Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

1732

პლიუს თაღლითობაზე

ჩერჩილის პიროვნების დახასიათებისას ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი ერთი თვისება, რომელიც პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამ თვისებას დადებითს ვერ ვუწოდებთ, ეს არის თაღლითობა: მიჩნეულია, რომ პოლიტიკურ თამაშებში იმარჯვებენ არა მარტო გონიერებით აღმატებულნი, არამედ ისინიც, ვისაც აქვს უნარი, დროზე იყალთაბანდოს (ითაღლითოს). აი, ბატონი ჩერჩილი სწორედ ისეთი მოთამაშე იყო, რომელიც გამოირჩეოდა მოქნილობით, გონიერებით, და, როცა საჭიროება მოითხოვდა, _ უსინდისო პოლიტიკოსობით, რაც მისი ქვეყნის ტრადიციებისთვის უცხო არ იყო. პოლიტიკა მისთვის, როგორც ნებისმიერი კარიერისტისთვის, მიზანი კი არ იყო, არამედ, უწინარეს ყოვლისა, საშუალება პირადი მიზნების მისაღწევად, თუმცა, ამასთანავე, იგი არ უგულებელყოფდა სახელმწიფო ინტერესებს…

როგორც წინა პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, მისი სიცოცხლის მანძილზე გამოიცა 40-ზე მეტი წიგნი, რომლებიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა. უინსტონ ჩერჩილი გამოირჩეოდა არა მხოლოდ უდიდესი შრომისუნარიანობით, არამედ ულევი პატივმოყვარეობით.

თავის რომანში «სავროლა», რომელიც 1940 წელს გამოიცა, იგი ასე ახასიათებდა მთავარ გმირს: «ბრძოლა, შრომა, მოვლენათა უწყვეტი მდინარება, უარის თქმა ბევრ რამეზე, რაც ცხოვრებას აიოლებს და სასიამოვნოს ხდის _ რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი? ხალხის კეთილდღეობა! _ ეს მას ნაკლებად აინტერესებდა… მას შესანიშნავად ესმოდა, მისი ყველა საქმის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო პატივმოყვარეობა, მაგრამ იგი უძლური იყო მის წინაშე… მისი გონება იყო შმაგი, ძლიერი და შეუპოვარი».

როგორც დამწყები მწერლების უმეტესობას სჩვევიან, მანაც გმირის ამ სახეში საკუთარი დახასიათება გადმოგვცა (ამას ბევრი მისი ბიოგრაფი ადასტურებს). მაგრამ ყურადღებამისაქცევია, რომ იგი აღიარებს თავის მიზანსწრაფულობის არაკეთილშობილურობას, ეგოისტურობას, რომელთაც «წინააღმდეგობას ვერ უწევს», ვერ ძლევს. ასეთი მისწრაფება, თანაც თავისი ორპირობის, მოჩვენებითობის, «ხალხის კეთილდღეობაზე» ფარისევლური ზრუნვის სრული შეგნება მის პოზიციას სტალინთან ორთაბრძოლაში ფრიად მოწყვლადსა ხდიდა (ფსიქოლოგიურ ასპექტში. ჩერჩილი არც სულელი იყო, არც ფლიდი და ამიტომ შეეძლო ფხიზლად შეეფასებია არა მარტო საკუთარი ღირსებანი, არამედ ნაკლოვანებანიც.

ჯერ კიდევ 1898 წელს ნიჭიერმა ჟურნალისტმა ჯონ უ. სტივენსმა მიუძღვნა მას სტატია «ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ევროპაში» (უინსტონი მაშინ 24 წლისა იყო). შეიძლება აღვფრთოვანდეთ, რამდენად ზუსტადაა დახატული პორტრეტი: «მისი თავდაჯერებულობა გადაულახავია… იგი პატივმოყვარეა და ანგარიშიანი… თვითანალიზი ეუბნება, რომ მას აქვს ისეთი ნიჭი და ხასიათი, რაც მის ფიგურას სენსაციურს გახდის. მას არ უსწავლია დემაგოგობა. იგი დაბადებულია დემაგოგად… მისი ხვალე XX საუკუნეში დევს».

და კიდევ: ჩერჩილს, როგორც მის ბევრ კოლეგას, ახასიათებდა თავისებური ბრიტანული კოლონიური პატრიოტიზმი. მათი პატარა ქვეყანა ბატონობდა მსოფლიოში, აფართოებდა თავის სამფლობელოებს, რომლებიც 1880-დან 1901 წლამდე 20 მილიონი კვადრატული კილომეტრიდან 33 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე, მოსახლეობა კი 200 მილიონიდან 370 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. თითოეულ ინგლისელზე (საერთო რაოდენობით 37 მილიონი) 10 კოლონიური ქვეყნის «მონა» მოდიოდა. მეტროპოლიის კეთილდღეობა ამით იყო უზრუნველყოფილი. ასე რომ, ჩერჩილისა და მის მსგავს მშრომელთა და დამონებულთა გათავისუფლების იდეების სიძულვილი და მიუღებლობა სავსებით გამართლებული იყო.

…ჩერჩილის სიტყვებით, «პოლიტიკა თითქმის ისევე ამაღელვებელია, როგორც ომი და მასავით საშიშია. ომში შეიძლება ერთხელ მოგკლან, პოლიტიკაში კი _ ბევრჯერ». ამას იგი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერდა. პირველ მსოფლიო ომში წინა ხაზზე სანგარში იდგა და ბლინდაჟში ჩავიდა. ერთ წუთში იმ ადგილას, სადაც ის იდგა, გერმანელების ჭურვი აფეთქდა. მას, როგორც პოლიტიკოსს, 11 წელიწადს კლავდნენ, მის ღირსებას და თავმოყვარეობას თრგუნავდნენ და «ისტორიის სანაგვეზე» აგდებდნენ.

70 წლის რომ გახდა, ყველამ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ვინც ინგლისში განხორციელებული პოლიტიკით იყო დაინტერესებული, იგი ანგარიშიდან ჩამოწერა. ასევე მიაჩნდათ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ყველას ერთის გარდა. მასთან საუბრისას ლედი ასტორმა _ ლორდის ცოლმა _ განაცხადა: «…ჩერჩილი დამთავრებულია. პასუხად კი მიიღო: «არ ვარ დარწმუნებული. კრიტიკულ მომენტში ინგლისელმა ხალხმა შეიძლება კვლავ მიმართოს ამ ბებერ საბრძოლო ცხენს». ასეთი მოულოდნელი დასკვნა გააკეთა… იოსებ სტალინმა.

სამხედრო ლიდერი

ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას, რომელიც თავს დაესხა პოლონეთს და რომელმაც სამშვიდობო ხელშეკრულება დადო საბჭოთა კავშირთან. გერმანული ბომბები თავს დაატყდა ლონდონს. ჩერჩილი მიიწვია მისმა პოლიტიკურმა და პირადმა მტერმა, პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა, რომელიც გაკოტრდა ჰიტლერის მოთვინიერების თავის პოლიტიკაში, და უთხრა: «უინსტონ! გთავაზობ საადმირალოს» (სამხედრო-საზღვაო სამინისტროს. _ ავტ.).

კონტინენტზე მყოფი ინგლისის ჯარები უკან იხევდნენ. 1940 წლის მაისში, როცა ვერმახტის ჯავშანმუშტმა საფრანგეთის ჯარების ფრონტი გაარღვია და მათი მოკავშირე ფრანგები ზღვის სანაპიროზე დიუნკერკთან მიიმწყვდია, თემთა პალატამ კენჭი უყარა ბრიტანეთის ახალ მთავრობას. მას სათავეში ჩაუდგა საადმირალოს ყოფილი პირველი ლორდი უინსტონ ჩერჩილი.

აღსრულდა მისი სანუკვარი ოცნება: იგი პრემიერ-მინისტრი გახდა, თანაც უაღრესად ფართო, თითქმის განუსაზღვრელი უფლებებით. ინგლისელ კომუნისტთა გაზეთი იმ დღეებში წერდა: «ხალხს ჩხუბი სწყუროდა. მას კი ყოველთვის უყვარდა ჩხუბი».

ბერლინში გამოკიდებული იყო პლაკატები, რომლებზეც ფეხზე მდგარი ჩერჩილი იყო გამოსახული და ამშვენებდა წარწერა: «მტერი #1». ჰიტლერელები ჩერჩილზე თავდასხმის გეგმებს ამუშავებდნენ, იმედოვნებდნენ, რომ საპარაშუტო დესანტის მეშვეობით ცოცხლად აიყვანდნენ, მაგრამ იგი დანებებას არ აპირებდა. დაუნ-სტრიტის #10-ში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გადასვლამდე, მან თავისი პისტოლეტი შეამოწმა _ სასხლეტის ვარგისიანობა გაუსინჯა… დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ჩხუბი.

ინგლისის არმია განადგურებას გადაურჩა,  ჰიტლერმა რომ, ლონდონში კაპიტულანტების მთავრობის მოსვლის იმედით, თავისი ტანკები გააჩერა. ამასობაში კი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილები ტექნიკის გარეშე და სავსებით დემორალიზებულები სასწრაფოდ გადავიდნენ სამშობლოში, მაგრამ გერმანიასთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრენი, რაც ინგლისის დამარცხებას ნიშნავდა, უმცირესობაში დარჩნენ.

ინგლისში დაიწყო ჩაწერა ეროვნულ გვარდიაში _ საბჭოთა მოხალისეობის ანალოგიაში. მოხალისე უამრავი იყო, მაგრამ ისინი ან ცუდად იცნობდნენ სამხედრო საქმეს, ან საერთოდ უსწავლელნი იყვნენ, უმეტესად მხოლოდ სანადირო თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი.

იძირებოდა ნაცისტების მიერ ტორპედირებული ინგლისური ხომალდები. პორტსმუნოს რეიდზე მდგარი, თითქოს ყოველმხრივ დაცული სახაზო გემი «როლდ ოკ» («სამეფო მუხა») ბრიტანეთის ფლოტის სიამაყე გერმანელების დაზვერვისა და წყალქვეშა ნავების ერთობლივი მოქმედებით ჩაძირულ იქნა. ინგლისური ქალაქი კოვენტრი პირისაგან მიწისა აღგავეს გერმანელმა მფრინავებმა. ლონდონის კვარტალები ერთმანეთის მიყოლებით იწვოდა…

ჩერჩილმა გაცხოველებული საქმიანობა გააჩაღა. თავს უყრიდა ჯარებს; აფართოებდა სამხედრო მრეწველობას; მოახდინა ყველა ინგლისური საავიაციო ქარხნის ნაციონალიზაცია. განამტკიცებდა ხალხის სულისკვეთებას პატრიოტული გამოსვლებით. მას ხედავდნენ ლონდონის ნანგრევებში, მეზენიტეთა პოზიციებზე, აეროდრომებსა და საბრძოლო ხომალდებზე. ეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ვარსკვლავური საათი იყო. ინგლისელი მფრინავები, გერმანელების მიერ ჩამოგდებულები, სახელდახელოდ შეკეთებული თავიანთი საბრძოლო მანქანებით კვლავ ებმებოდნენ საჰაერო ბრძოლებში. ჰიტლერი გაოცებული იყო: დაზვერვის მონაცემებით, ინგლისელებს არ უნდა დარჩენოდათ სამხედრო-საჰაერო ძალები. გერმანელების გადასხმა ბრიტანეთის კუნძულებზე გადაიდო. ბრძოლა ინგლისისათვის მოგებული იყო. მაგრამ დიდი ხნით? ჩერჩილი გამორიცხავდა გერმანიის მიერ ბრიტანეთის კუნძულების დაპყრობას.

ჰიტლერმა მიანიშნა, რომ მტერს გადარჩენის შანსს აძლევდა. ცნობილია, რომ სწორედ ამ პერიოდში ფიურერის მოადგილე რუდოლფ ჰესი ჩაფრინდა ინგლისში. მშვიდობის დასამყარებლად ბერლინის პირობა გავლენის სფეროების განაწილება იყო. გერმანიას რჩებოდა მის მიერ დაპყრობილი ევროპის კონტინენტი, ინგლისს _ მისი მსოფლიო კოლონიური იმპერია.

ჩერჩილს შეეძლო, დამდგარიყო საფრანგეთის მარშლის, პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამარჯვებული სარდლის _ ფილიპ პეტენის გზაზე. მან საფრანგეთს შეუნარჩუნა მსოფლიო კოლონიური იმპერია, მაგრამ ევროპაში ჰიტლერის ყურმოჭრილი მონა გახდა. იყო სხვა გზაც _ გაეგრძელებინა ბრძოლა, პერსპექტივაში მოსკოვთან ერთად, მაგრამ თუ სტალინი ამჯობინებს გერმანიის მოკავშირედ გახდომას? ეს დიდი ბრიტანეთისთვის კატასტროფა იქნებოდა.

იდეოლოგიურად ჰიტლერი ჩერჩილთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე სტალინთან. 20-იან წლებში ჩერჩილი ინტერესით, ზოგჯერ კი სიმპათიით თვალს ადევნებდა ფიურერის მოღვაწეობას, რომელიც მოუწოდებდა «ბოლშევიზმის თავისსავე აკვანში მოშთობისკენ». ბრიტანელ ლორდს მოსწონდა ჰიტლერის შეურიგებელი ანტიკომუნიზმი.

მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ჩერჩილმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია: შეუტია ჰიტლერის ლონდონელ მეგობრებსა და მფარველებს და დიდ ბრიტანეთში საბჭოთა საელჩოს ხშირი სტუმარი გახდა. იგი მზად იყო, მხარი დაეჭირა სახალხო ფრონტისთვის ინგლისელი კომუნისტების მონაწილეობითაც კი.

რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილება უინსტონ ჩერჩილის მკვეთრი «გამემარცხენეობით» კი არ იყო გამოწვეული, არამედ მისი მისწრაფებით _ შეენარჩუნებია დიადი ბრიტანული იმპერია, რომლის ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯას აპირებდნენ ფაშისტები, და, აგრეთვე, ევროპაში ინგლისის ჰეგემონობა. იაპონია _ ჰიტლერის მოკავშირე, იარაღს აჟღარუნებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბრიტანეთის კოლონიების საზღვრებთან. ჰიტლერი ახორციელებდა მესამე რაიხის გაფართოების პოლიტიკას დასავლეთ ევროპაში ინგლისის გავლენის ამოძირკვის გზით. მუსოლინიმ _ ჰიტლერის მოკავშირემ _ აღმოსავლეთ აფრიკაში ხელთ იგდო ბრიტანეთის რიგი კოლონიები და ეგვიპტეს მიადგა, სუეცის არხს, რათა გადაეკეტა ბრიტანეთის მთავარი საზღვაო სატრანსპორტო არტერია.

ჩერჩილმა გადაისროლა ჯარები და ტანკები აზიის კოლონიებიდან აფრიკაში (ეს გახდა 1942 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო კატასტროფების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი). ინგლისის შეიარაღებულმა ძალამ შეაჩერა იტალიელები, უკუაგდო და დაიპყრო აფრიკაში იტალიელთა კოლონიური სამფლობელოების უმეტესი ნაწილი. მაშინ ჰიტლერმა აფრიკაში მიავლინა რომელის კორპუსი, რომელიც საავიაციო ნაწილებით იყო გაძლიერებული. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლები. იტალიელების ფლოტმა და ავიაციამ ბლოკადაში მოაქცია მალტა _ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ინგლისელების მთავარი ბაზა.

ჩერჩილი რთული არჩევანის წინაშე დადგა: ან ბრიტანეთის იმპერიის შენარჩუნება მთელი თავისი კოლონიებით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზით, ან ჰიტლერთან შეთანხმება, რაც მსოფლიო ბატონობას დააკარგვინებდა და ინგლისს მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ აქცევდა; ან _ მანევრირების საშუალებით ეცადა, ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა გერმანია და საბჭოთა კავშირი, იმის იმედით, რომ მისთვის საძულველი ორივე სახელმწიფო ერთმანეთს დაასუსტებდა უკომპრომისო ომში.

მესამე ვარიანტი, რა თქმა უნდა, პირველ ორს სჯობდა, მაგრამ მისი განხორციელება უაღრესად ძნელი იყო: ჰიტლერს და სტალინს სახელმწიფოებრივი წინდახედულება არ აკლდათ. მათ ესმოდათ, რომ ორი გიგანტური სახელმწიფოს შეჯახებას მოჰყვებოდა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი, რომელშიც გასამარჯვებლად მხარეთაგან ერთ-ერთს უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვანი უპირატესობა.

გერმანიისთვის ეს გზა გადიოდა გავლენის ზონების გაფართოებაზე, სხვა ქვეყნებისა და ხალხების დაპყრობაზე _ გარე აგრესიაზე. საბჭოთა კავშირისთვის _ მრავალეროვნული ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებაზე, თავდაცვის მრეწველობის მაქსიმალურ გააქტიურებაზე, მესამე რაიხთან გარდაუვალ ომში პოტენციური მოკავშირეების მოძებნაზე. ამიტომ სტალინი აკეთებდა ყველაფერ შესაძლებელს, რათა შეენარჩუნებია მოჩვენებითი მეგობრობა ჰიტლერთან, რათა გაეგებინებია ჩერჩილისთვის, რომ საბჭოთა კავშირი არ აპირებს მონაწილეობას «ბრიტანეთის მემკვიდრეობის» განაწილებაში. მაგრამ ჰიტლერთან ომის დაწყება უახლოეს პერიოდში მის ძალებს აღემატებოდა: უფრო საფუძვლიანი მომზადება იყო საამისოდ საჭირო. ამასთან, რაგინდ ცინიკურადაც გინდა ჟღერდეს, სოციალიზმის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა დაინტერესებული იყო, რათა კაპიტალისტ მხეცებს ერთმანეთი დაეგლიჯათ.

საკუთარი მტრის მოკავშირე

საფრანგეთმა ჯერ კიდევ 1940 წლის ივნისში გამოაცხადა კაპიტულაცია ისევე, როგორც ბელგიამ და ჰოლანდიამ. ჩერჩილი ცდილობდა, შეეკოწიწებია ფრონტი ბალკანეთზე იუგოსლავიის, საბერძნეთისა და თურქეთის დივიზიებისგან. მაგრამ ბელგრადი და ათენი დაეცა, თურქეთმა კი გერმანიისადმი მეგობრული ნეიტრალიტეტის პოზიცია დაიკავა.

გერმანელებმა ხელთ იგდეს კრიტი, სადაც ინგლისისა და საბერძნეთის ჯარები დაამარცხეს. აშშ ინგლისს დაეხმარა, თუმცა არცთუ უანგაროდ: ძველი გემების _ საესკადრო ნაღმოსნების სანაცვლოდ რიგი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზებისა მიიღო. პრეზიდენტი რუზველტი ომში ვერ ჩაება, რადგან შებორკილი იყო ძლიერი იზოლაციონისტური ოპოზიციით პარლამენტსა და ქვეყანაში. ამერიკულმა მონოპოლიებმა გამოიყენეს სასურველი სიტუაცია და სერიოზულად შეუტიეს თავიანთ ინგლისელ კონკურენტებს აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. შეერთებული შტატების მიერ კოლონიებიდან და დომინიონებიდან ინგლისელთა მშვიდობიანად გაძევების კონტურების პერსპექტივა რეალურად გამოისახა. ჩერჩილი აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ ვერ პოულობდა ინგლისის დამოუკიდებლობისა და მისი იმპერიის მთლიანობის შენარჩუნების გზასა და საშუალებას. მას სურდა, ყოფილიყო დიდი სახელმწიფოს მოქალაქე და თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე. სჭირდებოდა მოკავშირე _ მესამე ძალა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, წინ აღუდგებოდა გერმიანიას და არ იქნებოდა აშშ-ზე დამოკიდებული. მხოლოდ ასე შეიძლებოდა გადარჩენილიყო ბრიტანეთის იმპერია.

1941 წლის 22 ივნისის დილას, ჩერჩილი ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, როცა აცნობეს, რომ გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. შემდეგში იგი იხსენებდა, რომ უდიდესი შვება იგრძნო. დაუყოვნებლივ დარეკა ბი-ბი-სიში და აცნობა, რომ საღამოს რადიოთი გამოვიდოდა.

გამოსვლისთვის მთელ დღეს ემზადებოდა. თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ სრულად რჩება თავის ანტიკომუნისტურ პოზიციაზე და, მიუხედავად ამისა, ყოველგვარ შესაძლო დახმარებას გაუწევს საბჭოთა კავშირსა და მის არმიას.

ჰიტლერს ერთხელ უთქვამს: «მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორი ვინმესი მეშინია _ სტალინის და ჩერჩილის». ეს ორნი მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ბრიტანეთის პრემიერის სიტყვა თითქმის სრულად გამოქვეყნდა «პრავდაში». მაგრამ ორ ლიდერს შორის უშუალო კონტაქტი ჯერ არ იყო დამყარებული. 7 ივლისს ჩერჩილმა სტალინს წერილი გაუგზავნა (წერილი სტალინმა 8 ივლისს მიიღო. _ ა.ს.) სამი დღის შემდეგ _ კიდევ ერთი _ დაწვრილებითი ერთობლივი მოქმედების გეგმით. პასუხი სტალინს არ გაუცია.

(აქ უპრიანი იქნება, ჩვენი მკითხველები გავარკვიოთ მთავრობათა მეთაურების მიმოწერის სპეციფიკაში. ეს ეპისტოლარული ურთიერთობა უმთავრესად ვაშინგტონსა და ლონდონში საბჭოთა საელჩოების, აგრეთვე, მოსკოვში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მეშვეობით და დაშიფრული დეპეშების გაცვლით ხორციელდებოდა. დეპეშები საელჩოებში იშიფრებოდა და ადრესატს წერილების ტექსტები, როგორც წესი, დედნის ენაზე გადაეცემოდა. ზოგიერთ შემთხვევაში წერილები დიპლომატიური ფოსტის ან შესაბამისი სახელმწიფოების პასუხისმგებელი წარმომადგენლების ხელით იგზავნებოდა. _ ა.ს.).

პირველი საპასუხო წერილი სტალინმა ჩერჩილს მხოლოდ 17 ივლისს გაუგზავნა. ეს გასაგებიცაა. წითელი არმია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდა. 22 ივლისს საბჭოთა ავიაციის დიდი ნაწილი აეროდრომებზევე განადგურდა. ლენინგრადის მისადგომებთან მოხალისეთა დივიზიებმა ბუკვალურად დაღუპული მებრძოლების ცხედრებით შეაჩერეს ფონ ლეების ტანკები. ბელორუსიაში ორი საბჭოთა დივიზია იღუპებოდა საშინელ ბელორუსიის ქვაბში. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში სტალინს არ სურდა, ჩერჩილს ჩამოყალიბებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ბრიტანეთის პრემიერი მისთვის ის ხავსია, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდებოდა.

ჯერ კიდევ ომის დასაწყისში ჰიტლერულმა პროპაგანდამ გაავრცელა ხმები იმის შესახებ, რომ სტალინი სრულ პროსტრაციაში იმყოფება და ემზადება აღმოსავლეთში გასაქცევად. შემდგომ რაღაც ამგვარს იმეორებდა ხრუშჩოვი. ომის დაწყების შესახებ ხალხს ვიაჩესლავ მოლოტოვმა აცნობა რადიოთი. რატომ? პასუხი მარტივია: გამოსვლისთვის სტალინს არ ეცალა (თუმცა სიტყვის დამამთავრებელი წინადადება მოლოტოვს მან უკარნახა: «ჩვენი საქმე მართალია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!»). ა. ბულოკის ვარაუდით, სტალინი სიტყვით არ გამოვიდა იმიტომ, რომ მალე ფაშიზმზე გამარჯვების ცნობით უნდა გამოსულიყო. მაგრამ საეჭვოა, ბელადი ასეთი მიამიტი ყოფილიყო: პირველივე დღე-ღამის განმავლობაში გაირკვა, რომ ფრონტებზე უმძიმესი მდგომარეობაა, კავშირი ბევრ ნაწილთან გაწყვეტილია, ხოლო ვერმახტის სიძლიერის შესახებ, რომელიც მოკავშირეების დივიზიებით იყო გაძლიერებული, კარგად იყო ცნობილი…

მხოლოდ მას შემდეგ, რაც  თავდაცვის სტაბილიზაცია მოახდინა,  სტალინმა დაამყარა უშუალო კონტაქტი ჩერჩილთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან. დაიდო შეთანხმება ერთობლივი მოქმედების შესახებ. ჩერჩილის გარშემო თითქმის ყველა მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირის დაღუპვა უახლოესი კვირების საქმეა. მაგრამ მან მტკიცედ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირმა უნდა გაუძლოს ერთ წელიწადს და უფრო მეტ ხანსაც. ინგლისი, რომელიც აქტიურ საომარ მოქმედებას არ ეწეოდა, დაინტერესებული იყო აღმოსავლეთით ომის გახანგრძლივებით, მაგრამ საამისოდ რეალური დახმარება უნდა გაეწიათ საბჭოთა კავშირისთვის. აეწყო კიდეც წითელი არმიის მომარაგება ირანის გავლით, მაგრამ ძირითადი ნაკადი მოდიოდა არხანგელსკისა და მურმანსკის გავლით.

რადგან გერმანელები ცდილობდნენ, რომ ირანი თავიანთი კონტროლისთვის დაექვემდებარებიათ, 1941 წლის შემოდგომაზე ამ ქვეყანაში ჩრდილოეთიდან საბჭოთა ჯარები, სამხრეთიდან ინგლისის ჯარები შევიდნენ.

(ვფიქრობ, «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებისთვის მრავალმხრივ საინტერესო იქნება, გაეცნოს ჩერჩილის მიერ სტალინისთვის გაგზავნილ პირველ წერილს, რომლის ქართული თარგმანი გამოქვეყნებულია გამომცემლობა «საბჭოთა საქართველოს» მიერ 1985 წელს დოკუმენტების კრებულში «სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიმოწერა აშშ-ის პრეზიდენტებთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს». ტომი პირველი, გვ. 19).

«მიღებულია 1941 წლის 8 ივლისს.

ჩერჩილის პირადი წერილი სტალინს

აქ ყველანი ძალიან მოხარულნი ვართ, რომ რუსეთის არმიები ასეთ ძლიერ, გაბედულ და მამაცურ წინააღმდეგობას უწევენ ნაცისტების სრულიად არაპროვოცირებულ და დაუნდობელ შემოჭრას. საბჭოთა ჯარისკაცებისა და ხალხის სიმამაცე და შეუპოვრობა საყოველთაო აღტაცებას იწვევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ იმით, რის საშუალებასაც მოგვცემს დრო, გეოგრაფიული პირობები და ჩვენი მზარდი რესურსები. რაც უფრო მეტ ხანს გასტანს ომი, მით უფრო მეტ დახმარებას აღმოგიჩენთ.

ინგლისელთა საჰაერო ძალები დღისით და ღამით, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, თავს ესხმიან გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და თვით გერმანიას.

გუშინ ზღვის იქითა მხარეს დაახლოებით 400-მა თვითმფრინავმა მოაწყო დღის თავდასხმა. შაბათ საღამოს 200-ზე მეტი მძიმე ბომბდამშენი თავს დაესხა გერმანიის ქალაქებს. ზოგიერთ მათგანს სამ-სამი ტონა ბომბი მიჰქონდა, წინა ღამით კი ოპერაციებში მონაწილეობდა 250-მდე მძიმე ბომბდამშენი. ასე იქნება მომავალშიც.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი გზით ვაიძულებთ ჰიტლერს დააბრუნოს დასავლეთში თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილი და თანდათან შეგიმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც თქვენს ქვეყანას აწევს.

გარდა ამისა, ჩემი სურვილით საადმირალომ მოამზადა სერიოზული ოპერაცია, რომელსაც იგი უახლოეს მომავალში არქტიკაში განახორციელებს, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ბრიტანეთისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის დამყარდება კონტაქტი.

ამასობაში ნორვეგიის ნაპირებთან განხორციელებული ოპერაციების დროს ხელთ ვიგდეთ სხვადასხვა სატრანსპორტო გემი, რომლებიც ჩრდილოეთისკენ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოემართებოდნენ.

მივესალმები მომავალი გეგმების შეთანხმების მიზნით რუსეთის სამხედრო მისიის ჩამოსვლას.

ჩვენ კვლავაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სული ამოვხადოთ ავაზაკებს».

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here