Home რუბრიკები საზოგადოება რატომ დაიწყო ჯიხურების დემონტაჟი და ვინ ჩაიგდო ხელში მათზე მონოპოლია თბილისში?

რატომ დაიწყო ჯიხურების დემონტაჟი და ვინ ჩაიგდო ხელში მათზე მონოპოლია თბილისში?

1165

2011 წლის ბოლოს, ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, ყველა მოქმედი ჯიხურის დახურვა და მათი ახალი, მოდერნიზებული ჯიხურებით ჩანაცვლება, რასაც არაერთი მცირე და საშუალო მეწარმის აღშფოთება მოჰყვა. ისედაც დაუცველი და, ხშირ შემთხვევაში, გაკოტრების ზღვარზე მყოფი მცირე მეწარმეები ბევრს ეცადნენ, ერთადერთი შემოსავლის წყარო როგორმე გადაერჩინათ და საკუთრება დაეცვათ, მაგრამ ამაოდ, მათ ვერაფერი გააწყეს ვერც საკრებულოსთან და ვერც მერთან.

ქალაქში არაერთი აქცია გაიმართა სხვადასხვა მოთხოვნით. აღნიშნულ საკითხს ფართოდ აშუქებდა პრესაც და ტელევიზიაც, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა. დღეს კი ბატონი უგულავა ბრძანებს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე არიან დარჩენილნი. ამავე დროს მას ავიწყდება 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერი, პერიოდი, როდესაც მერიის სამსახურის თანამშრომლები გამალებით ცდილობდნენ, შეუმჩნეველი არ დარჩენოდათ არც ერთი ჯიხური და მეჯიხურე, და ყოველ მათგანს, ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ: დაცალეთ ჯიხური, ამ ადგილას  ვეღარ ივაჭრებთ, ვერ იმუშავებთ… ეს ხდებოდა სწორედ ახალი წლის წინა პერიოდში, მაშინ, როდესაც ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად საახალწლოდ ემზადება.

თბილისის მოსახლეობის ინტერესებს ამოფარებული უგულავა ხშირად საკუთარი და მასთან დაახლოებული ადამიანების, მისი მეგობრებისა თუ თანამოაზრეების ინტერესების აღმასრულებლად გვევლინება და ეს სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. ასე მოხდა ჯიხურების შემთხვევაშიც, მერიამ მცირე მეწარმეებს თავიანთი კუთვნილი ქონება წაართვა და აიძულა ისინი, ახალი ჯიხურები შეეძინათ თავად მერიისგან, აუქციონის წესით.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერთი საჯიხურე ადგილი მხოლოდ 7-10 კვადრატულ მიწის ფართობს მოითხოვს, რაც საკმაოდ მცირე ზომის მიწის ფართობს წარმოადგენს. ამგვარი ფართობის საწყისი ფასი აუქციონზე 5000 ლარიდან იწყება და სადამდე გაიზრდება, არავინ იცის. იყო შემთხვევები, როდესაც 20 ათას ლარსაც კი ასცდა მიწის ფასი. შეიძლება კი ასეთი თანხის გადახდისუნარიანი იყოს მცირე მეწარმე, რომლის წლიური შემოსავალი 7000 ლარს არც კი სცდება?! თუმცა ასეთი თანხის გადახდის უნარი აღმოაჩნდათ ისეთ ფირმებს, როგორიცაა: «ნუგეში», «2 წუთი», «კოდა», «კუმისი».

«ნუგეში» რომ მერიის პროექტია და პირადად უგულავა კურირებს, ეს ყველამ კარგად იცის. ასევე, მერს უყურადღებოდ არ დარჩენია მისი მეგობრისა და ახლადგამომცხვარი ბიზნესმენის, წარსულში კი თავდაცვის მინისტრის _ დავით კეზერაშვილის პირადი ინტერესებიც, რითაც ნათელი გახდა, რომ მერია ჯიხურების განთავსების ნებართვას მხოლოდ პრივილეგირებულ და მთავრობასთან დაახლოებულ კომპანიებზე გასცემს. გვერდს ვერ ავუვლით პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსაც, მაგალითად, «მაცნესა» და «პლანეტა-ფორტეს». პირველივე აუქციონის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში თბილისში სწორედ ამ კომპანიების პრესის გამავრცელებელი ჯიხურები აიღეს, მათი ჩანაცვლება კი «ვაითდისტრიბუშენის» ჯიხურებით მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, არქიტექტურის სამსახურმა ამ კომპანიას ჯიხურების განთავსების უფლება თბილისის 185 მისამართზე მისცა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე მოდის, რისი უფლებაც თითქმის არც ერთ სხვა ფირმის ჯიხურს არ აქვს.

ამგვარად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში შერჩევითი სამართალი და შერჩევითი ბიზნესი წარმოებს, რის საფუძველზეც ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ყოველგვარი ნუგეშის გარეშე.

მათ შორისაა აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მზია კვარაცხელია, რომლის ამბავი იმითაც არის საინტერესო, რომ მას საკუთარი ჯიხური მერიის დაქვემდებარებულ მიწაზე არ ჰქონდა განთავსებული და მისი აღება მერიის სამსახურს არ ეხებოდა, მაგრამ ჯიხური მაინც აიღეს, რაც, რა თქმა უნდა, უკანონოდ განხორციელდა. ქალბატონი მზია დღემდე უმუშევარია და უშედეგოდ ცდილობს საკუთარი მცირე ბიზნესის განსაახლებლად ნებართვის მიღებას.

კიდევ ერთი ასეთი ქალბატონი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მზია წულაია გახლავთ. იგი «მაცნეს» ჯიხურში წლების მანძილზე მუშაობდა. 2011 წლის 14 დეკემბერს კი მასთან მივიდნენ მერიის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ჯიხური უნდა დაეხურა და დაეცალა. ამისათვის ოთხი დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქციით სავსე ჯიხურის აღება-ჩამორთმევით დაემუქრნენ. «საშინელი ახალი წელი დამიდგა, _ იხსენებს ქალბატონი მზია, _ თანახმა ვიყავი, ახალი ჯიხური შემეძინა ყველა სტანდარტის დაცვით. აუქციონშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ჯიხურის ადგილი, ლოტის სახით, საერთოდ არ გამოიტანეს აუქციონზე. იყო სხვა ლოტები, რომელთა საწყისი ფასები 5000 ლარიდან დაიწყო და მოულოდნელად 22000 ლარზე ავიდა».

ჩვენთვის ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც მეპატრონეს ახალი ჯიხური ჰქონდა და იგი არანაირად არ ამახინჯებდა ქალაქის იერ-სახეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მერიამ მეპატრონეს ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი უთხრა და ახალი სტანდარტების დაცვით აწყობილი ჯიხური ააღებინა. ჩვენს რესპონდენტთაგან ყველა აღნიშნავს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერს თხოვნით, რათა განეხილა მათი საქმეები; არაერთხელ მისწერეს წერილი და პასუხსაც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე ამაოდ ელოდნენ.

თბილისის მერიამ გარევაჭრობა 2009 წელს აკრძალა, 2011 წლის დეკემბერში, სწორედ წინასაახალწლოდ კი თავის ჩანაფიქრი ბოლომდე სისრულეში მოიყვანა და პრესისა და სხვა პროდუქციის გამავრცელებლებს ჯიხურების დემონტაჟი იმ მოტივით მოსთხოვა, რომ ისინი ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ამაში როდია… 

ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here