დიდი ხანია, უფლებადამცველი ორგანიზაციები პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ აუატანელ მდგომარეობაზე საუბრობენ. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება ჩვეულებრივ პროცესად იქცა. ციხეში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პატიმრების მშობლებსა და ადვოკატებს გამოაქვთ, მაგრამ ისინი ამაზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებენ, რადგან იციან, რომ ამა თუ იმ წამებისა და ცემის ფაქტის გახმაურებით კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან პატიმრებს. წამებისა და დაუდევარი მოპყრობისგან და სათანადო მკურნალობის დროულად ჩაუტარებლობის გამო გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა. ციხეებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი თევზაძე ესაუბრება.
_ ბატონო გიორგი, რას იტყვით პენიტენციალურ სისტემაში შექმილ მდგომარეობასთან დაკავშირებით _ ციხეებში პატიმართა ცემის, წამებისა და სიკვდილიანობის ფაქტებმა იმატა?
_ სამწუხაროდ, ციხეები გადაიქცა პატიმრების ცემისა და წამების ადგილად, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა აუცილებელ პროცედურად იქცა. გახშირდა პატიმართა სიკვდილიანობაც. პატიმართა დიდი ნაწილი ტუბერკულოზით არის დაავადებული. პატიმრების წამების ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ციხიდან გამოდის, ზღვაში წვეთია, ვინაიდან პატიმართა მშობლები ამ ფაქტებს არ ახმაურებენ, რადგან პატიმარს, რომელიც ამ ფაქტებს გაამხელს, ციხეში სასტიკად აწამებენ. ადვოკატებიც ხშირად იძულებულნი არიან, ხმამაღლა არ ისაუბრონ ნაწამებ პატიმრებზე.
პატიმარი მურმან კალანდია ზუგდიდის ციხეში ადმინისტრაციამ სასტიკად სცემა; მას სხეულზე წამების კვალიც ემჩნეოდა და თბილისში გადმოყვანისას გარდაიცვალა. კალანდიას სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ვადა კი 2012 წლის აპრილში ეწურებოდა. გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა, გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა დაზიანებები, გატეხილი ჰქონდა ცხვირი, მომტვრეული ჰქონდა თითი და სხეულზე ცემის კვალი _ წითელი ზოლები ეტყობოდა. როგორც ჩანს, პატიმარს ხელკეტებით სცემდნენ, სიგარეტით დამწვარი ჰქონდა ხელის მტევანი. ფაქტი ერთია: სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, პატიმარი მოინახულა დედამ. როგორც დედა ამბობს, მისი შვილი ჯანმრთელი იყო და არაფერს უჩიოდა.
პატიმარი ტარიელ საყვარელიძე, რომელიც რუსთავის ციხეში იხდიდა სასჯელს, ფსიქიკური ნაკლის მქონე იყო. მას სისტემატურად სცემდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები. როგორც მისი ადვოკატისგან საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა. დღემდე გაურკვეველია, პატიმარმა საყვარელიძემ ყური თვითონ მოიჭრა თუ წამებისას მოაჭრეს. მაგრამ ფაქტია, რომ ციხის ადმინისტრაციის ზეწოლამ მიიყვანა იგი ამ ქმედებამდე.
მძიმე მდგომარეობაა გლდანის მე-8 სამკურნალო დაწესებულებაში, იქ გადაყვანას პატიმრები სერიოზულად ეწინააღმდეგებიან.
_ რა მხრივ არის მძიმე მდგომარეობა: აწამებენ თუ პირობებია მძიმე?
_ მიზეზი ცემა-წამებაა. ალბათ, გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ამ დაწესებულებაში მომხდარი გახმაურებული ფაქტი, როდესაც მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი იმიტომ სცემეს, რომ თირკმლის ტკივილის გამო ექიმის გამოძახება ითხოვა. ბარათაშვილი ისევ მძიმე მდომარეობაშია და სასჯელს იხდის.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ივანე მენაფირე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა. იგი მსჯავრდებული იყო სსკ-ის 177 მუხლით და ექვსი წელი და ექვსი თვე ჰქონდა მისჯილი. მენაფირეს ადვოკატი შოთა გალაშვილი სისტემატურად ითხოვდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად _ ისტორიის ამონაწერს, რაც სამი თვის მანძილზე არ მისცეს და შეგნებულად გააჭიანურეს. ექსპერტიზის მოთხოვნის შემდეგ პატიმარი ცემეს, წაართვეს ყავარჯნები, არ აძლევდნენ ეტლს, იმ დროს, როდესაც მას გადაადგილება არ შეეძლო, არ უტარებდნენ შესაბამის სამედიცინო მკურნალობას. შედეგად მისმა ჭრილობებმა ლპობა იწყო. ადვოკატი შოთა გელაშვილი რამდენიმეჯერ არ შეუშვეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან _ ივანე მენაფირესთან, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევა; დაირღვა როგორც პატიმრობაში მყოფი პირის, ისე ადვოკატის კანონიერი უფლებები. ივანე მენაფირე ციხეში გარდაიცვალა და ამის მიზეზი გლდანის ციხის ადმინისტრაცია იყო, რომელიც ავადმყოფ პატიმარს სცემდა და დროულად არ უმკურნალა. პატიმრებს უბრალოდ გადაჩურჩულებისთვისაც სცემენ.
_ ციხის საავადმყოფოში გადმოყვანილი პატიმრები თუ ამბობენ რამეს?
_ ვერც ციხის საავადმყოფოში ამბობენ პატიმრები სიმართლეს. იქ, ფაქტობრივად, მომაკვდავი პატიმრები მოჰყავთ, მათ საუბრის თავიც აღარ აქვთ. ციხის საავადმყოფოშიც არის ზეწოლა; იქ ძალიან ძნელია ადვაკატის და თუნდაც ახლობლების შესვლა.
_ თუ ყოფილა დაავადებულ პატიმართა დროზე ადრე, ანუ «აქტიროვკით» გათავისუფლების შემთხვევები?
_ «ვარდების რევოლუციამდე» დაავადებული პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევები იყო, მაგრამ დღეს იშვიათობაა. შეიძლება ისეთი პატიმარი გაათავისუფლონ, რომელსაც სიკვდილამდე რამდენიმე დღეღა დარჩენია; ზოგჯერ ამასაც არ აკეთებენ და პატიმრები ციხის საავადმყოფოში იღუპებიან.
პატიმარი თამაზ კეკელია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების წარმომადგენლებმა სასამართლოზე უარი განაცხადეს პატიმრის გათავისუფლებაზე, თუმცა დღევანდელი სასამართლოს პირობებში ეს არცაა გასაკვირი. პატიმარ კეკელიას ადვოკატმა სტრასბურგში გაასაჩივრა განაჩენი და მხოლოდ სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი კეკელიას სამკურნალოდ გადაყვანა. სამწუხაროდ, ბევრი პატიმრის მდგომარეობა ისეთია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მივიღოთ, რადგან პატიმრების 80% ტუბერკულოზით არის დაავადებული, მედიკამენტები კი საკმარისი არ არის და მკურნალობაც არასათანადოდ უტარდებათ.
_ თქვენ ახსენეთ პატიმართა 80% დაავადებულიაო. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ მძიმე მდგომარეობაა ქსნის კოლონიაში, სადაც პატიმართა უმეტესობა ტუბერკულოზით არის დაავადებული. რაც მთავარია, არ ხდება ციხეში ჯამრთელი პატიმრების დაავადებული პატიმრებისგან გამიჯვნა, რაც ჯანმრთელი პატიმრების დაავადებას იწვევს. გამოდის ქალბატონი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და აცხადებს, რომ ციხეში კარგი პირობებია, პატიმრებს მკურნალობენო. გვაჩვენოს თუნდაც ერთი განკურნებული პატიმარი.
_ ბატონო გიორგი, ადრე დაავადებული პატიმრებისთვის ტუბერკულოზის პროგრამა «დოცი» ხორციელდებოდა. დღეს თუ მოქმედებს ეს პროგრამა?
_ «დოცი» ციხეებში «ვარდების რევოლუციამდე» ხორციელდებოდა. დღეს ეს პროგრამა შეჩერებულია და ამიტომაც გვყავს ამდენი დაავადებული პატიმარი. ჯერ ერთი, დაავადებულ პატიმარს არ მკურნალობენ, ამას ემატება ცემა-ტყეპა. ხშირად ხდება, რომ მომაკვდავი პატიმარი სიცოცხლეს საკანში ასრულებს.
7 აპრილს ქსნის კოლონიაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა, ავთანდილ აბუბელაშვილი. იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და დროულად არ ჩაუტარდა მკურნალობა. ასეთი შემთხვევები ხშირია, თუმცა არც მინისტრი და არც ციხის ადმინისტრაცია თავს არ იწუხებენ, რომ დაავადებული პატიმრები დროულად გადაიყვანონ საავადმყოფოში და უმკურნალონ.
_ თქვენ, როგორც უფლებადამცველს, თუ მიგიმართავთ მინისტრისთვის ციხეში არსებული მდგომარეობის შესწავლის წინადადებით?
_ რამდენჯერაც გინდათ. ჩვენ კალმახელიძისგან ვითხოვთ, რომ უფლებადამცველების მონაწილეობით შეიქმნას მონიტორინგის საბჭო, ისე, როგორც «ვარდების რევოლუციამდე» იყო, და შეგვიშვან ციხეებში. თუ იქ მსგავსი მართლაც არაფერი ხდება, როგორც ამას კალმახელიძის უწყება აცხადებს, მაშინ გაგვიღონ ციხის კარი და ვნახოთ! ძალიან კარგად იცის ქალბატონმა კალმახელიძემ, რაც ხდება ქართულ ციხეებში და, სხვათა შორის, როცა კალმახელიძე შედის პატიმრების მოსანახულებლად, მისი გამოსვლის შემდეგ ცემა-წამება მატულობს.
_ თქვენი აზრით, მინისტრი კალმახელიძე აძლევს პატიმრების ცემის ბრძანებას?
_ ვერ გეტყვით, შეიძლება ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ზედმეტად აქტიური ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამას აკეთებენ და ამისთვის დასჯილიც არავინ გვინახავს. ვფიქრობ, ადმინისტრაციის მიერ პატიმრების ცემა-ტყეპა შიშის დათესვას ემსახურება.
ესაუბრა
ეთერ ბალაძე