Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილს უნდა აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და შიდაპატიმრობა გამოეცხადოს

სააკაშვილს უნდა აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და შიდაპატიმრობა გამოეცხადოს

732

სამეგრელოს სამალავში ნაპოვნი ვიდეო და აუდიოფაილების, დოკუმენტებისა და გადამალული იარაღის ამოღების შემდეგ მოწყობილ არქივის პრეზენტაციაზე ცხადი გახდა  (იმათთვისაც, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა თუ შეგნებულად თვალს ხუჭავდა, როგორიც ჟურნალისტი . კვესიტაძეა), რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. არა ჩვეულებრივს, არამედ ამაზრზენი ფორმებით განხორციელებულ მკვლელობებს, «შეკერილ საქმეებს», შანტაჟს, უკანონო მოსმენებს, ადამიანებზე ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ზეწოლას, მოქალაქეთა უფლებების ტოტალურ დარღვევებსეროვნული ტრადიციების მოშლასა და ყოველგვარი  ღირებულის განადგურების მცდელობას

არ მინდა, ვიყო შურისმაძიებელი და ბოროტების ბოროტებითვე გადამხდელი, მაგრამ არ გამომდის. ის, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მოიმოქმედა ქართველი მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. რასაკვირველია, იყო ცალკეული ღალატის ფაქტები, მაგრამ არა სისტემური და გეგმაზომიერი, ამგვარი, ერის დამაქცევარი ქმედებები. სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა დამღუპველი დემოგრაფიული პრობლემები, დააქცია განათლება, მოსპო ეროვნული ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, ალბათ, დიდხანს სულს ვერ მოითქვამს და ფეხზე ვერ დადგება ეროვნული მრეწველობა, მიითვისა კერძო საკუთრება… რომელი ერთი დავასახელო!

რამ აიძულა სააკაშვილის რეჟიმი, ეკეთებინა ის ამაზრზენი ქმედებები, თავის დროზე ფაშიზმი რომ ახორციელებდა? აქ არის ერთადერთი პასუხი: მხოლოდ ფსიქიურად ავადმყოფ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეეძლო ამგვარი რამ მოეფიქრებინა და განეხორციელებინა. მსოფლიოში ტოტალიტარული და ავტორიტარული მმართველობის ფორმები იყო და ამ სფეროს ჰყავდა გამოკვეთილი «ლიდერები», რომლებიც გასამართლდნენ და საგანგებოდ დაისაჯნენ. ცხადია, სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხალხის განაჩენს ვერ გადაურჩება. ამის მოთხოვნა უკვე იყო სპორტის სასახლეში შეკრებილი მოსახლეობისგან.

რატომ დაიმარხა «საიდუმლო» არქივი მაინცდამაინც სამეგრელოში? იმიტომ ხომ არა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა სამეგრელოდან იყო? განა უფრო უსაფრთხოდ არ გადაინახავდნენ უკანონოდ მოპოვებულ მასალებს მაღალმთიან მხარეში? სამეგრელოს მზაობა და მხარდაჭერა შეუძლია კეთილ საქმეში, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს დასდო თავი და არ დაიცავს დამნაშავეებს.

ახლა, საკუთარი ბინძური ხელებით ამოთხრილ ორმოში ჩავარდნილი სააკაშვილი მიკიბულმოკიბული ბოდვებით იმართლებს თავს. საზღვარგარეთიდან ისეთ რამეებს როშავს, მგონი, უკვე ამნეზია სჭირს.

ყოველმხრივ გაძარცული და უფლებადაკარგული პრეზიდენტი კი არა, ვაიპრეზიდენტი ცდილობს, რაიმე ხერხით, რაიმე საშუალებით პასუხისმგებლობა აიცილოს და რამდენიმე დაბალი რანგის პოლიციელს გადააბრალოს, რაც ქვეყანაში სადისტურ-სადამსჯელო უბედურებები ხდებოდა. მოსახლეობის ფართო ფენამ იცის, სინამდვილეში რაც ჩაიდინა ყოფილმა ხელისუფლებამ და რაც იმ 12 ათას 800 ფაილშია აღბეჭდილი. ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი და დამატებით კიდევ ნაპოვნი ოთხი კასრი მეტყველებს, რომ ეს არ არის საბოლოო, ანუ ჩვენ ვართ მოლოდინში, რომ კიდევ აღმოჩნდება ამგვარი ჩანაწერების სამალავი. ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი მოვალეობა იყო ამ ტიპის აკრძალული მასალების მოგროვება და შემდეგ მისი გამოყენება დაშინებისა და შანტაჟის მიზნით…

ისმის კითხვა: 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რატომ არ გაანადგურეს ეს არქივი? ცხადია, ელოდნენ ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბური ძალით მოსახლეობაზე შეტევას, რათა ეშოვათ დამატებით მილიარდები, განეხორციელებინათ საზღვარგარეთის მიერ შემოთავაზებული ქართველი ერის გადაგვარების, სულიერი და ფიზიკური მოსპობის საშიში გეგმა.

რას გაუძლო ბედკრულმა ხალხმა ჯერ შევარდნაძის სიბნელის პერიოდში და რა საშინელება გადაიტანა სააკაშვილის ძალადობრივი ყოფის პირობებში, ენით აუწერელია.

9 წლის განმავლობაში რაც ჩაიდინეს, რა საშინელება დაატეხეს თავს მოსახლეობას, ამისთვის ბოდიშის მოხდასაც არ აპირებენ «ნაცები» და მისი «გადარეული რეჟისორი» სააკაშვილი. ისინი დღემდე ყველაფერს პოლიტიკურ დევნას აწერენ და ცდილობენ, საზღვარგარეთელი ლობისტების დახმარებით თვალში ნაცარი შემოგვაყარონ.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კვდომის პროცესისკენ მავალ პარტიასა და მის ლიდერს დამოუკიდებელი მოღვაწეობის პერსპექტივა არ აქვთ და ამიტომ უნდა ველოდოთ მათი გაქრობის მოსაბეზრებელ და გაჭიანურებულ პროცესს. როგორ შეიძლება დაუსრულებლად ვუცქიროთ, როდის მოკვდებიან ეს «ჯოჯოხეთის ეშმაკები», როდის აღესრულებიან და გავლენ პოლიტიკური სცენიდან?

არა, ბატონებო!.. ახალმა ხელისუფლებამ კიდევ რა მასალები უნდა მოიპოვოს, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ საშინელ დანაშაულებს. ის არგუმენტი, რომ პრეზიდენტს იცავს იმუნიტეტი, არ ნიშნავს, რომ ის კანონზე მაღლა უნდა იდგეს და პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს მისი დაკითხვა არ შეუძლიათ. პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეა, დამნაშავე მოქალაქე. იგი დამნაშავე ჯგუფთან ერთად სჩადიოდა ერის ღალატის შემცველ ქმედებებს. ის იყო დამკვეთი და «დირიჟორი», წლების განმავლობაში ხალისობდა, ერთობოდა, სისხლიან ხელებს თვალზე გვაფარებდა და კმაყოფილი იყო, რომ გვაბრიყვებდა. ამიტომ უნდა დაიკითხოს და მიეცეს პასუხისგებაში. ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში უამრავი ფაქტია, როცა პირველი პირები დაიბარეს და არამხოლოდ დაკითხეს, არამედ დააპატიმრეს კიდეც. გავიხსენოთ თუნდაც საფრანგეთისა და იტალიის მაგალითები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია: სახელგატეხილი და აზროვნებადაბინდული, გაბოროტებული ადამიანის უსასრულო ვოიაჟებისთვის ზღვარის დადება. იგი უსირცხვილოდ კვლავაც ცდილობს ახალი ხელისუფლების დისკრედიტებას და ავრცელებს ქვეყნისთვის მავნებლურ განცხადებებს.

ორიოდე თვის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ «საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას». თავად სააკაშვილი არ მალავს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია: «უმოქმედობა ჩემთვის მძიმე ტვირთია, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვილად არ ვიკადრებ, ამიტომ ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ საკონსტიტუციო სტაბილურობის რაღაც შესაძლებლობა მაინც».

 ახლა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ზედაპირზე დევს ყოფილ ხელისუფალთა ნამოქმედარი, პრეზიდენტის გაუთავებელი გადაფრენა-გადმოფრენები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყანაში შესაწყვეტია. პრაქტიკულად და პოლიტიკურად გაძარცული ადამიანის უაზრო ვიზიტები შესაჩერებელია. მითუფრო, რომ პრეზიდენტი არ წარმოადგენს ხელისუფლებას, მეტიც, მასთან ოპოზიციაშია. როცა მისმა განხორციელებულმა რეფორმებმა განადგურებამდე მიიყვანა ქვეყანა, როცა მისი ყოფილი ხელქვეითები პასუხისგებაში არიან მიცემულნი და ბევრიც გაპარულია ქვეყნიდან, არავინაა დაზღვეული, რომ საიდუმლოდ არ ხვდებოდეს დამნაშავეებს, ხელს არ აფარებდეს მათ და ერთად არ გეგმავდნენ სამომავლო დანაშაულებს.

უკვე არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სააკაშვილი და მისი დამნაშავე «ნაცები» გონს მოეგებიან, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს და მოითხოვენ საზოგადოებისგან პატიებას. ამაზე მეტყველებს პრეზიდენტის უკანასკნელი გამოსვლა და მისი «გოშიების» ჩახლეჩილი ხმით ყეფა. ამიტომ საჭიროა, შეუჩერდეს პრეზიდენტს უაზრო და ქვეყნისთვის არაფრისმიმცემი ძვირადღირებული საზღვარგარეთული მოგზაურობები. გამოეცხადოს პრეზიდენტს შინაპატიმრობა და დაიწყოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება.

ბორის დავითაია

 

1 COMMENT

  1. მიშამ თქვა და შაშკინმა გუშინდელ გამოსვლაში დაადასტურა , რომ იარაღის სამალავები თბილისში და მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვსო. რატომ არ იცოდენ ამის შესახებ ძალოვანმა მინისტრებმა? ეს სამალავები სახელმწიფოში გადატრიალების მზადყოფნის მცდელობაზე , ხომ არ მეტყველებს? რა პარტიზანები, რი პარტიზანები. – პარტიზანები მოშამ არ მოსპო! მეტი რა მტკიცებულებები გინდათ, რომ გაასამართლოთ ნაცმოძრაობა!!!!!!!!!!!!!!!!

  2. როგორმე მოვითმინოთ ეს 4 თვეც, იაროს და ილაპარაკოს სისულელეები, იციან მისი იმპულსური, არაპროგნოზირებადი გამოხტომები მსოფლიოშიც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here