Home რუბრიკები საზოგადოება როგორი აღდგომა გაუთენდება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს?

როგორი აღდგომა გაუთენდება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს?

1383
როგორი აღდგომა გაუთენდება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს?

აი კითხვა, რომელიც ამ დღეებში თავში უტრიალებს ყველა ქართველს, რადგან იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც დაწესებულია ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, აკრძალულია ხალხმრავლობა, ყოველ აღდგომას კი ეკლესიებში ტადიციულად უამრავი ადამიანი იყრის თავს.

და როგორ მოხდება წელს _ ყურად იღებენ თუ არა მორწმუნეები მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს და დასჯერდებიან თუ არა სააღდგომო წირვალოცვის ცქერას ტელევიზიით?

რატომ ხდება ეს?

როგორც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ ხარებას აღნიშნა, ჩვენ ხშირად არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე, რადგანვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებსუნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს”.

მართლაც, უფლის წყალობით ყველა ეს სიმძიმე გადაივლის და ამას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაუდებს სათავეს. გავიხსენოთ საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო _ წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე.

ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს:

პირველი პირობაა, რომ ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთიხმაურიანილოცვავედრებით, რადგან სწორედ ასე _ ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით _ ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა; ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა ძველაღთქმისეული ლოცვაღაღადისი დღემდე შეინარჩუნეს.

მეორე პირობაა, საბაწმინდელი ბერების ლოცვა.

მესამე _ ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი _ მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

რაც შეგვეხება ქართველებს, აქვე ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტს აღვნიშნავ: ფრიად საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმ. საფლავის ეკლესიის გასაღებიო”, რასაც ადასტურებს 1480-1483 წლების აღწერისას ფელიქს ფაბრი: “წმ. საფლავის ეკლესიას, ასევე რომ ვთქვათ, აქვს სამი შესასვლელი.… მეორე შესასვლელიჭიშკრით იხურება და ურდულით იკეტება; ამ კარის გასაღები ამჟამად ლათინი ძმობის წევრებს ეკუთვნის, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ქართველები ფლობდნენ”.

ბუნებრივია, უფლის საფლავზე ქართველთა ყოფნა ადრე შუა საუკუნეებიდან არის სავარაუდო და ამდენად, ისინი ამ დიდი სასწაულის მომსწრენი და მონაწილეებიც იქნებოდნენ საუკუნეების განმავლობაში.

1899 წელს ეპისკოპოსმა პეტრე კენჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში და აღწერადღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისა”. როგორც ჩანს, თითქმის არაფერი შეცვლილა ამდენი ხნის შემდეგაც. “დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნიდიდშაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროიდან ნებადართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმამაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: “უფალო შეგვიწყალენდაარა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა”. შესავალი კუვუკლიისა, ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათასაფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა.

ამ დღესასწაულობის წამს დამშვიდდება ეკლესიაში აღელვება, ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალეროვნულის მორწმუნეთა კრებისა. წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა”.

ამ სასწაულის მოლოდინშია წელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო. ვაითუ, როგორც ილიას რწმენაშერყეული განდეგილის ლოცვანი სხივმა არ დაიჭირა, ღმერთმა ნუ ქნას და, ამჯერად წმიდა ცეცხლი არ გადმოვიდეს, ეს ხომ იქნება ნიშანი კაცობრიობის აღსასრულისა.

შიშის საფუძველი კი ნამდვილად გვაქვს _ განა ცოტა რამ არის, რითაც ადამიანებმა არა ერთხელ უღალატეს ღმერთს და დაგმეს იგი?! ცოდვის შვილებმა რამდენჯერ ესროლეს ტალახი ქრისტიანული ზნეობის მქადაგებლებს?!

მოდით ისევ ერის მამას _ ილია მორთალს მივუბრუნდეთ.

ნუთუ არ იცი, რას გვამცნობდა ღმერთი ჯვარცმული, როს ბრძანა: “ვითა მამა ზეცის, იყავნ შენც სრული” (“როდემდის”) _ ასე მიმართავს ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ თავის თანამედროვეებს, არამედ ჩვენც, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ გაჩენილ თაობებს და საფლავიდანაც კი გვიქადაგებს, რომ ადამიანის უპირველესი მიზანი უზენაესი სრულყოფისაკენ ლტოლვა უნდა იყოს.

ლუარსაბ თათქარიძეს, რომლისთვისაც არაფერი წმინდა ამქვეყნად არ არსებობს, ილია ეკითხება: “ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: “ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრული”. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ?”

დღეს სწორედ ის დროა, რომ თითოეულმა ადამიანმა დაუსვას მსგავსი შეკითხვა საკუთარ თავს და თვალწინ გაისიგრძეგანოს განვლილი ცხოვრების გზა. გავიხსენოთ ილიას პოემა “განდეგილი”, რომლის მთავარ გმირს _ განდეგილს სულიერი სიმაღლისა და სიდიადის უტყუარი შარავანდედი ადგას თავს: “სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა… და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს, შარავანდედი გადაჰფენოდა”. იქვე ასევე ამაღლებულად ხატავს ილია ღვთის ტაძარს – ბეთლემს და საგანგებოდ უსვამს ხაზს ამ ტაძრისა და განდეგილი ბერების მადლს: “იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი მთიულთა შორის ყველგან განთქმულა”… და “ეს ადგილი, ეს არემარე ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა”.

და ამ ფონზე ნაჩვენებია, თუ როგორ აღმოჩნდა განდეგილი ბერი სულიერი სიმაღლიდან ცოდვის უფსკრულში; რომ გაორებულ, რწმენაშერყეულ სულს არ ძალუძს ცდუნებაზე გამარჯვება, ხოლო მარცხის შემთხვევაში _ სინანული და სასოება, ამიტომ შერისხა ღმერთმა განდეგილის სული: “მივარდა ლოცვანს, დააყრდნა სხივზედ და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა”.

ილიას “განდეგილზე” სხვადასხვა დროს უამრავი თვალსაზრისი გამოითქვა, მათ შესახებ ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთს კი ნამდვილად გავიზიარებთ _ რომ მთავარი გმირის ცოდვით დაცემით ნაჩვენებია ერის სულიერი დაცემის სურათი, რადგან კაცობრიობის საუკეთესო იდეალების განხორციელებას ილია ქრისტიანულ ზნეობასთან აკავშირებდა.

რელიგიურობა ბრმადმორწმუნეობას როდი გულისხმობს. იგი მაღალ ზნეობრიობას ნიშნავს, იმ ეთიკური მრწამსის გაცნობიერებულ აღიარებას, რომელიც მოსეიზმმა (მომდინარეობს ბიბლიური პატრიარქ მოსეს სახელიდან) და ქრისტიანობამ ათი მცნებით გამოხატა _ არა კაც კლა, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა იმრუშო, არა ქმნა თავის შენისა კერპი, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და ა.შ. ამ ზნეობრივ პრინციპებს კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერაფერი მიუმატა. სწორედ ამ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით არსებობს ქრისტიანობა ილიას შემოქმედებაში.

ქვეყნის ხსნა ვერ განხორციელდება, თვინიერ პიროვნების ხსნისა. აქაც ორი საფეხური ყოფილა: ჯერ _ პიროვნება, მერე _ ერი. როცა პიროვნების სრულყოფის პროცესი დამთავრდება, მერე იწყება ერის ხსნა. ყოველმა ადამიანმა ხორცი უნდა მისცეს სულისათვის, მაშინ გახდება შესაძლებელი ერის გათავისუფლება. განდეგილსაც ეს გზა უნდა გაევლო _ ჯერ საკუთარი სულის ხსნისათვის უნდა ებრძოლა და შემდეგ მიეცემოდა საშუალება, მამულზეც ეზრუნა, მაგრამ პიროვნების სულის ხსნა არ აღმოჩნდა იოლი საქმე. ამისათვის ჯვარცმულის რწმენა ნებისყოფა და ენერგია აღმოჩნდა საჭირო. სხვანაირად არაფერი გამოვა.

საყოველთაოდ ცნობილია, როგორი აღტაცებით შეხვდა ილია პარიზის კომუნას და როგორ განიცადა მისი დამარცხება:

კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა

წმინდა სისხლი წამებულის,

კვლავ დამარცხდა დიდი საქმე,

ყოვლად მხსნელის სიყვარულის.

კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,

ქვეყნის ხსნად მოვლინებული,

რომლისთვისა თითონ ღმერთი

იყო ტანჯულ და ჯვარცმული.

(“1871 წელი 23 მაისი”)

ქრისტიანულ მოძღვრებაში შრომისა და მუშაკაცის განთავისუფლებაც არის ნაქადაგები:

შრომისა შვილო, მძიმე უღელი

ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,

თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი

შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად;

თუმცა ქვეყანას იმის მოძღვრება,

დღეს მარტო სიტყვით უქმით ჰრწმენია,

მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,

რომ მყოობადი მარტო შენია.

(“აჩრდილი”)

ილია ერს მოუწოდებდა:

ვემსხვერპლოთ ქრისტესა მცნებას,

ვაშოროთ ქართლი მონებას,

ქართვლის უბრალო მადლობა

გვერჩივნოს ყოველ დიდებას.

(“ჩემი თარიარალი”)

“ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანი შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში” (“რა გითხრათ? რით, გაგახაროთ?”).

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა: “დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია…” და მეორეც, საქართველო თავად ეწამა მაცხოვრისათვის: “ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო”…

მსგავსი ციტატების ამოკრება ილიას შემოქმედებიდან კიდევ შეიძლება, მაგრამ ამ მცირედითაც ნათელია, რომ ილიას შემოქმედებაში ქრისტიანული ზნეობა მიჩნეულია პიროვნებისა და ერის მხსნელ მოძღვრებად.

აქვე მკითხველს ვთავაზობთ ილიას სააღდგომო წერილს, რომელიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა გაზეთ “ივერიაში” 1887 წლის 5 აპრილს.

აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი

ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა. დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზე მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტმა ძემ კაცისამ?

ძველი მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატივებულ ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ შიოდა და თვალი თვალისა წილ” მოკვდინებული ყავდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივით ნათობს, თბება, ყვავის, ცოცხლობს და სულდგმულობს. აი, ეს მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით.

რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღედგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედო მთელ მშვენიერ, დიდებულ, მართლაცდა ცხოვრების მომნიჭებელ მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!… ამას გარდა, ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელის ფესვზე ამოვიდა, გაიშალა, გადაფინა შტოები, აყვავდა მთელი დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა ჰქვია და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი საზღვრად. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქეთ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთ-სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება.

ილია ჭავჭავაძე

არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა გული გითქმოდეს არარაზედ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა”, _ ამბობდა ძველი მოძღვრება ძველი ცხოვრებისა. რა არის ეს _ ნუ მოკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტს. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალი ცხოვრებისა და გვეუბნება: არამც ნუ იქმ ბოროტს, ჰქმენ კეთილიო. დიდი მანძილია ბოროტის არქმნისა და კეთილის ქმნას შორის. ერთმანეთს არაფერში არ გვანან. ბოროტის არ ქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასს, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო, საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის, არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუზღავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელფეხი გაშალო, ამოქმედო.

ძველი აღთქმა ხორცის უნებლობისთვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა, ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი, ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.

აბა, დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისას, რა საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელის და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქოს იგავია, თითქოს განგებ არის მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ.

როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძარცვული, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალი ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა _ სიცოცხლისა.

არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღდგაო” _ ეს საათიც კი გვანიჭებს, რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელს, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თავისი სიბნელით და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თავისი სინათლით. ამოდის თუ არა ცაზე ალიონი _ ეს წინამორბედია განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღდგომისათვის. თითქოს გვეუბნებოდეს: აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლეს, როგორც ძველ ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალ ნათელს.

ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს, ნათელი ბნელს და მთელ ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გადასვლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა… მოძღვრება ქრისტესი _ იგივ განთიადი იყო, იგივ გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here