Home რუბრიკები პოლიტიკა რად გინდათ გაეროს დასკვნა?! გადით ქუჩაში და ნახავთ, რამდენი ბავშვი გამოგიწვდით ხელს...

რად გინდათ გაეროს დასკვნა?! გადით ქუჩაში და ნახავთ, რამდენი ბავშვი გამოგიწვდით ხელს დახმარების იმედით

1261
რად გინდათ გაეროს დასკვნა?! გადით ქუჩაში და ნახავთ, რამდენი ბავშვი გამოგიწვდით ხელს დახმარების იმედით

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის გამოკითხვაც მატულობს. პრაქტიკულად ყველა პარტია თუ ტელევიზია გამოკითხვას ატარებს და ადგენს, როგორია ამომრჩევლის წინასაარჩევნო მდგომარეობა და განწყობა. პარტიებს რეიტინგები აინტერესებთ, კონკურენტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას არ ენდობიან, საკუთარს ატარებენ. აქეთ ცალკე სახელისუფლო ტელევიზია დებს გამოკითხვის რეიტინგებს, იქით ოპოზიციური არხები ამტკიცებენ საპირისპიროს. თუმცა, როცა გასულ კვირას კომპანიააიპიემ”-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, მისთვის პოლიტიკურ პარტიებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. მიზეზი მარტივია _ კომპანიას პოლიტიკურ რეიტინგებზე მეტად სხვა რამ აინტერესებდა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ძალიან საინტერესო ნაწილს გაგაცნობთ. მაშ ასე:

“მაქვს ხელისუფლების შეცვლის იმედი –10%, იმედი მაქვს ეკონომიკური პროგრესის/სამუშაო ადგილების შექმნის – 9%, უკეთესი მომავლის/უკეთესი ცხოვრების იმედი მაქვს – 8%, მომავალი თაობის იმედი მაქვს – 5%, ამჟამინდელი ხელისუფლების იმედი მაქვს/ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით – 5%, იმედი მაქვს, იქნება მშვიდობა/სტაბილურობა – 4%, იმედი მაქვს მრავალპარტიული პარლამენტის – 2%, ქართველი ხალხის გაერთიანების იმედი მაქვს – 2 %, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების იმედი მაქვს – 1%, იმედი მაქვს, განათლების სისტემას მეტი ყურადღება მიექცევა – 1%, იმედი მაქვს, მთავრობა ხალხს დაეხმარება – 1%, პენსიების გაზრდის იმედი მაქვს _ 1%, სოფლის მეურნეობის განვითარების იმედი მაქვს – 1%, არ მაქვს არაფრის იმედი – 6%”.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ 19%-ს არ ეშინია, რომ მომავალში აღარ ექნება საკვები. პროცენტულად თუ დავაჯამებთ, პარლამენტარები, მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები, აიპების ხელმძღვანელები და ა.შ. 19%-ზე მეტი ნამდვილად არ იქნებიან თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად. გამოდის, ვინც მუშაობს მაღალხელფასიან სამსახურში, არ ეშინია მშიერი დარჩენის, თორემ ვისაც არასტაბილური სამსახური აქვს, რომელიც ხვალ შეიძლება აღარც ექნეს, დარწმუნებულია, რომ შიმშილის პრობლემა დაუდგება. და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ რეალობაში მილიონები უნდა დაიხარჯოს არჩევნების ჩასატარებლად და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არჩეულებმა ათეულობით მილიონი იშოვონ. წარმოგიდგენიათ ევროპაში (ევროპას ვეტოლებით) ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტს ეშინია, რომ ერთ ან ორ კვირაში თუ თვეში შიმშილის პრობლემა დაუდგება? რომელ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე გველაპარაკებით, პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენლებო, როცა მოსახლეობას ყველაფრის იმედი აქვს დაკარგული?! ეს ნიჰილიზმიც აღარ არის, ეს არის უკიდურესი სასოწარკვეთა. ეს იმის შედეგია, რომ ამ ადამიანებმა ერთი დღე რომ გააცდინონ და აქციაზე არ ან ვერ მივიდნენ, მეორე დღეს შინ საჭმელს ვერ მიიტანენ.

საშოვარზე გადაგებულ, გათითოკაცებულ ერად ვიქეცით და ასე ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ერთ წრეზე ტრიალსაც აღარ ჰგავს ეს ყველაფერი, ის წრეც გაჩერდა და ერთ ადგილს ვტკეპნით, წინსვლა გამორიცხულია, უკან კი დიდი ნაბიჯებით ვიხევთ.

ადამიანებს ხალხის გაერთიანების იმედიც აღარ აქვთ. ეს იმიტომ, რომ ზუსტად იციან თავიანთი მეზობლის, ნათესავის, უბნელის მდგომარეობა; იციან, რომ ისინიც უღელში არიან შებმულნი და, გუთანი თუ არ გასწიეს და ერთ ადგილზე დადგნენ, მერე ვეღარ დაძრავენ და სულს განუტევებენ. ძალიან კარგი და ლამაზია დენდროლოგიური პარკი; ისიც ძალიან კარგია, რომ ასი ათასმა კაცმა მოინახულა, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, დენდროლოგიური პარკის მონახულება სიმბოლურად ერთი ლარი რომ ღირებულიყო, რამდენი კაცი მივიდოდა? გაცილებით ნაკლები და იცით, რატომ? ერთი ლარი ერთი პურია და პური კიდევ სისხლად ფასობს. ჰო, სისხლად და ხორცად ფასობს, რადგან ის ხალხის ძირითადი საკვებია. ადამიანები ვერ ყიდულობენ ხორცს, თევზს, ვერც იმ ცხრა პროდუქტს, რომლებზეც ხელისუფლებას ფასები უნდა დაეჭირა და ვერ დაიჭირა. იმის მიუხედავად, რომ პანდემია არ გაგვექცა და კატასტროფას გადავრჩით (ჯერჯერობით მაინც), ხალხს ჯანდაცვის სამინისტროს იმედი მაინც არ აქვს. არ აქვს იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ასე ძალიან რომ ამაყობს ხელისუფლება, ვეღარ მუშაობს, რადგან სახელმწიფოს მიერ გადახდილი 70% მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის, რადგან დარჩენილ 30%-ს, უბრალოდ, ვეღარ იხდიან. ნაყინს ვერ ჭამს ყოველღიურად ბავშვების 80%-ზე მეტი. ის მაინც გაიხსენეთ, თქვენ როგორ გიყვარდათ ბავშვობაში ნაყინი. ეს ბავშვობა აღარ აქვთ დღევანდელ თაობებს, ნაგვის ურნიდანაც აღარ ამოდის საკვები, რადგან ისეა ხალხი დამშეული, ვეღარ ყრის ვერაფერს, ნამცეცებსაც კი ლუკმად კრავს და ჭამს.

ახლა არ დაიწყოთ, ასე მძიმედ არ არის მდგომარეობა, თქვენ ამძიმებთო. არც იმ პარლამენტარივით თქვათ, არ მჯერა, საქართველოში ბავშვები რომ შიმშილობენო. მე მჯერა, რომ თქვენ ამის არ გჯერათ, იმიტომ, რომ თქვენს გარემოცვაში, თქვენი მეცადინეობით, ყველა დასაქმებულია, ყველა უზრუნველყოფილია და დანარჩენს ვერ ხედავთ. არადა, აგერ გამოაქვეყნეს კვლევა, რომ თქვენ, უზრუნველყოფილნი, სულ რაღაც 19% ხართ, დანარჩენები კი შიმშილის ზღვარზე არიან.

განზრახ მკვლელობების რაოდენობა გაიზარდა 150%-ითო, ძალადობრივმა დანაშაულმა იმატაო, წვრილ-წვრილი ქურდობები, საბურავების მოპარვა კვლავ დაბრუნდა და პრობლემად იქცაო. შიათ ადამიანებს, შიათ და თქვენ არ გესმით. “კუჭით კბენა” გაგიგიათ? სწორედ ამის ბრალია დანაშაულის რაოდენობის მატება, მშიერი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. ვიმეორებ, ყველაფერზე, რადგან კუჭმა არ იცის მოთმენა და, თუ ნიკო ლორთქიფანიძის “ტრაგედია უგმიროდ” არ წაგიკითხავთ, ახლა მაინც წაიკითხეთ, რამდენჯერმე გადაიკითხეთ. სწორედ უგმირო ტრაგედიებია ის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.

ორი დღის წინათ 78 წლის ტაქსის მძღოლი შემხვდა, რა ვქნა, წამლის ფულად არ მყოფნის პენსია, დღიურად 40 ლარს ვუხდი მანქანის მფლობელს და ვტაქსაობო. აკანკალებული ხელებით მართავდა საჭეს. აშკარად ეტყობოდა, არც რეაქცია უჭრიდა და არც თვალი. თან ზედმეტად ფრთხილობდა და, ადგილამდე 10 წუთში რომ უნდა მივსულიყავით, ნახევარი საათი მოუნდა. ხმა არ ამომიღია, არც ხურდა გამომირთმევია და სწრაფადაც გადმოვედი მანქანიდან, ჩემი სიმწრით გაწითლებული სახე რომ არ დაენახა. რა მეთქვა, რით მენუგეშებინა?! რა უნდა 78 წლის კაცს საჭესთან და ტაქსის მძღოლად? მაგრამ შიმშილის შიში აიძულებს ამის გაკეთებას; იცის, რომ არ იმუშაოს, მოკვდება და ამიტომ რისკავს. ჰო, ყოველი დღე მისთვისაც რისკია და იმ მგზავრისთვისაც, რომელიც მას ჩაუჯდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ქალი ტაქსისტებიც მომრავლდნენ და, მე თუ მკითხავთ, სწორედ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი იპოვეს, თორემ, აშკარად ურჩევნით, მანქანაში უცხო კაცის ჩასმასა და ადგილამდე მიყვანას, დილით წავიდნენ სამსახურში, საღამოს შინ დაბრუნდნენ და ოჯახთან ერთად მშვიდად ივახშმონ.

დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ არჩევნებში კვლავ მმართველი ძალა გაიმარჯვებს. და ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ სასიკეთოდ არაფერი არ შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ რამის შესაცვლელგასაკეთებლად ამ ძალას ზუსტად რვა წელი ჰქონდა და მივედით იქამდე, რომ მოსახლეობის 81%- შიმშილის ეშინია, ულუკმაპუროდ დარჩენის ეშინია და ეს არის ფაქტი.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ახალი პარლამენტი მიიღებს ახალ კანონებს, იმსჯელებს გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე და კიდევ ათას სისულელეზე, სწორედ რომ სისულელეზე, რადგან ყველაფერი ნულდება მაშინ, როცა საქმე შიმშილსა და შიმშილით სიკვდილს ეხება. გიორგი კვირიკაშვილი გაეროს იმ დასკვნას გადააყოლეს, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს. კეთილი, გადავაყენეთ პრემიერი, მაგრამ ის 77 ათასი ბავშვი ამ გადადგომით დანაყრდა? სად წავიდნენ ისინი? მოგვარდა პრობლემა? თუ კვირიკაშვილის გადადგომით 77 ათას ბავშვს ეშველა, მოხსენით მთელი მინისტრთა კაბინეტი, ეგებ ქვეყანასაც ეშველოს. მაგრამ არა, ეს უბრალოდ საბაბი იყო და ანალოგიური საბაბით ნებისმიერი პრემიერის გაშვება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. რად გინდათ გაეროს დასკვნა?! აგერ, გადით ქუჩაში და ნახავთ, რამდენი ბავშვი გამოგიწვდით ხელს დახმარების იმედით… იმ ნაყინის ფულის შოვნის იმედით, თქვენ რომ ასე გიყვარდათ ბავშვობაში.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here