ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლო დროს გახშირებულ ფაქტებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, გასულ კვირას საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ «ფრიდომ ჰაუსმა» გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიის ქვეყნებშია შეყვანილი. ფართო საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, მოდი, ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს ტერმინი ჰიბრიდული რეჟიმი.
_ პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ შენ, როგორც განვითარებულ ქვეყანას, არ გიყურებენ. უბრალოდ, გთვლიან არშემდგარ სახელმწიფოდ, რომელსაც, ერთის მხრივ, გაგაჩნია დემოკრატიულობის პრეტენზია, მაგრამ, მეორე მხრივ, გაქვს ის რეალობა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, მძიმე შეფასება და, როგორც წესი, ამას ხელისუფლებისთვის უნდა ჰქონდეს ერთგვარი დარტყმის ეფექტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ყოველთვის, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს დასკვნებს დებენ, მათ შეფასებებში მაინც გაუთვალისწინებელია ხოლმე რეალურად აქ არსებული მდგომარეობა. კერძოდ, რას ვგულისხმობ: კი, «ფრიდომ ჰაუსის» და სხვების ბოლოდროინდელი ანგარიშები საკმაოდ კრიტიკულია, მაგრამ გარდა იმისა, რაზეც მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია საუბარი, ჰიბრიდული რეჟიმი სხვა რამესაც ნიშნავს. იმის თქმა მინდა, რომ, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით, არ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის დეფინიცირება. მე ვფიქრობდი, რომ, თუკი არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები, რომლებსაც მართლა აინტერესებთ, რა ტიპის ქვეყანას წარმოადგენს საქართველო, უფრო საფუძვლიანი ანალიზი გაკეთდებოდა. მით უფრო, ამის ყველა პირობა არსებობდა, თუ სურვილი იქნებოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამ სურვილს ვერ ვხედავ და დღეს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში ჩანს ზედაპირულობა, რისი ახსნაც ორი მიზეზით შეიძლება: ან უინტერესობით, ან უცოდინარობით.
_ კონკრეტულად რა ანალიზს გულისხმობთ? არ არის დღეს ისედაც ნათელი, რა ტიპის სახელმწიფოა საქართველო?
_ ნათელია, მაგრამ გააჩნია, რა დონეზე. აქ ლაპარაკია კვალიფიციურ ანალიზზე. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ შესწავლა, ვინ არის ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, რა ორიენტაცია აქვს მას და საერთოდ, არის თუ არა იგი რომელიმე პოლიტიკური ორიენტაცის. ამ ხელისუფლებამდე მეტ-ნაკლებად ვიცოდით, ვისთან და რა ძალასთან გვქონდა საქმე. მაგალითად, ზვიად გამსახურდია, რომელიც მოვიდა კომუნისტებთან ბრძოლის, შეურიგებლობის ლოზუნგით, მის მიერ დაშვებული არაერთი შეცდომის მიუხედავად, ვიცოდით, რომ არ იყო საბჭოთა ტიპის მმართველი. მოგვწონდა ან ვარგოდა ეს თუ არა, სხვა საკითხია, საუბარია იმაზე, რომ ვიცნობდით, მის პოლიტიკას. რაც შეეხება შემდგომ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაშიც ყველამ ვიცოდით, რომ ქვეყანას მართავდა ძველი კომუნისტური სისტემიდან წამოსული პოლიტიკოსი, რომელიც მთელი არსით, მსოფლმხედველობით მაინც საბჭოთა სისტემას მორგებული ფიგურა იყო და მან ვერ შეძლო, ფეხი აეწყო იმ რეალობისთვის, რომელსაც ის პერიოდი სთავაზობდა.
ახლა რა ხდება დღევანდელ ვითარებაში, რა ტიპის მმართველობა გვაქვს სახეზე? თავის დროზე ეს ხელისუფლება მოვიდა ლოზუნგით, რომ თითქოს შევარდნაძის დემოკრატია მას არ აკმაყოფილებდა და გვპირდებოდა თავისუფლების ახალ ტალღას, რომელიც ქვეყნის განვითარების გარანტი უნდა ყოფილიყო. ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად დასავლეთში ამას აჰყვა, მხარი დაუჭირეს სააკაშვილს და შედეგად მივიღეთ რაღაც გაუგებარი და გაურკვეველი სახის მახინჯი ძალა, რომელსაც საბოლოო ჯამში ვერც ერთ ტიპს ვერ მიაკუთვნებ. აქ ხშირად ისმის ხოლმე შეფასებები, რომ ეს არის ფაშისტური რეჟიმი, ნეობოლშევიკური, ავტორიტარული და ა. შ. ვფიქრობ, რომ ეს არც ერთია, არც მეორე და არც მესამე. ეს არის არატიპიური სახელმწიფო, რომელიც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, განწირულია ყველანაირი კრახისთვის, თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა…
_ დავუბრუნდეთ «ფრიდომ ჰაუსის» ანგარიშს, ამ დოკუმენტში საქართველოში დემოკრატიის დონე 4,82 ქულითაა შეფასებული, ხოლო საარჩევნო სისტემა _ ხუთი ქულით. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს ციფრები აქ არსებულ მდგომარეობას?
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი. 4,82 ქულით რომ შეიძლებოდეს იმ მდგომარეობის შეფასება, რომელიც დღეს აქაა შექმნილი, რა გვიჭირდა, ათი თავით უარესი ვითარება გვაქვს.
_ თქვენი აზრით, რამდენი ქულა იქნებოდა რეალური?
_ შევარდნაძის დროს ჩვენი დემოკრატია შეფასებული იყო ოთხი ქულით, ახლა კი 4,82 ქულითაა ჩაწერილი. ვეკითხები ამ კვლევის ავტორებს: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, დემოკრატიის დონემ მხოლოდ 0,82 ქულით დაიწია? მედია აიღეთ ან, გნებავთ, პენიტენციური სისტემა, სასამართლოები, სიკვდილიანობა ციხეებში, ყველგან არის კატასტროფული გაუარესება, დეგრადაცია და რომელ დემოკრატიაზეა საუბარი! გამოდის, რომ ან მაშინ გვატყუებდნენ, როცა ოთხი ქულა დაგვიწერეს, ან ახლა. სხვაგვარად ეს ყველაფერი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. რაც შეეხება თქვენს კითხვას _ რამდენი ქულაა რეალური _ წინა ხელისუფლების დროს 4,0 ქულა თუ იყო, ახლა მინიმუმ შვიდი მაინც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ, მაშინდელთან შედარებით, ის, რაც დღეს აქ ხდება, არანაირი ტიპის დემოკრატიასთან, თუნდაც გარდამავალთან, არანაირად თავსებადი არაა. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, უპრეცენდენტო სისტემა ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც, ვიმეორებ, ვერ მიაკუთვნებ ვერც ერთ წყობას და კატეგორიას.
_ თქვენი აზრით, «ფრიდომ ჰაუსი» პოლიტიზირებული ორგანიზაციაა?
_ პოლიტიზირებული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საერთოდ ყველა დიდი ორგანიზაცია, რომელიც არის დომინანტი საერთაშორისო დონეზე, მეტ-ნაკლებად ყოველთვის დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ეს იგრძნობა ყველაფერში და, რა თქმა უნდა, მის მიერ მომზადებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებშიც. სახელიანი ორგანიზაციაა მსოფლიოში, ამ ცოტა ხნის წინათ სოროსის ფონდისგან მიიღო ასი მილიონი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას გარკვეული ვალდებულებები უკვე გააჩნია იმ თავისი დაფინანსების წყაროსთან. მორჩა, ყველაფერი გასაგებია. აქ უკვე აღარაა საუბარი მიუკერძოებლობაზე. ასე რომ, კი, ერთის მხრივ, ასეთი გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ, მათ რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მიუკერძოებლობას აქვს საზღვარი. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არ არის მართვადი პროცესი, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხებს, დავინახავთ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლირებადია; ხოლო დემოკრატია და ადამიანის უფლებები პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად, სამწუხაროდ, გამოყენებულია ისეთივე იარაღად, როგორიცაა ატომი, ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღი და ა. შ.
_ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ 27 მაისის აქციის შემდეგ პატიმართა მიმართ მოპყრობა განსაკუთრებით გამკაცრდა. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სინამდვილეს?
_ არამარტო 27 მაისის შემდეგ, საერთოდ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, პატიმართა ცხოვრება გახდა აუტანელი. პირადად ჩემთვის ცნობილია არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, ამასწინათ 26 მაისს ქუთაისში დაკავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხუთი დღე გაატარა ციხეში, მიყვებოდა, რომ იქ პირობები იყო გაუსაძლისი. რაც შეეხება მოპყრობას ადმინისტრაციის მხრიდან, ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, ისეთი საშინელებები მიამბეს. წარმოიდგინეთ, საკვები მიჰქონდათ დღეში ერთხელ და, სანამ საკანში შეიტანდნენ, კონტროლიორები პატიმრის თვალწინ რიგრიგობით აფურთხებდნენ შიგ. რამე უკმაყოფილება რომ გამოეთქვათ, ალბათ, ცემით ტყავს გააძრობდნენ, და ჰყავდათ ეს ბავშვები ასე, სადისტურად, გამომწყვდეული. გარდა ამისა, როგორც ყოველთვის, ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ემუქრებოდნენ ისეთი რამეებით, რომ ადამიანი შეიძლება შეიშალოს. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ახალგაზრდებისთვის ფსიქიკა დაენგრიათ და ბოლოს, რომ გამოვიდნენ, ერთ-ერთი მათგანი იძახდა, აღარასოდეს აღარ გავიხედავ ქუჩისკენ, საერთოდ სახლიდანაც აღარ გამოვალო. აი, ასეთი საშინელებები ტრიალებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დღითიდღე ეს ხდება სულ უფრო მასშტაბური, სულ უფრო მწვავე ხასიათის, იმიტომ, რომ რეჟიმი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ამავე დროს ხედავს, რომ საზოგადოებაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, არის კატასტროფულად მზარდი და შეუვალი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, დღესდღეობით ციხეში მყოფი ადამიანებიდან უმეტესობას შეიძლება, თავისუფლება საერთოდ ცხოვრებაში არ ეღირსოს, იმხელა სასჯელები აქვთ მათ მისჯილი და ისეთ პირობებში უწევთ ამ სასჯელის მოხდა.
_ ის ბოლო ფაქტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, არც ერთი უფლებადამცველის მხრიდან გაპროტესტებული არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, მოვლენის მიჩუმათება ამ შემთხვევაში უფრო დიდი საფრთხის შემცველი არ არის?
_ ყველამ ვიცით, რომ ამ რეჟიმისთვის უფლებადამცველების საუბარი ძაღლის ყეფასავითაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს, ასე რომ არ იყოს, თავის დროზე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელშიც გაიხსნა ციხეები და მონიტორინგის საშუალება ჰქონდა ყველას. დღეს კი ასევე ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანა, რომელშიც ციხეები დაიხურა. ასე რომ, რა აზრი აქვს გაპროტესტებას, აქ უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები, რეჟიმი უნდა შეიცვალოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული უფლებადამცველი რას იტყვის და რას გააპროტესტებს, არაფერს ნიშნავს.
_ რადგან ცვლილება ახსენეთ, მოახლოებულ არჩევნებზეც გკითხავთ: თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, არსებობს იმის წინაპირობა, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა მოხერხდება? რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არასწორად ხდება იმის შეფასება, თუ რა რეჟიმია და საერთოდ, რა ვითარებაა ქვეყანაში. როგორ შეიძლება, ასეთი მმართველობის პირობებში არჩევნებზე იყოს რამე იმედები დამყარებული? თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთშიც კი, რომელსაც ესენი მუდმივად აკრიტიკებენ და, მოგეხსენებათ, დემოკრატიას უწუნებენ, ბოლო არჩევნები იყო გაცილებით უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ამათ მიერ აქამდე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები. იქ კამერები იდგა და ხალხი პირდაპირ ხედავდა, რა ხდებოდა. ჩვენთან ხომ ეს გამორიცხულია?! ამასაც თავი დავანებოთ, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, რა არის საჭირო? მხოლოდ და მხოლოდ ისაა გადამწყვეტი, ხმას ვის მისცემს მოქალაქე? ჯერ ერთი ის ხმის მიცემის პროცესიც, ყველამ ვიცით, რა დაშინებების ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ ვთქვათ, გმირებად გადაიქცა თითოეული მოქალაქე და მაინც არ შემოხაზა ხუთიანი, თქვენ გჯერათ, რომ ესენი გაყალბებას ვერ გაბედავენ? ისე გააყალბებენ, როგორც არაფერი… და რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? ის გაყალბებული ოქმები ხომ უნდა წაიღო სასამართლოში, სადმე ხომ უნდა გაასაჩივრო? რა აზრი აქვს ამათ სასამართლოში ოქმის წაღებას? ყველაფერი ამათ ხელშია: მოსამართლეები, პროკურორები თვალებში შესციცინებენ, ისინი გამოიტანენ სამართლიან განაჩენს? ეს ხომ გამორიცხულია! ასე რომ, თქვენს კითხვას რაც შეეხება, შეიძლება თუ არა არჩევნებით რამის შეცვლა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება; სააკაშვილის რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლას გამოვრიცხავ.
ახლა, ალბათ, მკითხავთ, რა გზა არსებობსო, სიმართლე გითხრათ, გამოსავალს მე ვერ ვხედავ, თუმცა ერთი რამ ფაქტია, კერძოდ ის, რომ საზოგადოების ერთიანობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ აქვს. არაფრის გარანტია არ არსებობს და მითუმეტეს, ძალიან მცირეა შანსი, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხერხდეს, მაგრამ, ვიმეორებ, ყურების ჩამოყრითა და დადუმებით მივიღებთ ათჯერ და ასჯერ უფრო მკაცრ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა, საზოგადოების მხრიდან, უნდა იყოს მუდმივი და შეუქცევადი. მხოლოდ ეს თუ მიიყვანს ქვეყანას საბოლოოდ რაიმე შედეგამდე, თორემ ამათი მმართველობის პირობებში სრული მოშლა და განადგურება გარდაუვალია.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია