Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატიული პროვოკაცია

დემოკრატიული პროვოკაცია

619

საქართველომ, როგორც ვადაგასულ სააკაშვილს უყვარდა თქმა, მსოფლიოში პირველმა აღიარა «ჩერქეზთა გენოციდი», თუმცა მეორე ადგილზე, უკვე ორი წელია, პრეტენზიას არავინ აცხადებს. 2014 წლის ოლიმპიადის მასპინძელი სოჭიდან 200 კილომეტრში, ანაკლიაში დადგმული მემორიალი სწორედ ამ გენოციდის მსხვერპლთ ეძღვნება. 150 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების გენოციდად მოხსენიება, სულ ცოტა, იმ ანალოგიას აღვიძებს, თუ როგორ გაანადგურეს 200 წლის წინ ევროპიდან ჩასულმა კოლონიზატორებმა ამერიკელი ინდიელები, ხოლო შემთხვევით გადარჩენილები რეზერვაციებში შერეკეს. მაგრამ ინდიელების გენოციდს რატომღაც არავინ აღიარებს, ხოლო ჩერქეზებისას მთელ მსოფლიოში _ მხოლოდ საქართველო!


რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტერმინი «გენოციდიც» და თავად ამ დანაშაულის შემადგენლობა მხოლოდ 1944 წელს გაჩნდა, ხოლო 1948 წელს საერთაშორისო კონვენციაში ჰპოვა ასახვა? რა, მერე _ თუ იგი თავდაპირველად მხოლოდ ფაშისტების მიერ ებრაელთა მასობრივ განადგურებას ასახავდა? სააკაშვილისთვის, რომლის დიპლომი, თეა წულუკიანის შემთხვევისგან განსხვავებით, არავის მოუკითხია, მთავარი სულ სხვა რამ არის: ამერიკული სცენარი, რომლითაც იგი რუსეთის დაშლას ლამობს, საბჭოთა კავშირის დაშლის ანალოგიით, თითქოსდა მცირე ხალხებისადმი აშშ-ის «განსაკუთრებული მზრუნველობით» არის ნაკარნახევი.

ამ «ზრუნვის» ფასი ყველაზე კარგად ქართველებმა უწყიან; თუ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ამერიკისთვის საბჭოთა კავშირის დასაშლელად ხელსაყრელი იყო, უკვე მისი დაშლის შემდგომ საკუთარი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებზე მზრუნველი ზვიად გამსახურდია ზედმეტ ტვირთად იქცა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა მას განაჩენი ერთი თითქოსდა უწყინარი ფრაზით გამოუტანა: «გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს». გამსახურდიამ ასევე მოკლედ უპასუხა: «დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან»! ერთ წელიწადში გამსახურდიას ხელისუფლება შეიარაღებული გადატრიალების შედეგად დაამხეს.

გამსახურდიასგან განსხვავებით, სააკაშვილმა ამერიკულ დინებას მიყოლა არჩია და მორჩილად დაიწყო იმის აღსრულება, რის გამბედაობაც თვით მსოფლიოს ჰეგემონ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყოფნის. იგი რუსეთს უშუალოდ არ უპირისპირდება. ამისთვის მას სააკაშვილი და მისთანა სუბიექტები ჰყავს, თუმცა მათ შორისაც ყველაზე იოლად სამართავი ისევ სააკაშვილი აღმოჩნდა. საქართველოს მოსახლეობა იმას უფრო გაგებით მოეკიდებოდა, თუ სოჭის ოლიმპიადის მიხეილისეული ბოიკოტის იდეა იმას დაეყრდნობოდა, რომ ეს ძირძველი კუთხე დღეს რუსეთის შემადგენლობაშია, მაგრამ აქაც ამერიკულმა სქემამ _ ორი კურდღლის დაჭერის პრიმიტიულმა ვერსიამ იმუშავა და ჩერქეზთა ბედით 150 წლის დაგვიანებით შეწუხებულმა დემოკრატიამ მიშას ხელით დაიწყო რუსეთისგან გენოციდის მომწყობის ძერწვა.

1864 წელს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიდაჰოში თეთრმა მოხალისეებმა პოლკოვნიკ ჩივინგტონის მეთაურობით ამოწყვიტეს მშვიდობიანი ინდიელები, რომლებიც ახალმოსულ თეთრ კოლონიზატორებთან მშვიდობიანი თანაარსებობის (დღეს ამას, ალბათ, კოაბიტაციას დაარქმევდნენ) მომხრენი იყვნენ. მხედრებმა ალყა შემოარტყეს მათ ბანაკს, ხოლო ქვეითებმა მდინარის გამშრალი კალაპოტის გავლით დაიწყეს იერიში. უიარაღო ინდიელები გაიქცნენ, მაგრამ მათ მეთოდურად გაავლეს მუსრი. პირველები ორი ტომის _ შაიენების და არაპახოს ბელადები მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი 74 წლის მოხუცი იყო.

სისასტიკე, რომელიც მაშინ ჩივინგტონის მებრძოლებმა გამოიჩინეს, მართლაც საარაკოა: მოკლულ მამაკაცებს სკალპები ააჭრეს, ქალებს _ მკერდი, ხოლო ალაფად მოჭრილი სასქესო ორგანოები და ადამიანის ამოჭრილი ემბრიონები წაიღეს. იყო თუ არა ეს გენოციდი? მით უფრო, რომ ინდიელების ამგვარი განადგურება ამ ერთი ფაქტით სულაც არ შემოიფარგლება! ამერიკელი მეცნიერები წერენ, რომ 400 წლის განმავლობაში ამერიკელი ინდიელების რაოდენობა 15 მილიონიდან 237 ათასამდე შემცირდა! ეს არ არის გენოციდი?

1864 წლისთვის ამერიკაში ოთხი მილიონი ზანგი მონა იყო, რომელთა ძვლებზეც დგას დღევანდელი მაძღარი ამერიკა. იმავე 1864 წელს შეიქმნა კუ-კლუქს კლანი, რომელიც ზანგებს სასტიკად უსწორდებოდა და იგი დღემდე არსებობს, ოღონდ ახლა უკვე არალეგალურად. ორასი წლის განმავლობაში ამერიკაში დაახლოებით 12 მილიონი აფრიკელი მონა ჩაიყვანეს, რომლებსაც ცხოველებივით ეპყრობოდნენ. ეს არ არის გენოციდი?

თუმცა კავკასიას დავუბრუნდეთ. ყოველი ადამიანის მკვლელობა ან დეპორტაცია ტრაგედიაა, მით უფრო _ მთელი ხალხის, მაგრამ რას აძლევს გენოციდის აღიარება დღეს საქართველოს? არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ქართველებს ოსების გენოციდს ედავებოდნენ. თითქმის მინავლებული ეს კონფლიქტი 2008 წელს სააკაშვილმა კვლავ გააცოცხლა და არ არის გამორიცხული, ოსების გენოციდის საკითხიც წამოიწიოს, რაკი ჩერქეზთა გენოციდის საკითხი საქართველომ დაძრა. იმავეს შეიძლება მიმართოს აფხაზეთმაც. ისინიც მცირე ხალხია და, თუ 150 წლის წინ მომხდარზე შეიძლება გენოციდის კვალიფიკაციის მიყენება, აგერ ოციოდე წლის წინ მომხდარზე ვინ დაუშლის?

სომეხთა გენოციდის მომთხოვნებიც აქვე, ყურისძირში არიან და ამ საკითხზე მათთვის უარის თქმა სრულიად არალოგიკური იქნება. მეორე მხრივ, თუ საქართველო სომეხთა გენოციდს აღიარებს, რეგიონში ორ სტრატეგიულ პარტნიორთან _ თურქეთსა და აზერბაიჯანთან შეუქცევადად გაიფუჭებს ურთიერთობას.

მაშ, რას ემსახურებოდა ეს, ნუგზარ წიკლაურის დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება?

რუსეთის დაშლა დღეს ყველაზე სასურველი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა. აკი ხმამაღლა განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომ უსამართლობაა, რუსეთის ბუნებრივი რესურსები მხოლოდ ერთ ქვეყანას ეკუთვნოდეს! თუმცა ამერიკელებს, როგორც ყოველთვის, საკუთარი მიზნების მიღწევა სხვისი ხელით უნდათ, აი, შედეგებით კი მხოლოდ მათ უნდა ისარგებლონ!

ჩამოთვლილი საფრთხეების გაუთვალისწინებლობა სააკაშვილისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც სრულიად რეალურია. მათი ზეგავლენით საქართველოს ახალ ხელისუფლებას გენოციდის საკითხის გადახედვა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მოუწიოს. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, ეს იძულებითი და დამამცირებელი ნაბიჯი იქნება. წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების ჯიუტი არაღიარება კი მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს და არა მის რომელიმე ხელმძღვანელობას, მით უმეტეს _ ოკეანისგაღმელ «მეგობრებს»!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here