Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ მობრუნდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში

რატომ ვერ მობრუნდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში

1896
რატომ ვერ მობრუნდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში

ელიტოლოგიაში უმთავრეს კონცეპციურ მიდგომას წარმოადგენს საზოგადოებრივი სისტემის დიქოტომიური დაყოფა, სადაც ნებისმიერი სოციალური ორგანიზმის დიფერენციაცია აგებულია ანტითეზაზე ელიტა _ მასა და რომელთა ზომიერი, ბალანსირებული ურთიერთობები განაპირობებს საზოგადოებრივპოლიტიკური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას.

სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესწავლის დინამიკამ ელიტისტები მიიყვანა “ელიტების ცირკულაციის” თეორიულ გააზრებასთან. ისინი საზოგადოებას განიხილავდნენ, როგორც დინამიურ წონასწორობაში მყოფ სისტემას, რომელშიც ცვლილებათა პროცესი სოციალური წონასწორობის მისაღწევად ქმნიდა ციკლებს, რომელთა დინება დამოკიდებულია ელიტების ცირკულაციის ხასიათზე.

პოსტსაბჭოთა საქართველოს შემთხვევაში მმართველი ელიტების ცირკულაციის ასპექტების გამოვლენა უპრიანია ჰეგელის დიალექტიკური ლოგიკის მოშველიებით და მისი მეთოდოლოგიის მატერიალიზაციით მმართველი ელიტა-კონტრელიტის ურთიერთქმედებათა პრინციპებზე. თან ისე, რომ მის ფარგლებში გაანალიზდეს ელიტების ცირკულაციის პროცესი ერთი საფეხურიდან მეორე, ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის დიალექტიკური მიდგომით, როდესაც ერთი ელიტური სახელისუფლო ჯგუფის ძალაუფლების მეორეში გადასვლა ხდება დინამიურად, სოციალურ-პოლიტიკური სისტემის წონასწორობისა და მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებით. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ დიალექტიკა წარმოადგენს მოძღვრებას პოლარულად დაპირისპირებულთა ერთიანობის ფარგლებში საზოგადოებისა და ადამიანთა აზროვნების, ხოლო ჩვენს შემთხვევაში _ პოლიტიკური სისტემის განვითარების ზოგად კანონებზე.

შესაბამისად, ანალიზის პროცესში ჩვენს მიზანს წარმოადგენს შევქმნათ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ევოლუციის საფეხურეობრივი ტრიადა თეზისის, ანტითეზისისა და სინთეზის კონცეპტუალური გამოყენებით. აღნიშნული ფილოსოფიური კატეგორიების გამოყენებით აუცილებელია კონსტრუირდეს ის თეორიული სქემა, რომელმაც მმართველი ელიტის კონტრელიტასთან ურთიერთქმედებაზე დაყრდნობით უნდა გვიჩვენოს და მოგვცეს იმ პოლიტიკური პროცესის პროგნოზირების საშუალება, რომელიც პოლიტიკურ ურთიერთობათა სისტემის ერთი იერარქიული კიბიდან მეორე, ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის პრაქტიკულ რეალიზაციაში აისახება.

სპეციფიკური მეთოდოლოგიური კომპონენტიდან გამომდინარე, მოცემული საკითხის ანალიზის პროცესში თეზისი იქნება კონკრეტული მმართველი ელიტა და მის მიერ გადმოცემული ის იდეა, რომელიც კონკრეტულ მოკლე ისტორიულ პერიოდში წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებას. რაც შეეხება ანტითეზას, მისი ასახვა მატერიალიზდება კონტრელიტაში და ამ უკანაკსნელის მიერ პროპაგანდირებულ, საზოგადოების ფართო ფენებისთვის მისაღებ იდეაში. სინთეზში კი უნდა ვიგულისხმოთ წინა სახელისუფლო ელიტის უარყოფა და მის მიერ შექმნილ “სიკეთესთან” იმ იდეური პოსტულატის პრაქტიკული შერწყმა, რომლისადმი მოთხოვნილება გაჩენილია საზოგადოებაში და რომელიც მოაქვს ახალ მმართველ ელიტურ ჯგუფს.

მოცემული იდეის რეალიზაციისთვის ჩემს მიზანს წარმოადგენს კერძო შეცნობის გზით იმ უმთავრესი ტენდენციების გამოკვეთა და ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა მმართველი კლასის ჩანაცვლება კონტრელიტის მიერ. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს კონკრეტულ ფაქტოლოგიაზე დაკვირვებით, მისგან აბსტრაქტულზე და პირიქით, ზოგადიდან კერძოზე განზოგადოების გზით შევქმნათ ის თეორიული მოდელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში ფუნქციონირებადი ელიტური ჯგუფების ცირკულაციის ლოგიკური მოძრაობის ბუნებრივი ტენდენციის დადგენა.

საქართველოში პოლიტიკური ელიტების ცირკულაციის ზოგადი მექანიზმები

პოსტსაბჭოთა საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებაგანახლების დინამიკაზე პრაქტიკაში დაკვირვების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური ლიდერების და მის გარშემო მობილიზებული ელიტური ჯგუფების ჩანაცვლების პროცესი არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა. ბოლო წლების ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაკვირვებამ გამოკვეთა ის უმთავრესი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა კონტრელიტის მხრიდან მმართველი ელიტის ჩანაცვლების პრაქტიკას. იგი, თავის მხრივ, მოიცავდა, როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო გზით (“ვარდების რევოლუცია”) მმართველი ჯგუფის დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების პრაქტიკულ რეალიზაციას და ამის მეშვეობით კონტრელიტის აღმასვლას სახელმწიფოს უმაღლეს მმართველობით სისტემაში. ამასთანავე, ქართული პოლიტიკური რეალობა იცნობს ხელისუფლების ჩანაცვლების ისეთ მექანიზმსაც, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების ხელში აღებას ლეგიტიმური მეთოდების გამოყენებით (არჩევნები). ამას მოწმობს თუნდაც პოლიტიკური ელიტების ცირკულირების უკანასკნელი მაგალითი _ 2012 წლის არჩევნები.

ქართველი საზოგადოების მოკლე სოციოლოგიურ-კულტუროლოგიური ანალიზი

საზოგადოდ, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, საქართველოშიც პოლიტიკური ელიტების ფორმირებისა და ჩანაცვლება-განახლების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოქალაქეთა კულტურული და ღირებულებითი კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფებების მიმართ. ქართული ტრადიციული საზოგადოების სოციალური ორგანიზების სოციოლოგიური ანალიზი მას მიაკუთვნებს პატრიარქალურ და კოლექტივისტურ სოციუმთა კატეგორიას, რაც განაპირობებს მოცემული ელექტორატის ორიენტირებულობას კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონაზე. სწორედ მოცემული განაპირობებდა სხვადასხვა პერიოდში ქართველი ამომრჩევლის პერსონალურ ორიენტაციას განსხვავებული დღის წესრიგის მქონე პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირებდა მოცემულ ვითარებაში არსებული და ყველაზე მტკივნეული ამოცანის გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოთ მოკლედ განხილული მაგისტრალური ხაზი გრძელდება დღემდე.

საქართველოში პოლიტიკური ელიტების ცირკულაციის მოკლე ისტორია

რატომ ვერ მობრუნდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში

თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ფორმირების ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ 1995 წლის 24 აგვისტო, როდესაც მიღებული იქნა დღეს მოქმედი დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც მიუხედავად შეტანილი მრავალი ცვლილებებისა და რომლებიც ძირითადად მმართველობით ფორმებს შეეხებოდა, შექმნა პოლიტიკური თამაშის ის წესები, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სოციალურ-პოლიტიკური სისტემის საბაზისო სტრუქტურა. ამიტომ მმართველი ელიტების ცვლილებების დაკვირვების პროცესი სრულიად სამართლიანად მოიცავს იმ პერიოდს, რომლიდანაც დაიწყო თანამედროვე პოლიტიკური სისტემის სტრუქტურული ფორმირება. სწორედ მოცემულიდან გამომდინარე, აუცილებელია პოლიტიკური პროცესის ანალიზს შევუდგეთ 1995 წლიდან, როდესაც ედუარდ შევარდნაძის გარშემო კონსოლოდირებული პოლიტიკური კლასის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო ინსტიტუცია, იმ დროინდელი მმართველი პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებით.

პირველი ასეთი ტიპის ლიდერი გახლდათ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების გზით. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი ეთნო კონფლიქტების პარალელურად. ქვეყანაში არსებულმა სრულმა ქოსმა და სოციალურ-ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა მოსახლეობის ფართო ფენებში დაუკავშირა სტაბილურობის აღქმადობას. მისი ქარიზმის პოლიტიკურ კაპიტალიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობამ, კერძოდ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობამ. ზოგადად, პროვინციულ საზოგადოებებში “უცხოს ბაძვის”, ქვეყნის გარეთ მოღვაწე პიროვნებებზე ორიენტაცია სიახლეს არ წარმოადგენს, რაც ქართული ტრადიციული საზოგადოების გენეტიკაში მყარად არის გამჯდარი. მოცემულმა ვითარებამ თავის მხრივ საკმაო გავლენა იქონია ე.შევარდნაძის და მის გარშემო მობილიზებული ელიტური ჯგუფების ხელისუფლების უმაღლეს ვერტიკალურ სტრუქტურაში აღსაზევებლად. საბოლოოდ, პრეზიდენტ შევარდნაძის მოღვაწეობამ მინიმალურად, მაგრამ მაინც შეასრულა ის მისია, რაზეც აქცენტს აკეთებდა საქართველოს ამომრჩეველი. მან შეძლო პოლიტიკური სისტემის და ზოგადად, საზოგადოებრივი წესრიგის სტაბილიზაცია, რასაც ორი საარჩევნო ციკლი მოანდომა.

თუმცა, როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში ხდება, სოციალური ზრდის პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია ძველის დასასრულის და ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ციკლის დაწყებასთან, რაც ამომრჩევლის ცნობიერებაში ახალ და ძველისგან განსხვავებულ მოთხოვნილებებს აჩენს.

ასეთ ვითარებაში ოპოზიციურ პოლიტიკურ არენაზე შედარებით განახლებული იდეებით გამოდის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მისი წინამორბედის მსგავსად, ქარიზმის ფორმირებასა და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაში დიდად წაეხმარა მისი ამერიკული კარიერა. იგი ხალხში აღიქმებოდა უცხოეთში სწავლა-განათლება მიღებულ პოლიტიკოსად, რომელსაც საქართველოში უნდა მოეხდინა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია და დასავლური ცხოვრების წესის გადმონერგვა. იმ პერიოდის ქართველი ამომრჩევლის უდიდეს უმრავლესობაში დასავლური ცხოვრების წესის გადმოტანა ქართულ რეალობაში აღიქმებოდა აბსოლუტურ სიკეთედ, რისი მიღწევაც უნდა მომხდარიყო, პირველ რიგში, ქვეყანაში ტოტალურად გამეფებული კორუფციის აღმოფხვრით.

სააკაშვილის პოლიტიკური ნაბიჯების რეალიზაციის პროცესში ამომრჩეველთან უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვარი მებრძოლისა და რეფორმატორის იმიჯი. ყველაფერმა ამან, თან დასავლურმა (ამერიკულმა) მხარდაჭერამ, განაპირობა მისი და მასთან აფილირებული პოლიტიკური ელიტის მიერ სახელისუფლო ძალაუფლებრივი ვერტიკალის ხელში ჩაგდება.

პრეზიდენტ შევარდნაძის მსგავსად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურმა მოღვაწეობამ ორ საარჩევნო ციკლზე მეტხანს ვერ გასტანა. თუმცა, მიუხედავად მმართველობითი სისტემის ავტოკრატიზაციისა, პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების პროცესში ფორმირებული მკაცრი ავტორიტარიზმისა და 2008 წლის ომში განცდილი სამარცხვინო მარცხისა, მის მიერ რეალიზებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის რეფორმირება-ტრანსფორმირების პროცესმა უამრავ ნეგატივთან ერთად მცირე, მაგრამ მაინც გარკვეულ პოზიტიური ელემენტები შემოიტანა. საუბარია კორუფციის დონის შემცირებასა და სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციაზე.

მეორე საარჩევნო ციკლის დასასრულისთვის სოციალური ორგანიზმის სწორხაზოვანი ზრდის პროცესმა საზოგადოების წინაშე ახალი მოთხოვნილებები დააყენა, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას. რაც მთავარია, საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციაში გამდიდრებულ და პოლიტიკურ ფიგურად გარდაქმნილ მილიარდერ ბ. ივანიშვილს დაუკავშირა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ინდუსტრიალიზაციის რელსებზე გადასვლით. ამაზე მიუთითებს წინაასარჩევნო კამპანიის პერიოდში უხვად გაცემული დაპირებები რამოდენიმე ასეული საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად პოლიტიკური სისტემის პერსონიფიცირებისა და არაფორმალური მმართველობისა, რაზეც პოლიტიკის არაერთი ექსპერტი აკეთებს აქცენტს, დემოკრატიზაციის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლურალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები აშკარად იკვეთება. ამისდა დამოუკიდებლად, დღეს არსებული ხელისუფლება მეორე საარჩევნო ვადის ბოლოსათვის განიცდის ლეგიტიმურობის კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებს. დღევანდელი მმართველი ძალის დელეგიტიმაციის პროცესს განაპირობებს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ზრდა და სოციალური ფონის გაუარესება, რამაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოკვეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების უმთავრესი მოთხოვნილება.

საქართველოს პოლიტიკური ელიტების ცირკულაციის პროცედურებზე დიალექტიკური მეთოდოლოგიის განზოგადება საშუალებას იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთებისა: მმართველი ელიტის რეკრუტირების პირველ შემთხვევაში პოლიტიკურ ლიდერ ე. შევარდნაძის გარშემო მობილიზებული სახელისუფლო ელიტის მიერ რეტრანსლირებული სტაბილურობის იდეა (თეზისი) უარყოფილ იქნა კონტრელიტის მიერ გახმოვანებული ანტიკორუფციული და ქვეყნის ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული იდეით (ანტითეზა). მ.სააკაშვილთან აფილირებულ ოპოზიციურ ელიტაზე ძალაუფლების გადადინების პროცესით საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის სინთეზის კატეგორიაში გადასვლამ სტაბილურობის განცდას შეჰმატა სისტემის ინსტიტუციონალზიაცია და კორუფციის დონის საგრძნობი შემცირება. მოცემული სინთეზის ფაქტორმა განაპირობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ევოლუციონირება და, შესაბამისად, იგი განვითარების უფრო დაბალი იერარქიული საფეხურიდან დიალექტიკური კიბის ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

რაც შეეხება დღევანდელი პოლიტიკური ლიდერის მოღვაწეობის პოლიტიკურ ანალიზს, 2012 წელი მიიჩნევა ახალი პოლიტიკური კლასის მმართველობითი ციკლის დასაწყისად, რომლის დროსაც კონტრელიტამ უარყოფის პრინციპით უკუაგდო საქართველოს წინამორბედი მმართველი ელიტა. უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფას, _ მიუხედავად პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუციონალიზაციისა (თეზისი), რომელიც განხორციელდა პოლიტიკური ავტორიტარიზმის, მოქალაქეთა უფლებების მასობრივი დარღვევის და კანონით გათვალისწინებული ადამიანთა თავისუფლებების უკანონო შეზღვუდვების ხარჯზე, _ ხელი შეუწყო სახელისუფლო ელიტის პოლარულად საპირისპირო პოზიციაზე მდგომი პოლიტიკური კლასის მიერ გახმოვანებულმა სისტემის ლიბერალიზაციის, პლურალიზაციისა და დემოკრატიზაციის იდეამ (ანტითეზა). სინთეზის კატეგორიაში კი მისი გადასვლის პროცედურა მოხდა დემოკრატიზაციის პროცედურის შერწყმით ინსტიტუციონალიზაციასთან.

თუ საქართველოში პოლიტიკური ელიტების ცვლილებების ანალიზს სპირალისებული ხაზით გავყვებით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ორი საპარლამენტო საარჩევნო ვადის გასვლა აუცილებელ პირობას წარმოადგენს თითოეული მმართველი ელიტის ცირკულაციისათვის, რომლის დროსაც უარყოფა ხდება წინა ხელისუფლების, მაგრამ ყოველი მათგანის მოღვაწეობა ყოველთვის დაკავშირებული იყო პოლიტიკური სისტემაში ახალი და იმ პერიოდის ამომრჩვლისათვის უმნიშვნელოვანესი იდეის მატერიალიზაციასთან პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, ახალი მმართველობითი ციკლის დაწყება პოზიტიურ როლს თამაშობდა სოციალურ-პოლიტიკური სისტემის უფრო მაღალ და განვითარებულ საფეხურზე გადასასვლელად.

ისტორიულ-პოლიტიკური პერიპეტიების მოკლე ანალიზის შემდეგ, რომ მოვახდინოთ პოლიტიკური პროგნოზირებისთვის ჩამოყალიბებული თეორიული სქემის მოდელირებული განზოგადება ელიტური ცვლილება-განახლების სამომავლო, სავარაუდო ტენდენციაზე, მაშინ პუნქტობრივად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის საერთო მახასიათებლები, რაც განსაზღვრავდა წინა და, თუნდაც დღევანდელი პოლიტიკური ლიდერის და მასთან ასოცირებული მართველი კლასის ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობებს:

1) პოლიტიკურ სისტემის შიგნით განვითარებული ობიექტური პოლიტიკური პროცესები მეორე საარჩევნო ვადის ბოლოსკენ განაპირობებდნენ ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერის თვითწარმოქმნას, რომელიც მის გარშემო კონსოლიდირებულ ელიტურ ჯგუფთან ერთად პოლიტიკური ველზე გამოდიოდა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის იმ პერიოდისათვის ყველაზე მოთხოვნადი და მისაღები იდეით.

2) აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ლიდერის შემთხვევაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და პერსონალური ავტორიტეტის ამაღლება უკავშირდებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ მოღვაწეობას (რუსეთი ან შეერთებული შტატები);

3) მთლიანობაში მათი მმართველობითი პერიოდი ორი საარჩევნო ვადით გამოირჩეოდა, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლების ლეგიტიმურობა თანდათან კლებულობდა კრიტიკულ ზღვრამდე;

4) მმართველი პოლიტიკური ელიტის დელეგიტიმაციის პროცესი სრულ აპოგეას აღწევდა მეორე საარჩევნო ციკლის დასასრულს.

ჩამოყალიბებულ თეორიულ ჩარჩოში გადმოცემული პოლიტიკურ-სოციოლოგიური ანალიზი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული ლიდერი სახელისუფლო ძალაუფლების მოსაპოვებლად უნდა ჯდებოდეს ზემოთ ჩამოყალიბებული ოთხი კრიტერიუმის სინქრონული კომბინაციის ფარგლებში.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას: ლეგიტიმურობის თვალსაზრისით თანამედროვე პოლიტიკური ელიტა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაშია, რომელშიც იმყოფებდნენ მისი წინამორბედი ხელისუფლებები 2003 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენს მიერ ზემოთ ფორმირებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა სტადიური განვითარების მესამე და მეოთხე პუნქტს გადის. თუმცა ელიტათა ცირკულაციის პროცესის სრულად დამთავრებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ჩამოყალიბებული კრიტერიუმების პირველი და მეორე კომპონენტის არსებობა, რაც ჯერჯერობით არ შეინიშნება. საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების დღევანდელ ეტაპზე არ მოიძებნა ისეთი ფიგურა, რომელიც დააკმაყოფილებდა პირველი ორი თეორიული კრიტერიუმისათვის საჭირო მოთხოვნებს.

როგორც პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების პოლიტიკური ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს, პოლიტიკურ სისტემაში დღეს მოქმედი ვერც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფება ვერ აკმაყოფილებს ჩემ მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების პირველ ორ პუნქტს. აღნიშნული, განსაკუთრებით შეეხებანაციონალურ მოძრაობასდა მასთან აფილირებულ .. გაერთიანებულ ოპოზიციას. საერთოდ უნდა ითქვას, რომნაციონალური მოძრაობადა მისი ფაქტობრივი ლიდერი სააკაშვილი ქართული პოლიტიკის წარსულს წარმოადგენენ, როგორც შევარდნაძის სახელისუფლო ელიტავარდების რევოლუციისშემდგომი ქართული საზოგადოებისათვის. მათ მიერ ანტითეზის სახით დღეს წამოყენებული იდეები მხოლოდ ქართველი საზოგადოების განვითარების განვლილი სტადიაა.

ირაკლი უბილავა,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here