Home რუბრიკები პოლიტიკა კაჩინსკი: ჩვენ “არა”-ს ვეუბნებით ჰომოსექსუალთა ქორწინებას

კაჩინსკი: ჩვენ “არა”-ს ვეუბნებით ჰომოსექსუალთა ქორწინებას

ჩვენი მთავრობა გაბედავს ამის გამეორებას?

1125
კაჩინსკი: ჩვენ “არა”-ს ვეუბნებით ჰომოსექსუალთა ქორწინებას

მაისი მოდისზოგადად, მაისი ჩემს ბავშვობაში შხაპუნა წვიმასთან, საადრეო ხილის შემოსვლასთან, სწავლის ბოლო თვესთან, არდადეგების მოახლოებასთან და ათას სასიამოვნო რამესთან ასოცირდებოდა. ახლა კი, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წელია, და მაისის მოსვლა იმასთან ასოცირდება, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ისევ შეეცდებიან ქუჩაში გამოსვლას, ისევ შეეცდებიან ტოლერანტობის სახელით თავს მოგვახვიონ ის, რაც ერსა და ბერს არ უნდა. სწორედ ერსა და ბერს, რადგან 17 მაისი, ლგბტ თემისდღესასწაულისსაპირწონედ, საპატრიაქრომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც შარშან ათიათასობით ადამიანმა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მოაწყო, ტელევიზიებმა მაინც ის გააშუქეს, როგორ ცდილობდა ლგბტ თემის 5-6 წარმომადგენელი ფერადი დროშების გაშლას და იმის პროპაგანდას, რაც, მაგალითად, ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში აკრძალულია.

როცა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ ვინმე კრიტიკას გაბედავს, მაშინვე გამოჩნდება რამდენიმე არასამთავრობო, რომლებიც მათ ქომაგობას იწყებენ და ამას ისე აგრესიულად აკეთებენ, რომ ხანდახან ეჭვი გეპარება, ვინ არის უმცირესობა და ვინ _ უმრავლესობა. პარალელურად, საქმეში ერთვებიან ევროპული თუ ამერიკული არასამთავრობოები, როგორც მათ უწოდებენ, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და გამოგზავნილ წერილებსა თუ რეკომენდაციებში მკაცრად მიგვითითებენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ხელშეუხებელნი არიან; რომ ჩვენ ველურებივით კი არ უნდა მოვიქცეთ, არამედ ტოლერანტები უნდა ვიყოთ; მათ, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ, თავზე უნდა დავისვათ და მერე რა, თუ კაბიან კაცსა და შუა ქუჩაში ერთმანეთზე ვნებიანად ჩაკონებულ ქალებს ბავშვები დაინახავენ _ ჩვენი მომავალი თაობა, ის ბავშვები, რომლებსაც ქართველებად ვზრდით, ვცდილობთ, ძველი ტრადიციები არ დაივიწყონ და აქამდე სისხლით მოტანილი ქართველობა არ დაკარგონ. ჰო, გაუფასურდა ეს სიტყვაც _ ქართველობა… ისე ხმარობენ, ისე თელავენ, როგორც “დიდოელი ლეკი ნაბადსა”, თუმცა…

ამას არაფერი აქვს საერთო ტოლერანტობასთან. ეს ეხება ერთნაირსქესიანი პირების კავშირებს, ქორწინებასა და და მათ უფლებას, ბავშვი იშვილონ. მსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი პოზიცია: ჩვენ ამასარა”- ვეუბნებით. შორს ხელები ჩვენი ბავშვებისგან!” _ განაცხადა პოლონეთის მმართველი პარტიის _ “სამართალი და სამართლიანობის” ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ. კაჩინსკის კი პოლონეთში ისეთივე თანამდებობა უკავია, როგორიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილს.

როგორ გგონიათ, რა რეაქცია მოჰყვა კაჩინსკის განცხადებას პოლონეთში? მოსახლეობის უმრავლესობამ ქვეყნის ლიდერს ტაში დაუკრა და საბოლოოდ დაიჯერა, რომ, სულ ცოტა, იმ დროის განმავლობაში, სანამ ხელისუფლებაში სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება, არავინ დაძრავს სიტყვას ერთნაირსქესიან პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე. არადა, ბოლო პერიოდში ამ თემაზე პოლონეთში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად საუბრობდა და პროპაგანდასაც ეწეოდა. რაც მთავარია, არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ გამოსულა და არ უთქვამს: კაჩინსკიმ ეს როგორ გაბედა, როგორ დაასხა თავზე ლაფი ჰომოსექსუალებსო. გაგიკვირდებათ და, ხმა არ ამოიღო არც ლუქსემბურგის პრემიერმა ქსავიე ბეტელმა, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანაში დააკანონა ერთნაირსქესიანი პირების ქორწინება, მერე კი ბელგიელ არქიტექტორზე “გათხოვდა”… უფრო ზუსტად, “ცოლად მოიყვანა”… თუმცა, სჯობს, დავწეროთ, რომ ლუქსემბურგის პრემიერმა იქორწინა და ახლა ამ ორი კაციდან რომელია ცოლი და რომელი _ ქმარი, თვითონ გაარკვევენ. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, არც ლუქსემბურგის პრემიერს გაუპროტესტებია კაჩინსკის განცხადება და არ უთქვამს: ეგ როგორ გაბედე, ჩემი უფლებები დაირღვაო!

ახლა საინტერესო ის არის, ჩვენ რატომ ვიცავთ ასე თავგამოდებით ლგბტ თემის უფლებებს?! უფრო სწორად, რატომ გვინდა, რომ მათ განუკითხაობას ზღვარი არ ჰქონდეს? დაცვაც არის და დაცვაც. არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, ამ ყველაფერს პროპაგანდა გაუწიოს, ანუ მხოლოდ იმას კი არ ამბობენ, რომ ისინი უნდა მოგვწონდეს, არამედ იმასაც გვაპარებენ, რომ ეს კარგია და მისაბაძიც. სამაგალითოდ სწორედ ევროპის ქვეყნები მოჰყავთ და ამბობენ, რომ ევროპაში ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის ნამდვილი ნირვანაა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებშიც მათი “უფლებები” იზღუდება, არადემოკრატიულია. არადა, როცა, მაგალითად, რუსეთში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ლგბტ თემის აქტივისტთა საჯარო შეკრება, საქართველოში ყველამ ტაში დაუკრა, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და მოწონებული აკრძალვის საჯაროდ თქმა გახდა საჭირო, ყველა სოროში შეძვრა. სამაგიეროდ, ტაში არ გაჩერებულა, როცა რამდენიმე კვირის წინათ საფრანგეთმა მშობლების გრაფიდან “დედა” და “მამა” ამოიღო და “მშობელი #1” და “მშობელი #2” დააკანონა. სავარაუდოდ, ნომრები რომ არ აერიოთ, ბავშვები დილაობით მშობლებს ხაზზე მოაწყობენ და პირველი-მეორეზე გაათვლევინებენ…

არ თქვათ ახლა, ლგბტ უფლებებს არღვევთო. არაფერსაც არ ვარღვევთ, უბრალოდ, რაც არ მოგვწონს, ვამბობთ, რომ არ ვარგა. თქვენ არ გვიმტკიცებთ, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებააო?! ჩვენ თუ გვკითხავთ, სწორედ ის არის სიტყვის თავისუფლება, რაც კაჩინსკიმ გააკეთა _ გამოვიდა და თქვა ის, რასაც ფიქრობდა და რასაც შინაგანი მე კარნახობდა. ის არ მოიქცა ქართველი პოლიტიკოსებივით, რომლებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათთვის ლგბტ თემი მიუღებელია, მაგრამ, ევროპაამერიკიდან თითის დაქნევის შიშით, ამას საჯაროდ ვერ ამბობენ. ამით პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ჩვენი, ქართველი მოსახლეობის, თითის დაქნევის არ ეშინიათ და ეშინიათ იმ უცხოელების, რომლებისგანაც ფინანსდებიან, გრანტებს იღებენ და საზრდოობენ.

არადა, ფაქტია: უკვე, პრაქტიკულად, სრულიად ევროპა მიხვდა იმას, რომ ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების დაკანონება, მათზე გადამეტებული ზრუნვა ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველია და ნელ-ნელა ზღუდავენ პროპაგანდას, ბავშვებს აჩვევენ იმას, რომ ეს ყველაფერი მაინცდამაინც კარგი არ არის, მიდიან იქით, სადაც დღეს ჩვენ ვართ და… ამ დროს ჩვენ გვიკიჟინებენ: ტოლერანტობა გამოიჩინეთო. არადა, კაჩინსკიმ გასაგებად თქვა, ერთნაირსქესიანი პირების ქორწინებას არაფერი აქვს საერთო ტოლერანტობასთანო და მართალიც არის. მართალია იმიტომ, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის თანაცხოვრებაა და, საბედნიეროდ, ეს ჯერჯერობით გვაქვს კონსტიტუციურად დაკანონებული, მაგრამ საკმარისია ლიბერალიზმის მიმდევართა დოზა გაიზარდოს ხელისუფლებაში ან საკანონმდებლო ორგანოში და პირველი, რასაც გააკეთებენ, სწორედ ამ კანონის მიღება იქნება. და ამას იმიტომ კი არ გააკეთებენ, რომ ასე ფიქრობენ, არამედ იმიტომ, რომ დამატებითი გრანტები მიიღონ და დამატებითი შემოსავალი გაიჩინონ. და მათთვის სულერთია, ამ კანონით დაიღუპება თუ არა ქვეყანა.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას და არიან ხელისუფლებაში, უნდა გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ ის, რაც კაჩინსკიმ თქვა. ამის შემდეგ, არც ლგბტ თემის წარმომადგენლებს გაუჩნდებათ ქუჩაში გამოსვლის სურვილი, არც სატელევიზიო შოუებში დაუთმობენ მათ არარეალურად დიდ დროს, არც იმას იტყვიან, რომ ლგბტ თემის წევრობა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ვიცხოვრებთ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდით და არა ისე, როგორც ახლა გვაძალებენ. როცა ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა დაცვის დროს ჩვენი, რიგითი ადამიანების, თავისუფლება იზღუდება, ჩვენი უფლებები ზარალდება, რადგან უმრავლესობას არ სიამოვნებს არც მათი გამოსვლები, არც აქტიურობა, არც პოპულარიზაცია… მაგრამ ჩვენს უფლებებზე არავინ ფიქრობს, რადგან ისინი უნდა გამოიყვანონ წამებულად, ისინი უნდა შეეცოდოს ხალხს, რათა შემდეგ მათი ცხოვრების წესის თავს მოხვევა უფრო ადვილი იყოს.

ზუსტად ვიცი, ახლა ამ სიტყვაზე შემოგვედავებით, ნორმალური რას ჰქვიაო. რას ჰქვია და იმას, რაც აქსიომაა _ ოჯახს იმ შემადგენლობით, ურთიერთობას ადამიანთა შორის იმნაირად, როგორც ბუნებას და ღმერთს დაუწესებია, საზოგადოდ, ყველაფერს ჩვეულებრივსა და ნორმალურს. აბა, ნორმალური რომ იყოს, ან დაცვა რაში დასჭირდებოდა, ან ცალკე კანონი და, საერთოდ, ცალკე სახელწოდება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ პოლიტიკოსებისგან შესაბამისი განცხადების გაკეთებას და გვერწმუნეთ, მოსახლეობის მხარდაჭერა არ დააყოვნებს. თქვენც ხომ რეალურად ეს გჭირდებათ. მანამდე კი…

მაისი მოდის…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here