სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისადმი არაჰუმანური მოპყრობისა თუ მსჯავრდებულთა გარდაცვალების გახშირებული შემთხვევების გამო «ადამიანის უფლებათა ცენტრი» ობიექტურ გამოძიებასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, დასჯას ითხოვს. «საქართველო და მსოფლიოს» «ადამიანის უფლებათა ცენტრის» ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ესაუბრა.
_ ბატონო უჩა, რატომ გახშირდა ბოლო დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების გარდაცვალების შემთხვევები და რა არის ამის მიზეზი?
_ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ქართულ ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 600-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა:შარშან _ 140, ხოლო 2010 წელს _ 142 მსჯავრდებული. თუ 2012 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს გავითვალისწინებთ, წელსაც იგივე ტენდენცია შენარჩუნდა. ეს ციფრი არ არის შემთხვევითი, რადგან ხშირ შემთხვევაში პატიმართა გარდაცვალების მიზეზი ციხის პერსონალის მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულება ხდება. ავადმყოფ პატიმარს მხოლოდ მაშინ უწევენ სამედიცინო დახმარებას, როცა ის უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და სულს ღაფავს. მანამდე, ადვოკატის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ ხდება.
_ ცოტა ხნის წინათ #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული ვალერი ჯაფარიძე გარდაიცვალა. მის უფლებებს «ადამიანის უფლებათა ცენტრი» იცავდა. რა გახდა ამჯერად პატიმრის გარდაცვალების მიზეზი?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ამის მიუხედავად, მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რაც საბოლოოდ ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ადვოკატმა არაერთხელ მიმართა და აცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმრის მდგომარეობა, მაგრამ ამას მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. ციხის ადმინისტრაციის უყურადღებობითა და გულგრილობით, ასეულობით ამგვარი მძიმე შემთხვევა ხდება.
_ რატომ არ უტარდებათ ავადმყოფ პატიმრებს შესაბამისი მკურნალობა, პატიმრების გარდაცვალების გახშირებული ფაქტები ხომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იმიჯზეც უარყოფითად აისახება?
_ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სახელმწიფო სისტემის პოლიტიკის შედეგია. ნულოვანი ტოლერანტობა კვლავ გრძელდება. ციხეში შესული ადამიანი, ფაქტობრივად, უკვე განწირულია. პატიმარი ერთგვარი მსხვერპლია და არავინ ფიქრობს მის გამოსწორებასა თუ შემდგომ რეაბილიტაციაზე, რადგან ეს საკითხი სახელმწიფოსთვის დღეს პრიორიტეტული არ არის.
უწყებაში არ არიან დაინტერესებულები, სრულფასოვნად გამოიკვლიონ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ხომ არ გარდაიცვლებოდა? შესაბამისად, მომხდარი ფაქტების გამო პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრს ეკისრება. ხელისუფლება თითოეული პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, ვინაიდან პატიმარს, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის უფლება კანონით აქვს გარანტირებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პატიმრებს არათუ მკურნალობა, შესაბამისი გამოკვლევაც კი არ უტარდებათ.
ზოგადად, პენიტენციალური სისტემა საზოგადოებისთვის ჩაკეტილია. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ციხეში შეღწევას ადვოკატებისა და სახალხო დამცველის გარდა ვერავინ ახერხებს. უფლებადამცველებსაც კი არ გვაქვს მონიტორინგის განხორციელების საშუალება.
_ დღეს მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. როგორც უფლებადამცველი, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობით კმაყოფილი ხართ?
_ ვფიქრობ, მეტიც შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის ანგარიშიც რეაგირების გარეშე რჩება ხოლმე. სახალხო დამცველის ანგარიშს თუ გადავხედავთ, ანგარიშის დიდი ნაწილი, სწორედ ციხეებში ჯანმრთელობის დაცვის მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობასა თუ პატიმრების სიკვდილიანობის ფაქტებს ეხება, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ვინაიდან ასეთია დღეს ხელისუფლების პოლიტიკა. მთლიანად სახელმწიფოში და მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს. არავინ ისჯება იმის გამო, რომ პატიმარს არ მიაქცია ყურადღება, არ გაუწია სამედიცინო დახმარება, არაჰუმანურად მოეპყრო ან აწამა პატიმარი.
_ ამის მიუხედავად, თქვენ მაინც დააყენეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, პასუხისმგებლობის საკითხი. ფიქრობთ, რომ შედეგს მიაღწევთ? უფლებადამცველების არაერთ პროტესტს შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ციხის თანამშრომლების კონკრეტული გვარებიც კი იყო ცნობილი.
_ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის წინააღმდეგ. მან უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე. ჩვენი ადრესატი არის არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და მე იმედი მაქვს, რომ, არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, ძალიან მალე დადგება ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ერთი ადამიანი მაინც აგებს პასუხს იმის გამო, რომ სისტემა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ხათუნა კალმახელიძე არ არის დამნაშავე, მაგრამ მისი წვლილი საკმაოდ დიდია და ის არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, თუნდაც პატიმრების სიკვდილზე. მე იმედი მაქვს, მოვა დრო, ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული და დამნაშავეებიც დაისჯებიან. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ.
_ მძიმედ დაავადებულ პატიმარს (მათ შორის ვალერი ჯაფარიძესაც) სასჯელის გადავადება–გათავისუფლების მუხლი ეხება. მოქმედებს თუ არა აღნიშნული მუხლი რეალურად?
_ აღნიშნული მუხლი ქაღალდზე არსებობს, მაგრამ ბოლო წლებში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არც ერთი პატიმარი არ გაუთავისუფლებიათ, რადგან ხელისუფლებას არ სურს, შექმნას ქვეყანაში მსგავის პრეცედენტი, როცა პატიმარს თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ათავისუფლებენ.
_ ასევე პრობლემად რჩება ციხეების გადატვირთულობა. რატომ ვერ გადაიჭრა აღნიშნული პრობლემა თუნდაც 8 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ხომ პენიტენციარული სისტემის რეფორმა პრიორიტეტულად გამოაცხადა?
_ მართალია, ხელისუფლებამ ააშენა ახალი საპატიმროები, მაგრამ სანქციები გაიზარდა. გარდა ამისა, სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ამუშავდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა პატიმრების რაოდენობა. ნებისმიერი მსუბუქი დანაშაულისთვის, პირდაპირ ხდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და მაინც და მაინც საპატიმროებში თავისუფლების აღკვეთა და არა ალტერნატიული და რაიმე მსუბუქი ღონისძიების გატარება. საქართველოს ციხეებში 25 ათასამდე პატიმარია, მაგრამ გაცილებით მეტია პრობაციონერები.
ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემის მიჩქმალვას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ხელისუფლება გარკვეული მანიპულაციების მეშვეობით ცდილობს, დაფაროს ეს პრობლემა და ამ მიზნით თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილ კვადრატულ მეტრსაც კი ამცირებს. თუ, მაგალითად, საქართველოში სტანდარტის მიხედვით თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილი იყო 4 კვ. მეტრი ფრთობი, დღეს ეს სტანდარტი ორ კვადრატამდე შემცირდა. შედეგად, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ყველა საპატიმროში საკმარისი პატიმარია. გამოდის, რომ შემცირდა თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილი ფართობი და ამის ხარჯზე, რეალურად ციხეების გადატვირთულობა ისე საგანგაშო თითქოს აღარ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
პატიმრების მიმართ არა სათანადო და არა ჰუმანური მოპყრობა საპატიმროებში სახეზეა, ხოლო საპატიმროებში სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემებმა მოიმატა, რაც საერთო სურათს, ამძიმებს, არსებული მდგომარეობის გამჭირვალეობის მიზნით გადაუდებლად მიგვაჩნია საპატიმროებში შეიქმნას საზოგადოებრივი მორიტორინგის სტრუქტურა,სადაც შევლენ უფლებადამცველები რასაც მართებულად სთავაზობდა ხათუნა კალმახელიძეს, ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, მაგრამ სამწუხაროთ როგორც გამოჩნდა არარსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება.