სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობის შემდეგ დასავლეთის მიერ მოსყიდულმა პარტიულმა ელიტამ თანმიმდევრულად დაიწყო ქვეყნისა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების მორყევა. ჯერ კიდევ რევოლუციის წინა პერიოდში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ აძლიერებდნენ რევოლუციურ მუხტს რუსეთის იმპერიაში, “მათ გათვლილი ჰქონდათ, რა ფორმით და როგორ უნდა განაწილებულიყო ნედლეულით მდიდარი ტერიტორია, რომელზე მცხოვრები ადამიანებიც “უვარგისია ცივილიზაციისთვის” (მარკიზ დე კიუსტინი).
ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულმა მიგრანტებმა რევოლუციის გამარჯვებისთანავე დაიწყეს განხორციელება თავიანთი ჩანაფიქრისა, რომლისთვისაც ყველაზე იოლი გზა სამოქალაქო ომის გაჩაღება იყო, რათა სხვათა დაუხმარებლად ერთმანეთი დაეხოცათ აბორიგენებს, რომლებიც ამ მდიდარ ტერიტორიას განაგებდნენ. რევოლუციის შემდგომ ქვეყნის სათავეში ადგილობრივ მცხოვრებთა 2% მოხვდა, დანარჩენი ყველა არარუსი იყო, არა რუსეთის პატრიოტები, ავანტიურისტები და სწორედ მათ დაიწყეს თავიანთი ავანტიურისტული გეგმების განხორციელება.
მივყვეთ თავიდან: სტალინის წინააღმდეგ პირველად ქართველმა რევოლუციონერებმა გაილაშქრეს, სწორედ აქ, საქართველოში უწოდეს მას ნაცრისფერი რევოლუციონერი და წარმოშობით ოსი პროვოკატორი. სწორედ ქართველმა რევოლუციონერებმა აიძულეს ახალგაზრდა კობა, გასცლოდა საქართველოს, თავისი ცხოვრება სხვა ხალხების სამსახურში გაეტარებინა და სხვა მიწას მიბარებოდა. როგორც ბევრი სხვა უბედურება, ესეც ჩვენი “საამაყო მენშევიკების” ბრალია.
ტურუხანსკის გადასახლებიდან 1917 წლის 12 მარტს პეტროგრადში დაბრუნებული სტალინი იმავე დღეს მივიდა “პრავდის” რედაქციაში და გამოაქვეყნა გაზეთის პირველ გვერდზე წერილი, ხოლო 14 მარტს _ ორი დღის შემდეგ, ხელში აიღო “პრავდის” რედაქტორობა და დაიწყო შეტევა დროებით მთავრობაზე. 18 მარტს სტალინი აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ხელმძღვანელობაში და დანიშნეს პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა მიიღო დაშიფრული ტელეგრამა თავისი სამხედრო აგენტისგან, რომ ლენინი მოსყიდულია გერმანიის დაზვერვის მიერ და თანმხლებ პირებთან ერთად დალუქული ვაგონით მიემართება პეტროგრადისკენ. (იხ. ფოტო #1)
დროებითმა მთავრობამ ხმაური ატეხა მიღებული ინფორმაციის გამო, რაც იმის მიზეზი შეიქნა, რომ გამოეწერათ ორდერი ლენინის დაპატიმრების შესახებ.
1917 წლის 7 ივლისს გამოიცა ბრძანება ლენინის დაპატიმრების შესახებ გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით. სტალინმა ლენინი ალილუევების ოჯახში გადამალა. ორი დღის შემდეგ სტალინმა თავისი ხელით გაპარსა ლენინს თავისი ცნობილი “ბლანჟე” და, როგორც შეეძლო, სახე შეუცვალა. ლენინს გაჰყვა ზინოვიევი და ორივემ სესტორეცკის ყურეს შეაფარეს თავი, როგორც მთიბავებმა. ტროცკის ჯვარი დაესვა ლენინის ადგილის დასაკავებლად. ქვეყნის ხელმძღვანელად სტალინი დარჩა. სწორედ სტალინი გამოვიდა პარტიის მეექვსე ყრილობაზე ლენინის ნაცვლად და ანგარიში ჩააბარა პარტიას. სტალინი იქნა არჩეული იმ ხელმძღვანელთა ვიწრო წრეში, რომლებიც უნდა გაძღოლოდნენ ცენტრალურ კომიტეტს.
“სტალინის ხმა” კიდით-კიდემდე გაისმა იმპერიაში. სტალინზე იწერებოდა ყველა ცენტრალურ თუ პერიფერიულ პრესაში. 1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე 400 გვერდზე შექმნა და გამოაქვეყნა საპროგრამო მასალები, რომლებიც მოცემულია დღეს ყველასგან მივიწყებულ მის თხზულებათა მესამე ტომში.
რამდენად სკრუპულოზურად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას იმ საშვიდანაც ჩანს, რომელიც მასზე 1918 წლის 1 მარტს გასცეს. (იხ. ფოტო #2).
ეს საშვი სმოლნის სასახლეში შესვლის ნებართვაა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა იცნობდა, საშვი მაინც უნდა გაესინჯათ, ასე იყო შემდგომ კრემლშიც. სტალინი ყველა შესვლა-გამოსვლაზე აკურატულად აწვდიდა თავის საშვს ოფიცერს, რის გამოც იგი ძალიან გაცვდა.
რევოლუციის შემდგომ, 1917 წლის 2 ნოემბერს, პირველი მნიშვნელოვანი დეკრეტი, რომელიც ლენინის ხელისუფლებამ მიიღო, იყო დეკლარაცია რუსეთში შემავალი ხალხების უფლებების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ სტალინი და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლენინი. პირველი, ვინც თვითგამორკვევის უფლებით ისარგებლა და დატოვა რუსეთის ფარგლები, ფინელები იყვნენ, შემდეგ _ ბალტიისპირელები, მათ მიჰყვა უკრაინა, სულ ბოლოს რუსეთს ამიერკავკასიის რესპუბლიკები ჩამოშორდნენ.
ლენინი ძალიან წუხდა ნაციონალური მხარეების ჩამოშორებას რუსეთისგან და ამტკიცებდა, რომ სწორედ ფედერალიზმი განამტკიცებს ქვეყნის ერთიანობასა და სიმტკიცეს, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც იყო სტალინი.
1917 წლის ბოლოს სტალინმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ფედერალიზმის წინააღმდეგ”, რომელშიც წერდა:
“ნუთუ გასაგები არ არის, რომ ფედერალიზმი რუსეთში ვერ გადაწყვეტს და არც შეუძლია გადაწყვიტოს ნაციონალური საკითხი, რომ ის მხოლოდ გააძნელებს და აურ–დაურევს ყველაფერს” (იხ. ფოტო #3 და ფოტო #4).
ლენინის დაჟინებული მოთხოვნით რუსეთი მაინც გახდა ფედერაციული რესპუბლიკა. სტალინთან დიდი მუშაობა დასჭირდა ლენინურ გვარდიას და თვით ლენინს, რათა დაეთანხმებინათ წამოყენებულ იდეაზე. რა შედეგითაც დამთავრდა რუსეთის ფედერალიზმი, აშკარაა. მაგალითისთვის მხოლოდ ჩეჩენო-ინგუშეთისა და ამიერკავკასიის სხვა ხალხების რუსეთთან ურთიერთობაც კმარა, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე.
1922 წელს რუსეთში მძვინვარე შიმშილობამ უბიძგა ლენინსა და ტროცკის, თავის მხარეზე გადაეყვანათ ისედაც შეშინებული მღვდელმთავრები და რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელს თანხმობა ათქმევინეს საეკლესიო განძეულის ეკლესიებიდან გამოტანასა და გაყიდვაზე, რითაც უნდა შეეძინათ პური შიმშილობის დასაძლევად. მიუხედავად სასულიერო და საერო ხელისუფლებების ძალისხმევისა, რუსეთის მრევლმა ხელი არ ახლო საეკლესიო განძეულობას, რასაც ადგილებზე სისხლიანი შეტაკებებიც კი მოჰყვა.
“უღმერთოთა კავშირის” თავმჯდომარე ლევ ტროცკიმ 1922 წლის 12 მარტს სტალინს წერილით მიმართა, რომ ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს მონასტრებიდან სამონასტრო ქონების ამოღება და სთხოვს, მიიღოს ზომები პასუხისმგებელ პირთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ მიცემულ დავალებას. სტალინმა ტროცკის წერილს რეზოლუცია გაუკეთა “განვიხილოთ ბიუროზე”. სტალინი”.
ლენინი და ტროცკი დეკრეტის ძალით მოითხოვდნენ იმ პირთა დაპატიმრებასა და დახვრეტას, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ მონასტრებიდან განძეულის გატანას, რის გამოც ქალაქ შუია-ვოსკრესენსკის ეკლესიის განძის მცველები 15 მარტს დეკრეტის ძალით დახვრიტეს. შედგა პოლიტბიუროს სხდომა, რომელზეც სტალინის პრინციპულ მოთხოვნას, გაუქმებულიყო ლენინისა და ტროცკის მიღებული დეკრეტი ეკლესიებიდან განძის ამოღებისა და ადამიანთა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, პოლიტბიუროს უმრავლესობამ სტალინის წინადადებას მხარი დაუჭირა. მიუხედავად პოლიტბიუროს გადაწყვეტილებისა, ლენინი და ტროცკი სთხოვდნენ დავალების შემსრულებლებს, გაეგრძელებინათ განძის ამოღება და რეპრესიები.
თუ როგორ აისახება ლენინისა და ტროცკის დამოკიდებულება ეკლესიისა და მღვდელმსახურთა მიმართ, ოფიციალურ დოკუმენტებში თვალნათელი გახდება, როცა ამ ბრძანებას წაიკითხავთ:
“ბრძანება #13666/2. 10/ 5/ 1919 წელი.
სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს, ამხ. კ. ძერჟინსკის
სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროთ მღვდლებისა და რელიგიის საქმე. მღვდლები დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, როგორც კონტრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები, ისინი ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილნი. რაც შეიძლება მეტი ეკლესია უნდა დაექვემდებაროს დაკეტვას. ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს.
სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი.
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ულიანოვი (ლენინი)
1923 წლის 16 აგვისტოს პარტიის მე-12 ყრილობის შემდეგ სტალინმა გამოსცა ცირკულარული წერილი #30 ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა პარტიული ორგანიზაციის სახელმძღვანელოდ. წერილში ეწერა შემდეგი:
“სასულიერო პირებთან და ორგანიზაციებთან დამოკიდებულების შესახებ”.
ყველა გუბერნიასა და ორგანიზაციას! მოვითხოვთ, შეწყდეს ეკლესიების ძარცვა და დაკეტვა იმ მოტივით, რომ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ამის განკარგულება გასცა, რეგისტრაციის გაუვლელობისთვის თუ ბეგარის გადაუხდელობისთვის. “დაპატიმრებები რელიგიური მოტივით”, თუ მათ არ უმტკიცდებათ ანტისახელმწიფოებრივი ქმნედებები. შეწყდეს მლოცველთა დარბევა და დაშინება, რაც უფრო აძლიერებს რელიგიურ გრძნობებს”.
1936 წელს კულტურის სამინისტრომ სცენიდან მოხსნა დემიან ბედნის პიესა “გოლიათი”, რომელიც რუსეთის მონათვლას ეხებოდა.
როგორც ჩანს, პიესის მოხსნა სცენიდან სტალინის მითითებით მოხდა, რაზეც მიანიშნებს დემიან ბედნის მიმართ სტალინის წერილი, რომელშიც სტალინი მკაცრად მიმართავს მას რუსი ხალხის აუგად მოხსენიების გამო. პიესაში კი წმინდა ვლადიმერი “დერჟიმორდად” ჰყავს გამოყვანილი. ეს რუსი ხალხის უპატივცემულობად ჩათვალა სტალინმა. პიესის ავტორი კი მკაცრად გააკრიტიკა. ის უსაქმურობა, რომელსაც დემიან ბედნი რუს ხალხს მიაწერს, “ეს რუსი ხალხის მიმართ ცილისწამებაა”, _ ასკვნის სტალინი.
“ამონაწერი ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომის ოქმიდან.
12 მარტი 1933 წელი.
20-30-იან წლებში მიმდებარე ტერიტორიებსა და რაიონებში სრულიად განადგურდა 10 ეკლესია. სამასი დარჩენილი კი გადაკეთდა ქარხნის საამქროებად, კლუბებად, საერთო საცხოვრებლებად, ციხეებად, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ იზოლატორებად და კოლონიებად. არქიტექტურული განაშენიანების გეგმები ითვალისწინებს 500-ზე მეტი ტაძრისა და ეკლესიის აღებას. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ცენტრალური კომიტეტი შეუძლებლად მიიჩნევს მშენებლობის პროექტრირებას ტაძრებისა და ეკლესიების ხარჯზე, რაც ძველი რუსული ხუროთმოძღვრების არქიტექტურულ ძეგლებად უნდა ჩაითვალოს. საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები და მუშურ-გლეხური პოლიტ-მილიცია მოვალენი არიან, ყოველგვარი ზომები მიიღონ ძველი რუსული ხუროთმძღვრების არქიტექტურული ძეგლების დასაცავად და ამ საქმეში დისციპლინარული და პარტიული პასუხისმგებლობაც გამოიყენონ.
ცეკას მდივანი ი. სტალინი”.
“ამონაწერი ცკ-ის პოლიტბიუროს სხდომის ოქმიდან, 11 ნოემბერი 1939 წელი
რელიგიის, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელი მორწმუნეებისადმი ცკ ადგენს:
- ამიერიდან მიზანშეუწონლად ჩაითვალოს სსრკ-ის შსსკ-ის ორგანოების პრაქტიკა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა, მართმადიდებელ მორწმუნეთა დაპატიმრებისა;
- ამხანაგ ულიანოვის (ლენინის) 1919 წლის 1 მაისის ბრძანებულება #13662/2 “მღვდლებთან და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ”, რომლის შესრულება დავალებული ჰქონდა ამხ. ძერჟინსკისა და შესაბამის ორგანოებს, გაუქმდეს;
- შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ჩაატაროს იმ ბრალდებულთა და დაპატიმრებულთა საქმეების რევიზია, რომლებიც უკავშირდებოდნენ ღვთისმსახურებას. გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ამ მოტივით იყვნენ დაპატიმრებულნი, თუ კი მათ მოქმედებას ზიანი არ მოუტანია საბჭოთა ხელისუფლებისათვის;
- გადაწყვეტილებას იმ მორწმუნეთა საკითხის შესახებ, რომლებიც ციხეში იმყოფებიან და სხვა კონფესიებს განეკუთვნებიან, ცკ დამატებით გამოიტანს.
ცკ-ს მდივანი ი. სტალინი”.
სტალინი, როგორც თავგანწირული რაინდი, ურყევად დგას რუსი ხალხის სადარაჯოზე და არავის მიუტევებს რუსი ხალხის შევიწროებასა და შეურაცხყოფას.
აი ამის ნათელი მაგალითი:
“1943 წლის 4 სექტემბერს გამომიძახეს სტალინთან (წერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე-4 განყოფილების ხელმძღვანელი გ. გ. კარპოვი ) და მომთხოვეს, მიმეწოდებინა შემდეგი ინფორმაცია:
- მიტროპოლიტ სერგის დახასიათება (ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, მისი ავტორიტეტი ეკლესიაში, მისი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან);
- მიტროპოლიტების _ ალექსისა და ნიკოლაის _ დახასიათება;
- როდის და როგორ იქნა არჩეული პატრიარქად ტიხონი;
- ვინ არიან მსოფლიო და იერუსალიმის პატრიარქები;
- ინფორმაცია ბულგარეთის, იუგოსლავიის, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელების შესახებ;
- როგორ მატერიალურ პირობებში იმყოფებიან ამჟამად მიტროპოლიტები სერგი, ალექსი და ნიკოლაი;
- საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლური ეკლესიებისა და საეპისკოპოსოების შემოსავლები;
მას შემდეგ, როდესაც პასუხი გავეცი, დამისვეს პირადი ხასიათის 3 კითხვა:
- ვარ თუ არა რუსი?
- რომელი წლიდან ვარ პარტიაში?
- რა განათლება მაქვს და რატომ ვარ გათვითცნობიერებული საეკლესიო საკითხებში?
ამის შემდეგ ამხანაგმა სტალინმა თქვა:
_ საჭიროა, შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც განახორციელებს ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კავშირს და მე მომმართა, მქონდა თუ არა ამის შესახებ წინადადება. ვუპასუხე, რომ ამ საკითხისთვის საკმარისად მზად არ ვიყავი, მაგრამ ვთქვი, რომ, ვინაიდან უკვე არსებობდა საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან მუდმივად მოქმედი კომისია კულტის საქმეების შესახებ, აქედან გამომდინარე, შექმნილიყო სსრკ-ის უმაღლეს საბჭოსთან კულტის საქმეთა განყოფილება.
ამხ. სტალინმა შემისწორა, რომ მსჯელობა მიდიოდა არა უმაღლეს საბჭოსთან, არამედ მთავრობასთან არსებულ ორგანოს შექმნაზე და საუბარია, ან კომიტეტის, ან საბჭოს ორგანიზებაზე, შემდეგ ისევ ჩემი აზრი იკითხა.
ვუპასუხე, რომ მიჭირდა ამ საკითხებზე აზრის გამოთქმა. სტალინი კი დაფიქრდა და შემდეგ განაცხადა:
- საჭიროა, მთავრობასთან (სახკომსაბჭოსთან) შეიქმნას საბჭო, რომელსაც ვუწოდებთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების საქმეთა საბჭოს;
- საბჭოს დაეკისრება, განახორციელოს ურთიერთკავშირი მთავრობასა და პატრიარქს შორის;
- საბჭო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს, აბარებს ანგარიშს და იღებს მითითებებს მთავრობისგან.
ამხანაგმა სტალინმა მალენკოვსა და ბერიასთან შეათანხმა და შემდეგ მეც მკითხა აზრი, საჭირო იყო თუ არა მიტროპოლიტების _ სერგის, ალექსისა და ნიკოლაის მიღება. როცა დადებითი პასუხი მიიღო, იქვე ამხანაგ სტალინის აგარაკზე დამავალეს, დამერეკა მიტროპოლიტ სერგისთან და მთავრობის სახელით გადამეცა შემდეგი:
თქვენ გესაუბრებათ სახ. კომისართა საბჭოს წარმომადგენელი. მთავრობას სურვილი აქვს, მოგიწვიოთ თქვენ, აგრეთვე, მიტროპოლიტები _ ალექსი და ნიკოლაი, მოისმინოს თქვენი გასაჭირი და დაგეხმაროთ თქვენი პრობლემების გადაჭრაში. თქვენი მიღება შესაძლებელია ან დღესვე საათ_საათნახევრის შემდეგ, ან, თუ ეს დრო არ გაკმაყოფილებთ, მაშინ მიღების ორგანიზება შეიძლება ხვალ (კვირას), ან მომავალი კვირის ნებისმიერ დღეს. იქვე ამხნაგ სტალინის თანდასწრებით დავუკავშირდი მიტროპოლიტ სერგის და გადავეცი ზემოაღნიშნული, ვთხოვე მოთათბირებოდა მიტროპოლიტ ალექსისა და ნიკოლაის, თუ ამჟამად ისინი მასთან იმყოფებოდნენ.
ამის შემდეგ სტალინს მოვახსენე, რომ მიტროპოლიტები მადლობას უხდიან მთვრობას ასეთი ყურადღებისთვის და გამოთქვეს სურვილი, რომ დღესვე მოვიდოდნენ მიღებაზე.
ორი საათის შემდეგ მიტროპოლიტები _ სერგი, ალექსი და ნიკოლაი კრემლში მობრძანდნენ, სადაც ისინი ამხანაგმა სტალინმა მიიღო სახკომსაბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში. მიღებას ვესწრებოდით მე და ამხანაგი მოლოტოვი.
ამხ. სტალინისა და მიტროპოლიტების საუბარი 1 საათი და 55 წუთი გრძელდებოდა.
ამხ. სტალინმა მიტროპოლიტებს უთხრა, რომ საბჭოთა მთავრობამ იცის ომის პირველი დღეებიდანვე ეკლესიის პატრიოტული საქმიანობის შესახებ, რომ ფრონტიდან და ზურგიდან მთავრობა მრავალ წერილს იღებს, რომლებშიც მოწონებულია ეკლესიის პოზიცია სახელმწიფოს მიმართ.
ამხ. სტალინმა მოკლედ აღნიშნა ეკლესიის დადებითი როლის შესახებ ომის დროს. სთხოვა სტუმრებს, გამოეთქვათ საპატრიარქოში არსებული და მათი პირადი გადაუჭრელი პრობლემები.
მიტროპოლიტმა სერგიმ ამხ. სტალინს მოახსენა, რომ ყველაზე მთავარ და მომწიფებულ პრობლემას წარმოადგენს ეკლესიის ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის საკითხი, რადგან, უკვე 18 წელია, იგი საპატრიარქოს მეთვალყურეობს, მაგრამ საბჭოთა კავშირში სინოდი არ მოქმედებს 1935 წლიდან; ამიტომ სასურველია მღვდელმთავართა კრების მოწყობა, რომელიც აირჩევს პატრიარქს და 5-6 არქიელისგან შემდგარ ორგანოს (სინოდს).
მიტროპოლიტებმა ალექსიმ და ნიკოლაიმ ასევე გამოთქვეს აზრი სინოდის შექმნის აუცილებლობაზე და დაასაბუთეს, რომ ეს არის ყველაზე სასურველი და მისაღები ფორმა; აღნიშნეს, რომ მღვდელმთავართა კრებაზე სავსებით კანონიკურია.
მოიწონა რა მიტროპოლიტ სერგის წინადადება, ამხ. სტალინმა დასვა კითხვები:
ა) როგორი წოდება ექნება პატრიარქს?
ბ) როდის იქნება შესაძლებელი მღვდელმთავართა შეკრება?
გ) საჭიროა თუ არა დახმარება მთავრობის მხრიდან, რათა კრება წარმატებულად ჩატარდეს (შენობა, ტრანსპორტი, ფულადი დახმარება და ა.შ)?
მიტროპოლიტმა სერგიმ უპასუხა, რომ ეს საკითხი მათ წინასწარ განიხილეს და ისინი მიიჩნევენ სასურველად და სწორად, თუ მთავრობა ნებას დართავს, პატრიარქს მიენიჭოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წოდება (ასეთი იყო პატრიარქ ტიხონის წოდება).
ამხ. სტალინი დაეთანხმა.
მეორე კითხვაზე მიტროპოლიტმა სერგიმ უპასუხა, რომ მღვდელმთავართა კრება შესაძლებელი იქნება ერთი თვის შემდეგ. ამხ. სტალინმა გაიღიმა და იკითხა:
_ განა არ შეიძლება ბოლშევიკური ტემპების გამოვლენა?
ამ კითხვით მე მომმართა, ამიტომ ვუპასუხე, რომ, თუ ჩვენ დავეხმარებით მიტროპოლიტ სერგის შესაბამისი ტრანსპორტით (თვითმფრინავებით) ეპისკოპოსთა მოსკოვში ჩამოსაყვანად, მაშინ კრება შეიძლება ჩატარდეს 3-4 დღის შემდეგ.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)