ დაეხმარება რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრების კონტროლში, მგონი, ძალიან ღიად ვლაპარაკობ, არა? ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არგებდა საქართველოსაც და რუსეთის სახელმწიფოსაც და მიიყვანდა ორივე სახელმწიფოს იმ დასკვნამდე, რომ მათ შორის ურთიერთობების აღდგენა ღირს.

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here