ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ქეთი ბექაური.
_ ქალბატონო ქეთი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სააკაშვილმა ერთგვარი პიარაქცია ჩაატარა და შეწყალების კომისიის მიერ გადაგზავნილი 70-კაციანი ნუსხიდან 66 პატიმარი «დემონსტრაციულად» შეიწყალა. ამით ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არც ისე მკაცრია, როგორც ოპოზიცია გვიხატავს ხოლმე. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე და როგორ აფასებთ იმავე შეწყალების კომისიის მუშაობას?
_ აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, რომ ამ ე. წ. შეწყალებით ხელისუფლებამ ვითომ საკუთარი კეთილგანწყობა დაგვანახა; მაგრამ, მეორე მხრივ, რა ხდება ციხეებში და რა მდგომარეობაში არიან პატიმრები, ყველამ კარგად ვიცით. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა და სამართალი ფაქტობრივად მიძინებულია, რომელ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაზეა საუბარი?!
რაც შეეხება შეწყალების კომისიას, რისთვის შეაკოწიწა იგი ხელისუფლებამ და რა ძალა გააჩნია მას სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ერთი რამ მართლა გაურკვეველია: რა კრიტერიუმებით ხდება მსჯავრდებულების შეწყალება. მე ვეკითხები ხელისუფლებას: რატომ არ შეიწყალა ომარ ქუცნაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილის მამა, ნორა კვიციანი და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებიც უდანაშაულოდ არიან ციხეში. რატომ არ იწყალებენ სამასამდე დაპატიმრებულ იმ ახალგაზრდას, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ?! აი, ესაა ამათი შერჩევითი სამართალი და ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა. ნაწილი პატიმრების მიმართ ტარდება ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომლის იდეის ავტორიც და სულის ჩამდგმელიც, გახლავთ პირადად მიხეილ სააკაშვილი.
_ დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით ბეჭდურში, ხშირად მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ 2003 წლამდე საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო კრიმინალის მაღალი მაჩვენებლით. ამ თემას გასულ კვირას, 27 მაისს, ბიბისიმ მცირე სიუჟეტიც კი მიუძღვნა. როგორ ახსნით ამ ყველაფერს?
_ მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმავე ბიბისის და მსოფლიო მასშტაბის სხვა წამყვან მედიასაშუალებებს სერიოზულად აინტერესებთ, სადღაც საქართველოში რა ხდება. აქ სულ სხვა ამბავია: მათ, უბრალოდ, კოლოსალურ თანხებს უხდიან და ალაპარაკებენ იმას, რაც ამათ უნდათ. თვრამეტი მოქმედი ციხეა დღეს საქართველოში და თვრამეტივე სადიზმის დაწესებულებაა, სასაკლაოდაა გადაქცეული; ფაშისტები არ უშვებოდნენ, ალბათ, საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეებს იმას, რასაც ესენი უკეთებენ მსჯავრდებულებს…
გავიხსენოთ იგივე მალხაზ არქანიას შემთხვევა. როცა ეს ადამიანი წალენჯიხიდან ზუგდიდში გადმოჰყავდათ, გზაში ისე სცემეს და ისე აწამეს, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მის წამებაში პირადად მონაწილეობდა ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი მეგის ქარდავა, რომელიც დააწინაურეს და თანამდებობაზე დანიშნეს სწორედ იმის გამო, რომ პატიმრების მიმართ სადისტური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია, იმიტომ, რომ ტიპიურ ავტორიტარულ რეჟიმებს მსგავსი რამ ახასიათებს.
_ დღესდღეობით ერთადერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემატური მონიტორინგის საშუალება აქვს, სახალხო დამცველის აპარატია. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად და ზუსტადაა ხოლმე ტუღუშის ანგარიშებში ციხეებში არსებული მდგომარეობა ასახული?
_ ვერ ვიტყვი, რომ ომბუდსმენის აპარატი არაფერს აკეთებს. ბოლო ანგარიში, რომელიც მათ დადეს, ძალიან მწვავე იყო, მაგრამ არაქმედითი და არაეფექტიანია ეს აპარატი, ვინაიდან მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ის, რომ ტუღუში ამხელს, ვთქვათ, ვაჟა ცხვედიანს, ავსაჯანიშვილსა და სხვა ჯალათებს, ე. წ. რესბალნიცაში ვინც არიან, ეს პანაცეა არ არის, უნდა შეიქმნას რაღაც ალტერნატივა, რომელიც დააბალანსებს ამ ყველაფერს. დღეს კანონი იცვლება იმის მიხედვით, სად როგორ დასჭირდება ხელისუფლებას. ამ დროს კონტროლის მექანიზმები, ფაქტობრივად, არ არსებობს და ნებისმიერ ცვლილებას, მნიშვნელოვანს თუ ნაკლებად მნიშვნელოვანს, ისე ახორციელებენ, რომ ჩვენ ვეღარც ვიგებთ ამას. მაგალითად, დაზარალებული, როგორც მხარე, საერთოდ ამოიღეს საპროცესო სივრციდან, ახლახან ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მაცნობა, რომ აპირებენ მოწმის ინსტიტუტის გაუქმებას. ხელისუფლება ახლა უკვე ცდილობს, დააკანონოს ის, რაც არანაირად არ ჯდება კანონიერების ჩარჩოებში.
_ ერთის მხრივ, გასაგებია, რომ შეწყალების პოლიტიკით ხელისუფლება ქულების დაწერას ცდილობს, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ციხეებში წნეხი მატულობს ხოლმე. ამჯერად როგორ ხდება?
_ შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, პირდაპირ პროპორციულად იზრდება ტერორი და წნეხი მსჯავრდებულებზე. ყველაზე მეტი ზეწოლა კი ხორციელდება იმ პატიმრებზე, რომლებმაც შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ამოწურეს სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება. ამის ნათელი მაგალითია ქსნის #7 დაწესებულების ერთ-ერთი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი, რომელსაც ცემით კინაღამ სული ამოჰხადეს იმის გამო, რომ სტრასბურგში შეიტანა საჩივარი. ასევე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბოლო დროს გამოჰყავთ თურმე პატიმრები და აბსოლუტურად უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ აიძულებენ, შეაგინონ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს. ვინც ამას არ შეასრულებს, დემონსტრაციულად დასჯიან. მსგავსი მეთოდებით ხელისუფლება გავლენას ახდენს არა მარტო პატიმრებზე, არამედ მათ ზურგს უკან მდგომ ათეულ და შეიძლება, ასეულ ათასობით მოქალაქეზე.
ამ ხელისუფლებას უკვე აღარ უნდა არანაირი მითითებისა თუ რეკომენდაციის შესმენა, მიუხედავად იმისა, საზოგადოებისგან მოდის ეს მითითება თუ რომელიმე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ესაა, ის, რაც ახასიათებს ყველა ავტორიტარულ რეჟიმს და, ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც სააკაშვილს ხელისუფლებაა…
ჯაბა ჟვანია