აღმოსავლეთ სარაევოში, რომელიც ბოსნია–ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, ნატოს საწინააღმდეგო ბილბორდები გაჩნდა. ქალაქის რამდენიმე რაიონში დადგეს სარეკლამო ფარები წარწერით “არა ნატოში”, რომლებიც მოუწოდებენ, არანაირი პირობებით არ დაუშვან ბოსნია–ჰერცეგოვინის დაახლოება და ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.
ბილბორდებზე, აგრეთვე, გამოსახულია ნატოს სატრანსპორტო თვითმფრინავი და წარწერა: “ნატოს თვითმფრინავებმა იტალიიდან კორონავირუსის დამდგენი ნახევარი მილიონი ტესტი გაიტანეს”.
სერბეთის რესპუბლიკა, რომელსაც ნატო სამოქალაქო ომის წლებში (1992-1995) ბომბავდა, ნატოსთან დაახლოების სასტიკი წინააღმდეგია. ბოსნიელმა სერბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლება სერბი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, რესპუბლიკა რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს ამ სახელმწიფოს დატოვების შესახებ.