Home რუბრიკები პოლიტიკა ლოპოტას ომი: ომერტადან ვენდეტამდე

ლოპოტას ომი: ომერტადან ვენდეტამდე

575

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და მთის ბილიკებზე სიარული უჭირს; ეს გასულ კვირას ლოპოტას ხეობაში დადასტურდა. სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების ოფიციალურ ვერსიაში საზოგადოებამ ეჭვქვეშ პრაქტიკულად თითოეული სიტყვა დააყენა. ეს ნათლად აისახა სოციალურ ქსელებში, ხოლო პუბლიკაციებში, რომლებიც ამ თემას მიეძღვნა, ხელისუფლების მიმართ ტოტალური უნდობლობა იგძნობოდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი იმკის იმას, რაც დათესა. ხელისუფლებას ბოლო წლებში ამდენი რომ არ მოეტყუებინა, საზოგადოება ოფიციალური ვერსიის მიმართ ნაკლებად კრიტიკული იქნებოდა. სააკაშვილს არ დაუჯერეს სწორედ მაშინ, როდესაც ეს ჰაერივით დასჭირდა, როგორც მწყემს ბიჭუნას ცნობილი ზღაპრიდან, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა: «მგელი! მგელი!».

ვინ იყვნენ ის შეიარაღებული პირები, ვისთანაც შეტაკებაში სამი ქართველი ძალოვანი დაიღუპა?

სად მიდიოდნენ?

რა მოტივები იდგა მათი მოქმედების უკან?

რატომ არის ამდენი შეუსაბამობა მძევლების ისტორიაში?

რა მოხდა პანკისის ხეობაში შეტაკებიდან რამდენიმე დღეში?

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კითხვების, რომლებზეც საზოგადოებამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო. ალბათ, უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რათა ფაქტები მათზე მიწებებული ტყუილისგან გაიწმინდოს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ სიმართლეს მხოლოდ ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ შევიტყობთ. ინციდენტის სრულყოფილი რეკონსტრუქცია (ვინ სად მიდიოდა, რატომ და საიდან ისროდა და ა. შ.) ჯერ კიდევ შეუძლებელი ჩანს, მაგრამ, ალბათ, მიზანშეწონილია საუბრის დაწყება იმ პოლიტიკურ მოტივებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ მოვლენების უკან იდგა.

სააკაშვილის აპოლოგეტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ თავიდან აიცილა დიდი პროვოკაცია. მოვლენათა განვითარების ყველაზე ნეგატიური სცენარით, ისინი შეიარაღებული ჯგუფის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას და იმ ნაბიჯებს წარმოაჩენენ, რომელსაც კრემლი ამის საპასუხოდ გადადგამდა. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოველივე შეიძლებოდა სრულმასშტაბიანი ინტერვენციით დასრულებულიყო. ვერ გამოვრიცხვათ, რომ ხელისუფლების შიში, რომელიც მის მიერ წარმოდგენილ რუსულ კომბინაციას უკავშირდებოდა, გახდა ერთ-ერთი მთავარი რესურსი გაცილებით უფრო დახვეწილი ოპერაციის ჩატარებისთვის.

იმის წარმოდგენა, რომ დაღესტანში 17-კაციანი შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა სრულფასოვან «კაზუს ბელის» შექმნის, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობისთვის მისაღები თუ არა, გასაგები იქნება, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილოა. რუსეთის სპეცსამსახურებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, მსგავსი სცენები დღეში ხუთჯერ დადგან ჩრდილოკავკასიელების ან სულაც ქართველების (ვინმეს იპოვიან, რუსეთი დიდია) აღიარებითი ჩვენებებით, იარაღისა და საბუთების დემონსტრირებით, თუმცა ეს ნაკლებად რაციონალურია, რადგან საბოლოოდ სიტუაცია ჩიხში შევა _ მოსკოვი და თბილისი ჩვეულებისამებრ ურთიერთბრალდებებს გაცვლიან და მსოფლიო ტრადიციულად მხრებს აიჩეჩავს. ის კი, რაც დღეს ხდება, მოსკოვისთვის გაცილებით მოგებიანი ჩანს: საკუთრივ საქართველოში დაიწყო ეჭვნარევი საუბრები სააკაშვილის ხელისუფლებისა და ტერორისტული ორგანიზაციის, «კავკასიის იმარატის», შესაძლო კავშირის შესახებ (ეს ეჭვები, როგორც ჩანს, ეფუძნება ინტერვიუებს ლოპოტასა და პანკისის ხეობების მცხოვრებლებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები საზღვრის სიახლოვეს საკმაო დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ კავშირი «კავკასიის იმარატთან», რომ ქართველი ძალოვნები ეკონტაქტებოდნენ მათ, ლამის მანქანებით დაატარებდნენ და ა. შ.).       

შეერთებულმა შტატებმა დოკუ უმაროვი საერთაშორისო ტერორისტების სიაში 2010 წლის 23 მარტს შეიყვანა (გაეროს უშიშროების საბჭომ ეს 2011 წლის 11 მარტს გააკეთა), 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტმა «კავკასიის იმარატი» ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. «იმარატის» ერთ-ერთ პირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის მტრად არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს და ისრაელს განიხილავს. ნებისმიერი ინფორმაცია სააკაშვილის ხელისუფლებისა და უმაროვის «იმარატის» შესაძლო კავშირის თაობაზე აშშ-ის სპეცსამსახურების დაინტერესებას ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს. თუ ისინი ამ ცნობებს რუსებისგან მიიღებდნენ, სავარაუდოდ, უფრო მეტს იფიქრებდნენ მანიპულირების მცდელობაზე, ვიდრე მიწოდებულ მასალებზე, თუმცა დღეს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, უშუალოდ საქართველოდან, ქართული საზოგადოებიდან მოდის (მეტიც, ღვარად მოედინება). თუ ის ნაწილობრივ მაინც დადასტურდება, ეს აშშ-ისა და სააკაშვილის ხელისუფლების ურთიერთობებს ისეთ ზიანს მოუტანს, რომელსაც ათი რუსული დივიზია ვერ მიაყენებდა ერთად; ვაშინგტონი იძულებული გახდება, ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პარტნიორს დაემშვიდობოს. პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა მოსკოვისთვის უფრო დიდ სტრატეგიულ ამონაგებს მოასწავებს, ვიდრე საზღვარზე მცირე შეიარაღებული ჯგუფის განეიტრალება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითოეულ მის წევრს ჯიბეში სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დახასიათება და ინსტრუქცია ედებოდა.

საუბარი სააკაშვილის ხელისუფლებისა და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების კავშირზე განსაკუთრებით აქტუალური მოსკოვისთვის მას შემდეგ გახდა, რაც «ნაცმოძრაობის» ბელადმა «ახალი კავკასიური პოლიტიკის» გატარება დაიწყო. მას აფრთხილებდნენ, რომ კრემლისთვის მიუღებელი აქტიურობა  ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ მან ეს ყურად არ იღო. ბრალდებები მოსკოვიდან დროთა განმავლობაში სულ უფრო მძიმდებოდა, მაისში რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა საქართველოს ძალოვანები უმაროვთან პირდაპირ კავშირსა და სოჭში ტერორისტული აქტების მოწყობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. აშკარა იყო, რომ შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო სერიოზული იქნებოდა. ამ პროცესის პარალელურად, სააკაშვილის ხელისუფლების შიგნით ჩამოყალიბდა სააზროვნო სტერეოტიპი, რომ მთელი ამ ანტიტერორისტული რიტორიკით მოსკოვი ცდილობს, მოახდინოს საბაბის ფორმულირება იმისთვის, რომ «რაღაც» მოიქმედოს (მაგალითად, ტანკები დაძრას). აზრი იმის თაობაზე, რომ ეს საბედისწერო «რაღაც» სააკაშვილმა შეიძლება საკუთარი ხელით გააკეთოს, როგორც ჩანს, სახელისუფლო ანალიტიკოსების სტრატეგიულ თვალსაწიერს სცდებოდა.

უხეში წინასაომარი პროვოკაციის მოწყობისთვის, XX საუკუნის პირველი ნახევრის სტილში (თუ მაინც და მაინც) კონფლიქტური რეგიონების ტერიტორია და რეაქტიული არტილერია არსებობს. ხოლო იმისთვის, რომ შეშინებული მმართველი და მისი სულელი მრჩევლები პოლიტიკური თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანო, ნაკლებად ხმაურიანი საშუალებები გამოიყენება; ხანდახან საკმარისია ინფორმაციის ჩაწვეთება, ფიქტიური ოპერატიული კონტექსტის ან, უბრალოდ, ფსიქოლოგიური ფონის შექმნა.

იმის შიში, რომ მოსკოვი მას ტერორისტების მფარველად წარმოაჩენს, შესაძლოა, გახდა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოტივი ხელისუფლებისთვის, როდესაც სასწრაფო წესით «ანტიტერორისტული ოპერაცია» დაიწყო, მაგრამ ამ მოტივის გადამკიდე პარადოქსულად უარეს შედეგამდე მივიდა _ დაიწყო ხმამაღალი საუბარი ხელისუფლების საეჭვო კავშირებზე და მისი დადანაშაულება სიცრუესა და არაადამიანობაში; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს ამას აკეთებს არა კრემლი, არამედ ქართული საზოგადოება და ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის არცთუ უმნიშვნელო გარემოებაა. ალბათ, სწორედ ესაა «ლოპოტას ომის» ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური შედეგი. საზოგადოებას სურს, იცოდეს, რატომ დაიღუპა ამდენი ადამიანი, ხოლო როდესაც თეთრი ძაფით ნაკერ ვერსიებს სთავაზობენ, ღიზიანდება და ხელისუფლებას უარესად უტევს. ეს უნდოდა «ნაციონალურ მოძრაობას» წინასაარჩევნოდ? ფაქტია, ამ პრობლემის წარმოქნას საკუთარი ბელადის გარდა ვერავის დააბრალებს.

სააკაშვილის მთავარი შეცდომა იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ კარტი არასწორად გაათამაშა და ამის გამო წააგო, საქმე ისაა, რომ ამ სათამაშო მაგიდასთან საერთოდ არ უნდა დამჯდარიყო.

«ომერტა» მაფიის «ღირსების კოდექსია», თუმცა ხშირად ამ სიტყვას მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის _ «დუმილის კანონის» აღწერისთვის იყენებენ. გასულ კვირას შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას სურს, რომ მთელი ქვეყანა, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ლოპოტას და პანკისის ხეობების მაცხოვრებლების ჩათვლით, «ომერტას» წესებს დაემორჩილოს. ნიშანდობლივია, რომ სოციალურ ქსელებში, სააკაშვილის მცირერიცხოვანმა, მაგრამ ხმაურიანმა მხარდამჭერებმა დაიწყეს საუბარი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კითხვების დასმა არ შეიძლება, რომ სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას და ა.შ. ცხადია, ამ მაფიოზურ თამაშებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას მალავენ ასე გულმოდგინედ? გასული წლების გამოცდილებას კი შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: თუ რამე ცუდი ჩაიდინეს, ჯობია, ახლავე თქვან, თორემ მერე უარესი იქნება, რადგან სიმართლე მაინც არ დაიმალება. კონკრეტული მაგალითი: შსს ირწმუნებოდა, რომ ლიკვიდირებულ შეიარაღებულ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, შემდეგ კი იძულებული გახდა, საპირისპირო ეღიარებინა. ვერავინ გამორიცხავს, რომ ხვალ ჩვენებას კიდევ ერთხელ «ლოპოტას ომის» სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით არ შეცვლიან. სხვათა შორის, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ სკანდალს შს მინისტრის გადადგომა ან, როგორც მინიმუმი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავე თანამდებობის პირების სამაგალითო დასჯა მოჰყვებოდა.

ჟურნალისტები, რომლებიც გასულ კვირას პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ ხალხი იქ გაგიჟების პირასაა მისული. ქისტი ახალგაზრდების დაღუპვასთან, საფლავების გათხრასთან, ცხედრების დაგვიანებულ გადაცემასთან დაკავშირებულმა ამბებმა იქაურებზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თანაც, როგორც უკვე ვთქვით, გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, პანკისელებს თავს «ომერტა» მოახვიოს და «დუმილის შეთქმულებაში» ჩაითრიოს. თუ ეს საშიში და უპასუხისმგებლო პოლიტიკა გაგრძელდება, ეს მამაცი, საქართველოს ერთგული ადამიანები, შეიძლება «ომერტამდე» კი არა, «ვენდეტამდე», ანუ სისხლის აღებამდე, მიიყვანონ, რადგან ყველაფერს, მათი მოთმინების ჩათვლით, საზღვარი აქვს. დღეს ამის საშიშროება არც ისე დიდია, თუმცა თუ ქისტების ღირსების შელახვა, მათ ნერვებზე თამაში არ შეწყდება, ქვეყანა უმძიმეს შედეგებს მოიმკის.

ეს მოვლენები, სავარაუდოდ, ზემოქმედებას სააკაშვილის «ახალ კავკასიურ პოლიტიკაზეც» მოახდენს. იმ მძიმე პოლიტიკური და საიმიჯო დარტყმების შემდეგ, რომლებიც გასულ კვირას მიიღო, ის ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, სავარაუდოდ, არც კი გაიხედავს, რადგან, დიდი ალბათობით, იგრძნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს საკუთარ ნაბიჯებსა და იმ პრობლემებს შორის, რომლებიც ბოლო დროს შეექმნა. რაღაც დადებითი ამ პოლიტიკის (სავარაუდო) დასამარებაში უდავოდ არის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, გეოგრაფიიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ურთიერთობა ჩრდილოკავკასიელებთან, მათთან თანამშრომლობა მოსკოვის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, «პუტინის ჯინაზე» შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. სააკაშვილის კავკასიურ პოლიტიკას საქართველოსთვის პრობლემების გარდა დღემდე არაფერი მოუტანა და, თუ ის წარსულს ჩაბარდება, სავარაუდოდ, არავინ იგლოვებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here