Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი კაკაბაძე _ იარაღის ბიზნესზე, ჟვანიას სიკვდილსა და თემურ ალასანიაზე

ირაკლი კაკაბაძე _ იარაღის ბიზნესზე, ჟვანიას სიკვდილსა და თემურ ალასანიაზე

785

რაც ნაკლებს მოვუსმენთ რამდენიმე მოუმწიფებელი ადამიანის პოლიტიკურ წუწუნს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ნაციონალებმა ილაპარაკონ რაც უნდათ, მათ 9 წელი ჰქონდათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მხოლოდ გააუარესეს იგი და ახლა სხვა ხედვის ძალებს უნდა მიეცეთ მშვიდობის დამყარების შანსი. მშვიდობისმოყვარე ხალხის დრო მოვიდა”, _ აცხადებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი ირაკლი კაკაბაძე.

 

თუ როგორ აფასებს ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე და რას ფიქრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, “საქართველო და მსოფლიოსირაკლი კაკაბაძე ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ გამოსვლას ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც ნაციონალების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა და რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ევროპისა და საქართველოს ურთიერთობაში?

_ მე ვფიქრობ, ეს იყო კარგად აწონილ-დაწონილი პასუხები. პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ევროპაში გაისმა მშვიდობიანი ხმა საქართველოდან. სააკაშვილისა და მისი მომხრეების აგრესიულმა და ქორულმა რიტორიკამ, რომელსაც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელი რეაქციონერები ედგნენ გვერდში, თავისი დროც მოჭამა და გამოაჩინა კიდეც, რომ აღარ არის გამოსადეგი. ახლა მშვიდობიან ხაზს უნდა მიეცეს შანსი. მომავალი 4-8 წელი მაინც, ევროპა და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპა ეცდება, რომ საქართველოს მშვიდობიან განვითარებას დაეხმაროს.

 რაღა თქმა უნდა, საგარეო ფრონტზე ჯერ ბევრი რამ მოუგვარებელია ივანიშვილის მთავრობისთვის _ ელჩებიც არ ჰყავს ბოლომდე დანიშნილი და არც PR და GR მექანიზმები აქვს გამართული. ამის გამართვას ალბათ ერთი წელი მაინც დასჭირდება, თუმცა მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედია, ყველაფერი უკეთ და უკეთ იქნება. მთავარი, რაც იყო პოზიტიური და ღირებული _ ეს იყო ივანიშვილის მშვიდობიანი და არა-აგრესიული გზავნილები ჩვენს მეზობლებისა და რეგიონების წარმომადგენლებსადმი. ეს ხაზი საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ბევრად უფრო პრაგმატულია, ვიდრე სააკაშვილის მილიტარიზმი.

_ პრემიერმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრა. რამდენად წარმოადგენდა ევროპარლამენტარებისთვის ეს ინფორმაცია სიახლეს, როდესაც ქართველი უფლებამცველები წლების მანძილზე აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ?

_ მე ვფიქრობ, საერთაშორისო დიპლომატიაში ძალიან კარგი ჟესტია საკუთარი შეცდომების აღიარება. ამით შენს მოწინააღმდეგესაც იმ რეალობის წინაშე აყენებ, თავადაც ეძიოს საკუთარი შეცდომები. ახლა თუ რუსები გადავლენ მხოლოდ ჩვენს შეცდომებზე ლაპარაკზე და თავისას არ ახსენებენ, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოება სათანადო დასკვნას გააკეთებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი იმპერიალიზმი. აქედან გამომდინარე, ვფქრობ, ძალიან მომგებანი და ბრძნული ნაბიჯია საკუთარი შეცდომების აღიარება. თანამედროვე დიპლომატიაში ეს ორმაგად ფასობს, რადგან შენი ნებისმიერი შეცდომის შესახებ, სოციალური ქსელებით რამდენიმე წუთში მთელი მსოფლიო იგებს. ამიტომ დამალვას და უარყოფას სჯობს აღიარება და ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლა. მაგალითად, როცა ბილ კლინტონმა, აფრიკაში, ამერიკის სახელით მონობის ფაქტზე ბოდიში მოიხადა, ამით მხოლოდ მოიგო. ცხადია, ყველამ იცოდა, რომ აფრიკაში თეთრკანიანები საშინლად იქცეოდნენ და ეს დამალული ფაქტი არ იყო, მაგრამ როცა ბილ კლინტონმა გასული საუკუნის ბოლოს ბოდიში მოიხადა, ამით ამერიკის დიპლომატიამ მხოლოდ მოიგო. ასე რომ შეცდომებს აღიარება მხოლოდ მოგმებიანია ამ შემთხვევაში. მით უმეტეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ უკვე ბევრი საქმე წააგო სტრასბურგში და საუბედუროდ კიდევ უფრო მეტს წააგებს. ამის აღიარება აუცილებელი იყო ცხოვრების ჩვეულებრიც რიტმში გაგრძელებისთვის.

_ ამის მიუხედავად, რატომ აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები დღეს პოლიტიკურ დევნად სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებას და შეცვლება თუ არა მათი დამოკიდებულება აღნიშნული გამოსვლის შემდეგ?

_ ცხადია ერთი გამოსვლა და ერთი დღე ყველაფერს კარდინალურად ვერ შეცვლის, თუმცა, გარკვეული პროცესი უკვე დაწყებულია. ნაციონალური მორაობის დეზინფორმაციის მანქანა ისე ვეღარ მუშაობს, როგორც მაგალითად, დეკემბერ-იანვარში მუშაობდა. დასავლეთს პრაგმატული ინტერესები აქვს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, ამიტომ ცხადია, თუ ივანიშვილი მათ პარტნიორობას გაუწევს, ისინი მასთანაც კარგ ურთიერთობას დაამყარებენ. ასე იყვნენ ისინი შევარდნაძის მიმართ, შემდეგ სააკაშვილის მიმართ და ახლაც არ გაუჭირდებათ მათი მოჯირითე ცხენის შეცვლა. სხვა საქმეა, რომ ჩვენ თვითონ ცოტა ნაკლებად კოლონიური მენტალიტეტი უნდა გვქონდეს და პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებზე ვიფიქროთ და მხოლოდ მერე, ზესახელმწიფოების გულის გახარებაზე.

_ ჯერჯერობით კი, საერთაშორისო საზოგადოება ახალ ხელისუფლებას ნაციონალურ მოძრაობასთან ყბადაღებული კოაბიტაციისკენ მოუწოდებს. ხოლო ქართველი ხალხი, პირიქით, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

_ ამაში გასაკვირი არაფერია. ეს “კოჰაბიტაცია” (თანაცხოვრების) მოთხოვნა ძირითადად თვითონ სააკაშვილისგან წამოვიდა. დასავლეთს უბრალოდ არ უნდა არეულობა მისთვის მეგობრულ ქვეყნებში და რეჟიმებში და ყოველთვის ანგარიშს უწევს ძალას. თუმცა, თვითონ დასავლეთში ყოფილი ხელისუფლების წევრებს არავინ ინდობს. ამერიკაში არ მოხდა “უოტერგეიტი”, “ირანგეიტი” და “მონიკა-გეიტი”? ძალიან ბევრი ჩინოვნიკი დაიჭირეს ამ სკანდალების დროს და საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ბილ კლინტონი კი, ამერიკის ისტორიაში მხოლოდ მეორე პრეზიდენტი იყო, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მოუწყო 1998 წლის დეკემბერში _ თანაც ბევრად უწყინარი მიზეზის  გამო _ საკუთარი სექსუალური ურთიერთობა დაუმალა კონგრესს და ამერიკელ ხალხს. ამ სტანდარტებით, სააკაშვილი დიდი ხნს განმავლობაში მინიმუმ სამუდამო პატიმრობაში იქნებოდა იმდენი საშინელება ჩაიდინა მისმა რეჟიმმა. ჩვენი ქვეყანა ამ შემთხვევაში არგენტინას და სამხრეთ აფრიკას უფრო ჰგავს, ვიდრე დასავლეთს, სადაც დიდი პოლიტიკური დანაშაულები მოხდა სისტემიდან და წყობიდან გამომდინარე. ამიტომაც, მე პირადად მხარს ვუჭერ სიმართლის კომისიის შექმნას, რომელიც ბოლომდე ამხელს სააკაშვილის რეჟიმს და ამავე დროს, მათ ბოდიშის მოხდის საშუალებასაც მისცემს. ეს შეიძლება იყოს ყველაზე უმტკივნეულო ვარიანტი, თორემ დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდი რამეა და ამის დაშვება არ შეიძლება.

_ ახალ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით მათი პიარკამპანია ძალიან სუსტია. რამდენიმე ხნის წინ, თქვენ თავადაც გაავრცელეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები აშშში, საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების დაწესებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სპეციალური პიარდეპარტამენტიც კი შექმნა, რომელიც დასავლეთში ხელისუფლების იმიჯზე მუშაობს, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?

_ პიარში ივანიშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, სააკაშვილმა კი პიარის მეტი არაფერი იცის. თუმცა, მარტო პიარი საქმეს არ წყვეტს. “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს” და რაც არ უნდა კარგი პიარით შეღებო, ბოლოს მაინც გამოჩნდება რა არის. უბრალოდ, ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გააძლიეროს საგარეო პიარი, რადგან მათ ბევრი მტერი ჰყავთ და არ დავავიწყდეს, თუ სააკშვილს ექვსი პიარ კომპანია ჰყავდა, რუსეთს 15 ჰყავს. ამიტომაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში უნდა გააქტიურდეს.

ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს გარემოს დაცვის სამინისტროს ქმედებები და ივანიშვილმა რაღაც უნდა მოფიქროს.ხუდონჰესის პროექტს და საერთოდ, ამ ჰესების ტექნოკრატიულ თემას ნუ გადააყოლებს საქართველოს. თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას ესეც ძალიან გაუფუჭებს იმიჯს.

_ 19 აპრილის აქციაზე, ნაციონალებმა ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ გამოაცხადეს, უფრო მეტიც, ნაციონალების ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. ითქვა ისიც, რომ 4 წელი ვერ დაიცდიან. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ყოფილი ხელისუფლება რევანშისთვის ემზადება?

_ “ეროვნული მოძრაობის” იდეა სასაცილოც არის და სატირალიც. როდესაც მართლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო საქართველოში, მიშა სააკაშვილი კგბ-ს სკოლაში სწავლობდა თუ როგორ გამხდარიყო საბჭოთა აგენტი. ხოლო როდესაც ამ მოძრაობამ, ამდენი სისხლის ფასად მოახერხა საქართველოს გათავისუფლება, სააკაშვილი, როგორც კარირისტი მაშინვე “ნაციონალისტი” გახდა და მათი ლოზუნგები მოიპარა.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს აღარ არის ნაციონალიზმისა და იდენტობის პოლიტიკის დრო _ დღეს სოციალურ სამართლიანობის დროა. დღეს რომ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია ცოცხლები იყვნენ, ისინი სოციალური მოძრაობის ლიდერები იქნებოდნენ და არა “ეროვნული მოძრაობის”. 25 წლით დროს აცდენილია ეგ იდეა. თანაც წარსულში დაბრუნების მიმართულებით.    ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებში ეს ყველაზე კარგად ისევ ვანო მერაბიშვილს ესმის, რომელიც ძირითადად მემარცხენე იდეებს ახმოვანებს. სხვა საკითხია, რამდენად გააკეთებს ამას და აქამდე რატომ მისდევდა ბენდუ-კაპიტალიზმს, რომელიც სოციალური ფაშიზმის ტოლფასი სოციალური პოლიტიკაა. თუმცა ცხადია, რომ მერაბიშვილი უფრო თანამედროვედ აზროვნებს, ვიდრე დანარჩენი ნაციონალები. ის ხვდება, რომ სოციალური საკითხები მნიშვნელოვანია. დანარჩენები ამის გაცნობიერებაზეც კი უარს ამბობენ. ნაციონალებს ჰყავთ რამდენიმე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი, მათ შორის მიშა მახარაძე _ რომელიც კარგი მოაზროვნეა და ცუდი არაფერი აქვს გაკეთებული. ამიტომ, მათი მხრიდან ჭკვიანური იქნებოდა მისნაირი გამოცდილი და დაღვინებული ხალხის წინ წამოწევა და არა პატარა ბავშვების, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ. ხომ იცით, გამოცდილებას ვერანაირი წიგნი ვერ შეცვლის. ცხოვრების სიბრძნე მხოლოდ გარკვეული ჭირისა თუ ლხინის გადატანის შედეგად მოდის და არა წიგნებით და კომპიუტერით. სააკაშვილის გუნდის ახალგაზრდების მთავარი ნაკლი ისაა, რომ მათთვის ადამიანის სიცოცხლე ვირტუალური მოვლენაა და მათი შეცდომებისა თუ დანაშაულების დიდი ნაწილიც სწორედ ამითაა განპირობებული. თუმცა, ჰყავთ შედარებით ზომიერი ხალხიც, მაგალითად გიგი წერეთელი, მიშა მაჭავარიანი, იგივე პალიკო კუბლაშვილი და ა.შ, რომლებთანაც მუშაობა შესაძლებელია. ისინი პრაგმატიკოსები არიან და მათ მოუმწიფებელი პოლიტიკური ჰორმონების პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.

_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა, კანდიდატები ჯერ არ დასახელებულა. როგორ გესახებათ მომავალი პრეზიდენტის ფუნქციები, როგორი უნდა იყოს მისი შერჩევის კრიტერიუმები. იქნება ეს მხოლოდ ფორმალური თანამდებობა, თუ მომავალი პრეზიდენტი შეძლებს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას, მათ შორის, აფაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დარეგულირებას?

_ პირადად მე საქართველოში მმართველობის საპარლამენტო მოდელის მომხრე უფრო ვარ, რადგან საპრეზიდენტო მოდელმა უკვე გვაჩვენა, რომ არ გაამართლა. სამი პრეზიდენტი გვყავდა და ტრაგიკული შედეგი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეთნოფსიქოლოგიურად საქართველო, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა სხვა რესპუბლიკები, არ არის ასეთი ქვეყანა. საპარლამენტო მმართველობა უფრო გუნდურია და დემოკრატიის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პრეზიდენტის თანამდებობა საბოლოო ჯამში, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი ადგილი დაიკავოს წმინდად ცერემონიულმა ფიგურამ, მაგალითად კონსტიტუციურმა მონარქმა, რომელიც გაცილებით ნაკლები ფულიც დაჯდება და ისევე როგორც სკანდინავიურ ქვეყნებშია, კონსტიტუციითაც სოციალური და დემოკრატიული წყობის გარანტი იქნება. საერთოდ, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც საპარლამენტო სისტემა უფრო მოქნილია. ამიტომ მე, არამხოლოდ ძლიერი პრეზიდენტის, არამედ საერთოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგი ვარ.

_ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე ამ ეტაპზე არარეალური ჩანს, ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან, რატომ ახლავს მწვავე კრიტიკა ნაციონალების მხრიდან?

_ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და მასთან შერიგებაც აუცილებელია, თუმცა, ეს თანასწორუფლებიან საწყისებზე უნდა მოხდეს. ამავე დროს, პირდაპირი კავშირებიც უნდა იყოს აფხაზებთან და ოსებთან. პირველ რიგში მათ უნდა შევურიგდეთ. ჩემთვის ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ადამიანებია, აფხაზებისა და ოსების დაკარგვა არ შეიძლება, თორემ ტერიტორია მატერიალური ღირებულებაა. რაც შეეხება ნაციონალების კრიტიკას, რაც ნაკლებს მოვუსმენთ რამდენიმე (დროის გასვლასთან ერთად მცირდება მათი რიცხვიც) მოუმწიფებელი ადამიანის პოლიტიკურ წუწუნს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ნაციონალებმა ილაპარაკონ რაც უნდათ, მათ 9 წელი ჰქონდათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მხოლოდ გააუარესეს იგი და ახლა სხვა ხედვის ძალებს უნდა მიეცეთ მშვიდობის დამყარების შანსი. მშვიდობისმოყვარე ხალხის დრო მოვიდა და ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ამ ხაზს კარგად მიჰყვება. ევროპაში მისი გამოსვლა ამის კარგი დასტური იყო. ვისურვებ, რომ ეს ხაზი კიდევ გაძლიერდეს.

_ უნდა შეიქმნას თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და რატომ ეწინააღმდეგება ამას მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რა საფრთხეს ხედავენ ისინი?

_ აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია და სიმართლე გაირკვეს. სააკაშვილი რატომ ეწინააღმდეგება ამას, ეს დღესავით ნათელია _ ეშინია, რომ გამოძიება მის დანაშაულებს წააწყდება. იმედია, ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ბევს ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილმა ამ ომით გაყიდა საქართველო და საკმაოდ სახსრებიც ჩაიჩხრიალა ჯიბეში. ამ ომში იარაღის გაყიდვაში და საერთოდ, ამ ბინძურ ბიზნესში დიდი ფული გაკეთდა. მოგეხსენებათ, ამ ბიზნესით ხელს ითბობდნენ სააკაშვილის ახლო ნათესავები და ერთმა ასეთმა ფაქტმაც რომ ამოყვინთოს, მიშას რეპუტაციისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომაც არის გამოძიების წინააღმდეგი.

_ წლების წინ, თქვენ პრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას, საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენეთ და ის იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში დაადანაშაულეთ. რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს და დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აპირებთ აღნიშნული საკითხს კვლავ დაუბრუნდეთ?

_ ეს მთლად ასე არ იყო. ნება მიბოძეთ დავაზუსტო რა ვთქვი: ზურაბ ჟვანიას სიკვდილი გამოძიებული დღემდე არ არის და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მოკლულია. არსებობდა რამდენიმე ბიზნესჯგუფი, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოში ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას, მათ შორის იყო თემურ ალასანიას ჯგუფი, რომელიც ძირითადად იარაღის გაყიდვით იყო დაკავებული, თუმცა, მერე საბანკო, სამშენებლო და სხვა ბიზნესებშიც “შეყვეს ცხვირი”. იყო ინფორმაცია, რომ 2004 წლის დეკემბერში, თემურ ალასანიას პარტნიორი ერიკ გუდისი, ზურაბ ჟვანიამ საკუთარი კაბინეტიდან გამოაგდო, როცა გუდისმა მას აეროპორტის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზა. ამის მერე გუდისი საკჯაროდ იმუქრებოდა, რომ ჟვანია დიდხანს ამ თანამდებობაზე აღარ იქნებაო და ეს მუქარა სამწუხაროდ გამართლდა. ცხადია, მხოლოდ ეს ფაქტი არაფერს ამბობს, მაგრამ გონივრული ეჭვის აღსაძვრელად საკმარისია. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ამ გარემოებების გამოძიება. განსაკუთრებით ეს ეხება აეროპორტის და სხვა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების პროექტებს, რომლებიც საბოლოო ჯამში თემურ ალასანიას ჯგუფმა ჩაიგდო ხელში. თურქული “ჩელები” სწორედ მისი შექმნილი ნახევრად ფიქტიური კომპანია იყო.

 საჭიროა თემურ ალასანიას და მისი შვილის დაკითხვაც გუდისთან და მის ბიზნესთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ გუდისი ძალიან ახლო ურთიერთობებშია კრემლთან და გრუ-სთან და როგორ მოხდა, რომ მიშა სააკაშვილის დროს ეს პიროვნება ერთ-ერთი მთავარი “ბიზნესმენი” იყო დამოუკიდებელ და ანტირუსულ, დემოკრატიულ საქართველოში? ამ საკითხებზე სააკაშვილი საერთოდ არ ლაპარაკობს და მისგანაც საინტერესო იქნება მოსმენა ბიძამისის ბიზნესებზე. კერძოდ, როგორ ჩაიგდეს ხელში აეროპორტი 2005 წლს ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ? ასე რომ მე ბრალი კი არავის დავდე, ძალიან ლეგიტიმურ კითხვებზე მოვითხოვე პასუხები, რომლებიც უკვე 8 წელია არ მიმიღია. მე პირადად ვიცნობ გუდისსაც და ალასანიასაც და როდესაც რაღაცას ვამბობ, ეს მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე ხდება. მეც მზად ვარ ჩვენება მივცეპროკურატურას ჟვანიას სიკვდილის გამოძიების საქმეში. ეჭვი მაქვს, რომ იარაღის ბიზნესი, აეროპორტი და სხვა ეკონომიკური ინტერესები იყო დაკავშირებული ამ საქმესთან. ბედნიერი ვიქნები თუ ეს ეჭვები არ გამართლდა.

_ და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ბოსტონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ ოფიციალური ვერსია რაც არის _ ეს ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული და ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ეჭვს ვერ შეიტანს. სხვა საქმეა, რა იყო ამ ახალგაზრდა ბიჭების რადიკალიზაციის მიზეზი და რატომ გაძლიერდა ასე ძალიან ვაჰაბიტური ტიპის სექტა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ტრადიციული სუფი ისლამის მიმდინარეობა ასეთი ძლიერი იყო ტრადიციულად.  ამას წინათ, სტენფორდის უნივერსიტეტის ჟურნალ ARCADE – ში _ http://arcade.stanford.edu/scar-city  გამოვაქვეყნე წერილი ამ თემაზე და თქვენს მკითხველს შეუძლია გაეცნოს, ვისაც ჩემი პოზიცია აინტერესებს

  _ რუსულმა გამოცემაიზვესტიამგაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ბოსტონის ტერაქტის მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოში, ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გადიოდა წვრთნებს, რასაც  საქართველოს შსს უარყოფს. დასახელდა ფონდებიც _ საქართველოში მოქმედი ფონდიკავკასიურიდა ამერიკულიჯეიმსთაუნი”. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ფონდჯეიმსთაუნისშესახებ?

_ ამ თემაზე აუცილებელია, რომ კარგად იქნეს გამოძიებული ყველაფერი. არც “იზვესტიას” და არც სხვა რომელიმე გამოცემის მიერ ჭორის სახით გავცრლებულ ინფორმაციას არ ვენდობი, სანამ ფაქტებით არ იქნება გამყარებული. ეჭვი მეპარება ბატონ გივი ღამბაშიძეს და “ჯეიმსთაუნის” ფონდს ტამერლან ცარნაევი მეცნიერული კონფერენციისთვის დაეპატიჟებინათ. სამხედრო წვრთნებს “ბოევიკები” მათ კონფერენციებზე არ გადიან. ეს სრული აბსურდია. სხვა საკითხია თუ საქართველოში არსებულმა ვაჰაბიტებმა შემოიყვანეს და გაწვრთნეს. ამას ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ “კავკასიის ფონდსა” და “ჯეიმსთაუნზე” ამგვარი მსჯელობა ამ შემთხვევაში არ არის სერიოზული. ეს მხოლოდ “იზვესტიას” სპეკულაციებია და არც ღირს ამაზე სერიოზული მსჯელობა. ყველაფერს გამოძიება სჭირდება და მხოლოდ გამოძიების შემდეგ გვექნება რეალური ინფორმაცია.                             

                                        ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

 

 

 

1 COMMENT

  1. ირაკლი კაკაბაძე-ს! რაც შეეხება მიშა მახარაძეს, მოგახსენებთ, რომ მე პირადად მის პატიოსნებაზე ვერ დაგეთანხმებით, 9 წელი ნაც.ხროვასთან, მკვლელებთან—პატიოსნები ვერ ითანამშრომლებდნენ.

  2. სკანდალური სათაური გაქვთ გამოტანილი, როცა ინტერვიუში უფრო დიდწილად სრულიად სხვა საკითხებზეა საუბარი, მოერიდეთ სკანდალური ინფორმაციის ხარჯზე საზოგადოების მიტყუებას თქვენს ინფორმაციასთან, საზოგადოება თვითონ აირჩევს, რა ინფორმაცია მიიღოს და რა არა… ნელ-ნელა ასეთი მიდგომა კარგ შედეგს გამოიღებს თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, მოკლედ, სკანდალებს და მხოლოდ სკანდლურ ინფორმაციას – დიდი აააარრრააა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here