პროკურატურაში ვიყავი, მთავარ პროკურორს ჩემი წიგნი მივართვი წარწერით «საქართველოში სამართლიანობა რომ იმარჯვებს, თქვენი დამსახურებაა, უწინარეს ყოვლის».
_ მოდით, შეფასება მივანდოთ იმ დროს, როცა პროკურორის პოზიციაზე არ ვიქნები, და იქიდან დავინახოთ, ეს მცდელობა წარმატებული იქნება თუ არა, ზნეობრივი იქნება თუ არა. ძალიან მინდა, რომ ასე იყოს. დღეს საამისო ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. ჩვენც ძალასა და ღონეს არ ვიშურებთ, მაგრამ ჯერ გასავლელია რაღაც გზა, და შეფასება, მით უმეტეს, ჩემი და, მით უმეტეს, დადებით ასპექტში, რისი მოსმენა ჩემთვის არის ძალიან მძიმე განაჩენი ან ძალიან დიდი კრედიტია ავანსად მოცემული, _ ასეთი იყო მისი პასუხი.
_ წინასწარ ჩემი ასეთნაირი შეფასება მძიმე მდგომარეობაში მაყენებს. მომეცით უფლება, უფრო თავისუფლად ვიყო, ხანდახან შეცდომაც დავუშვა, მაგრამ არა ზნეობრივი, უფრო სწორად, შეცდომა უზნეო არ უნდა იყოს, თორემ შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული.
მჯერა, რომ პროკურორის მიმართ უნდა არსებობდეს შიშნარევი პატივისცემა. შიში _ კანონის. საზოგადოება პროკურორში კანონს უნდა ხედავდეს. და პატივისცემა იმიტომ, რომ იგი კანონს იცავს.
ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნის ამ თვალსაზრისით, არის ის, რომ ორთვე-ნახევარია, რაც საზოგადოებასთან ვურთიერთობ და უკვე მეუბნებიან, რომ ჩემდამი გაჩნდა სიმპათია, დადებითი განწყობილება. მგონია, რომ ცოტა აცდენილი ვარ შიშნარევ პატივისცემას.
_ ბატონო არჩილ, რა არის იმაში ცუდი, თუ ხალხის სიმპათია დაიმსახურეთ?
_ ცუდი არ არის, მაგრამ ხალხს შეიძლება უყვარდეს ფეხბურთელი, მსახიობი, მწერალი, კარგი დეკლამატორი, მაგრამ პროკურორი არ შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საყვარელი პიროვნება. მოცემულობაა ასეთი: ცოტა მკაცრი უნდა იყოს, ცოტა პირქუში, ცოტა ხისტი, თუმცა ყველა შემთხვევაში _ ადამიანური.
ვცდილობთ, რომ ასე იყოს, ვცდილობთ, ვიყოთ ობიექტურები, დავიკავოთ ოქროს შუალედი.
_ რას გულისხმობთ ოქროს შუალედში?
_ ქართული საზოგადოებრიობის განწყობა არჩევნებამდე და არჩევნების დროს უსამართლობის დიდი მორევის ასალაგმად იყო მიმართული. ხალხის დაკვეთაა, თუ შეიძლება ითქვას, ისეთი, რომ იმათ, ვინც გამგებლები იყვნენ ამ ქვეყნის, ვინც ქმნიდნენ მაშინდელ რეალობას, პასუხი უნდა აგონ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც. დღეს საზოგადოების მოლოდინი არის მშიერი ზვიგენის მოლოდინი _ სამართლის ხახაში იხილოს ის მმართველები, რომლებმაც უსამართლობის სისტემა შექმნეს.
არჩევნებიდან მოვდივარ მეც და მეც ვქადაგებდი და მხარს ვუჭერდი ამ აზრს, ამ განწყობილებას, რომელიც სუფევს ჩვენში.
მაგრამ არის მეორე განწყობილება, რომელიც ვლინდება დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც გამოიხატება ჩვენდამი კრიტიკულ დამოკიდებულებაში. კერძოდ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად ვიღებთ დამსჯელ გადაწყვეტილებებს.
ქართული საზოგადოების დამოკიდებულება არის ერთი პოლუსი, მეორე პოლუსი კი დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულებაა.
რომ არ შევაფასოთ, მათგან რომელია სწორი და მართალი, რომელი რა ინფორმაციით არის ნასაზრდოები _ სწორითა თუ მცდარით, ფაქტი სახეზეა. ამიტომ გვმართებს ოქროს შუალედის პოზიციაზე დგომა.
შეიძლება დაჭერა-დაკავება გადავწყვიტოთ იმიტომ, რომ იმ გაუბედურებული ადამიანის კმაყოფილება გამოვიწვიოთ, რომელიც საღამოს ტელეეკრანს მიუჯდა, ნახა, რაც მოხდა და გულს მოიფხანს იმით, რომ ვიღაცამ პასუხი აგო ისეთი უსამართლობისთვის, როგორიც მის თავსაც დატრიალდა. მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ქმედება ამ ადამიანის თვალთახედვით იყოს ნაკარნახევი, ისევე, როგორც არ შეიძლება მეორე პოლუსიდან წამოსულ ხმას დავუჯეროთ, რომელიც გვიქადაგებს _ ნუ დაიჭერთ, ნუ დააკავებთ!
_ მაგრამ ხომ ვიცით, რომ ერის ხმა ღვთის ხმის თანაფარდია. ხომ ფაქტია, რომ ამ დაჭერა-დაკავებით სუფთავდება საზოგადოებრივი ცხოვრების ატმოსფერო, რომ იმარჯვებს მაღალზნეობრიობა, რომელიც შეიძლება კანონზე მაღლაც კი დგას. ეს ცოტაა?
_ ეს ძალიან ძლიერი რამეა, რაც გვაძლევს ძალას და გვანიჭებს ბედნიერებას. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. როცა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს ვხვდებოდი, ვქადაგებდი, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა უსამართლობა, ის, რაც ციხეებში ხდებოდა, გნებავთ, ციხეების გარეთ, და გამომდინარეობდა დათრგუნვის იმ რეჟიმიდან, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობდა. დათრგუნვის ყველა ის ბერკეტი, რომელიც ციხის კედლებს აქეთ იყო მიღებული, ციხეში ცოცხების სახით ტრანსფორმირდება.
_ თქვენი ერთი ნათქვამი გამანდეს: დილას რომ ვიღვიძებ, იმაზე ვფიქრობ, გუშინ ისეთი რამ ხომ არ გავაკეთე, რომ ხვალ ქუჩაში არ გამესვლებოდეს, ცხოვრებაში წინ არ დამხვდეს, ხალხთან შეხვედრის არ შემრცხვეს. გიდგათ ეს პრობლემა, ეს შინაგანი ბრძოლა გაწუხებთ?
_ როგორ არა! ხშირად ვიხსენებ დოჩანაშვილის ნაწარმოების გმირის ერთ ნათქვამს, რომ ღამე, დაძინებამდე ყოველთვის არის ერთი წამი, როცა ადამიანის თვალწინ გაიელვებს გასული დღე, აფასებს იმ დღეს თავის ნამოქმედარს. რა თქმა უნდა, ეს წამი ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის, მეც. მითუმეტეს, როცა ასეთი ხვედრი მერგო. როცა ასეთ თანამდებობაზე ვარ, პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია. ყველას და ყველანაირად ვერ გავწვდები, რათა სამართალი ყველგან თანაბრად იყოს აღმატებული უკეთურობაზე, მაგრამ ვცდილობ.
ოთხშაბათობითა და პარასკევობით მოქალაქეთა მიღება მაქვს, ვხვდები ადამიანებს. ჩემი მდივანი მეუბნება (სხვათა შორის, არც მდივანი, არც მძღოლი არ შემიცვლია, დასამალი არაფერი მაქვს), რომ ამ კაბინეტიდან ლოცვით გამოსული არავინ მინახავს, ახლა _ რამდენიც გინდათო. ასეთებიც არიან.
გუშინ ორი თვის სტატისტიკა მოვატანინე: 38 ადამიანის მიმართ, ვის წინააღმდეგაც დევნა იყო დაწყებული, პატიმარი იყო, პასუხისგებაში მიცემული, შევწყვიტეთ დევნა და გავათავისუფლეთ, გავუშვით, გავამართლეთ. 21 ადამიანის ბრალდებაზე, რომელთა საქმე სასამართლოში განიხილებოდა, უარი ვთქვით და ისინიც სასამართლომ გაამართლა. საერთო ჯამში, პირველი იანვრის მდგომარეობით, ასეთი ადამიანი 59-ია. ესენი არიან ის ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც ემუქრებოდა ზოგს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზოგს მისჯილი ჰქონდა 11 წელი, ზოგს _ 15 და ა. შ.
_ რისთვის კეთდებოდა ასეთი უსამართლობა: ხალხის დასათრგუნად თუ ფულის გამოძალვის მიზნით?
_ ყველაფერი მომდინარეობდა იმ უკეთურობიდან, რომლის არსი იყო: ხელისუფლებაში მოვედით და სულ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში.
ამ ფორმულით შეიარაღებული ყოველთვის ეძებს გზებს ხელისუფლებაში მუდმივად დასარჩენად. ძალოვანი სტრუქტურები არის იარაღი და საშუალება მმართველობის დაუსრულებლობის. სულ მართავ იმას, ვისაც ეშინია.
_ დაშინება, როგორც მიზანი?
_ დაშინება, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. შენ უნდა იცოდე, რომ გელის დაპატიმრება, ციხე. შენ უნდა იცოდე, რა გელის ციხეში, შენ უნდა «განიბანო» კარანტინის წესებით, უნდა გცემონ, უნდა განიცადო ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ა. შ. ხოლო გარეთ გამოსულს კარგად უნდა გახსოვდეს, ვინაა მამა და მარჩენალი, ვინაა შენი პატრონი და ვის უნდა სცემდე თაყვანს.
100 ათასზე მეტი პრობაციონერი გვყავდა და 25 ათასამდე პატიმარი, საქართველოში ოჯახი არ იყო დარჩენილი, რომელიც ამ უსამართლობის მსხვერპლი არ გახდა.
აქ იყო ჩადებული მანკიერების სათავე, რომლის აღმოფხვრა და ამოძირკვა დავიწყეთ.
_ და, ხალხის აზრით, წარმატებულადაც.
_ როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევარში, ორ წელიწად-ნახევარში აპირებს წასვლას, მე ამას განვიხილავ, როგორც კულტურულ ფენომენს.
_ განმარტავთ, რას გულისხმობთ?
_ თავისი ამ განცხადებით იგი მეუბნება, რომ ჩემთან ერთად შენც წამოხვალ. როცა ვიცი, რომ რაღაც ორ წელიწადში აქ, ამ თანამდებობაზე არ ვიქნები, მეც და დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ხალხში გამოსაჩენი პირი არ გვექნეს. ხელისუფლებაში ყოფნა არის რაღაც გარდამავალი საპატიო ჯილდო პასუხისმგებლობით გამორჩეული. ჩაივლის ამ ჯილდოსთვის გამოყოფილი დრო და შენ დარჩები ჩვეულებრივ მოქალაქედ. ეს განწყობაა, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება და რომლის შენარჩუნებასაც ვცდილობთ.
_ მაგრამ ამ «საჭირო განწყობას» აფუჭებს ისეთი ფაქტები, რომელთა გაცნობაც კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დააყენებს ადამიანს. ვგულისხმობ მაქსიმალურად დაშტრიხულ ვიდეოკადრებს, რომლებითაც მამათმავლობის გამჟღავნების პროვოცირებით აშინებდნენ და გადაიბირებდნენ მათთვის საჭირო ადამიანებს…
_ სამწუხაროდ, ასეა.
_ და ბატონი სააკაშვილი გამოდის ამის წინააღმდეგ, რომ თურმე ეს ყოფილა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა (?!).
_ პოლიტიკურ ოპონენტებზე მაკომპრომენტირებელი მასალების მოსაპოვებლად ხდებოდა ჰომოსექსუალი მამაკაცების დაშანტაჟება, გადაბირება და შემდეგ ეს ნაცემ-ნაბეგვი ჰომოსექსუალი უკავშირდებოდა საზოგადოებაში კარგად ცნობილ, ასევე ჰომოსექსუალ მამაკაცს, აჰყავდა კონსპირაციულ ბინაში, სადაც დამონტაჟებული ფარული ვიდეოთვალით გადაიღებდა ამ უხამსობას და შანტაჟის იარაღიც მზად იყო. ხელისუფლების მხარდამჭერიც _ მოპოვებული.
გადამბირებელს ას და ორას ლარს უხდიდნენ.
_ ისინი მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ?
_ არა, ფარული ვიდეოთვალით გადაღებულ ფირებზე პოლიტიკოსი მამაკაცებიც არიან. ამან გატეხა ზნეობრიობა.
_ სააკაშვილი ტელეეკრანიდან იფიცებოდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასეა ვითომ?
_ მოდით, რიტორიკულად ჩავთვალოთ ეს კითხვა.
_ თვითონ აკეთებდნენ და ახლა თქვენ გაწმენდენ ხელს _ რატომ გამოაქვეყნეთო.
_ უამრავი ჩანაწერი პირადი და ინტიმური ცხოვრების, მიყურადება, გადაღება, რასაც ისინი ჩადიოდნენ, მიმართული იყო იმისკენ, რომ ყველა ადამიანი ყოფილიყო ცოდვილი, კომპრომეტირებული. ეს კი საშუალებაა იმისა, რომ მათი მმართველობა ყოფილიყო ხანგრძლივი, დაუსრულებელი.
_ ოპონენტები უკვე ლაპარაკობენ, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ნეპოტიზმში შეინიშნებიან. მიგაჩნიათ, რომ ეს დანაშაულია?
_ სასურველია, რომ ასეთ შემთხვევებს გვერდი აუარონ. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც მინიმუმ, ეს ხდება საფუძველი არაჯანსაღი დამოკიდებულებისა საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ნიჭიერი კაცისთვის, ვიღაცის ნათესაობა გადაულახავ ბარიერად არ უნდა ვაქციოთ.
_ პრემია ხომ არ აგიღიათ?
_ პროკურატურაში არის ხელფასის და პრემიის ფიქსირებული სტანდარტული ოდენობა, რაც ვრცელდება ყველაზე. თუ პრემიაში გულისხმობთ, გამოვიწერე თუ არა ჩემთვის განსაკუთრებული თანხა, გიპასუხებთ, არა, არ გამომიწერია. რა სტანდარტიც იყო დამკვიდრებული, ის შევინარჩუნეთ ყველასთვის.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
P.S. _ ბოლო სიტყვას მოვიდეთ. ყველაფერი ძალიან მარტივია: ხელისუფლებაში ყოფნა არის დროებითი, არ შეიძლება დაუპირისპირდე ზნეობრიობას, ტრადიციას, უნდა ჩამოვიშოროთ ეს მანკიერება და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი საქმეა _ პროკურორის თუ პოლიციელის: აღვკვეთოთ დანაშაული და, თუ მაინც მოხდება, გამოვიძიოთ, დავსაჯოთ. არ უნდა ვემსახუროთ პოლიტიკას, მით უფრო _ კერპებს: ბიძინა ივანიშვილისგან აღკვეთილი გვაქვს მის მიმართ მსახურება.
ბატონო არჩილ!მე შემოვიტანე სარჩელი თქვენთან და პასუხი გამომიგზავნა,იმავე პროკურორმა ვინც საქმე შემითითხნა!ამაზე რას გვეტყვით?საქრთველოში 373იურისტი არ არსებობს,რომელიც არ იყო გასვრილი ნაცხროვასთან და ამავე დროს პროფესიონალები არიან?პატ.ბიზნესმენი
უმაგრესი და უძლიერესი პროკურორი
სამწუხაროდ სიმართლე ძალიან მწარეა. პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყანაში ზნეობრიობის მაგალითი. გაიხარე ბატონო არჩილ.
კბილა ჯიგარია, კაცია!
რაც საჭირო იყო ის მაინც არ გაკეთდა თქვენ დროს, ისე რომ …
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ამჯერა კბილაშვილის მიერ, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, რაც სპობს პატიოსნებასა და წესიერებას.
იმედია საქართველოში როდისმე გამოსწორდება ეს შეხედულება.