Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაუბრუნა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაუბრუნა

1065

ინაუგურაციის წინა დღეს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაუბრუნა. სასწაულმოქმედი ხატის უძველესი ასლი ათონის მთიდან რუსეთში 1648 წელს ჩააბრძანეს. ხატის გადაცემის ცერემონიალი მოსკოვის ნოვოდევიჩის დედათა მონასტერში გაიმართა და მას ათასობით მორწმუნე დაესწრო.

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი 350 წლის განმავლობაში ინახებოდა ნოვოდევიჩის მონასტერში, ხოლო რევოლუციის შემდეგ ისტორიული მუზეუმის საცავებში გადაიტანეს. მას შემდეგ ხატმა მხოლოდ რამდენიმეჯერ დატოვა მუზეუმის კედლები მომლოცველებთან მისაბრძანებლად.

ვლადიმერ პუტინმა ხატის გადაცემისას განაცხადა: «ეს სიწმინდე  ჩვენს წინაპრებს ასწლეულების მანძილზე მფარველობდა მშვიდობიან შრომაში, ბრძოლაში, მათ შორის სმოლენსკის დამპყრობლისგან განთავისუფლებისას XVII საუკუნეში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე წარმოუდგენელია რუსული სახელმწიფოებრიობა და ჩვენი კულტურა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სხვა ტრადიციული კონფესიები, ჩვენი ზნეობრივი ფასეულობების მცველია. სიხარულის გრძნობით გადავცემ ამ ხატს მართლმადიდებელ ეკლესიას, დაე, იგი მსახურებდეს და ხალხს ეხმარებოდეს».

პატრიარქმა კირილემ ხაზგასმით აღნიშნა: «დღეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ხდება. თქვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი, ისტორიული მუზეუმიდან სამუზეუმო თანამეგობრობის სრული თანხმობითა და ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერით, ვინც კარგად იცის ამ ხატის სულიერი და კულტურული ღირებულება, აბრუნებთ სასწაულმოქმედ ხატს იმ ადგილზე, სადაც იგი ყოველთვის იმყოფებოდა».

ბედის ირონიით, საბჭოთა პერიოდში ნოვოდევიჩის მონასტერი მუზეუმი იყო და ივერიის ღვთისმშობლის ხატს მისი კედლები არ დაუტოვებია, ოღონდ კარადაში იყო გამოკეტილი. რამდენიმე წლის წინ კი, როცა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნეს, ხატი მუზეუმში გადაიტანეს. სამართლიანობა მხოლოდ ახლა აღდგა.

ისტორიული წყაროების თანახმად, IX საუკუნეში, ხატმებრძოლეობისას, ნიკეის ახლოს _ ერთ მდიდარ და ღვთისმოსავ ქვრივს ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. იმპერატორმა თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებიათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და, როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს, მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებიათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა.

მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმწამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისგან, ხოლო თვით ხატი _ ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისკენ გასცურა.

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.

არავინ იცის, სად და რამდენხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის საპატივცემულოდ ეწოდა, საღამოხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერი ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომის მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბრწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა.

ივერთა მონასტერში ბერებმა გამუდმებული ლოცვები დაიწყეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა _ გაბრიელ ბერმა, რომელმაც სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ, კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენიმეჯერ განმეორდა.

ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: «გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს, ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არამარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე, ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და, აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა».

მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება «პორტაიტისად», ანუ «კარიბჭისმცველად». ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ეწოდება ხატს «ივერიის ღმრთისმშობელი». ხატის წინ კიდია დიდი, ვერცხლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:

«ჰო?, დედუფალო, დედაო კაცთმოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირსმყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტიც ხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისაგან სვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამო?სა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა სულისა მისისა, აწ დამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ».

ივერიის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ცნობილია მამა გაბრიელის მოწოდება ქართველი ერისადმი: «სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?»

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here