Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: ისე ნუ ვიზამთ, რომ პარლამენტად იქცეს ვენეციის კომისია, მთავრობად კი...

აკაკი ასათიანი: ისე ნუ ვიზამთ, რომ პარლამენტად იქცეს ვენეციის კომისია, მთავრობად კი _ ამერიკის საელჩო

543

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ტრადიციონალისტთა» ლიდერი აკაკი ასათიანი.

_ ბატონო აკაკი, 21 მარტის ტრიუმფალურმა კენჭისყრამ, რომელსაც ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საპატიო «ლოჟიდან» მეთვალყურეობდა, ცოტა არ იყოს, დაგვაბნია, «ნაციონალებს» თუ დავუჯერებთ, თურმე თავიანთი გაუტეხლობა და პრინციპულობა დაამტკიცეს, «მეოცნებეებმა» კი ოპონენტებისთვის მიცემულ კიდევ ერთ შანსად შეაფასეს ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა რეალურად და რა მიზნით მივიდა იმ დღეს პარლამენტში ბატონი ნორლანდი? გარდა ამისა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, მიგაჩნიათ თუ არა საბოლოოდ ჩავლილად პოლიტიკური კრიზისის საფრთხე?


_ ეს საფრთხე, ჩემი აზრით, არ არსებობდა, მაგრამ რაკი «ოცნება» ასე თვლიდა, რაღაც მინიმალური ალბათობა, შესაძლოა, ყოფილიყო, თუმცა მე მაინც არ მესმის, რა უნდა ექნათ «ნაციონალებს», რის რესურსი ჰქონდათ? თვითონ სააკაშვილმაც განაცხადა: მართლა სულელი კი არ ვარ, ეს გავაკეთოო… არ ვიცი, რაში სჭირდებოდა კოალიციას ამ საფრთხეებზე საუბარი, მაგრამ ის კი მოხდა, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დარჩა საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან ამ გაუმართლებელი დათმობის გამო. არა მგონია, ამას უმრავლესობის იმიჯზე კარგად ემოქმედა, მით უფრო, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაიძახოდნენ, უმცირესობის ხმები არაფერში გვჭირდებაო.

_ დათმობაში სარეიტინგო კენჭისყრას გულისხმობთ?

_ დიახ. ან თავიდანვე უნდა დათანხმებოდნენ ამაზე, ან რა საჭირო იყო ის ლაპარაკი, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდებათ? რაც შეეხება ამერიკის ელჩის მისვლას პარლამენტში, ყველას გვესმის, ეს რას ნიშნავს; ეს არის ის, რასაც ვაშინგტონი ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკებში შვრებოდა ხოლმე, რომლებსაც ბანანის რესპუბლიკებს ეძახდნენ… ახლა ისე ნუ ვიზამთ, რომ პარლამენტი და მთავრობა აღარ დაგვჭირდეს, ანუ პარლამენტად იქცეს ვენეციის კომისია, ხოლო მთავრობად _ ამერიკის საელჩო. თუ ეს გვინდა, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ?!

_ თქვენ ფიქრობთ, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე თანხმობა ამერიკის ელჩის მხრიდან იყო მითითებული?

_ ეს ასეთი ფორმით არ ხდება, უბრალოდ, იქნებოდა მეგობრული რჩევა, მაგრამ ამ მეგობრულ რჩევაში რაც იგულისხმება, გასაგებია… შეერთებულ შტატებს აქვს თავისი პოლიტიკა, მათ აიღეს საქართველო, როგორც საექსპერიმენტო მოედანი და მეტიც, დემოკრატიული ექსპერიმენტები. გარედან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, შეუძლიათ იამაყონ კიდეც, იმიტომ, რომ დღესდღეობით აქ ყველაფერი ხდება მათი გეგმის მიხედვით.

_ ამ ლოგიკით გამოდის, რომ «ქართული ოცნებაც» ვაშინტონის გეგმის ნაწილია. თუ ასეა, მაშინ რატომაა, რომ ამერიკელი დიპლომატები მიმდინარე დაკავებებს პოლიტიკურ დევნად აცხადებენ. ეს ხომ ხელისუფლების დისკრედიტებაა?

_ მე არ ვამბობ, რომ «ქართული ოცნება» ერთმნიშვნელოვნად ამერიკის პროექტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ არ გვაქვს სრული სურათი ასეთი მკაფიო შეფასებისთვის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ ამერიკა უკვე აშკარად უყენებს გარკვეულ პირობებს ახალ ხელისუფლებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ანგარიშვალდებულები ამ ხელისუფლებასაც გააჩნია ვაშინგტონთან.

_ კონკრეტულად რა პირობას უყენებს თეთრი სახლი «ქართულ ოცნებას»?

_ იმავე წინამორბედის ხელშეუხებლობას. ასეთივე პირობები წამოუყენეს თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებასაც, _ კი, ტიმოშენკომ მოიპარა ფული, მაგრამ ხელი არ ახლოთო. აქ ცალკე პრობლემა კიდევ ისაა, რომ თვითონ «ოცნებაც» მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ ამტკიცებს დაკავებულების დანაშაულებს. ჯამში ეს ყველაფერი ქმნის რაღაც სისუსტის, უსუსურობის შთაბეჭდილებას, თითქოს მმართველი გუნდი საკუთარ თავში ბოლომდე არის დარწმუნებული.

_ როგორ ფიქრობთ, რითაა ეს განპირობებული?

_ ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ «ოცნება» ჯერ კიდევ იმყოფება ოპოზიციის რეჟიმში, მუდმივად თავს იმართლებს, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, რა გზა აირჩიოს. ეშინიათ, «ნაციონალები» მივარდებიან დასავლეთში და იქ პოლიტიკურ წრეებს დაარწმუნებენ, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია. მერე ეს იძახის, არ ვარ რუსეთის კაციო, არის ურთიერთბრალდებები, წამოძახებები და ა. შ. აგერ კიდევ რა სულელური რეზოლუცია მიიღეს… ვის უნახავს მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, რომლის კონსტიტუციაშიც მსგავსი რამ ეწეროს. ეს მიმდინარე პოლიტიკის საკითხია და სახელმწიფოს როგორც ენდომება, ისე უნდა წყდებოდეს.

_ თქვენ, ალბათ, საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გულისხმობთ. რა მოგვცა ამან რეალურად? კარგი თუ არა, უარყოფითი შედეგი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო?

_ დასავლეთის თვალში ამან ვერავითარი როლი ვერ შეასრულა, რუსეთთან მიმართებაში კი, შეიძლება ითქვას,  კრემლი გარკვეულწილად გაღიზიანდა. ახლა ვიღაც იტყვის, _ კი, მაგრამ ჩვენ მათ გაღიზიანებას ვუყუროთო? აბა, როგორ ვქნათ? რუსეთის გაღიზიანებას მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ მდებარეობდეს ავსტრალიის მეზობლად; მაგრამ ის ხომ ჩვენი მეზობელია?! თან ასეთი მცირე-მცირე გაღიზიანებებით ჩვენ მას ფაქტობრივად ვერანაირ ზიანს ვერ ვაყენებთ. მაშინ რა აზრი აქვს ამას?! მოდი, დავფიქრდეთ, რა მოგვცა ამ სულელურმა რეზოლუციამ?!

_ საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებში ახალ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არანაირი კორექტივები არ შეუტანია. ასეთ პირობებში რამდენად საინტერესოა კრემლისთვის ჩვენთან დიალოგი?

_ დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია და კრემლში ეს ძალიან კარგად ესმით, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მე პირადად დაბალანსებული კურსის მომხრე ვარ, ვთვლი, რომ ამის გატარება ძალიან ძნელია, მაგრამ, რაც უნდა ძნელი იყოს, თუ რამე სწორია, სწორედ ის უნდა აკეთო. ის სულელური ლაპარაკი, რომ თითქოს საბჭოეთი აღსდგება, საბოლოოდ უნდა შეწყდეს. რეალობა ასეთია: არის უზარმაზარი სახელმწიფო, რომელთანაც გაქვს თითქმის ათასკილომეტრიანი საზღვარი, მას ანგარიშს უწევენ მსოფლიოში და, ვთქვათ პირდაპირ, მისი ეშინიათ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს; ამ დროს ჩვენ რომელი დევ-გმირები ვართ, რომ გამოვხატეთ და ვიღაცის გულის მოსაოხად მას შევეჭიდეთ?! რას მოგვცემს ეს, რას მოგვიტანს? ისევ ნგრევას და უბედურებას.

_ რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, მართალია, ჯერ კოალიციაში შეთანხმება მიღწეული არ არის, _ რა სახის პოლიტიკური მოწყობა გვექნება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მანამ უნდა იყოს თუ არა უშუალოდ მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა რუსეთთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგება?

_ ვთვლი, რომ ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი და მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბა ალექსანდრე ჭაჭიამ თქვენს გაზეთთან ინტერვიუში. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. საქართველოს არ აქვს ეს მთლიანობა, ამიტომ პირველი პირი უნდა იყოს ის კაცი, რომელიც შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას.

_ 2011 წლის 20 მაისს საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რა შეიძლება მოუხერხდეს ამ ფაქტს მომავალში?

_ რა უნდა ვთქვა, ეს იყო პოლიტიკური სიბეცისა და უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. ვითომ ამით სოჭის ოლიმპიადას შეუშალეს ხელი. მაგ ლოგიკით თუ მივყვებით, მაშინ არც ლონდონში უნდა ჩასულიყავი ირლანდიის გამო ან ვთქვათ, გავუხსენებდით, შოტლანდიელებს რას უშვებოდნენ XV საუკუნეში. ამერიკელებმა რომ ინდიელები ამოწყვიტეს, ესეც ხომ ახსოვს ისტორიას, თან ლინკოლნი მონაწილეობდა ამაში. ილია ჭავჭავაძეზე რომ გაიგოთ ასეთი რამე, როგორ ხასიათზე დადგებოდით?

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა უნდა მოვუხერხოთ ამ ფაქტს, ეს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დონეზე გადაწყდა. მოგვწონდა თუ არა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა კანონიერი ძალა, ამიტომ ძალიან რთული საკითხია. მთავარია, აწი მაინც ვიყოთ პრაგმატულები, თორემ იმაზე, რაც წინამორბედმა ჩაიდინა, ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება. ხელისუფლებები იცვლებიან და არა ხალხი, ასე რომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ გამოსწორებას. თავისთავად ამ აღიარებამ ბევრი საფრთხე გააჩინა. ვშიშობ, რომ ეს საფრთხეები ჯერ კიდევ წინაა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონო აკაკი საჭირო იყო მდგომარეობის გამოსასწორებლად გასატარებელი ღონისძიებების უფრო მეტად დაკონკრეტება

  2. ესეც ხომ მაგარი პლისეცკაიაა…

    რა დროს ასთიანია, გაუშვით ასათიანზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here