Home რუბრიკები პოლიტიკა ადვოკატი ადასტურებს, რომ “ფეისბუქში” გავრცელებული განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის

ადვოკატი ადასტურებს, რომ “ფეისბუქში” გავრცელებული განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის

665

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ “ფეისბუქში” გავრცელებული განცხადება, ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის. “ინტერპრენიუსთან” საუბრისას, ახალაიას ადვოკატმა არ დააკონკრეტა, ესაუბრა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, განცხადების გავრცელების შემდეგ.
“გიდასტურებთ, რომ ეს განცხადება ნამდვილად ეკუთვნის დათა ახალაიას”, – აღნიშნა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დათა ახალაიას სახელით მიმართვა ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ პროფილი “დათა ახალაია” ერთი საათის წინ არის შექმნილი. ძებნილი ახალაიას მიმართვას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან – ჩემთან და ჩემს ძმასთან – ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს დამარცხებაში. 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იაღლუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.
აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია – საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.
ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი! მე, ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.
მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი!”, – აღნიშნულია მიმართვაში.


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/29895-advokati-adasturebs-rom-qfeisbuqshiq-gavrcelebuli-ganckhadeba-datha-akhalaias-ekuthvnis.html

 



LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here