Home რუბრიკები საზოგადოება აქ, ჩვენთან, ბრაიტონში

აქ, ჩვენთან, ბრაიტონში

880
აქ, ჩვენთან, ბრაიტონში

დღეს გთავაზობთ აშშში მოღვაწე ქართველი ქალბატონის რუსუდან ჭუბაბრიას წიგნიდანმზესუმზირა, უმზეოდ დარჩენილიერთი ნოველის ნაწყვეტს, რომელიც შეიძლება ითქვას, თავისთავად ნოველაა, ნოსტალგია საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი ადამიანის.

წიგნის რედაქტორი შუქია აფრიდონიძე წერს:

კრებულის ავტორს _ რუსუდან ჭუბაბრიას, სპეციალობით ორიენტალისტს (არმენოლოგს), მოწოდებით კი _ ჰუმანიტარს ამ სიტყვის უფართოესი და საუკეთესო გაგებით, ბოლო ხანებში ჩვენი მკითხველი ინტერესით ეცნობოდა _ თანდათან და ფრაგმენტულად.

რუსიკო ჭუბაბრიას პირადი ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ოჯახითურთ მოუხდა ამერიკაში გამგზავრება. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში (ბრუკლინი). სამშობლოში დედ-მამის მზრუნველობით აღზრდილ-ნაფერებმა ქალიშვილმა ღირსეულად გაართვა თავი მის წილხვედრ პასუხისმგებლობას, როცა გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად ამ დიდ ქვეყანაში გამგზავრება.

ცხოვრების ნირის შეცვლას ჩვენი ავტორისათვის ლიტერატურული საქმიანობა არ შეუწყვეტინებია; მეტიც: ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა იგი და მეტად საინტერესო ნაწარმოებები შეაქმნევინა. ეს ის შემთხვევაა, როცა თითქოსდა წმინდა მემუარული ჟანრი ჭეშმარიტ ლიტერატურად იქცევა. თქმული თანაბრად ეხება როგორც ორიგინალურ, ისე თარგმნილ პროდუქციას. მათ შორის საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისეთი შედევრის თარგმანი, როგორიცაა მიჩ ალბომის გახმაურებული “სამშაბათობით მორისთან”. იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი და რუსუდან ჭუბაბრიამ მისი ქართულად ახმიანება, სავსებით სამართლიანად, ჩვენი ენის ღირსების საკითხად მიიჩნია, როცა ხელი მოჰკიდა ამ საქმეს და წარმატებითაც გაასრულა. მთელს თავის ნამუშევარს ავტორმა თავი მოუყარა და მკითხველს შესთავაზა შესანიშნავი კრებული მრავლისმეტყველი სათაურით _ “მზესუმზირა, უმზეოდ დარჩენილი”, _ რუსთველისეული ცნობილი ტრიადა რომ მოვიხმოთ, “გულის, გონებისა და სულის” დამაპურებელი ნაწარმოები.

ჰანა

სატელეფონო ჯიხურთან მდგარი ერთ სატელეფონო ნომერს განუწყვეტლად ვკრეფ. უცნაურია, კვლავ არავინ მიპასუხებს. თბილისური ნომრების შემდეგ აქაური ზედმეტად გრძელი და მომქანცველი მეჩვენება, შედეგი _ არავითარი. “ნეტავ, სად უნდა წასულიყო ამდენ ხანს 90 წელს მიტანებული მოხუცი”, _ მიკვირს მე და კვლავ თავიდან ვიწყებ ნომრის აკრეფვას. საშინელი გრუხუნით მოქრის მატარებელი და ირგვლივ ყველაფერს აყრუებს. წარმოუდგენელია ამ პირობებში არსებობა. სახლიც რომ მაჩუქონ, არასდროს დავთანხმდები აქ ცხოვრებას.

უიმედოდ ვკიდებ ყურმილს და ველი, როდის გაივლის მეტროს მორიგი მატარებელი.

ეს ბრაიტონია.

ირგვლივ, ძირითადად, რუსული საუბარი ისმის. ერთმანეთს ენაცვლება ინგლისურ-რუსული წარწერები. ძალიან იშვიათად გადააწყდებით ქართულ აბრასაც. აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს გადაეყრებით. ძნელია, აქ თავი ამერიკაში იგრძნო. ეს, ალბათ, არცაა ამერიკა, საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ამერიკის მიწაზე გადმოინაცვლა. ახალგაზრდა თაობა თუმცა კი ინარჩუნებს მშობლიურ ენას, მაგრამ თავს ნამდვილ ამერიკელად მიიჩნევს. თუკი ამერიკელების გარემოცვაში “გაამერიკელებულმა” ჩვენიანმა დახმარების ხელი გამოგიწოდათ და “წინაპრების ენით” გაგესაუბრათ, ეს მისი დიდი პიროვნული ღირსების მაჩვენებელია და მათ მიმართ მადლიერების განცდა მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ბრაიტონს ხშირად აკითხავენ ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები “ჩვენიანები”. აქ პროდუქტები “რუსულია”, ჩვენი გემოვნების მიხედვით შერჩეული და შედარებით იაფი. მაღაზიები “რუსულენოვანია”, არცთუ იშვიათად შეხვდებით თურქებს, ჩინელებს, ესპანელებს. “ჩვენებს” ძალიან უკვირთ, რომ ამ “არაჩვენიანებმა” “რუსული ვერ ისწავლეს, თუმცა კია დრო… ამდენი ხანია, ბრაიტონზე ვაჭრობენ”. აქა-იქ გადააწყდებით ასეთ მეტად საინტერესო განცხადებასაც: „WELCOME, WE SPEAK ENGLISH“. მადლობა ღმერთს, თორემ “ჩვენები” აქ თავს სრულ ბატონ-პატრონად გრძნობენ და მათთვის საჭირო რამდენიმე სიტყვის (hello, sorry, good morning, food stamps, medicaid, madicare) გარდა, ინგლისურის ცოდნით თავს დიდად არ იცხელებენ.

უკვე 5 საათი ხდება. ყურმილს კვლავ არავინ იღებს.

სააგენტოში ვრეკავ.

_ ნომერი სწორია, ალბათ, ბაღშია, _ მშვიდად მიპასუხებს კოორდინატორი და ყურმილს დებს.

ვერაფერი გამიგია, რა უნდა ბაღში 90 წლის ადამიანს. იქნებ, რაღაც კარგად ვერ გავიგონე, მაგრამ გარკვევით მითხრა: “სადიკო”.

ჯანდაბას, რაც არის, ესაა…

ოკეანის სანაპიროსკენ ვიღებ გეზს. ვცდილობ, მატარებლის გამაყრუებელ ხმაურს გავექცე. ფიქრები აქეთ-იქით გამირბიან, ვღელავ. ხვალ პირველად მივდივარ სამსახურში და აქამდე ჩემს კლიენტს ვერ მივაგენი.

სანაპიროზე სიმშვიდეა. ქვიშა ყვითელია. თოლიები აქა-იქ დაბაჯბაჯებენ და გრძელ ნისკარტებს აქეთ-იქით ატრიალებენ სასუსნავის ან მორიგი მსხვერპლის მოლოდინში.

საბანაო სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ქვიშა სუფთაა. კედებს ვიხდი და ქვიშაში ვდგები. ქვიშა ნოტიოა, გრილი, სასიამოვნო…

იქით, ძალიან შორს, თეთრი გემი სერავს ჰორიზონტს. ნელ-ნელა მივდივარ ნაპირისკენ. ოკეანე ტუჩებს ილოკავს. სველ ქვიშაზე ვდგები, ქვიშა ახლა უკვე არასტუმართმოყვრულად ცივი და არასასიამოვნო მეჩვენება. მოშორებით ვჯდები. ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად, მაგრამ ეს სიმარტოვე არ მაშინებს. ვწვები, თუმც ვიცი, რომ ქვიშის მარცვლებს მერე ვერაფრით მოვიცილებ… სულერთია, ახლა ვცდილობ, არაფერზე ვიფიქრო, ამ სიმარტოვისა და ამ უკიდეგანო სივრცის ნაწილად ვიქცე, გამოვთიშო ჩემი ტვინის ყველა უჯრედი. თითქოს გამომდის… ტალღების ხმა საიდანღაც შორიდან მესმის, ოკეანის ტალღაზე ქაღალდის ნავივით ვიწყებ რწევას.

ხვალინდელი დღის მოლოდინი მაინც არ მაძლევს მოსვენებას. მობილურს ვიღებ და კვლავ ვიწყებ ციფრების აკრეფას. ორი წამი, სამი და… გაოგნებული ვჯდები. ვიღაცამ ყურმილი აიღო.

_ გისმენთ, _ მესმის მოხუცი ქალის ხმა.

_ გამარჯობა! _ თქვენ… ჰანა ხართ? _ თითქმის ვყვირი.

თოლიები წამიერად წყვეტენ თავების აქეთ-იქით ტრიალს და ცნობისმოყვარეობით შემომცქერიან.

_ გამარჯობა! _ მესმის მოხუცის კეთილგანწყობილი ხმა.

_ რა ხანია, გირეკავთ და ვერ დაგიკავშირდით, მე თქვენი ახალი ჰომ-ატენდანტი ვარ.

_ მე “სადიკში” ვიყავი და ახლახან მოვედი, რა გქვიათ და საიდან ხართ?

_ საქართველოდან.

დუმილი და უცებ გამართული ქართულით მესმის:

_ გამარჯობა, მეგობარო! _ რასაც ქართული “სულიკო” მოჰყვება. ხმა კრიალა აქვს, ინტონაცია _ ზუსტი.

მე “მიმინოსავით” არ ავყვები მის სიმღერას. არც მეტირება. ვუსმენ რაღაც სრულიად გაუგებარი ემოციით შეპყრობილი, დაბნეული, გაღიმებული და არც კი ვიცი, რა ვთქვა.

უცნაური რამაა ემოცია, გაჯერებული სხვადასხვა მუხტით, ხანდახან თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავითაც კი. ნეტავ, შეიძლებოდეს ანალიზის გაკეთება…

ჰანა კი განაგრძობს სიმღერას და ვხვდები, რომ ისიც იღიმება.

მე ჯერ არ ვიცი, როგორ გამოიყურება ჰანა, არც ის, რომ იგი თითქმის ბრმაა, კიდევ ბევრი, ბევრი რამ, მაგრამ შემიძლია უკვე გარკვევით ვთქვა: _ გულში სიმშვიდე მეღვრება, ჰანა რაღაცნაირი “ჩემი” ხდება, ეს კი ცოტა როდია საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი ადამიანისთვის.

რუსუდან ჭუბაბრია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here