Home რუბრიკები სამართალი აკაკი დარასელია: გლდანის ციხის მთავარი ჯალათები _ ოფიცერი ვახტანგ გაგუციძე და «ატამანი»...

აკაკი დარასელია: გლდანის ციხის მთავარი ჯალათები _ ოფიცერი ვახტანგ გაგუციძე და «ატამანი» მალხაზ ღვინიაშვილი დღემდე არ დაუსჯიათ

წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, წამების, ღირსების შემლახველი მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია «სამოქალაქო ფრონტის» დამფუძნებელი და ერთერთი ლიდერი, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული აკაკი დარასელია.

_ აკაკი, 18 სექტემბერს გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეძრა. თქვენ ხართ თვითმხილველი ყველა იმ უბედურების, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა. კონკრეტულად რა სახით ირღვეოდა მსჯავრდებულთა უფლებები და რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ის ინფორმაციები, რომლებიც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე წლების მანძილზე ვრცელდებოდა?

_ ამის გადმოცემა სიტყვებით, უბრალოდ, შეუძლებელია. მე რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით არ მენახა, საკუთარ თავზე არ გამომეცადა, სხვის მონათხრობს, ალბათ, ვერ დავიჯერებდი. კი, მანამდე ჩემი მეგობრები: ლევან გოგიჩაიშვილი, შაკო გოგინაშვილი, გიორგი ალხაზიშვილი, მელორ ვაჩაძე და სხვები ისხდნენ ციხეში და ზოგადად ვიცოდით, იქ რაც ხდებოდა, მაგრამ ის, რაც საკუთარი თვალებით ვნახე, იყო რაღაც გაუგონარი საშინელება, სისასტიკის ეპოპეა. როგორ გითხრათ, მთლიანად სისტემა ჰქონდათ ისე აწყობილი, რომ ადამიანი იქიდან უნდა გამოსულიყო ცოცხალ-მკვდარი, ანუ ფიზიკურად ცოცხალი, მაგრამ სულიერად, მორალურად უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი. ვიდეოკადრები ახსენეთ თქვენ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ციხის ადმინისტრაციაში არ იყო არც ერთი თანამდებობის პირი,  არც რიგითი, რომელმაც არ იცოდა, რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა ჩვენს თავს. ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკი, საიდანაც ცოცხლად გამოსვლის შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა.

რაც შემეხება პირადად მე, ისევე, როგორც სხვა პატიმრებს, მეც განსაკუთრებით სასტიკად მეპყრობოდნენ. ამას, უბრალოდ, ვერ გაექცეოდი, ვინც უნდა ყოფილიყავი და რა მხარდაჭერაც უნდა გქონოდა ციხის გარეთ.

_ კი, მაგრამ თქვენი კატეგორიის პატიმრები რეჟიმისთვის განსაკუთრებით საშიშინი არიან. საფრთხეს ვერ ხედავდნენ იმაში, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა გაგეხმაურებინათ?

_ ამიტომაც მეძახდნენ ინტრიგანს. ერთადერთი, რასაც ჩემ მიმართ ერიდებოდნენ, იყო ღიად, სხვების თვალწინ ცემა, იმიტომ, რომ, მათი აზრით, ამას მოყვებოდა ხმაური იმავე ადვოკატების, უფლებადამცველების, ჩემი მეგობრების მხრიდან და ა. შ. მათ ძალიან არ უნდოდათ, ამ ამბავს მიეღწია საელჩოებამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებამდე, ამიტომ, როცა ევროკავშირის ან გაეროს დამკვირვებლები მოდიოდნენ, კარანტინში ჩაჰქონდათ ხოლმე ლეიბები, რათა ენახვებინათ, აი, რა კარგი პირობებიაო. მათაც, ალბათ, სჯეროდათ ეს ყველაფერი. ამ დროს იმ კარანტინში, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრში ერთი თვის განმავლობაში ამყოფებდნენ ორმოცამდე პატიმარს.

_ ალექსანდრე მუხაძის სისასტიკეზე «ლეგენდები» დადიოდა. რით გამოირჩეოდა ის სხვა თანამშრომლებისგან?

_ ის იყო მთავარი შემოქმედი იმ სისასტიკისა და დაუნდობლობის, რომელიც პატიმართა მიმართ ხდებოდა. ამიტომაც შეარქვეს მეტსახელად «ქილერა». პირადად ამ ადამიანმა გაანადგურა და გააუბედურა უამრავი პატიმარი, მათი ოჯახები და ამას ყველაფერს ის აკეთებდა წარბშეუხრელად, ისე, რომ თვალს არ ახამხამებდა.

_ დავით ხუჭუაზე რას იტყვით?

_ ხუჭუამ საერთოდ ახალი «პრაქტიკა» დანერგა ციხეში. ის კარანტინს ნიშნავდა ყოველ პარასკევს და ეს დღე, რომელსაც შემდეგ პატიმრებმა წითელი პარასკევი შეარქვეს, იყო რაღაც წარმოუდგენელი სისასტიკის დღე. კიდევ ვიმეორებ, ამის გადმოცემა შეუძლებელია, იქ რაც ხდებოდა, მსგავსი რამ, ალბათ, ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებშიც არ მოსდიოდათ აზრად ფაშისტებს.

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რაში გამოიხატებოდა და რა ფორმით ეს სისასტიკე

_ მე შემიძლია გითხრათ სახელები და გვარები იმ პატიმრებისა, რომლებსაც ჩემ თვალწინ საშინელება გაუკეთეს, მაგრამ ზოგი დღესაც ციხეშია და არ მინდა, მათ მაგივრად ვისაუბრო, როცა გამოვლენ, თვითონ იტყვიან ყველაფერს. რაც შეეხება არაადამიანური მოპყრობის ფორმებს, ვისაც ფანტაზია რის საშუალებას აძლევდა, არაფერს ერიდებოდა. წარმოიდგინეთ, პატიმარს, რომელიც იცოდნენ, რომ ხელს ისედაც არ შეუბრუნებდათ, ბორკილებს მაინც ადებდნენ და ისე სცემდნენ, ანუ დარტყმის დროს მსჯავრდებული რომ ხელს იფარებდა, ისიც აღიზიანებდათ. ჩვენ, დანარჩენებს, ვინც საკანში ვისხედით, ამ ყველაფრისთვის მშვიდად უნდა გვეცქირა. იტყოდი რამეს და ისეთ დღეში ჩაგაგდებდნენ, ან გადარჩებოდი, ან ვერა.

_ უფლებადამცველებისგან გამიგონია, რომ პატიმრის ცემის მიზეზი შეიძლებოდა, ყოფილიყო თუ ვთქვათ, ხმამაღლა გაიცინებდა, ან რადიოს ცოტა ხმას აუწევდა. ეს რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს?

_ მეტსაც გეტყვით, ღამის 10 საათის შემდეგ, როცა ყველას უნდა დაგვეძინა, ჩურჩულით რომ გადაგელაპარაკა ვინმესთვის, მაშინვე ყურს ადებდნენ კარს. მერე შემოგივარდებოდნენ და იწყებოდა დაკითხვა: რაზე საუბრობდით? რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გითქვამს? რაც უნდა გეპასუხა, მსგავსი შემთხვევა მაინც ფიზიკური ანგარიშსწორებით მთავრდებოდა. დილის 7 საათზე, პურის დარიგება რომ მორჩებოდა, მივყავდით დაახლოებით 20-წუთიან გასეირნებაზე. სირბილით ავდიოდით სხვენში, რომელსაც ჭერის მაგივრად ჰქონდა გისოსები და უკანვე გვაბრუნებდნენ. გზადაგზა მოგაწევდნენ ლანძღვას, გინებას. შეიძლებოდა, ვინმეს ფეხიც დაედო, წაქცეულიყავი, შემდეგ ამაზე იწყებოდა ხუმრობა, ქილიკი და დამცირება. იყო შემთხვევა, როცა ადამიანი წააქციეს, დასცინეს და მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ უცბად, წამში ვერ წამოდგა. თუ ვინმეს მიმართ რამე განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდებოდათ, აბანოში ჩაჰყავდათ და იქ უსწორდებოდნენ. არ ვიცი, რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ აბანოში კამერები არ იყო.

_ . . ყველაფერში შარს ეძებდნენ?

_ წარმოიდგინეთ, საკუთარ საწოლზე სველი პირსახოცი რომ გადაგეკიდა გასაშრობად ან ღამით წიგნი დაგრჩენოდა გადაშლილი, ამაზე გცემდნენ. ასევე სასტიკად გისწორდებოდნენ, თუ, ვთქვათ, ონკანი ოდნავ მოშვებული დაგრჩებოდა, თუ გაბედავდი და ტანსაცმელს გარეცხავდი, რეცხვა გვეკრძალებოდა. მოკლედ, ეს იყო ჯოჯოხეთი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ პატიმრების მიმართ?

_ რა თქმა უნდა, მათ სახელებს რა დამავიწყებს. მაგალითად, ვახტანგ გაგუციძე, რომელიც იყო ოფიცერი და გამოირჩეოდა რაღაც გაუგონარი, მანიაკალური სისასტიკით. ეს ადამიანი არ დასჯილა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის თავის კუთვნილ სასჯელს მიიღებს. ასევე გამოირჩეოდა სისასტიკით ოფიცრების ატამანი მალხაზ ღვინიაშვილი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კაცი არის ავადმყოფი და, სანამ მას კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებისთვის, უნდა აიყვანონ, გამოიკვლიონ და მოათავსონ შესაბამის დაწესებულებაში: ან სამკურნალოში, ან პირდაპირ ციხეში. მე, როგორც ერთ-ერთი მოწმე მის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისა, მზად ვარ, ჩვენება მივცე ამ არაკაცის წინააღმდეგ და პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მან პასუხი აგოს. რაც შეეხება დანარჩენ ჯალათებს, თქვენ იცით, რომ მათი უმეტესობა დაჭერილია, ამიტომ ახლა ამაზე არ შევჩერდები.

_ პირადად თქვენ მიმართ თუ გამოუჩენია რომელიმე თანამშრომელს სისასტიკე?

_ მაგალითად, ვიქტორ ყაჭეიშვილმა იმის გამო, რომ 31 მაისს შემომიგზავნეს სურათები, რომლებიც ჩემს მეგობრებთან: ლევან გოგიჩაიშვილთან, გოგა ხაინდრავასთან და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მქონდა გადაღებული, 20 დღით კარცერში გამიშვა. შემდეგ, ვინაიდან მან კარგად იცოდა, შესაბამის ოქმს ხელს არ მოვაწერდი, დამემუქრა, რომ უარის შემთხვევაში, ჩემთან ერთად საკანში მყოფ შვიდ კაცს სასტიკად გაუსწორდებოდა. აი, ასეთი ბინძური მეთოდებით ხორციელდებოდა ჩვენზე ზემოქმედება. ასევე, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ კარანტინის ყოველ დაშლას, ყოველ ე. წ. წითელ პარასკევს პირადად ესწრებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე. ამდენად, საუბარი იმაზე, თითქოს მინისტრმა კალმახელიძემ არ იცოდა, დაწესებულებებში რა ხდებოდა, აბსურდია.

_ სამედიცინო მომსახურების კუთხით რა პირობები გქონდათ?

_ თუკი რამე აგტკივდებოდა და ცუდად გახდებოდი, უკიდურეს მდგომარეობამდე, კრიზისამდე უნდა მისულიყავი, რომ ყურადღება მოექციათ. ამასთან, წამლის მოთხოვნა ავტომატურად ნიშნავდა შეურაცხყოფას. უდიერად გვექცეოდნენ თვითონ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებიც. მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა: ადამიანს გულის შეტევა დაემართა, მოვიდა ექთანი, ამოიღო აბი, რომელიც შუაზე გატეხა და ეუბნება, ერთი დალიეთ ახლა, ერთი ცოტა ხნის მერე, ერთი წნევისაა, მეორე ტკივილგამაყუჩებელიო. აი, ასეთი ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ ექიმებსაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება.

_ თქვენ თქვით, რომ მზად ხართ, პროკურატურაში ჩვენება მისცეთ ციხის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პატიმრებზე ძალადობას ახორციელებდნენ. მეგის ქარდავა, ზურაბ ადეიშვილი და მთელი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სხვა მთავარი შემოქმედები დღეს გაქცეულები არიან. მათ წინააღმდეგ თუ აპირებთ სარჩელის შეტანას?

_ რა თქმა უნდა. მე ცხრა წელი იმიტომ მომისაჯეს, რომ არ დავნებდი და საპროცესო შეთანხმებაზე არ წავედი. ცხადია, ვაპირებ საკუთარი პრესტიჟის აღდგენისთვის ბრძოლას და ამას ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთებ. თითოეული ის ადამიანი, დაწყებული რიგითი თანამშრომლებიდან, რომლებმაც ნარკოტიკი ჩამიდეს, დამთავრებული განაჩენის გამომტანებით, პასუხს აგებს. ყველას, ვისი უფლებებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს შეილახა, მოვუწოდებ, მივიდეს პროკურატურაში და დამნაშავეები ამხილოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალს დავხუჭავთ, დამერწმუნეთ, ისევ გამოჩნდებიან ყაჭეიშვილის, მუხაძისა და ხუჭუასნაირი ნაძირალა ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ ჩაიდენენ ამ ყველაფერს.

_ ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში რომ მოათავსეს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თქვენი აზრით, არიან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანები, რომლებიც ახალაიასთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ?

_ აბსურდია ის, რომ თითქოს ახალაია საკანში დაცული არ არის. ვინც იცის, ციხეში რა კონტროლია, ამაში დამეთანხმება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, არიან მასზე განაწყენებული ადამიანები, მაგრამ ვიღაცა რომ ამაზე პიარს აწყობს, ეს ჩემთვის გაუგებარია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ციხეში ვიყავი, მე, ვისაც ცხოვრებაში არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ვიღაც მანქურთები მაგინებდნენ. რატომ უკვირთ, ბაჩო ახალაიას შეაგინონ მის მიერ გამწარებულმა და გაუბედურებულმა პატიმრებმა?! მაშინ შეუბრუნოს სიტყვა, შეაგინოს თვითონაც, თუ ამის ვაჟკაცობა აქვს, თუ საკუთარ თავთან, სინდისთან მართალია. საქმეც ისაა, რომ ამ კაცს აღარ დარჩა არაფერი სათქმელი. დასამალი ადგილიც ვერ იპოვა დედამიწაზე და ამიტომ ჩამოვიდა თავისი ფეხით, თორემ მაგას ცოცხალი თავით ვინ ჩამოიყვანდა.

 დარწმუნებული ვარ, იგივე მოელით ქარდავასაც და ადეიშვილსაც, მთლიანად სააკაშვილის რეჟიმს, რომლის პოლიტიკური პარაკლისიც უკვე გადაიხადა ქართველმა ხალხმა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here