Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის კაპიტულაცია ახლოვდება?

სააკაშვილის კაპიტულაცია ახლოვდება?

547

საჭადრაკო პარტია ივანიშვილისააკაშვილი დასასრულს მიუახლოვდა. ის, რაც დაფაზე ხდება, უკვე არც ისე საინტერესოა _ სააკაშვილის შიშველი მეფე, ორი ბლოკირებული ტურა და რამდენიმე გზააბნეული პაიკი წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი არაა. ის ცუგცვანგშია, ნებისმიერი მომდევნო სვლა მის მდგომარეობას აუარესებს. გასულ კვირას გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ სააკაშვილი მზადაა, მარცხი აღიაროს. მისი 8 თებერვლის გამოსვლის და ოპონენტის თანმდევი კომენტარების ანალიზმა შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ თამაში მალე დასრულდება და ივანიშვილის გამარჯვება საბოლოოდ გაფორმდება.

კიდევ რამდენჯერ უნდა მოვუსმინოთ?

«საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელ ნომერში 8 თებერვლის ინციდენტს არაერთი საინტერესო პუბლიკაცია მიეძღვნა, ამიტომ ამ წერილში მხოლოდ მომდევნო მოვლენების პოლიტიკურ და საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დატვირთვაზე ვისაუბრებთ. შეხლა-შემოხლამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  ტელეეკრანებს ძალიან დიდი, ემოციურად დამუხტული აუდიტორია მიაჯაჭვა. პარადოქსულია, მაგრამ იმ საღამოს ბევრმა ისეთმა ადამიანმაც კი, ვინც მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია აინუნშიც არ აგდებს, შესაძლოა, პირველად თვეების განმავლობაში მისი გამოსვლა ყურადღებით მოისმინა, რადგან მას ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან ერთ კონტექსტში განიხილავდა. «ნაცმოძრაობის» ბელადს ჰქონდა შანსი, ესარგებლა გაზრდილი ინტერესით, საკუთარი მიმართვა იმ დაძაბული დღის ნამდვილ კულმინაციად გადაექცია და გარკვეული ქულებიც დაეწერა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. 8 თებერვალს სააკაშვილს თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთერთი ყველაზე სუსტი გამოსვლა ჰქონდა; მან, როგორც ჩანს, ნერვული სტრესის დაძლევა ვერ შეძლო. გამოსვლას, როგორც შინაარსობრივი, ისე ვიზუალური თვალსაზრისით, დამაჯერებლობა აკლდა და ის ყველაზე მეტად ჰგავდა იმ მძიმე მდგომარეობის თვალსაჩინო ილუსტრაციას, რომელშიც სააკაშვილი და მისი ჯგუფი იმყოფება.

ვიდრე მის მთავარ გზავნილზე გადავალთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ იურიდიულ ნიუანსს _ ფიგურანტის 8 თებერვლის გამოსვლა ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ყოველწლიურ მოხსენებას, რომლის წარდგენის ფორმა გაწერილია კანონმდებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციისა და პარტიის წარმომადგენლების კომენტარებში ეს ორი გამოსვლა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში განიხილებოდა (პრაქტიკულად _ როგორც «ერთი და იგივე»). კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, «პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე». მოხსენების წარდგენის ფორმას პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლი არეგულირებს: «პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზეშესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო, ან შეიძლება გაიმართოს დებატებიდებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია».

ვინაიდან არაფერი მსგავსი არ მომხდარა, სააკაშვილი კვლავინდებურად ვალდებულია წარუდგინოს მოხსენება პარლამენტს და ამაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა იქნება. მართალია, ბევრმა შეიძლება ეს პრობლემა უმნიშვნელოდ ჩათვალოს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის უფლებამოსილების ხელოვნურმა გახანგრძლივებამ კონსტიტუციის 70-ე მუხლში გაწერილი ნორმების დარღვევა გამოიწვია (თანამდებობაზე ყოფნის ხუთწლიან ვადასთან დაკავშირებით), მაგრამ მსჯელობა კონსტიტუციის დარღვევაზე კატეგორიებით «ცუდი და უარესი» ან «დიდი და პატარა» კარგს, ალბათ, არაფერს მოიტანს. ყოველივე მომხდარის შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მიყვანა პარლამენტში, რათა იგივე ან დაახლოებით იგივე, კიდევ ერთხელ გაიმეოროს, სრული აბსურდია. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სიტყვები «როგორც წესი» პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლში ორივე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, სიტუაცია ჩიხში შეიყვანონ და აშკარა კანონდარღვევის გარეშე მიაღწიონ იმას, რომ ამ მოხსენებას ადგილი საერთოდ არ ჰქონდეს (ალბათ, სასურველია, რომ მომავალში ეს მუხლი ვადებთან მიმართებაში უფრო მკაფიო გახდეს).

კვირას სააკაშვილმა განაცხადა: «თანახმა ვარ, მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ». სიზუსტისთვის, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოსვლა კი არ გაუუქმებიათ, არამედ გადადეს, თუმცა ყველაზე საინტერესო ტელემაყურებელთა ფართო მასებისთვის, ალბათ, ის იქნება, მოუწყობენ თუ არა სააკაშვილს რადიკალური მოწინააღმდეგეები «სირცხვილის დერეფანს» პარლამენტის შენობასთან (თუ მივა) და რა მოვლენები განვითარდება იქ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილის 8 თებერვლის «რეჩი» არ წარმოადგენდა ყოველწლიურ მოხსენებას იურიდიული თვალსაზრისით და, კაცმა რომ თქვას, მას არც ფორმით და შინაარსით მოაგონებდა; ეს იყო არა სახელმწიფო მეთაურის (მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა საზოგადოების უმრავლესობა ასეთად) დაბალანსებული და თავდაჯერებული გამოსვლა, არამედ მხოლოდ ერთი, გასაჭირში ჩავარდნილი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მელოდრამატული მონოლოგი.

ამ შთაბეჭდილებას ამყარებდა ის განცდა, რომ სააკაშვილს შეიძლება რამდენიმე წამში გული წაუვიდეს (ან ატირდეს), რაზეც სოციალურ ქსელებში ასობით ტელემაყურებელმა მიუთითა; ფიგურანტი მართლაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. გამორიცხული არაა, რომ ამ სანახაობამ საბოლოოდ დაარწმუნა დარბაზში მყოფი უცხოელი დიპლომატები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, რომელსაც ძველი რეჟიმის აღდგენა კი არა, საკუთარი თავის გაკონტროლება აღარ შეუძლია.

სააკაშვილი შეძლებისდაგვარად ცდილობდა, თავი კოაბიტაციის სულისკვეთებით გამსჭვალული მამა აბრამის ბატკნად წარმოეჩინა. ყველაზე მეტად კი (ექსპერტების და რიგითი ტელემაყურებლების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) აუდიტორია იმ მონაკვეთმა დააინტერესა, რომელშიც «ნაცმოძრაობის» ბელადმა სცადა იმ მოსაზრების უარყოფა, რომ მთავრობის დათხოვნის უფლების გამოყენებას აპირებს: «ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური დინამიკა და ძალიან კარგად ვიცი, რომ მთავრობის დათხოვნა, მით უფრო, ამ ეტაპზე, სამ, ოთხ, ხუთ თვეში დამანგრეველია, უპირველესად, მისთვის, ვინც ამას გააკეთებს; იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამის ინიცირებას მოახდენს». მართალია, სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს მისი ერთი სიტყვისაც არ სჯერათ, თუმცა კონკრეტულად ეს სიტყვები რეალობისგან არც ისე შორია, «ნაციონალებს» არ აქვთ რესურსი «საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის» და დღეს მათ წინაშე გაცილებით მოკრძალებული ამოცანები დგას, კერძოდ, საკუთარი თავის გადარჩენა და ქართულ პოლიტიკაში ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად დამკვიდრება, რაზეც ოპონენტების უმრავლესობა, ფაქტობრივად, უარს ეუბნება. ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს ხსენებული უფლება არ უნდა ჩამოერთვას; პრევენციას თავი რომც დავანებოთ, მოქმედი წესი «როცა მინდა, დავითხოვ მთავრობას და ვისაც მინდა, დავნიშნავ» არსებითად ანტიდემოკრატიულია.

სააკაშვილი 8 თებერვლის გამოსვლაში წარმოაჩენდა ამ ბერკეტს, როგორც რაღაც უმნიშვნელოს, რაზეც შეიძლება უარი თქვას, მაშინ, როდესაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურის სტატუსს დღეს მხოლოდ ის ანიჭებს. სააკაშვილი როგორც კი მთავრობის დათხოვნის უფლებას დაკარგავს, ივანიშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, უბრალოდ დაივიწყებს მის არსებობს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ იმავეს პროკურატურა და «ვარდოსანი რეჟიმის» მიერ გაუბედურებული, გამწარებული ადამიანები გააკეთებენ. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი ზედაპირზე დევს, თუმცა სააკაშვილმა მაინც დააფიქსირა მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობაზე უარის თქმის სურვილი, სხვა გამოსავალი მას, ჩანს, არ აქვს. ფაქტობრივად, ეს კაპიტულაციის პირობებზე მოლაპარაკების დაწყების ტოლფასი იყო. საინტერესოა, რამ მიიყვანა სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე?

დანებდი, რაღას წვალობ!

რეალურად მიხეილ სააკაშვილს არჩევანი ჩათრევასა და ჩაყოლას შორის უნდა გაეკეთებინა. ის, სავარაუდოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ მალე «ოცნება» საკმარისი რაოდენობის «ნაციონალ» დეპუტატებს გადმოიბირებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ამასთანავე, მან, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ მთავრობის დათხოვნა მას და მის თანაპარტიელებს ფატალურ შედეგს მოუტანს, რომელთა ერთგვარი წინასახე გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იხილა (ცხადია, ტელევიზიით, თორემ იქ მისასვლელად საჭირო გამბედაობა სად ჰქონდა?).

ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილს წარმოსახვის განვითარებული უნარი ახასიათებს და ზოგიერთი ვიდეოჩანაწერი მასზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, იქნება ეს კადაფის სიცოცხლის ბოლო წუთები თუ მისი მომხრეების გასაჭირი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. 8 თებერვალს «ნაციონალები» პოლიციელებმა გადაარჩინეს, მაგრამ, თუ სააკაშვილი მთავრობას დაითხოვს, პოლიციას და ჯარსაც კი, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება იმ განრისხებული მასის შეკავება, რომელიც სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს საბოლოო ანგარიშსწორებისთვის მიადგება. ვინაიდან «ნაცმოძრაობის» ლიდერისთვის პირადი უსაფრთხოება ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, ვერ გამოვრიცხავთ, რომ 8 თებერვალს ის, სხვა ყველაფერთან ერთად, უბრალოდ შეშინდა. შესაძლოა, იყო კიდევ ერთი ფაქტორი: უცხოელი პარტნიორების რჩევა _ ნებაყოფლობით დათმოს ის უფლება, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ისედაც არ აქვს და ამით დესტაბილიზაციის თუნდაც თეორიული საფრთხე მოხსნას. საბოლოოდ,  სააკაშვილი, როგორც ჩანს, მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ბერკეტის დათმობა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს და შეეცადა, ის ვაჭრობის საგნად გადაექცია.

თავის საპასუხო განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მშვენივრად შეუძლია საუბარი კოაბიტაციის ენაზე, რომელიც ასე მოსწონს დასავლელ პარტნიორებს და ასე სძულს სააკაშვილის «ძირძველ» მოწინააღმდეგეებს, ფაქტობრივად კი, გამოთქვა მზადყოფნა ჩაიბაროს ოპონენტის კაპიტულაცია ისე, რომ მას სახის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცეს, ოღონდ ამისთვის სააკაშვილმა ის პირობები უნდა შეასრულოს, რომელთაც ივანიშვილი უკარნახებს.

«ახლა საჭიროა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, რათა გაჩნდეს ნდობა მისი ამ და სხვა სიტყვებისადმიც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მხარი დაუჭიროს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელთ მიხედვითაც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, ველით ამ განცხადების დადასტურებას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რის შემდეგაც პარლამენტი უმოკლეს ხანში კენჭს უყრის ამ კანონპროექტს. პრეზიდენტმა ისაუბრა სხვა კონსტიტუციურ საკითხებზეც, რომლებიც განსახილველი კანონპროექტის საგანი არ არის და რომლებზეც მას ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ჩვენ მზად ვართ, ზემოთ ნახსენები კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი მოსაზრებები ყურადღებით მოვისმინოთ და სათანადო კანონპროექტების განხილვის პროცესში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შევაჯეროთ პოზიციები», _ განაცხადა ივანიშვილმა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან მკაფიო და გასაგები, დაახლოებით ასეთი შინაარსის გზავნილი: «ჯერ ის ცვლილებები, რომლებიც მე მჭირდება, ყველაფერი დანარჩენი კი _ შემდეგ».

ივანიშვილმა მიანიშნა, რომ შეუძლია ყოფილ მმართველებს გარკვეული გარანტიები მისცეს, თუმცა ის ყოვლისმომცველი ვერ იქნება: «მზად ვარ პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუცია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ».

კვირას სააკაშვილი (ოფიცილურ გვერდზე «ფეისბუკში») ივანიშვილის განცხადებას მიესალმა: «შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები». ამ განცხადებაში მან აქცენტების გადაადგილება სცადა და ივანიშვილმა მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთი განცხადება გაუგზავნა, რომელშიც პირველ პუნქტად ჩაწერა: «პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება». ორშაბათს დავით უსუფაშვილმა სააკაშვილთან და ბაქრაძესთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი სწორედ ამ სულისკვეთებით წარმართა. რამდენად შედეგიანი იქნება ეს საუბრები, ძნელი სათქმელია, თუმცა სივრცე მანევრისთვის სააკაშვილს შეზღუდული აქვს _ ან ივანიშვილის პირობებს უნდა დათანხმდეს, ან ქაოტური წინააღმდეგობა გააგრძელოს (მაგრამ რა ძალებით ან რა რესურსით?)

ცენტი _ შენ, ცენტი _ მე, ცენტი _ მამაშენს

«ქართული ოცნების» არაერთი მხარდამჭერი თვლის, რომ მათი ლიდერი ქვეყნის ყოფილ მმართველებს მეტისმეტად ლიბერალურად ეპყრობა და ეს არ მოსწონთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი მოქმედების ყველაზე მომგებიან ტაქტიკას არ ირჩევს და მცირე წარმატებებით კმაყოფილდება, რომ მან სააკაშვილთან კატათაგვობანას თამაში უნდა დაასრულოს, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდეს და მაქსიმუმს მიაღწიოს, ასე ვთქვათ, ჯეკპოტი მოხსნას. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა ტიპის თამაშს აწარმოებს ივანიშვილი (და სააკაშვილი), ალბათ, ურიგო არ იქნება, ერთი ძველი ისტორია გავიხსენოთ.

როდესაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი პატარა იყო, ოჯახის სტუმრები ხშირად სთავაზობდნენ, ორი მონეტიდან ერთ-ერთი აერჩია: დიდი, მძიმე ერთცენტიანი ან პატარა, მაგრამ უფრო ღირებული სამცენტიანი. პატარა უილიამი მუდამ ერთცენტიანს ირჩევდა, რითაც სტუმრებს ახალისებდა. როდესაც მომდევნო წვეულებაზე იმავეს სთავაზობდნენ, ისევ ერთცენტიანს იღებდა და ასე შემდეგ… ბოლოს ეს თამაში მაკ-კინლის ოჯახში გამართული წვეულებების განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ერთგვარ ტრადიციად იქცა. ერთხელაც, მომავალი პრეზიდენტის მამა გამწარდა და შვილს უთხრა: ვილი, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ნუთუ არ გესმის, რომელი მონეტაა უფრო ღირებული? _ მესმის, _ უპასუხა მომავალმა პრეზიდენტმა, _ მაგრამ, თუ სამცენტიანს ავიღებ, ამის შემდეგ ვინღა მეთამაშება?

ალბათ, ძნელი დასადგენი არაა, ვინ აგროვებს ბეჯითად ქართულ პოლიტიკაში ერთცენტიანებს, ხოლო ვინ ეპოტინება სამცენტიანებს და ღრიალით ხუთცენტიანებს მოითხოვს; ამ უკანასკნელს, დიდი ხანია, აღარავინ ეთამაშება. ალბათ, არც იმის განსაზღვრა გაგვიჭირდება, თუ ვინ აკონტროლებს თამაშს და მოთამაშეებს რეალურად. პირდაპირი იერიში, თითქმის გარანტირებული გამარჯვებით, მაგრამ დიდი დანაკარგებით, საუკეთესო სამოქმედო ვარიანტი ყოველთვის როდია. როგორც წესი, გაცილებით გონივრულია, მოწინააღდეგეს ალყა შემოარტყა, ნელ-ნელა შეზღუდო, მისცე მას შესაძლებლობა, წინააღმდეგობის გაწევის უაზრობაში დარწმუნდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, როდესაც არჩევანის გაკეთება მხოლოდ საპატიო და უპირობო კაპიტულაციას შორის შეეძლება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის, ვინც დღეს თანახმაა საპატიო კაპიტულაციაზე, ხვალ, ძალიან დიდი ალბათობით, ხელს უპირობოსაც მოაწერს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here