ილია ჭავჭავაძის ნაშრომები წინასწარმეტყველურია. როცა მის პუბლიცისტურ წერილებს ვკითხულობთ, თვალწინ გვიდგას დღევანდელობა _ თითქოს სარკეში საკუთარ თავს ვხედავთ, რადგან “საჯილდაო ქვა” ვიყავით და ისევ ვართ; ჩრდილოეთისკენ გვექაჩებიან, თან დასავლეთისკენ ვიწევით, მთავარი კი გვავიწყდება, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” და არ ვიყოთ ვინმესგან მართული.
ილიას პუბლიცისტიკა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური იმის გამო გახდა, რომ მკითხველი მასში საკუთარ თავს ცნობს. “განათლება ჩვენში ფეხმძიმედ დადისო”, _ ილიას ეს ფრაზა დღევანდელ საქართველოს უფრო შეჰფერის, ვიდრე ილიას ეპოქას, რადგან მაშინ საქართველოს ჰყავდა ბუმბერაზი ადამიანები თერგდალეულთა სახით, რომელთათვისაც სამშობლო იყო უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი და არა საკუთარი კარიერა. ჩვენს გაზეთში არა ერთხელ დაიბეჭდა წერილები იმის თაობაზე, თუ რა უანგაროდ ემსახურებოდნენ ისინი მამულს, რა ფასდაუდებელი ღვაწლი და ამაგი ჩადეს ქართული საქმეების კეთებაში, იქნებოდა ეს “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, ქართული უნივერსიტეტის გახსნა, ბანკის დაარსება თუ მრავალი სხვა.
წლებია, საქართველო პოლიტიკური პარტიების ბრძოლის ველია მხოლოდ. ამის გამო ვერც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ვერც სოფელი დადგა ფეხზე და ვერც ქალაქმა იხეირა; მეტიც _ საქართველოში გაიზარდა არაქართველი მოსახლეობის წილი და მოგვიმრავლდნენ “საშოვარზე გადაგებული”, ოჯახის გამოსაკვებად უცხოეთში გადახვეწილი ემიგრანტები. ამ ფონზე პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება რომ ხეირს არ დააყრის ქვეყანას, ფაქტია. და ეს ფაქტიც ხელის გულზე დაგვიდო ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, როდესაც მთელი რიგი აკრძალვებისა დააწესა ჩვენ წინააღმდეგ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის პარლმანტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში მივიდა სხვა დელეგატებთან ერთად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.
აღნიშნულს მოჰყვა მოსახლეობის უკმაყოფილება, რაც შესანიშნავად გამოიყენეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მათმა განაყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა, შედეგად საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩვენში განათლება, როგორც დიდი ილია იტყოდა, “ასკინკილობს”; ხოლო “საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გუნებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოველის ჩვენის შეძლებითა და ღონითა”.
ახლა კი ისევ ილიას მოვუსმინოთ, რას ამბობს ქართველი ერის გონებრივ განვითარებასა და ზნეობრივ განწმენდაზე, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს.
“განათლება ჩვენში ფეხმძიმედ დადის”
* “ყველამ კარგად იცის, რომ განათლება ფეხმძიმედ დადის, ნამეტნავად ჩვენში ასკინკილობს” (“კაცია ადამიანი?!” 1858-63 წ.).
* “არახალხში, რომელიც კი განათლებულებში ჩაითვლება, წერა-კითხვა ისე ნაკლებად არ არის გავრცელებული, როგორც ჩვენსაში. უწინდელს დროს, როდესაც მამაკაცები სულ ომში ტრიალებდნენ და წიგნის კითხვისათვის არა სცალოდათ, დედაკაცები მაინც არ ანებებდნენ ამ საქმეს თავსა, მიიბარებდნენ შეგირდებს და ამ-რიგად ქართულს მწიგნობრობას ძირიანად ამოვარდნას უშლიდნენ”. (“შინაურიმიმოხილვა”. 1879 წ. აპრილი).
* “ეხლანდელს დროში დედაკაცები ისე-რიგად აღარ ეწყობიან წიგნის კითხვას და მამაკაცებს კი ჯერ გულდადებით არ მოუკიდნიათ ამ საქმისათვის ხელი, მართალია, ჩვენს სოფლებში ათასში ერთგან ამ უკანასკნელს ხანს შკოლები გაიხსნა, მაგრამ ისე კანტი-კუნტად, რომ ერთს შკოლიანს სოფელზედ ასი მეტი უშკოლო მოდის”. “ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორიშორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გვიკვირდეს, რომ იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსებით შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ. ამ დიდ მანძილზედ განა ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს? ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძლიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან”. (“ოთარაანთქვრივი”. [1886] – 6 ქრისტეშობისთთვეს 1887 წელსა).
* “განათლება იმაში კი არა მდგომარეობს, რომ მიწასთან გავასწოროთ კაცი, რატომ შენც განათლებული არა ხარო; არამედ, როგორც ძმას, რომელსაც არა ჰქონია ბედი განათლებისა, მოჰკიდო მზრუნველი ხელი და დააყენო ფეხზედ. აი, კაცი განათლებული, მარგებელი ქვეყნისა, აი ამგვარ კაცის წინ მოვიდრეკ თავსა და თაყვანსა ვცემ”. (“ზოგიერთი ხანა მოთხრობისა “მარგალიტი ლექში”. 1861-1863 წ.).
* “რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონეთ მარტო ცოდნა და განათლებაა. არა ღონე არ ექნება გაუნათლებელს კაცს თავის ჯაჭვის დასამტვრეველად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენში ან სულ არ არიან ამისთანა კაცნი, და თუ არიან, ძალიან ცოტა”. (“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. 1861-1863 წ.).
* “_ ეგ ცხადია. _ უნივერსიტეტში ნამყოფი კი ბევრი ხართ. _ ეგ რაზედ მიბძანეთ? _ იმაზედ, რომ თუ ჩვენში მცოდნენი და განათლებულნი ცოტანი არიან ან სულ არ არიან, მაშ უნივერსიტეტში რას აკეთებდით მაგდენი ხალხი? _ იმას ვაკეთებდით, რომ შინაურობაში წამხდარი გული და ზნეობა ჩვენი ცოტად თუ ბევრად გავისწორეთ, გადავიკეთეთ. ჩვენ ვჯობივართ ჩვენზედ ცუდებს, ეს არის ჩვენი სახელი.
_ შორს არ წასულხართ.
_ ცოტათი მაინც ხომ წავედით წინ, თქვენ კი უკან და უკან მიდიხართ.
_ ვინ ჩვენ?
_ ქალები, ესე იგი მთელი ნახევარი საქართველოსი. _ უნივერსიტეტი ჩვენთვის დახურულია.
_ გააღეთ კარები და შედით.
_ მოუმზადებელნი?
_ მოემზადენით.
_ რომ არ გვამზადებთ?
_ კიდეც ეგა, რომ თქვენ სულ მზა-მზაობა გინდათ. თქვენ ვერსა კარგს ვერა იქთ, თუ ძიძაობის შველაზედ ხელს არ აიღებთ. იბრძოლეთ და წაიღეთ. თორემ დაგიკრეფიათ ხელები და შესცქერით: აცა, კარს გაგვიღებენო და ჩვენც დავინახავთო მზიან ქვეყანასაო”. (“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. 1861-1863 წ.).
“ჯერ-ხანად უკურნებელი და ძალიან მწვავე ტკივილიც”
* “ჩვენი ჯერ-ხანად უკურნებელი ტკივილი და ძალიან მწვავე ტკივილიც ის არის, რომ ჩვენის ქვეყნის სწავლა-განათლების საქმე მეტად ცუდად არის მოწყობილი და პატრონი არ არის, რომ ყურადღება მიაქციონ და რაც შეიძლება შესცვალონ და გაასწორონ. ნაკლულევანება ამ მოწყობილობისა ხშირად და ვრცლად ყოფილა ნაჩვენები აქაურ მწერლობაში, მაგრამ მითამ კედელზედ ცერცვი შეგიყრია, არავის ყურიც არ გაუბერტყნია. ან რად უნდოდათ, რომ ყური გაებერტყნათ? სწავლა-განათლების საქმე განა იმისთანა დიდი რამ არის, რომ ამისათვის თავი გაიცხელონ, ვისიც ჯერ არს. იქნებიან ერთი ათი-თხუთმეტი წელიწადი, მერე იტყვიან: “უკაცრავად, თქვენთან დანაშაული მაქვსო”, დაჰკრავენ ფეხსა და წავლენ. ვინ არის პატრონი? ვინ არის გამჩხრეკი? ერთი შიგ ჩახედონ აქაურ პედაგოგებს გულში გამჭრიახის თვალით და ნახონ, რა ღვარძლი აქვთ იმისთანა, რომ ესე ხანგრძლივ და შეუბრალებლად გესლავენ ჩვენს სწავლა-განათლების საქმეს. ერთი იკითხონ, სწავლა-განათლების მეტს სხვას რას ეძებენ და რათ ეძებენ ჩვენებური პედაგოგები? რას იზამ? გამკითხველი ვინ არის? არიან და ფარფაშობენ” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. ივლისი).
* “აქაურის სწავლა-განათლების მზრუნველის 1880 წლის ანგარიში რომ გადაათვალიეროთ, ნახავთ, რომ სწავლა-განათლება ჩვენში ტაატით მიდის და გულ-აცრუებით საზოგადოდ და ქართველობისათვის საკუთრივ; ნახავთ, რომ აქ, ჩვენში,, სწავლა-განათლებას ყველანი ნაკლებად ეწაფებიან და ქართველები ხომ ნაკლებ და ნაკლებ” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. ივლისი).
* “რას უნდა მივაწეროთ ესრეთი მცირედობა მოსწავლეთა რიცხვისა საზოგადოდ და ქართველებისა საკუთრივ? აქ მიზეზი ორ-გვარია: ერთი საზოგადოა, მეორე საკუთრივ ქართველობას შეეხება. საზოგადო მიზეზს შეადგენს სასწავლებლის პროგრამების უთავ-ბოლობა და უმსგავსობა, იმიტომ რომ ეს პროგრამები არ შეესაბამება არც პედაგოგიურს მოთხოვნილებას, არც აქაურს ვითარებას და არც ბავშვის ძალ-ღონეზედ არის დაფუძნებული. თვითონ სასწავლებელი ცოტანი არიან, და რაც არიან _ ისიც ერთ ალაგს, ქალაქებში ჯგუფად თავმოყრილნი და არა გაფანტულნი და მორიგებულნი საჭიროებისამებრ სხვადასხვა ადგილას, ასე რომ მწყურვალნი ვერ მისწვდომიან. გარდა მაგისა, სწავლა-განათლების საქმისათვის მეტად ცოტა ფულია ერთობ დანიშნული” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. ივლისი).
* “საკუთრივ ქართველების საქმეს კი სხვა მიზეზიც აბრკოლებს. პირველი მიზეზი ის არის, რომ ქართველები უფრო სოფლად მცხოვრებნი არიან, სასწავლებლები კი ქალაქებშია, მაშასადამე სასწავლებელზედ ქართველები შორს არიან და მოკლებულნიც ღონისძიებას შვილების განათლებისა. რუსები _ როგორც მოხელეობის მქონენი და სომხები _ როგორც ვაჭრები, სულ სხვა ყოფაში არიან ამ მხრით. ესენი სულ თითქმის ქალაქებში ცხოვრობენ, ესე იგი სასწავლებელზედ ახლო, ამიტომაც ეადვილებათ შვილების აღზრდა და შენახვა. მეორე მიზეზი, რომ სომხების და სხვა რჯულის ხალხნი ქართველებზედ მეტნი სწავლობენ, ის არის, რომ სწავლა-განათლების საქმეს დიდ ხელს უწყობენ სომხისა თუ სხვა რჯულის ხალხის სამღვდელოება” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. ივლისი).
* “თუ გინდათ, რომ ჩვენის ქვეყნის სიმდიდრე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში, ხვეწნას და ღრეჭას თავი დაანებეთ და მეცნიერების ფარ-ხმალით შემოსეთ აქაურობა” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).
* “საერო განათლების საქმე უნდა გადაისინჯოს და ძირიანად გადაკეთდეს, რომ განათლებამ მართლა ფეხი გაიდგას და მოიკიდოს ჩვენში. ეყო აქაურობას ამოდენა ჭმუჭვნა, აქეთ-იქით ქანება, წაჯექ-უკუჯექობა. დროა განათლების საქმეს მთელის ქვეყნიერებისაგან აღიარებული საფუძველი დაედოს, ერთხელ და ერთხელ თავის საკუთარს გზაზედ დაყენებული ქმნას, განათლების საქმეში განათლების მეტი არავინ არ შეურიოს და წმინდა რამ არ აამღვრიოს” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).
* “წელს გამოცხადებული იყო, რომ კლასიკურს გიმნაზიაში ოც-და-ერთმა ყმაწვილმა კაცმა დაასრულა კურსი. ამ ოც-და-ერთში, ჩვენდა სამწუხაროდ, და უკეთ ვსთქვათ, საუბედუროდ, არც ერთი ქართველი არ ურევია. ბევრი რამ არის საოცარი ამ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმაზედ საოცარი, რომ შუაგულს საქართველოში წელიწადები გადის და ერთი ქართველი არ ასრულებს კურსსა, ამაზედ საოცარი-მეთქი არა მგონია სხვა რამ იყოს” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი).
* “რას უნდა მივაწეროთ ამისთანა უნუგეშო ამბავი? ჩვენი კეთილის-მყოფელნი, რასაკვირველია, ადვილად მოგვიგებენ ამის პასუხს და იტყვიან, _ თქვენს უნიჭობას თუ არა, ზარმაცობას ხომ წინ არა უდგა რაო. ეს პასუხი მთქმელისათვის იქნება სანუკვარიც იყოს, მაგრამ მართალია თუ არა, მაგისი კი ნურას უკაცრაოდ… ჩვენს ქართველს ყმაწვილს დიდი ხარიხი ხვდება სწავლის მიმდინარეობაში. ჯერ თითონ პროგრამა გიმნაზიისა აიღეთ თავისის ლათინურით და ბერძნული, რომელნიც იმოდენა ხეირს აყრიან ყმაწვილს, როგორც წყლის ნაყვა, ანუ ნაცრისქექა. თუნდა მორს მძიმე ტვირთს აუვიდეს კიდეც ჩვენი ყმაწვილი, მაინც კიდევ ერთი სხვა მძიმე ტვირთი აწევს კისერზედ. ჩვენი ქართველი ყმაწვილი ორ-გვარს სიძნელეს შეეხლება ხოლმე გიმნაზიაში. ერთი _ საგნის, მეცნიერების სწავლას, რომელიც ერთნაირად მძიმე რამ არის ყველასათვის და აუცილებელიც და მეორე _ იმ უცხო ენის შეთვისებას, რომლის საშუალებითაც საგნებს ასწავლიან. ამაში-კი ტვირთი სწავლისა ერთნაირად მძიმე არ არის რუსისა და ქართველს შორის. რაღა საკვირველი უნდა იყოს ამას იქით, რომ რუსმა უფრო ადვილად გაიაროს სწავლისგზა, ვიდრე ქართველმა! რუსი მარტო საგნებსა სწავლობს და ქართველი-კი საგნებსაც და რუსულ ენასაც, ურომლისოდაც ერთს ბიჯსაც წინ არ წაადგმევინებენ, თუნდა ჰუმბოლტის მეცნიერებით აღსავსე იყოს”. (“შინაური მიმოხილვა” 1879 წ. მაისი-ივნისი).
* “რაც შეძლებული სომხობაა, სულ ქალაქში მცხოვრებელია, მაშასადამე, გიმნაზია კარ-წინა აქვთ. ამასთან შემძლებელნიც არიან, როგორცა ვსთქვით. ამათგანმა რომ ორიოდემ შეასრულოს ხოლმე კურსი წელიწადში, არარაობად უნდა ჩაითვლებოდეს. ათასში და ათი-ათასში ერთი განა მაგალითად მოსატანია ამ შემთხვევაში! მინამ ჩვენი გიმნაზიები შრომას და ჯაფას არ გაუთანასწორებენ ქართველს, სომეხს და რუსს, იმ დრომდე ძნელად საფიქრებელია, რომ ქართველებმა და სომხებმა წააჭარბონ რუსებს გიმნაზიაში” (“შინაურიმიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი).
* “მინამ ის სანატრელი დრო მოვა, არც ჩვენ უნდა ვისხდეთ გულხელ-დაკრეფილნი; კაცი ის არის, ვინც გაჭირვებაშიც ცდილობს, რომ სიმძიმე გარემოებისა როგორმე შეიმსუბუქოს, ან აქეთ მოუაროს საქმეს, ან იქით და როგორმე უშველოს თავსა. აბა, მაგალითად, ჩვენ როგორ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს? პირველი, რომ ჩვენი საკუთარი სასწავლებელნი უნდა ვიქონიოთ, მერე იმისთანა სასწავლებელნი, რომ ჩვენს შვილებს ბინაც ჰქონდესთ, საზოგადოებაც და სწავლაც. ყველაზედ უპირველესი წამალი ეს არის და ამაზედ უნდა მიექცეს ყოველივე ჩვენი ყურადღება, მეცადინეობა და გამრჯელობა. სხვის მაყურებელი მოკვდა უზიარებელიო, ნათქვამია. ეს წუთის-სოფელი ისეა მოწყობილი, რომ ყველა თავისთვისა ჰფიქრობს და სხვა, რასაკვირველია, თავისათვის უფრო იფიქრებს. “თავად-აზნაურთა საზოგადოებამ შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის” თავისი სკოლა გახსნა ტფილისში, და იქ ოც-და-ათს ყმაწვილს ბინა, საზრდოება და პირველ-დაწყებითი სწავლა ეძლევა; ორმოც-და-ათამდე მოარული შეგირდებიცა ჰყავს. ქუთაისელებიც, ბანკის ფულის შემწეობით, აპირობენ ამ-გვარის სკოლის გახსნას და ჯერ-ხანად რვაასი თუმანი აქვსთ ამ საგანზედ. ტფილისის სკოლას კიდევ აქაურმა ბანკმა შესწირა ათას-ასი თუმანი წელს და ხუთასამდე შარშან. ეს ყველა კარგია, მაგრამ ყველა ეგ ცოტაა. ეგ სკოლები წყლულს ვერ გაგვიმთელებენ, თუმცა ეგენიც დიდი საქმეა ჩვენთვის. ჩვენ ჩვენი საკუთარი გიმნაზია გვინდა. ჩვენმა ქართველობამ თავისი სრული თანაგრძნობა და გულშემატკივრობა ამაზედ უნდა მიაქციოს, თუ არ სურს, რომ მისი სახელი და კვალი მტვერსავით აიგავოს დედამიწის ზურგიდამ. საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გუნებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოველის ჩვენის შეძლებითა და ღონითა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი).
* “ამბობენ, გიმნაზიის შენახვას ორი-ათას-ხუთას თუმნიდამ სამი-ათასამდე მოუნდებაო წელიწადში. ეს იმოდენა ფული არ არის, რომ ჩვენს ბანკს გაუჭირდეს ამისი გამოღება, ზოგი გარეშე შესაწირავი იქნება, ზოგი თითონ გიმნაზიას ექნებაშემოსავლად და ამ სახით საქმე საქმეზე ადვილად მოეწყობა. ქართველობავ, დამიჯერე, რომ ჯერხანად ამაზედ უკეთესს საქმეს ვერ მოახმარებ შენს ქონებითს ძალასა. ამისათვის გაისარჯე, თუ გინდა მამა-პაპათა ნათქვამისამებრ შვილი მამასა სჯობდეს და მომავალი _ აწმყოს. დღევანდელის მომდურავებმა ხვალინდელი დღე მაინც კარგი გავითენოთ” (“შინაურიმიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი).
სკოლა _ უსწავლელობის წამალი
* “საქართველოსა ჰქონდა ერთი დროება, თამარ-დედოფლის დროსა. მხოლოდ იმან გახსნა საბერძნეთის გზა და ამ გზაზე გამოიარეს მშვიდობიანად იმ მსწავლულმა ხალხმა, რომლების სახელებიც ეხლა ჩვენ ვიცით. მათგანი ერთი უპირველესი მანათობელი არის შოთა რუსთაველი. ჩვენა გვაქვს ცოტაოდენი ცნობა ზოგიერთ თხზულებაებიდგანა, რომა იმ თამარ-მეფის საუკუნეში ქართველებს სულაც არა სძინებიათ: ისინი მაშინვე დიდი სიყვარულით შეუდგნენ სწავლასა: და ჩვენ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იმ დროებიდამ აქამომდე რომ არ შეწყვეტილიყო ახალი და წყობილი სწავლა, ამ ექვს საუკუნეში იქნება საქართველოში ყოფილიყო ისეთი განვრცელებული სწავლა და ხელოვნება, რომა ემჯობინებია იმ ხალხის სწავლისათვის, რომელნიც ეხლა არიან განთქმულნი. მაგრამ თამარ-დედოფლის მიცვალების შემდგომ ლანგ-თემურმა და სხვა მრავალმა მაჰმადიანებმა ააოხრეს საქართველო და ამგვარად გაჰქრა საქართველოს ლიტერატურა თავისსავე დასაწყისში” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).
* “ვინ არ იცის, რომ თავი და ბოლო ჩვენის უღონობისა, უკან ჩამორჩომისა, ჩვენის უბედურებისა, _ უმეცრება და უსწავლელობაა. ესეც ყველამ იცის, რომ უმეცრების და უსწავლელობის წამალი სხვათა შორის სკოლაა. სხვათა შორის-მეთქი, სხვათაშორის კი არა, ერთი უპირველესი და უმთავრესი ღონისძიება სასწავლებელია” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).
* “სკოლა იმისთანა რამ არის, რომ თუ ერთგან ფეხი მოიკიდა, არამცთუ რიცხვით იკლებს დროთა მიმავლობაში, არამედ იბღარტებს ხოლმე” (“შინაური მიმოხილვა” 1879 წ. მაისი-ივნისი).
* “სკოლა, სასწავლებელი, ორ-პირი ხმალია. ვნების მოტანაც შეუძლიან და დიდი სიკეთისაც. ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის მოწყობილი და აგებული პროგრამა სწავლებისა” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).
* “მეცნიერნი ბრალსა სდებენ ეხლანდელს სკოლას, უკიჟინებენ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებსო… სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში. წურთვნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს _ სხვა. წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზედა სწავლა-კი გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე” (“პედაგოგის საფუძვლები”. 1888 წ.).
* “მეორე სახსარი სწავლა-ცოდნის მოფენისა, რასაკვირველია, ჟურნალ-გაზეთობაა” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).
* “გუთანს ცოდნაც უნდა, რომ ერთი-ათად იმაზედ მეტი შესძლოს, რის შემძლებელიც აქამომდე იყო. ერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა სკოლაა, და იმ ცოდნისა, რომელიც გუთანს, ანუ უკეთ ვსთქვათ, მიწის-მოქმედებას ხელს უწყობს და შეჰფერის, _ სამეურნეო სკოლაა. ამ-გვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. ნოემბერი).
* “კარგის გასაგონებლად კაცი მომზადებული უნდა იყვეს, გონება უნდა ჰქონდეს გახსნილი, განათლებული, თორემა ბნელის გონებით ბნელაში კაცი რას დაინახავს” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).
* “ერთი უდიდესი ნაკლულოვანება ის არის, რომ ეხლანდელს სკოლას აზრადა აქვს, რაც შეიძლება ბევრი სწავლა-ცდონა შესძინოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წურთვნას-კი თითქმის სრულიად უყურადღებოდ სტოვებს. ამ სწავლა-ცოდნასაც ისეთის დიდის საწყაოთი იძლევა, რომ მოსწავლე ძლივძლიობით ასდის, სულით და ხორცით იქანცება, არაქათი უწყდება და ბოლოს გამრჯელ, მხნე, სულითა და ხორცით ღონიერ ადამიანის მაგიერ უძლური, უღონო და ჯან-გალეული კაცი გამოდის სკოლიდამ. ამ-სახით, ეხლანდელი სკოლა მიმართულია მარტო გონების აღტაცებაზედ და სხვა მხარეს ადამიანის ბუნებისას არამც-თუ ჰშველის, არამედ სჩაგრავს და ჰხუთავს” (“პედაგოგიის საფუძვლები”. 1888 წ.).
* “დედა-აზრი ეხლანდელის პედაგოგიის მიმართულებისა იგია, რომ ადამიანი უნდა იწურთვნებოდეს სკოლაში ყოველმხრით: გონებით, ზნე ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს. ეს დედა-აზრი, რომელსაც ეხლანდელნი მეცნიერნი ჰლამობენ დაუდვან სკოლას, ახალი ამბავი არ არის. მაგ დედა-აზრის სათავე ჯერ კიდევ საშუალ-საუკუნოებში მოიპოვება, სახელდობრ, ეგრეთ-წოდებულ “განახლების ეპოქაში”, როცა თავი იჩინა ჰუმანობის მოძღვრებამა. “ახალის საპედაგოგიო სისტემა სკოლის საფუძვლად სდებდა ოთხს დედა-აზრსა: ა) საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი. ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებულ იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი. გ) რადგანაც ბავშის ცოცხალსა, მკვირცხლსა და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედობს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება, ამიტომაც ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადაუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნიც ასე ბევრი მოიპოვებიან ძველს დროში. დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს თავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზედ. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალ ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭევრმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლადა და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნებისმეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველმისას, რაც არსებობს, და ბოლოს ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალ-წინ გვიყენებს” (“პედაგოგიის საფუძვლები. 1888 წ.).
* “ერთი დიდი უპირატესობა ეხლანდელის სკოლისა ის არის, რომ იგი მარტო დიდკაცთათვის აღარ არის და საყოველთაოა, როგორც დიდისა, ისე პატარასათვის, როგროც მდიდრისა, ისეც ღარიბისათვის. არც იმასა აქვს ეჭვი, რომ ეხლანდელს სკოლაში თითონ ხერხის წავლებისა ბევრად უკეთესია უწინდელზედ, მაგრამ ესეც-კი უნდა ითქვას, რომ ეხლანდელი სკოლა ბევრში უკან ჩამორჩომილია უწინდელზედ. დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიც აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა; დავიწყებულია, რომ კაცს ტანი და აგებულობაცა აქვს, რომელიც წურთვნითა და ვარჯიშობით უნდა გაღონიერდეს, გაჯანიანდეს, გამაგრდეს, რადგანაც ჯანმრთელობა უდიდესი მადლია, რომელსაც-კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე თვისთა რჩეულთა. ამ მხრით ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება “განახლების” დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა” (“პედაგოგიის საფუძვლები”. 1888 წ.)
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე