Home რუბრიკები საზოგადოება ადრე ვხუმრობდით, _ ლობიოს ძეგლი უნდა დავუდგათ, გადაგვარჩინაო, ახლა კარტოფილის ძეგლზე უნდა...

ადრე ვხუმრობდით, _ ლობიოს ძეგლი უნდა დავუდგათ, გადაგვარჩინაო, ახლა კარტოფილის ძეგლზე უნდა ვიფიქროთ

საქართველოში ბავშვი ვალით იბადება, თანაც საკმაოდ სოლიდური ვალით!

254
ადრე ვხუმრობდით, _ ლობიოს ძეგლი უნდა დავუდგათ, გადაგვარჩინაო, ახლა კარტოფილის ძეგლზე უნდა ვიფიქროთ

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა. ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ოქროსა და კრიპტოვალუტის ფასმა მოიმატა. თავად განსაჯეთ, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 958 სინჯის ოქროს ქორწინების ბეჭედი 42,26%-ით გაძვირდა. ჩვეულებრივი, 5-გრამიანი ბეჭედი 1000 ლარზე მეტი ღირს და, წყვილმა ოჯახი რომ შექმნას, სულ ცოტა, 2 000 ლარი მხოლოდ ბეჭდებზე სჭირდება. ესეც არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ცოტა ადამიანი ფიქრობს დაოჯახებაზე და, შესაბამისად, შობადობაც წლიდან წლამდე იკლებს. ჰო, არც ის დაგვავიწყდეს, რომ კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი სიკვდილიანობა შობადობის მაჩვენებელს, .., მოსახლეობის მატებას კატასტროფულად შეამცირებს.

ვთქვათ, ახალი ოჯახები არ გვჭირდება ან გვჭირდება და, სადაც დიდი სიყვარულია, იქ ოქროს ბეჭედი ბევრს არაფერს წყვეტს. პროდუქტებზე გადავიდეთ: ოქროს გარეშე იარსებებს ადამიანი, საკვების გარეშე _ ვერა. ბოლო წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტების ფასმა მოიმატა: მზესუმზირის ზეთი _ 62,03%, წიწიბურა _ 38,44%, შაქარი _ 36,72%. მოდი, საკვების მოხმარების წრე უფრო შევამჭიდროვოთ და ვთქვათ, რომ მოსახლეობა არ მიირთმევს არც მზესუმზირის ზეთს, არც წიწიბურას და უშაქრო ჩაისა თუ ყავას გეახლებათ (სხვათა შორის, შაქარი ჯანმრთელობისთვის კარგი აშკარად არ არის). იმას რა ვუყოთ, რომ საშუალოდ, საკვები პროდუქტების ფასმა, ჯამში, 17-დან 20%-მდე მოიმატა? და ეს მატება, ბოლო ხუთი წელია, გრძელდება. ბოლო ხუთწლედში (როგორც კომუნისტები იტყოდნენ) პროდუქტების ფასები, სულ ცოტა, გაორმაგდა და რიგ შემთხვევებში, უფრო გაძვირდა. ამას დაუმატეთ ეროვნული ვალუტის ინფლაცია და მიხვდებით, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ.

ლარის ინფლაცია შემთხვევით არ გვიხსენებია. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან ლარის კურისის ინფლაციის დონის შესანარჩუნებლად 993 მილიონი დოლარის ინტერვენცია მოახდინა. ლამის მილიარდი დასჭირდა იმას, რომ ლარი იმაზე მეტად არ გაუფასურებულიყო, ვიდრე დღეს არის. შესადარებლად, ბოლო წელს ინტერვენციებზე დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო აუქციონები. მაგალითად, 2016 წლის კრიზისის დროს აუქციონების გზით სებ-მა 280 მლნ დოლოარი გაყიდა, 2015 წელს ეს თანხა იყო 287 მილიონი დოლარი, 2014-ში კი _ 300 მილიონი. იმასაც გეტყვით, რომ სარეზერვო ფონდი დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია და როგორ გგონიათ, ამ რეზერვის 25%-ის ბაზარზე გატანამ რა შედეგი გამოიღო? ერთი შეხედვით, უარყოფითი არაფერი, რადგან ბანკმა რეზერვი ისევ შეავსო და ახლა 4 მილიარდზე ოცნავ მეტია, თუმცა ეს შევსება საგარეო ვალის აღებით მოხერხდა. ყველაზე დაბალი საგარეო ვალი ქვეყანას ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა. მერე იყო, აღმშენებლობა რომ დავიწყეთ და ნაციონალების ხელისუფლებამ 7 მილიარდი ვალი დაგვიტოვა (შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ვალი მილიარდიც არ იყო), “ქართულმა ოცნებამ” კი ეს რიცხვი გააორმაგა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით (იხ.www. nbg.gov.ge), საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს დღეს უფრო გაზრდილია. აგერ, მარტში გრაფიკს თუ არ დავარღვევთ, 85 მილიონს საგარეო ვალში ვიხდით და ეს გრაფიკი რამდენიმე წელზეა გათვლილი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვალს კიდევ არ დავიმატებთ და, თუ დავიმატებთ, შესაძლოა, ისე მოხდეს, ქვეყანა გაკოტრებულად გამოაცხადონ და შემდეგ ვალის გარეშე ცხოვრების პერსპექტივას მინიმუმ ნახევარი საუკუნით დავემშვიდობებით.

“ნაციონალური მოძრაობა” საგარეო ვალის აღებას ინფრასტრუქტურული პროექტებით ამართლებდა. აქაოდა, გზებია გასაკეთებელი, შენობები ასაშენებელი, აგერ, მინისტრები კორუფციაში რომ არ იყვნენ გარეული, რამდენიმეათასიანი ჯამაგირი სჭირდებათო. გაგეცინებათ და, “ოცნების” პირობებში იმაზე ორჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ შეძლო, მაგრამ მთავარი კითხვა _ რა სარგებელი მიიღო აქედან ხალხმა, კვლავ პასუხგაუცემელია. გვესმის, რომ კარგმა გზებმა ტურისტული პოტენციალი გაზარდა, რომ ყველას სურს, გამართული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, მაგრამ იგივე ტურისტები ამბობენ, მოასფალტებულ და დავარცხნილ გზას გვირჩევნია, მიუვალ სოფლებში ცხენით ავიდეთო. ჰო, სვანეთში, ხევსურეთში, რაჭაში გაყვანილი ბეტონის გზები, შესაძლოა, ადგილობრივებს მოსწონთ, ტურისტებს _ ნაკლებად.

ცალკე თემაა სახელმწიფოს სუბსიდიები სხვადასხვა პროდუქტზე. საკვები რომ იაფი ღირს, ყველას უხარია, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს სიიაფე სწორედ ჩვენი გადასახადებით არის გამოწვეული. არც იმაზე ფიქრობს არავინ, რომ პურის ფასი, რომელიც სახელმწიფოს დღეს კბილებით უჭირავს, გაცილებით მეტია, ვიდრე ვიხდით, თუმცა სახელმწიფო სუბსიდიას ამატებს და ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ჯიბიდან მიდის, ამას თითქოს ვერ ვგრნობთ, რეალურად კი ეს თანხა აკლდება სხვა სფეროს. მაღალჩინოსნებს რომ მაღალი ხელფასები აქვთ ქრთამზე უარის თქმის მოტივით, ქვედა რგოლმა რა დააშავა? ქვედა რგოლია სწორედ ვირივით რომ მუშაობს და სანაცვლოდ მხოლოდ ჯოხზე ჩამოკიდებულ ბალახს იღებს, რომელსაც ვერა და ვერ მისწვდა. გადავხედოთ ჩვენს შემოსავლებს და რომელს გაეზარდა ორჯერ ხელფასი ან პენსია, ან ბოლო ხუთ წელიწადში სამუშაო ადგილები გაორმაგდა? ანალოგიური არაფერი მომხდარა, უკან მივდივართ, მაგრამ ჯერჯერობით ვცოცხლობთ.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ერთ დიდ ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ, რომელსაც სახელად “სადამდე გაძლებს ერი მშიერი” ჰქვია. შევარდნაძის პერიოდში ხალხი ხუმრობდა: ლობიოს ძეგლი უნდა დავუდგათ, გადაგვარჩინაო; და ახლა ისეთი ფასი აქვს ამ პროდუქტს, ლამის დელიკატესად ითვლება. ახლა, სავარაუდოდ, კარტოფილის ძეგლზე უნდა ვიფიქროთ, ყველაზე იაფი ის ღირს, მაგრამ, რაც ჩვენთან იყიდება, იმას რეალურად კარტოფილი არც ჰქვია. გაიხსენეთ, რამდენჯერ გააბრუნეს საზღვრიდან ის კარტოფილი, რომელსაც .. მცენარის კიბო აღმოაჩნდა და რამდენი შემოვიდა, კაცმა არ იცის.

ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები, პრაქტიკულად, არასდროს შეიცავს სოციალურ პაკეტს. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას არც ადრე ეუბნებოდა, _ აჰა, ფული და მოსახლეობა გამოკვებეო, არც ახლა ეუბნება და, სავარაუდოდ, არც მომავალში ეტყვის. გამოკვებაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანებს პური უყიდონ და შინ მიართვან. არა, საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებსაც ადამიანების მასობრივი დასაქმება მოჰყვება და დასაქმებული ადამიანი მერე თვითონ იყიდის პურსაც და ყველსაც. არა, დასავლეთი რეფორმების განხორციელებაში იხდის თანხებს და მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს, რა რეფორმები ხორციელდება, რატომ, რისთვის

დაასახელეთ ერთი რეფორმა მაინც, რომელმაც რიგით ადამიანებს სოციალური თვალსაზრისით შვება მისცა. ვერ დაასახელებთ და ეს მაშინ, როცა ამ რეფორმებზე 2003 წლიდან მოყოლებული საუბრობენ ხელისუფალნი. ეს ყველაფერი რეალურად ქაღალდზე წერია, თურემ სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულად განვითარება ზღაპარია. წინა ხელისუფლება იყო და, ოპოზიცია სწორედ სახეომწიფო ინსტიტუტების ავტორიტარიზმზე მიუთითებდა; ახლაც ანალოგიური რამ ხდება. სად მიდის დასავლეთის მიერ ამ ინსტიტუტების მშენებლობისთვის გამოყოფილი გრანტები? სწორია _ ერთეულების ჯიბეში და მერე რა, რომ ეს ჯიბე პერიოდულად იცვლება, მოსახლეობას მაინც არაფერი ხვდება.

ზღაპარი გამოდგა ისიც, რომ თითქოს გადასახადების მოსამატებლად რეფერენდუმის ჩატარება იქნებოდა საჭირო. ხელსუფლება მარტივად უმატებს გადასახადებს და მომავალშიც მოუმატებს. არც გრანტები მივა მოსახლეობამდე და დასავლეთიც მუდმივად იმას იტყვის, ჯერ დემოკრატიული ინსტიტუტები გაქვთ ასაშენებელიო. დასავლეთი წლიდან წლამდე გვაძლევს გრანტებს და ის, რომ ჯერჯერობით მზად არ ვართ დადემოკრატიული ინსტიტუტები გვაქვს ასაშენებელი,” ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთში იციან. მათ იციან, რომ ეს ფული დანიშნულებისამებრ არ მიდის, მაგრამ ჩუმად არიან, ვითომ ვერ ხვდებიან, რადგან, როცა საქართველოს რომელიმე მაღალჩინოსანი ხმამაღლა იტყვის, მზად ვართ ნატოსა და ევროკავშირისთვისო, სწორედ იმ ინსტიტუტებზე მიუთითებენ, რომლებიც უნდააშენებულიყო”, მაგრამ თითი თითზე არ დადებულა. ამიტომ შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, აგერ უკვე ლამის მეორე ათეული წელია, და შიმშლით შეწუხებული მოსახლეობის ყეფაში ქარავანი მიდის. ისევ განახორციელებს ინტერვენციას ეროვნული ბანკი, ისევ დაიჭერს ხელოვნურად ლარის კურსს, ისევ არ გააძვირებს ხელისუფლება ჩვენი გადასახადებიდან შესული ფულით პურს და მერე, როცა ძალიან გაუჭირდება, ისევ ჩვენს ხარჯზე და ჩვენს იმედად, მორიგ ვალს აიღებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქის საგარეო ვალი 17 ათას ლარზე მეტია, საქართველოში ახალდაბადებულ ბავშვს უკვე ვალი აქვს და თანაც საკმაოდ სოლიდური.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here