Home რუბრიკები პოლიტიკა ლაფანყურიდან ვირის აბანოში

ლაფანყურიდან ვირის აბანოში

631

არის შემთხვევები, როცა სათქმელი პირდაპირ, პირველსავე წინადადებაში, ყოველგვარი შესავლისა და შელამაზების გარეშე უნდა ითქვას, თუ ნაწილობრივ მაინც დადასტურდება ის, რაც ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით თავის მოხსენებაში სახალხო დამცველმა დაწერა, დამტკიცდება, რომ საქართველოს აქამდე დამნაშავე მანიაკების ბანდა მართავდა, აგრეთვე, ცხადი გახდება, რომ 2012-ში ქვეყანა დიდ უბედურებას გადაურჩა, რომელსაც სავარაუდო მასშტაბით მხოლოდ აგვისტოს ომს თუ შევადარებთ.


ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.

«საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ .. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად, საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს მაღალჩინოსნების დაპირებისამებრ, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო», _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში («ინტერპრესნიუსი»). იქვე ნათქვამია, რომ ამის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიური წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა.

ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაკავშირება ამ რაოდენობის მებრძოლებთან და მათი დათანხმება საქართველოში ჩამოსვლაზე ძნელი განსახორციელებელია შუამავლების ხელშეწყობის გარეშე, რომელთაც ეს მებრძოლები ენდობიან. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, არსებობდნენ თუ არა და ვინ იყვნენ ეს შუამავლები, რადგან ლაფანყურის კრიზისის დროს არაერთ ინტერვიუში არაერთგზის გამოითქვა მოსაზრება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება «კავკასიის იმარატის» წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდა. 2011 წლის 11 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დოკუ უმაროვი «ალ ქაიდასთან» დაკავშირებული ტერორისტების სიაში შეიყვანა, 2010 წლის 23 მარტიდან ის მოხსენიებულია აშშ-ის საერთაშორისო ტერორისტების სიაში, 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტმა «კავკასიის იმარატი» ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია იმის ზუსტი დადგენა, ჰქონდათ თუ არა სახალხო დამცველის მიერ აღწერილ მობილიზაციის პროცესში სააკაშვილის ძალოვანებს კავშირი «იმარატის» წარმომადგენლებთან, რადგან ეს საერთაშორისო ტერორისტებთან თანამშრომლობას ნიშნავს.

ინფორმაცია ამ ღონისძიებების შესახებ, მობილიზაციის მასშტაბიდან და სააკაშვილის სპეცსამსახურების ზოგადი არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ალბათობით, მივიდოდა რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების ყურამდე. საინტერესოა, რომ 2012 წლის მაისში რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა სააკაშვილის ხელისუფლება უმაროვთან კავშირში დაადანაშაულა. აშკარაა, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორისტებთან უმძიმესი დანაშაულია, რომელმაც ქვეყნის იმიჯი შეიძლება მიწასთან გაასწოროს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ეჭვი არ დადასტურდება, სხვა ფაქტები, რომლებზეც უჩა ნანუაშვილი თავის მოხსენებაში საუბრობს, პირველადი შეფასებით, ქმნის საკმარისზე მეტ საბაბს იმისთვის, რომ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საბრალდებო სკამზე დაჯდეს.

თავად განსაჯეთ _ «ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს მაღალჩინოსნებს. შსს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ მათ იარაღს, აძლევდნენ მართვის მოწმობებს, სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს», _ წერს სახალხო დამცველი, რომლის მოხსენების თანახმად, ჩეჩენი მებრძოლები წვრთნას ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე გადიოდნენ.

ამ მონაკვეთიდან არ ჩანს, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ ისინი ჩვენს სამხედრო ბაზებზე. ალბათ, ფაქტების დაზუსტების შემდეგ იურისტები დაადგენენ, თუ რა იყო ეს სამართლებრივი თვალსაზრისით _ უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნა სახელმწიფო რესურსების გამოყენებით თუ რაიმე სხვა. მაგრამ, ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა ნებას რთავს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები და იერიში მიიტანოს უცხოეთში განლაგებულ ტერორისტების ბაზებსა და თავშეყრის ადგილებზე. თუ მსგავსი რამ ჩვენ ვაზიანსა და შავნაბადაზე მართლაც ხდებოდა, ეს მოსკოვს აძლევდა შესაძლებლობას, შეეგროვებინა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარედგინა შესაბამისი მასალები, ეთქვა, რომ საქართველო მის წინააღმდეგ ტერორისტულ ჯგუფებს ამზადებს და ჩვენს ტერიტორიაზე იერიში მოეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ჩეჩენი მებრძოლების «წვრთნისა და აღჭურვის» ფაქტები დადასტურდებოდა, დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების დაცვა ძალიან გაუჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, კონფრონტაციის რა სტადიაში იმყოფებიან საქართველო და რუსეთი, აღწერილი მეთოდები ლეგიტიმურად და კონვენციურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება (საინტერესოა, რომ ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთ აპოლოგეტს ეს არ ესმის). 

თუ ნანუაშვილის მიერ ჩამოთვლილი ფაქტები დადასტურდება, აუცილებელი გახდება იმის დადგენა, თუ რომელმა კრეტინმა დააყენა ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე. ომბუდსმენის მოხსენებაში წარმოჩენილი სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ინფორმირებული პირების წრეში შედიოდნენ არა მხოლოდ დეპარტამენტების ხელმძღვანელები ან მინისტრის მოადგილეები (ერთი ან რამდენიმე), რადგან გამორიცხულია ამ ტიპის ღონისძიებებზე არაფერი სცოდნოდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, გაერთიანებული შტაბის უფროსსა და მთავარსარდალს. რა მოტივები, რა არადამიანური ვნებები უნდა ამოძრავებდეს პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ასე სწირავს? ამის დადგენაში შეიძლება მოხსენების შემდეგი მონაკვეთი დაგვეხმაროს.

«ჩეჩენი მებრძოლები ითხოვდნენ, ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებულ .. კორიდორის გადაცემას მათთან კონტაქტში მყოფ შსს მაღალი თანამდებობის პირებისგან. შსს თანამშრომლები ჩეჩენ მებრძოლებს აძლევდნენ სხვადასხვა დაპირებას და ასახელებდნენ ჯგუფის გადასვლის სხვადასხვა თარიღს. ჩეჩენი მებრძოლების ნაწილი თანდათან კარგავდა ნდობას საქართველოს ხელისუფლებისა და შსს მაღალჩინოსნების მიმართ. ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან», _ წერს სახალხო დამცველი. შემდეგ აღწერილია, თუ როგორ მოხვდა ჩეჩნების ერთერთი ჯგუფი ლაფანყურის მიდამოებში, სადაც შსს ანტიტერორისტული ცენტრის პიკაპებით შევიდა(!), ითხოვდა შეპირებული «კორიდორის» მიცემას, რაზეც უარი უთხრეს, შემდეგ კი იარაღის ჩაბარება და უკან, პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება მოსთხოვეს. ამ და მომდევნო მონაკვეთებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ჯგუფი რუსეთში გადასულიყო და ამის არდაშვების მიზნით სისხლისღვრაზეც კი წავიდა, რითაც, ფაქტობრივად, ნანუაშვილის მიერ აღწერილი ოპერაცია (თებერვლის მობილიზაციიდან დაწყებული) და ამდენი ძალისხმევა წყალში ჩაყარა.

ყველაზე საინტერესო ამ მონაკვეთში, ალბათ, «ჩეჩენი მებრძოლების ვარაუდია», თუ ის დადასტურდება და აღმოჩნდება, რომ 2012 წლის თებერვალში, როდესაც ცხადი გახდა, რომ მმართველი პარტია სტრატეგიული კრახის საფრთხის წინაშე დგას და ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებს ვერ ამარცხებს, ვიღაცამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ბოევიკების გამოყენება გადაწყვიტა, ალბათ, სამხედრო-საველე ტრიბუნალის დროებით ამოქმედებაზე დაფიქრება მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, თუ რისკენ მოგვიწოდებენ ჰუმანიზმით გაჟღენთილი კონვენციები. სხვა რა უნდა ვქნათ? თუ ბრალდებები ამ ნაწილში დადასტურდება, საქმე გვექნება სამშობლოს ღალატთან მის ყველაზე მძიმე ფორმებში და აუცილებელი გახდება სასჯელის ადეკვატური ზომის გამოძებნა.

ძნელია იმის დაჯერება, რომ ხელისუფლების პირველი პირები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდა მათ მიმართ მთელი ამ წლების განმავლობაში, აი ასე, მართლაც რომ ცოფიანი ძაღლებივით იქცეოდნენ. არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა გადალახოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკოსები ამას ხანდახან აკეთებენ, მათ შორის კოლექტიურად, როგორც ეს, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში მოხდა. ერთი რამ აშკარაა: ის, რაზეც სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში წერს, სასწრაფოდ უნდა გადამოწმდეს და დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ლოპოტას ხეობაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ამდენი ადამიანი შეეწირა. პროკურატურამ ამისთვის საუკეთესო კადრები უნდა გამოყოს; პრინციპში, შეიძლება უცხოელი ექსპერტების მოწვევაც, რადგან ეს ექსტრაორდინალური საქმეა, რომლის ფარგლებში აუცილებელია მიუკერძოებლობის მაქსიმალური დაცვა.

შეტაკებამ სოფელ ლაფანყურთან, რომელიც 2012 წლის აგვისტოს ბოლოს მოხდა, სააკაშვილის ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების წინ არცთუ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა. მან ეს საკუთარ თავს თვითონ დამართა, არანაირი მონაწილეობა კრიზისული ვითარების შექმნაში ოპოზიციას არ მიუღია. შესაბამისად, უნდა არსებულიყო რაღაც ძალიან სერიოზული მოტივი, რომელიც აიძულებდა სააკაშვილს, საფრთხის შემცველი ფაქტორების არსებობას შეგუებოდა, რომელთა განეიტრალება რაღაც მომენტში ვერ მოახერხა და საკმაოდ მძიმე შედეგი მიიღო. ამ მოტივის გაშიფრვა კი სრულფასოვანი გამოძიების გარეშე შეუძლებელია; ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც შეიძლება მკითხაობას ან კონსპიროლოგიურ ვერსიებს დავეყრდნოთ. ერთი აშკარაა, მას შემდეგ, რაც ეს თემა სახალხო დამცველის მოხსენებაში გაიშალა, მან არამხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და უფლებადამცველების ყურადღება მიიპყრო. აშკარაა, რომ მიჩუმათება უკვე აღარ გამოვა და ამ საქმის გამოძიება აუცილებლად მოგვიწევს, რაც უდავოდ დადებით გარემოებად უნდა ჩაითვალოს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. დიტო, ხომ არ იცი ვაზიანის ბაზაზე წვრთნას ვინ უტარებდა ჩეჩნებს?

    ალბათ მიშკუტა სარდალი, ბაჩ/ანა/იაჩუკი, თუ —?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here