Home რუბრიკები ისტორია ლავრენტი ბერია _ რჩეულთა შორის რჩეული, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქვეყნისთვის

ლავრენტი ბერია _ რჩეულთა შორის რჩეული, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქვეყნისთვის

ლავრენტი ბერია _ იქ, სადაც ამბობენ და წერენ ამ სახელსა და გვარს, იქვე, გონებაში თუ ფურცელზე, უნებლიეთ, ჩნდება სახელი _ სტალინი. ბერია სტალინისთვის ის ოქროს თევზი იყო, რომელიც მან მდინარე კელასურში დაიჭირა და ბოლომდე იმსახურა. უამრავი ტყუილმართალი ტრიალებს ხალხში აგერ, უკვე 67 წელია, და ისე ცდილობენ ტვინის გამორეცხვას ბეჭდური თუ ელექტრონული მედიით და ცილისმწამებლური იდეოლოგიით, რომ ძნელია, გამოხვიდე ამ ჯადოსნური წრიდან.

ძვირფასო მკითხველო, რატომ უნდა დავიჯეროთ ხრუშჩოვის, მალენკოვის, მიქოიანის, ბულგანინის, შეპილოვის, გორბაჩოვისა და სხვების ნათქვამი, რომლებსაც სძულდათ კომუნისტები, სოციალიზმი და სასიკვდილოდ ჰყავდათ გამეტებული არა მხოლოდ სტალინი?! ჩვენ რა, მათი მონაყოლი ცილისწამებით ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ამყვავებლები და დამცველები უნდა გადავცეთ ანათემას და მკვდარი და ცოცხალი ვაგინოთ?! ჩემო საყვარელო ქართველებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვაჟა-ფშაველას ლექსის სტრიქონებს: თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება?” (“გიორგი სააკაძის სურათზე”).

ლავრენტი პავლეს ძე ბერია 1899 წლის 29 მარტს (ძველი სტილით 17 მარტს) დაიბადა სოფელ მერხეულში. სწორედ მის დაბადების დღეს მივუძღვენი ეს წერილი და გადავწყვიტე, მოგითხროთ ბერიაზე ის, რაც ვიცი და რაც დოკუმენტური მასალებიდან ამომიკითხავს.

საბჭოთა კავშირის დანგრევის ბოლო ეტაპზე, როდესაც ჩვენი სახელოვანი არაფორმალები თურმე დაუკითხავად ანგრევდნენ საბჭოთა კავშირს, ჩვენ, სვანი ახალგაზრდობა, სრულიად საქართველოს ახალგაზრდობასთან ერთად, საზოგადოება “ლემის” სახელით სოხუმში ვატარებდით ყრილობას, რომელსაც ათასობით ადგილობრივი და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ.

ყრილობის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მონაწილე რესტორან “მერხეულში” შევედით და ჩვენი საქმის გამარჯვების სადღეგრძელოი შევსვით. შეზარხოშებულს გამახსენდა, რომ მერხეულში ვიყავი და გადავწყვიტე, მომენახულებინა სახლი, რომელშიც ლავრენტი ბერია დაიბადა. რამდენიმე მეგობრის თანხლებით სოფელ მერხეულში ავედი. სოფელში შესვლისას ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ორი ბოთლი ღვინო წაგვეღო და ბერიას სადღეგრძელო მისივე სახლში შეგვესვა.

ლავრენტი ბერია _ რჩეულთა შორის რჩეული, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქვეყნისთვის

გადავწყვიტე, პირველივე მოსახლესთან მივსულიყავი დ ამეხსნა საქმის ვითარება. ერთი სახლის ეზოს კართან გამომეცხადა აფხაზი, რომელმაც კარგად იცოდა ქართული. ვუთხარი, ვინც ვიყავით და რაზეც ვიყავით მისულნი. ჯერ დაბნეულად შემომხედა, შემდეგ თოფნაკრავივით სახლში შევარდა და რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ უკან დაბრუნდა ერთ ხელში დიდი კალათით, რომელიც სავსე იყო პურით, ყველითა და სხვა სანოვაგით, მეორე ხელში დიდი დოქით და მანქანაში ჩაგვიჯდა.

ეს 1988 წლის 31 აგვისტოს მოხდა. მასპინძელმა იქ მიგვიყვანა, სადაც ბერიას ფაცხა იყო შემორჩენილი, გვერდით კი შესანიშნავი სკოლა აეშენებიათ. შემაღლებულ ადგილას ცარიელი კვარცხლბეკი იდგა, მოპირდაპირე მხარეს _ ძეგლი პიონერის ყელსახვევიანი გოგონასი, რომელიც საყვირს უკრავდა.

მეგობრებს ვთხოვე, დამხმარებოდნენ, როგორმე ავსულიყავი კვარცხლბეკზე. ერთს ბეჭებზე დავადექი, მეორემ ხელით შემეშველა და კარლცხბეკზე ავედი. გავიმართე და დავიწყე ბერიას საგმირო საქმეების მოყოლა კავკასიის დაცვით დაწყებული, ატომური ბომბის შექმნით დამთავრებული. ჩემი ხმა ზარივით რეკდა ხეობაში. სოფელმა კვარცხლბეკის გარშემო მოიყარა თავი, მე კი ხმამაღლა გავყვიროდი, არც ერთ სოფელსა და ქალაქს არ აღუზრდია ბელადი, რომელსაც ისე მარტივად გამოეთქვას ბრძნული აზრი, როგორიც თქვენმა აღზრდილმა მარშალმა ბრძანა: “მოსწავლის გმირობა და სიმამაცე ფრიადზე სწავლაა!” ხვალ 1 სექტემბერია, ბერიას სახელით ყველას _ შვილებსა და მშობლებს _ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად შეაღებს სკოლის კარს-მეთქი.

ტაში და ოვაციები კარგა ხანს გაგრძელდა. კვარცხლბეკიდან ჩამოსულმა, გარს შემოხვეულ მერხეულელებს განვუცხადე, ბერია მართალი კაცი იყო და, რაც მასზე ცუდი ითქვა, ყველაფერი ქვეყნის გამყიდველების მოგონილია-მეთქი. ამას კვლავ ტაში და შეძახილები მოჰყვა. გვიან საღამომდე ვსვამდით ბერიას სადღეგრძელოს და ვმღეროდით “ჩქიმ ლავრენტი ბერიას”…

სტალინის მიერ შერჩეული სახელმწიფოს მმართველი ელიტა, რომელმაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა _ რუსეთი, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას დაამშვენებდა _ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ჟდანოვი, ვოროშილოვი, შვერნიკილავრენტი ბერია კი რჩეულთა შორის რჩეულია, რომელიც თავისი ბუნებრივი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და საშემსრულებლო დისციპლინით გაცილებით აღემატებოდა სხვებს.

შემოქმედი იმ ბინძური ცილისწამებისა, რომელიც უსაფუძვლოდ დასწამეს ბერიას 1960 წელს, ქვეყნის გამყიდველი აბდურახმან ავტორხანოვია, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ცილისწამების ტირაჟირებას ხრუშჩოვი მხარს არ უჭერდა. ეს, ერთი მხრივ, მიანიშნებდა იმაზე, რომ ხრუშჩოვს არ სურდა, სადისკუსიო თემად წამოწეულიყო სტალინის სიკვდილი, როგორ დალია სული საბჭოეთის ბელადმა _ ბუნებრივი სიკვდილით თუ სიცოცხლე მოუსწრაფეს. მეორე მხრივ, ხრუშჩოვმა ნამდვილად იცოდა სტალინის გარდაცვალების ფაქტები, რომლებიც საფლავში წაიყოლა…

ბერია თავისი ნიჭითა და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით ერთი სიმაღლიდან სწრაფად ადიოდა სხვა, უფრო დიდ სიმაღლეზე. 27 წლის იყო, როდესაც ამიერკავკასიის “ჩეკას” ჩაუდგა სათავეში. წინ სწრაფად მიმავალმა ახალგაზრდა ბერიამ უამრავი წინააღმდეგობა წარმატებით გადალახა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მის მიმართ შურსა და ბოღმას.

კავკასიაში პირველი ხუთწლედის გამაოგნებელი წარმატებით დასრულება მხოლოდ ბერიას ბრწყინვალე ჩეკისტურ სიფხიზლესა და რკინისებურ ნებისყოფას მიეწერება. უცხოელ აგენტებთან ბრძოლას ემატებოდა ქართველ უკლონისტებთან სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაც, რომელშიც ბერიამ თავისი ცოდნით, მოხერხებულობითა და პრინციპულობით გაიმარჯვა.

* ბაქოს ნავთობსარეწების შენარჩუნება კაპიტალისტების თავდასხმისგან შეუძლებლის რეალურად ქცევის მაგალითია, ჭიათურის მარგანეცის მსოფლიოში დეფიციტად ქცევას ბერიამ ცეკას მდივნობის პერიოდში მიაღწია და ის ამით ხელს უწყობდა რესპუბლიკის ეკონომიკის გაძლიერებას.

* ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით იქცა შავიზღვისპირეთი ნარინჯების ტერიტორიად. მისმა უდიდესმა შრომამ შექმნა ქართული ჩაი და სახელი გაუთქვა ქართულ ციტრუსებს უკიდეგანო საბჭოეთში, შავი ზღვიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე.

* ბერიას დამსახურებაა შავიზღვისპირეთის საკურორტო ზონად გადასაქცევად გრანდიოზული მშენებლობის დაწყება, რომელიც მოგვიანებით საბჭოეთის ჯანმრთელობის კერად იქცა, ხოლო დიდი სამამულო ომის წლებში უზარმაზარ სამხედრო ჰოსპიტლად.

* ბერიას მოხერხებულობასა და სტალინის სიბრძნეს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ომის უსაშინლეს წლებში საქართველოს როგორც სახელმწიფოს საცავები, ასევე კერძო მოსახლეობის სახლები (სახელმწიფოს მიერ დაქირავებული) ვერ იტევდა უკრაინიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოზიდულ მარცვლეულს.

1920-იან წლებში ქართველი მენშევიკების მიერ დარიგებული მიწებისა და ბუნებრივი რესურსების (ძირითადად, მარგანეცის) მფლობელი უცხოელი კაპიტალისტები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ქვეყნის ხელმძღვანელად მისულ ბერიას, რათა საქართველო არ მოქცეულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ.

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, როდესაც ხალხის მტერმა საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ზეძლიერი სახელმწიფოსთვის ძირი გამოეთხრა, მწერალმა ჩუევმა გამოსცა წიგნი “ასე ამბობდა კაგანოვიჩი”, რომელშიც ასეთ პასაჟს წაიკითხავთ:

“კაგანოვიჩი: _ ამხანაგო სტალინ, რა ხდება საქართველოში?

_ უბედურება, _ უპასუხა სტალინმა. _ ქართველებს უნდათ, პირდაპირი ვაჭრობა აწარმოონ დასავლეთთან, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

კაგანოვიჩი: _ ბუდუ მდივანი რაღაცას სთხოვს ლენინს, მგონი, მათ ჩვენგან წასვლა სურთ”.

სირცხვილია, რომ ბერიას პერიოდის საქართველოში მომხდარი ამბები დღეს სამზარეულოდან გამოსული ჭორების დონეზე ვრცელდება, საარქივო მასალებზე კი ხელი მიუწვდებათ უცხოეთის დაზვერვის აგენტებს. მე რამდენჯერმე მივმართე არქივის ხელმძღვანელობას, დავეშვი მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის, ევგენი მიქელაძის საქმეებზე სამუშაოდ. მიპასუხეს, რომ ყველა ეს საქმე იზა ორჯონიკიძემ გაიტანა ლიტერატურის ინსტიტუტში. იქ მისულს კი მითხრეს, აქ არც ერთი ასეთი საქმე არ არისო. კავშირის მასშტაბით გაიხსნა თითქმის ყველა არქივი, შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომია ბევრი დოკუმენტი და, ნუთუ საქართველოში არ შეიძლება, ახლოს მივიდეთ დოკუმენტურ მასალასთან, ზღაპრებითა და მონაჭორებით რომ არ ვკვებოთ ჩვენი მკითხველი?! სამარცხვინოა ზოგიერთი ისტორიკოსის წერილი უახლესი ისტორიის ამა თუ იმ საკითხზე. ამას ბოლო უნდა მოეღოს!

როცა ვეცნობოდი 1921-1924 წლების აჯანყების მასალებს, რომელშიც დიდი იყო სვანი მოსახლეობის წილი, ზოგიერთი დოკუმენტის შინაარსმა გამაოგნა და ვერ ვიკისრე მისი გამოქვეყნება სხვადასხვა გარემოების გამო. ამიტომ გადავწყვიტე, სვან ავტორიტეტებს გავსაუბრებოდი აღნიშნულ საკითხებზე. როდესაც მათ დოკუმენტები გავაცანი, აღშფოთებული მეუბნებოდნენ, დამეწვა ისინი, რათა, არავის წაეკითხა, თორემ სვანეთში ხელახლა დაიწყებოდა სისხლის აღება.

ძვირფასო მკითხველო, წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი დოკუმენტია ჩაძინებული არქივის თაროებზე და ჩვენ კიდევ ზღაპრებით ვართობთ ერთმანეთს და ფილმებითა თუ სატელევიზიო ფანტაზიებით ვურეცხავთ ტვინს ახალგაზრდობას. იმპერიალისტური დასავლეთი ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, მაგრამ მე ის მაკვირვებს, ჩვენ რატომ ვეხმარენით მას აქტიურად და რატომ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ?!

საქმემან შენმა წარმოგაჩინოს

ლავრენტი ბერიას გამარჯვებათა ნუსხა ძალიან გრძელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება:

* საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის პოსტზე მუშაობა ბერიამ ამნისტიის გამოცხადებით დაიწყო. გათავისუფლდა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც ეჟოვის პერიოდში შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, როგორც “ხალხის მტრები”. როგორც ჩანს, ეს იყო სტალინისა და ბერიას ერთობლივი ინიციატივა, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ეჟოვმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და ქვეყანაში სამართლიანობას უნდა ეზეიმა. ამის შემდეგ ბერიამ კანონიერების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა.

* ლავრენტი ბერიამ მოახერხა სსრკ-ის საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია. სწორედ მისი ძალისხმევით ომის დაწყებამდე შეიქმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. უცხოეთში მომუშავე აგენტების წყალობით, საბჭოთა კავშირი იღებდა ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, აშშ-ის ატომური ბომბის შესახებ.

* 1945 წელს ბერიას საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე აღნიშნეს მისი დამსახურება დიდი სამამულო ომის წლებში. 1940 წლის 30 ივნისიდან ბერია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო, კურატორობდა საბრძოლო ტექნიკის წარმოებას, აკონტროლებდა ქვანახშირის მრეწველობისა და რკინიგზის სახალხო კომისარიატების მუშაობას.

* ბერია ფაშიზმზე გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედია, რომელსაც, სტალინის წინადადებით, ერთადერთს მიენიჭა საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის წოდება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბერიამ უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ. სხვათა შორის, ბომბის გამოცდის შემდეგ აკადემიკოსმა კურჩატოვმა განაცხადა: “არ იქნებოდა ლავრენტი ბერია, არ იქნებოდა ატომური ბომბი”. სსრკ-ში ატომური ბომბი შექმნეს და გამოსცადეს 1949 წელს. ორიოდე წლის შემდეგ შეიქმნა წყალბადის ბომბიც.

* როდესაც ამერიკამ, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის საიდუმლო დირექტივით, 20 საბჭოთა დიდი ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ატომური ბომბების ჩამოყრა გადაწყვიტა, როგორც ამბობენ, ბერია სრულიად საიდუმლოდ შეხვდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმჟამინდელ შეფს და უთხრა: ჩვენ ვიცით თქვენი განზრახვა ჩვენი ქალაქების ატომური დაბომბვის თაობაზე, მაგრამ უქმად არც ჩვენ ვყოფილვართ: ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სხვადასხვა ობიექტზე 25 რადიომართული ატომური ბომბია ჩამონტაჟებული. პირველივე ამერიკული ატომური ბომბდამშენის მიერ საბჭოთა საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ორი ამერიკული ქალაქი ცაში აიტყორცნება და ოკეანე ხმელეთის ადგილს დაიკავებსო არ ვიცი, არის თუ არა ეს ამბავი მართალი, მაგრამ მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დასაბომბი ქალაქების რაოდენობა (მანამდე ეს სია ამერიკელებმა 20-დან 103-მდე გაზარდეს) ნულამდე ჩამოვიდა, რადგან ბერიასგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

* ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის სარაკეტო ძალების შექმნაში, რომელიც დღესაც შიშის ზარს სცემს მსოფლიოს.

* ბერიას ხელმძღვანელობით დაიგო 3 570 კმ სარკინიგზო ხაზი, გაიყვანეს 4 200 კმ საავტომობილო გზა, აშენდა 842 აეროდრომი. ზურგში ევაკუაციის შემდეგ ქარხნებმა ძალიან მალე დაიწყეს ტანკების, თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების წარმოება. 1942-44 წლებში საბჭოთა კავშირი ყოველთვიურად აწარმოებდა საშუალოდ 2 ათას ტანკს და თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას. ყოველწლიურად ამზადებდნენ 450 ათას ტყვიამფრქვევს, მაშინ, როცა გერმანიაში მხოლოდ 250 ათასს ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ. ამას გარდა, ომის წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გადაუსწრო გერმანიას.

* 1942 წელს, როცა გერმანელი ფაშისტები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მაგისტრალიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი _ ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა.

* ბერია თავისი ძირითადი სპეციალობით არქიტექტორი გახლდათ, ამიტომ უწოდეს მას მოსკოვის სტალინური მაღლივების დედა (მამა სტალინი იყო).

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, მშრალ ხიდთან აღებული სტალინის ძეგლის მოსაძიებლად უამრავი დრო და ენერგია დავხარჯე, მაგრამ კვალს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაგნებდი. მივედი ძეგლის ავტორის, უკვე გარდაცვლილი მოქანდაკის, პროფესორ სილოვან კაკაბაძის ოჯახში, სადაც ძალიან თბილად მიმიღო ბატონ სილოვანის ქალიშვილმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა ეთერ კაკაბაძემ. ქალბატონ ეთერს მოვახსენე რაზეც ვიყავი მისული, და ვთხოვე, ეთქვა, რამე თუ იცოდა მამამისის შექმნილი სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელის შესახებ. სამწუხაროდ, ძეგლის ადგილსამყოფელზე არაფერი იცოდა, მაგრამ თვით ძეგლზე ბევრი საინტერესო რამ მიამბო.

“სტალინის ძეგლის შესაქმნელად, _ მითხრა ქალბატონმა ეთერმა, _ კონკურსი 1936 წელს გამოცხადდა და მასში მამაჩემიც მონაწილეობდა. ყველა ძეგლს, როგორც ადამიანს, თავისი ბიოგრაფია აქვს, ამ ძეგლსაც”.

ქალბატონმა ეთერმა საქაღალდე გამოიტანა, გახსნა და უამრავი ესკიზი და ჩანახატი მაჩვენა. პროექტზე ბევრი შესწორება იყო.

როდესაც კომისიამ მამას ნამუშევარი მოიწონა და დაამტკიცა, ძეგლის ავტორმა _ მამაჩემმა, როგორც წესი, პროექტი ლავრენტი ბერიასთან წარადგინა. ბერიამ ძეგლი მოიწონა, მაგრამ, როგორც არქიტექტორმა, არქიტექტურული ნაწილი დაიწუნა. ნახაზზე ჩანდა, რომ ძეგლი ტრაპეციის ფორმის იყო და სიმაღლეზე ორივე მხარეს 15 დროშა მიუყვებოდა. სხვა მრავალი დეტალიც იყო აღნიშნული კვარცხლბეკზე. ბერიას სახაზავი აუღია თავისი მაგიდიდან და წითელი ფანქრით დაუხაზავს, როგორი უნდა ყოფილიყო კვარლცხბეკი, ყველა ატრიბუტი მოხსნილი იყო და კვარლცხბეკი თითქოს ახლად იყო შექმნილი”, _ მითხრა ქალბატონმა ეთერ კაკაბაძემ.

* 1942 წლის აგვისტოში დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერთა მობილური ჯგუფები, მისცეს ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა.

დასასრულ, ერთი ნამდვილი ამბავი უნდა ვუამბო მკითხველს:

ორგზის სოციალისტური შრომის გმირი ბორის მუზრუკოვი, რომელმაც პირველი წოდება 1943 წელს “ურალმაშის” დირექტორობისას მიიღო, ხოლო მეორე _ 1949 წელს, ლეგენდად იქცა საბჭოთა კავშირში. მუზრუკოვი პირადად არ იცნობდა სტალინს, მაგრამ ტელეფონზე მასთან უამრავჯერ უსაუბრია და კარგად იცოდა საბჭოეთის ლიდერის არა მხოლოდ მუშაობის სტილი, არამედ მისი ხასიათიც. რაც შეეხება ბერიას, ბორის მუზრუკოვის საქმიანობა, როგორც სამამულო ომის პერიოდში, ისე ომის შემდგომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერიასთან.

“არზამას-16”-ში (ატომური ცენტრი) 1947 წელს მოვიდა ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი ლუდმილა პავლოვა, რომელმაც თავისი ცხოვრება ატომზე მომუშავეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე გაატარა და 92 წლისა გარდაიცვალა. “არზამას-16”-ში ლუდმილა მუდმივ მეთვალყურეობას უწევდა მუზრუკოვს და კარგად იცნობდა მის ოჯახს. 1970 წელს ლუდმილა სასწრაფოდ გამოიძახა მუზრუკოვის ოჯახმა _ ბორისს კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ლუდმილამ ყველაფერი გააკეთა ძველი პაციენტისა და მეგობრის გადასარჩენად. ბორისმაც თვალი გაახილა.

ერთ დღეს, როცა ავადმყოფი მომჯობინდა, ლუდმილამ მორიდებით ჰკითხა: _ ბატონო ბორის, მითხარით, რას ფიქრობთ სტალინსა და ბერიაზე?

იმქვეყნიდან მობრუნებულმა ბორის მუზრუკოვმა ცოტა ხნის შემდეგ მიუგო:

_ ლუდმილა, დაიმახსოვრე: ჩვენ ერთმანეთთან რომ ვსაუბრობთ, რომ ვცხოვრობთ და არსებობს საბჭოთა კავშირი, სტალინსა და ბერიას უნდა ვუმადლოდეთ!

გრიგოლ ონიანი

5 COMMENTS

  1. გეთანხმებით, პატივცემულო გრიგოლ: „სამარცხვინოა ზოგიერთი ისტორიკოსის წერილი უახლესი ისტორიის ამა თუ იმ საკითხზე. ამას ბოლო უნდა მოეღოს!“ მაგრამ ისინი ამას ბოლოს ვერ მოუღებენ, რადგან ისტორიის ფალსიფიკატორები არიან და არა ისტორიკოსები. უახლესი ისტორია დასაწერია და ვისურვებდი იგი თქვენ დაგეწერათ, ისე, როგორც სტალინის ისტორიას წერთ. რაც შეეხება ბერიას, დაუჯერებელია, რომ მისი გონების კაცს ის ტოტი მოეჭრა, რომელზეც იჯდა!

  2. დიდი მადლობა ბატონო გრიგილ.ასეთი და სხვა მრავალი სტატიების გამოქვეყნებისათვის. იმედია თქვენი შეუპოვარი ბრძოლა და შრომა სიმართლისათვის მიზანს მიაწევს.
    თქვენი თანამოაზრე და უმცროსი მეგობარი ხარაგაულიდან.

  3. დიდი მადლობა ბატონო გრიშა ასეთი კარგი და სხვამრავლი სტატიებისათვის. იმედია თქვენი შეუდრეკელი შრომა და ბრძოლა შედეგს მიაღწევს.

  4. დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიების გამოქვენებისათვის.

  5. ამდენი თავგანწირვა და ამაგს ერი, ქვეყანა რომ არ გიფასებს, იქ რისი იმედი უნდა ქონდეს ადამიანს……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here