უამრავმა ადამიანმა დამირეკა და გულწრფელი მადლობა მითხრა იმ ისტორიული მომენტების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც წინა წერილში გავაცანი ჩემ ერთგულ მკითხველს, მაგრამ მისაყვედურეს კიდეც იმის გამო, რომ აზრი შეწყდა იქ, სადაც ამბის თხრობამ კულმინაციას მიაღწიაო. მთხოვეს, გადამეცა გაზეთის რედაქციისთვის მკითხველთა სურვილი, რომ, თუ შესაძლებელი იქნება, აკაკი ვასაძის მოგონებები სტალინზე ერთ მთლიან მასალად დაიბეჭდოს. მე კი შევასრულე თქვენი თხოვნა, მაგრამ გაზეთის 24-გვერდიანი ფორმატი არ იძლევა საშუალებას, ნომერში ერთ მასალას 6 გვერდი დაეთმოს. თუმცა, აკაკი ვასაძის მოგონებებს სტალინზე სრულად წაიკითხავთ ჩემი წიგნის _ “სტალინის” V ტომში, რომელსაც შემოდგომაზე იხილავს მკითხველი.
_ არაფერი მოგწიოს მაგ ჩერჩილმა, საშიში კაცია, სოსო, _ გულუბრყვილოდ გააფრთხილა მიხეილ ტიტვინიძემ.
_ რა უნდა მომწიოს, ახლა რაღა შეუძლია?! წავიდა მაგის შიშის დრო. ისე კი, თუ რამე გიპოვა რბილი ადგილი, არ დაგინდობს… ჩერჩილის ტაროსი მორჩა, აღარ არის. ორი წლის წინათ მოსკოვში მარტო აღარ ჩამოვიდა, უკვე იდენი ახლდა, საგარეო საქმეთა მინისტრი. დაიბნა, თავგზა აერია ბებერ ლომს, უკვე მოკავშირე სახელმწიფოების კარდაკარ დაეხეტება, ეგებ რამე ვიყნოსოო.
_ ეჰე, რა არის ცხოვრება?! ხუთი წლის წინათ არ იკადრებდა ჩერჩილი ჩვენთან ვიზიტით მობრძანებას, _ ჩაიროხროხა სოსო ცერაძემ.
_ ასეა, ჩემო ძმაო, ამ ომში ბევრს დავანახვეთ საქმე და ვითარება. ბევრი მიხვდა უკვე ომის დროსაც, რომ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ხრიკებით ვერას გახდებიან და ახლა უჩვენოდ არც ერთ ძველ თუ ახალ მოკავშირეს საერთაშორისო საკითხების გადაჭრა აღარ შეუძლია. აქეთ უნდა შეგვეკითხონ და კიდევ გვეახლონ. არა, ჩემმა მზემ, დიდხანს მოუწევთ ლოდინი, სანამ იქით ვეახლები. კაცი კარდაკარ ხეტიალს რომ მოჰყვება, იმის საქმე რიგზე ვერაა. ჩვენი საქმე კი რიგზეა. ჯერ თუ მთლად ვერ არის რიგზე, მალე იქნება. ომმა შეგვიშალა ხელი და მალე გამოვასწორებთ ყველაფერს. საბჭოთა ქვეყანა არა მხოლოდ მკლავით, არამედ სულითაც ღონიერი ქვეყანაა; იდეოლოგიურად ყველაზე მართალი ქვეყანა და მის მეთაურს ყველაზე მეტი სიდინჯე, თავდაჭერა და სიამაყეც მართებს.
მის აგარაკზე რომ დავბრუნდით, თითქოს წინასწარ ჰქონდაო მოფიქრებული, მრგვალი მაგიდისკენ წაგვიძღვა, საიდანღაც ამიერკავკასიის რუკა გამოიტანა და მაგიდაზე გაშალა:
_ აბა, კანდიდ, აგერ _ ფანქარი და მოხაზე ახლადნელი საქართველოს საზღვრები.
კანდიდ ჩარკვიანმა აიღო ფანქარი და რუკაზე აღნიშნულ ჩრდილოეთის საზღვრებს იქით ზოლის გადატარება დააპირა, მაგრამ შეყოვნდა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაავლო.
_ ნუ გეშინია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას როგორმე კიდევ ვიშოვი!
და კანდიდმა ახლა ფანქრით ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა ომის შემდეგ საქართველოს შემატებული ჩრდილოეთის ტერიტორია.
_ აი, ეს მესმის! ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა. ესეც პასუხად მათ, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, ვინც გვისაყვედურებდა, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია შეამცირაო… რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოსთვის?!
_ უზარმაზარი მხარეა, მაგრამ ქართველები ფეხს ითრევენ იქ დასახლებაზე. ძვირფასი ტყეები, საძოვრები, მშვენიერი ჰავა და წყლებია საკურორტო ადგილების გასაშენებლად; სახნავ-სათესი მიწებიც არის, მაგრამ ქართველი კაცის ხასიათი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამხანაგო სტალინ, _ სხვის მიწაზე თვალი არასდროს სჭერია. ცენტრალურ კომიტეტში თითქმის ყოველდღე მოდის ქლუხორში ახალდასახლებულთა წერილები, უკან დაბრუნებას მოითხოვენ, _ სამშობლოში გვირჩევნიაო. ქისტებისა და ჩეჩნების მიწებიც ცარიელია, მთიულეთიდან, თუშეთიდან, ხევსურეთიდან ერთ კაცსაც არ გამოუთქვამს სურვილი იქ დასახლებაზე. მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო პროცენტი ოსებისა დასახლდა, ისიც, თერგის ნაპირთან ახლოს, _ მოკლედ აცნობა კანდიდ ჩარკვიანმა.
_ სხვისი მიწა რად არის, საბჭოთა კავშირში შემავალი ტერიტორიაა. მათ კი ვერ შეიშვნეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა, ომის დროს დაგვაღალატეს, გამცემლურად მოიქცნენ, მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში… ჰმ, ფაშისტები ამჯობინეს ჩვენს თავს… გასაგებია, ქისტებისა და ჩეჩნების მიწები ძალზე მწირია, მაგრამ ქლუხორი ხომ განთქმულია თავისი ბუნებით, ტყით, წყლებით, მინდვრებით? _ არ ცხრებოდა სტალინი, _ ქართველი ხალხი მაინც მთის ხალხია და, თუ მან არ აითვისა ეს ადგილები, აბა, რუსს იქ რა აიყვანს, ან უკრაინელს?! საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი (თურქეთი), ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ და, მხოლოდ საქართველოს კი არა, საბჭოთა კავშირს კანონიერად შემოვუერთოთ, თორემ, საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაღანს, ტრაპიზონამდე მიწებს უკან ჩავიბარებდით… აი, რა ამბავს მოგიყვებით:
ბრესტ–ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების პერიოდში, კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული; საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავისი წარმომადგენლები გამოეგზავნათ საზავო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის, დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები დაეცვა. ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ განიმუხტებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსით ჩემს თავზე მივიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართა მცოდნემ, თუ არ ვცდები, ქიაზიმ ბეიმ ისეთი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა და დარღვევა არ გამჭირვებია, ყარსი და არდაღანი რა საკითხავია, თურქებმა ბათუმიც კი თავიანთ საზღვრებში მოიყოლეს. მათი პროექტით, ახალქალათან, კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქიაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობების შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე მრავალმნიშვნელოვნად განვუცხადე, როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიწიოს–მეთქი და წამოვდექი. მაშინ კი იკადრა უკან დახევა; მოითმინეთ, მე სულაც არ მსურს თქვენი მომდურება, რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო და, კარგა ხანს ოსმალური ლათაიებით შემიქცია. მე მოკლედ ვუთხარი: დამარცხებული ქვეყნისთვის სასირცხვილო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს-მეთქი. თანახმა ვარო, დამყვა ქიაზიმ ბეი და მეც დასრულებულად მივიჩნიე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ ორი–სამი კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლასლასდი, რადგან ლენინი ჩემთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და რას ვხედავ _ ქიაზიმ ბეის კომისიის თავმჯდომარისათვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისათვის მოუწერინებია ხელი… როგორც შემდეგ გამოირკვა, ქიაზიმ ბეის ჩემი იქ არყოფნით უსარგებლია და იმ ოსმალო გაქნილ დიპლომატს კარგა ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ერის ისტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგ გადავუკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს, საზღვრის ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. საპასუხო ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, ჩვენი ევროპელი და ოკეანის გადაღმელი “ძმები” მხარს მათ უჭერენ, თუმცა საჯაროდ არაფერს ამბობენ ამაზე. საქართველოს და სომხეთის მიწების დაბრუნება, საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პიზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც. ერთი კი ცხადია, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, რუსეთთან შეკავშირების წყალობით, საზღვრების განმტკიცებისა და შიგა პოლიტიკურ–ეკონომიკური ვითარების მხრივაც საქართველომ მხოლოდ თუ მოიგო ბევრი რამ: ქართლი, კახეთი, იმერეთი _ ცალკე სამეფოები; გურია, სამეგრელო, მესხეთი, აფხაზეთი, სვანეთი _სამთავროები; კახეთის მეფეებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მაინც თავ–თავიანთი სათემო წყობილება ჰქონდათ; თვით პატარა სვანეთიც კი სამად იყო დაყოფილი _ სადადეშქელიანო, თავისუფალი სვანეთი და ქვემო, საგარდუფხანო სვანეთი; სამხრეთ საქართველო და შავიზღვისპირეთი ბათუმიან–ქობულეთიანად ხომ ოსმალებს ჰქონდათ მიტაცებული. ახლა ყველა ეს კუთხე და მხარე შეკავშირდა და ერთიან რესპუბლიკად იქცა, საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკად და სწორედ ახლა არის დიდი გონება, ღონე და მონდომება საჭირო, რომ რიგიანად განვითარდეს ქვეყნის ცხოვრება და ამით საბჭოთა კავშირის ძმურ ოჯახში რიგიანი წვლილიც შეიტანოს, როგორც ეკონომიკის, ასევე მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
საუბრისას მომიახლოვდა, მე პაპიროსის კოლოფი ამოვიღე, რომ მომეწია. ამოვიღე კიდეც ერთი ღერი და კოლოფის უკანა ჯიბეში ჩადებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და მითხრა:
_ “საქართველოს” ეწევი ხომ? ეს პაპიროსი “საქართველოს” კოლოფია?!
_ დიახ, ამხანაგო სტალინ. ხომ არ ინებებთ?
_ არა, მაგიტომ არ მიკითხავს, უბრალოდ, დავინახე და გამახსენდა. განა პირველად ვხედავ, _ შეჩერდა და წამით ჩაფიქრდა, _ ჯერ ეს სახელწოდება პაპიროსზე გაგიგია? მერე კიდევ, ასეთი სახელწოდებით უშვებ პაპიროსს და კოლოფზე კი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი ქალი მიუკრავთ. ვის წარმოადგენს ეს ქალი: ძველს, ახალს თუ მომავალ საქართველოს? ამის დამხატავს არც ცოლი ჰყავს, არც დედა, არც ქალიშვილი? ან სინდისი მაინც არ გააჩნია, ქართველი ქალი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი მეძავის სახით რომ გამოუყვანია ასე საქვეყნოდ?
“ვაი შენ ჩემო თავო და ჩემო ლადო!” _ დამკრა თავში და ცივმა ოფლმა დამასხა. რა ვქნა ახლა, რა ვუპასუხო. ისე აღიქვა და, რაც მთავარია, იმგვარი კუთხით შეაფასა ეს მართლაც განზე ფეხებგადგმული, მკერდსავსე ქალი, რომ ძნელად თუ შეედავები. საეჭვოდაც რომ მიიჩნიო მისი ნათქვამი, მიდი და შეეპასუხე, როცა ასე გაცეცხლებით, ასეთი აგზნებით მოამრგვალა სათქმელი. ჯიბეში ჩადებული კოლოფი სიმწრისაგან ხელისგულში მოვჭმუჭნე, პირისკენაც ინსტიქტურად წავიღე ხელი, რომ ჯერ აუნთებელი პაპიროსიც, სტალინის მიერ ასე გალანძღული, მომეშორებინა და სწორედ ამ დროს, ამ მოძრაობაში ვიპოვე სიტუაციის განმმუხტველი სიტყვაცა და საქციელიც, _ ისევ ჩემმა არტისტობამ მიშველა: პაპიროსი ისეთი სახით მოვიცილე ამ მოძრაობით გამომეხატა, “ამის მოწევა აწი იქნება-მეთქი?” და ვთქვი:
_ აქამდე გემო მაინც ჰქონდა ამ საწამლავს და ახლა…
სტალინს და გარშემო მყოფთაც გაეცინათ:
_ არა, ბიჭო, თუთუნს რას ვერჩით, თუთუნი კი ვარგა. მე კოლოფზე და ზედ დახატულზე გითხარი, _ ამით ისევ მომთხოვა პასუხი, მაგრამ მე უკვე გონს ვიყავ მოსული და ისიც მოვიფიქრე უკვე, ჩემი საყვარელი ლადოს “დანაშაული” როგორ შემემსუბუქებინა:
_ რაც დაუკვეთეს, მხატვრისგანაც ის მიიღეს, ამხანაგო სტალინ, _ და თვით ლადოს მხატვრობაზე გადავიტანე საუბარი ისე, რომ საშუალება არ მისცემოდა არავის, სიტყვა ჩაერთო, _ მაგ მხატვრის ნამუშევრები რომ გენახათ, თუნდაც მეჩაიე ქალებზე, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციის ფონზე, ანგელოსების კრებულივით რომ შესევიან მწვანე ბუჩქებს, ალბათ, პირადად მისდამი ასეთ სიმკაცრეს აღარ გამოიჩენდით. ერთ-ერთი მისი სურათი დაჟინებით რომ მოეთხოვათ ამ კოლოფისთვის, ვთქვათ, “ფრესკის ღიმილი” _ ეს უკვე მხოლოდ პაპიროსის რეკლამა კი არ იქნებოდა, არამედ ჩვენი, ქართული კულტურის პროპაგანდაც. მაგრამ პაპიროსის კოლოფზე გამოსაკრავად ასეთი ნახატის გამეტებაც ცოდო იქნებოდა და ვერც მხატვარი წავიდოდა ამაზე. ეს კი, ამხანაგო სტალინ, უბრალოდ, რომ ვთქვათ, მხატვრის “ხალტურაა”, თვითონაც გესმით, ხანდახან კუჭისთვის ცოდვილობს მხატვარი და, თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ამ კოლოფზე აღბეჭდილ ნახატს არავითარი შინაარსი არ გააჩნია.
წინასწარგანზრახვით უშინაარსო შევარქვი ჩემი ლადოს მიერ “საქართველოს” კოლოფის გაფორმებას; მაშინ, ასე, წინასწარი განზრახვით ვთქვი, მაგრამ სტალინის იმ დახასიათების შემდეგ, ეს ერთადერთი ნამუშევარია ლადო გუდიაშვილისა, რომელიც არ მომწონს (თუმცა მანამდე არ დავკვირვებულვარ ასე მის ნახატს). ჩემი ჯერი რომ დადგა, მშობლების, და, კერძოდ, სტალინის დედის მოსაგონარის თქმისა, შემთხვევით ვისარგებლე და ნება ვთხოვე, “ვეფხისა და მოყმის სიმღერას” წაგიკითხავთ-მეთქი. იმ წუთებში ჩემი გრძნობების გამოსახატავად ამ ლექსმა მომთხოვა წაკითხვა, მომთხოვა კი არა, ენის წვერზე ამითამაშდა ამ ლექსის სტრიქონები. გზნებით, შეპარვით დავიწყე კითხვა, თანდათან ვუმატე გზნებას, საჭირო ადგილებში შევცვალე მაჟორული და მინორული კილო და არტისტის იმ “ფხიზელის გრძნობით” მივხვდი, რომ თანამესუფრენი ხელში მყავდა აყვანილი. აი, დავასრულე ლექსი და ყველამ ერთდროულად ტაში შემოჰკრა. სტალინმა კი თქვა:
_ მარგალიტია!
_ როდესაც მადლობის გადასახდელად მივუახლოვდი, მითხრა: “შენც მარგალიტი ხარ” და მხარზე ხელი დამკრა.
_ აი ვაჟა-ფშაველას ძირები სად არის! აი, საიდან წამოვიდა ვაჟა! _ თქვა სტალინმა.
მისი ქებით გათამამებულმა, სტალინის სადღეგრძელო რომ დაილია, ახლა გიორგი ლეონიძის ლექსი მოვიშველიე “მერვე საგანგებო ყრილობის დელეგატის მოგონება”. ლექსი რომ დავასრულე, დამსწრეთ ტაში დამიკრეს; მხოლოდ მან თქვა: “ახირებული კაცი ყოფილა ეს ლეონიძე” და თავისი მომხიბვლელი ოდნავი ღიმილით გაიღიმა. მერმე იკითხა:
_ ეგ რომელი ლეონიძეა?
_ ლეონიძე ერთი გვყავს, შესანიშნავი პოეტი და საოცარი კაცი, _ მაშინვე მოკლედ დავუხასიათე ჩემი გოგლა, ჩემი საყვარელი მეგობარი და, გულში მიხაროდა, მისი ლექსისა და სახელის წარმოჩენა რომ მოვახერხე სტალინის წინაშე, _ სხვა მრავალ ნაწარმოებთან ერთად, თქვენი ბავშვობისა და ყრმობის თემაზე ჭეშმარიტად მაღალმხატვრული პოემა შექმნა.
ეს რომ ვთქვი, სტალინი ცოტა უხერხულად შეიშმუშნა და ღიმილით იკითხა:
_ ლაურეატია?
_ დიახ! რა თქმა უნდა! _ აქეთ-იქიდან ვუპასუხეთ.
_ აბა, რაღას ჩამაცივდა ეგ შენი ლეონიძე?!
ჩემ მიერ ლეონიძის ქების გასაბათილებლად კი არა, უნებურად აღძრული უხერხული განცდის გასაქარწყლებლად წარმოთქვა სტალინმა ეს სიტყვები ხაზგასმით გლეხური კილოთი და შეხუმრებით.
ამ მხრივ, თუმცა ილია ჭავჭავაძეს ღრმა პატივსა ვცემ, მაგრამ აკაკი მაინც უფრო ნოვატორად მიმაჩნია საქართველოში ენის გახალხურებისა და განვითარების საქმეში; აკაკის კვალად, ვაჟაც დიდად დაეხმარა ქართულ სალიტერატურო ენას თავისი ხალხური მეტყველების ფორმებით, ლექსიკითა და გრძნობათა, აზრთა სადად გამოთქმით…
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი ფიქრში გართული, რომ უეცრად ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა პიჟამასა და ფლოსტებში გამოწყობილი სტალინი. სუნთქვა შემეკრა და თვალები სასწრაფოდ დავხუჭე. მესმის, ფეხაკრეფით მიემართება გვერდით ოთახისკენ. გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოვიდა, მიუახლოვდა ჯერ პეტას, დაიხარა, გადახდილი საბანი შეუსწორა და ერთ ხანს ასე გადახრილი შეყოვნდა სიყრმის მეგობრის სასთუმალთან. მერე გასწორდა, ძილის წინ ფანჯარა რომ გავაღე, ოდნავ მიხურა. შემობრუნდა და, არ ვიცი, ჩემკენ უნდა წამოსულიყო, არ ვიცი, გასვლას აპირებდა, მაგრამ გულის ძგერას ვეღარ გავუძელი და სწრაფად წამოვჯექი.
_ არ გძინავს, გურულო? _ ჩურჩულით შემეკითხა და გამიღიმა.
_ რა დამაძინებს, იოსებ ბესარიონოვიჩ, _ იქ ყოფნისას სახელითა და მამის სახელით პირველად მივმართე, სხვაგვარად, ვერცა ვთქვი იმ სიტუაციაში, _ გათენდა უკვე და, თან, თქვენზე ვფიქრობ.
_ ფიქრობ და იფიქრე, _ ჩაიღიმა, _ მეც ბევრს ვფიქრობ თქვენზე. ცოტა თქვენც იფიქრეთ. მაგრამ, აბა, ახლა დაიძინე,_ ბავშვივით დამტუქსა, _ ხვალ მთელი დღე მოშლილი იქნები, თუ ცოტა მაინც არ დაიძინე, _ თქვა და სწრაფად გავიდა.
თბილისში, ჩემო კარგო, შეიძლება, ისე უღვინოდ აგირიონ გზა-კვალი, ისე უმიზნოდ გაგრიყონ და მოგიცილონ თავიდან მათ, ვისთვისაც იღვწი, წვალობ და იბრძვი, რომ უნებურად სადღაც გადაკარგულში ამოჰყოფ თავს დაშეიძლება, სამუდამოდ გადაგკარგონ…
_ აი, მე გიამბობთ ერთ ამბავს. მეც მქონდა ბედნიერება, თბილისში მემუშავა. გაცხარებულ დისკუსიაში მენშევიკების უნიათობა რამდენჯერ გამოვააშკარავე, რამდენჯერ მიწაზე ორთავ ბეჭით დავაკარი ცნობილი ორატორები, მაგრამ… წარმოიდგინე, რომ მუშებმა არ მისმინეს და… ბაქოში გადამისროლეს ზოგიერთმა რევოლუციონერმა მოღვაწეებმა. ჰმ, რა მინდოდა მე ბაქოში?!
_ თქვენ გაგაგდეს? _ ისევ გულუბრყვილოდ შევეკითხე.
_ დიახ, დიახ! მე მხოლოდ მენშევიკებს კი არ ვუტევდი, მუშებს შორის წვრილბურჟუაზიული თვისებების მამხილებელიც ვიყავი, თვითონ თბილისის მუშათა კლასის წარმომადგენლებსაც ვამხელდი არარევოლუციონერულ გადახრებში და მაინცდამაინც არ მოვეწონე.
_ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ალბათ…
_ გაუგებრობა კი არა… აგერ, მისმინე: თბილისის მუშების საკმაოდ დიდ ნაწილს თბილისის გარეუბანში პატარა მიწის ნაკვეთები ჰქონდა. იქ დადიოდნენ, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხილიც ჰქონდათ იმდენი, რომ ყველაფერი ეს ბაზარში გაეტანათ და გაეყიდათ. ეს ნაწილი მუშებისა არხეინად გრძნობდა თავს და უკვე მათზე აღარ შეტკიოდა გული, ვისაც ის მცირე შესაძლებლობები არ ჰქონდათ. ისინი იმდენად რევოლუციონერობდნენ, რამდენადაც მათ უბადრუკ კეთილდღეობას რაღაც შემთხვევის გამო მთავრობისგან საფრთხე დაემუქრებოდა, რამდენადაც ვაჭრებსა და გამყიდველ-შემსყიდველების მიერ გაბმულ ხლართებში გაებმებოდნენ მოტყუებულები… გაფიცვებშიც წესიერად არ მონაწილეობდნენ, კრებებზეც ორჭოფულად მსჯელობდნენ, თუკი მოვიდოდნენ, საერთოდ. უმიწაწყლო მუშები, მათ “მებოსტნეებს” უწოდებდნენ. “მებოსტნეები” კი იმათ _ “გლახაკებს”. ეს იმიტომ, რომ მაძღარს მშიერისა და მშიერს მაძღრისა არასდროს ესმის. მოკლედ, მუშური ერთსულოვნება არ იყო მყარი თბილისში. აი, ერთსულოვნებისკენ, თანაბარი აქტიურობისკენ, ერთმანეთის გაზიარებისკენ და იდეის მსახურებისკენ რომ მოვუწოდებდი, იმიტომაც არ მოვეწონე ბევრს და ბაქოში მომიწია გადასვლა. აქ მეტი ერთსულოვნება, მეტი თანასწორობა და თავდადება იყო მუშათა კლასში… ინტელიგენციაც თბილისში კიდევ უარესად ჭრელი იყო; თითოეული ინტელიგენტი თავისკენ ექაჩებოდა საქმეს, თავის ინტერესებს უმორჩილებდა ზოგად იდეას… ხოდა, ძნელი წარმოსაგენია, თბილისი თბილისი აღარ იყოს და ათი-ოცი წლის განმავლობაში თავისი უარყოფითი თვისებები ამ ქალაქის მცხოვრებლებს სრულიად მოეშორებინათ.
გრიგოლ ონიანი
(დასასრული იქნება)
ზღაპრების ბეჭდვას შეეშვით, სირცხვილია მართლა და მართლა !
“გიორგი ჩაკვეტაძე” ე.ი. ვასაძე მეზღაპრეა!!! წადი სოროსსთან!!!
ჩაკვეტაძე – ვაშინგტონს ებარებოდე….