Home რუბრიკები საზოგადოება მფრინავი ფინელი

მფრინავი ფინელი

946
ჰაავო ნურმი

მსოფლიოში იყვნენ შესანიშნავი სტაიერები, მათ შორის, ჩეხი ემილ ზატოპეკი და რუსი ვლადიმერ კუცი, მაგრამ ნურმის მსგავსი არავინ ყოფილა. მან 22 მსოფლიო რეკორდი დაამყარა, თანაც სხვადასხვა შეჯიბრებაში და სხვადასხვა დისტანციაზე: 1500 ზე, 1 მილზე, 2000 მეტრზე, 3000 მეტრზე, 2 მილზე, 3 მილზე, 5000 მეტრზე, 4 მილზე, 5 მილზე, 6 მილზე, 10 000 მეტრზე, 15 000 მეტრზე, 10 მილზე, 20 000 მეტრზე; ამას გარდა, 1 საათის ხანგრძლივობით სირბილში და ესტაფეტაში ფინეთის ნაკრების რიგებში

ნურმიმ პირველი რეკორდი 10 000 მეტრზე დაამყარა 1921 წელს, ხოლო 2 მილზე _ 10 წლის შემდეგ, როცა 34 წლის იყო. მონაწილეობდა 3 ოლიმპიურ თამაშებში და მოიპოვა 9 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი.

ტურისტებს, რომლებიც ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩადიან, ექსკურსიამძღოლები ათვალიერებინებენ პარკს, რომელშიც ახალგაზრდობაში ვარჯიშობდა დიდი ფინელი მორბენალი ჰაავო ნურმი. ის იყო ღარიბი ოჯახის მეორე შვილი. ჰაავოს მამა იოჰანი ოჯახს ჯერ ფერმერობით არჩენდა, შემდეგ _ დურგლობით.

ჰაავო ნურმი
ჰაავო ნურმი

ჰაავო ნურმიმ ბავშვობაში გადაწყვიტა, სახელგანთქმული მორბენალი გამოსულიყო, ისეთი, როგორიც იმხანად იყო სტოკჰოლმის ოლიმპიადის ჩემპიონი ჰანეს კოლემაინენი. ამისათვის კი ბავშვობიდანვე იკაჟებდა სხეულს, სწავლობდა სირთულეების დაძლევას და ყოველდღე დარბოდა რამდენიმე კილომეტრს. მან მწვრთნელის გარეშე, თვითონვე შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა და არასოდეს გადაუხვევია დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან.

13 წლის ნურმი სკოლის ჩემპიონი გახდა კროსში. 1918 წელს, როცა არმიაში მსახურობდა, საჯარისო შეჯიბრებაში მოიგო კროსი 20 კმ-ზე. თვით ამ ფაქტში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, ჰაავოს ნახევარი საათით რომ არ ეჯობნა მეორე ადგილზე გასულისთვის. მორბენალი ჯარისკაცი-ფენომენის შესახებ იმხანად ბევრმა ფინურმა გაზეთმა დაწერა.

ჰაავო ნურმი
ჰაავო ნურმი

2 წლის შემდეგ ის უკვე ანტვერპენში იყო ოლიმპიადაზე, სადაც I მსოფლიო ომის შემდეგ 29 ქვეყნის 2 607 სპორტსმენი შეიკრიბა. სხვათა შორის, სწორედ იქ, ბელგიის საპორტო ქალაქში, პირველად აღიმართა ოლიმპიური ალამი 5 სხვადასხვა ფერის ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლებით, სტადიონზე კი პირველად გაისმა ოლიმპიური ფიცი.

VII ოლიმპიადაზე ნურმის რეკორდები არ დაუმყარებია, თუმცა ოქროს მედლები მოიპოვა 10 000 მეტრზე და 8000 მეტრზე დისტანციებზე სირბილში (8000 მეტრ დისტანციაზე ნურმიმ გაიმარჯვა, როგორც პირად, ის გუნდურ შეჯიბრებაში), მაგრამ ორი ოლიმპიადის შუალედში ნურმიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც 10 000 მ, ისე 5 000 მ დისტანციაზე (პირველი რეკორდი _ 1921 წელს, მეორე _ 1923 წელს).

ჰაავო ნურმი
ჰაავო ნურმი

VIII ოლიმპიადაზე პარიზში ნურმიმ ტრიუმფალურ წარმატებას მიაღწია. იქ მან 5 ოქროს ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ერთ-ერთი დღე ნურმის იყო _ ამ დღეს დანიშნული იყო შეჯიბრება 1500 და 5000 მეტრ დისტანციებზე. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ უკვე წინასწარი გარბენისას 1500 მ-ზე ფინელმა მორბენალმა განაცვიფრა მაყურებელი. ის გარბოდა ისე, თითქოს ვარჯიშზეაო, ხელში ეჭირა ქრონომეტრი, რომელსაც ყოველი წრის შემდეგ დაჰყურებდა და მაინცდამაინც არ ჩქარობდა. მხოლოდ ბოლო 200 მეტრზე ჩართო მაქსიმალური სიჩქარე, მოსწყდა დანარჩენ მორბენლებს და ფინიშზე პირველი მივიდა. ასევე იოლად მოიგო ნურმიმ ამ  დისტანციის საფინალო გარბენი, თანაც ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ერთი საათის შემდეგ კი აღფრთოვანებული სტადიონის თვალწინ ასეთივე სიმსუბუქით მოიპოვა ოქროს მედალი 5000 მ დისტანციაზე _ ისევ ოლიმპიური რეკორდით. მეორე დღეს, როცა კროსი 10 000 მ დისტანციაზე უნდა გამართულიყო, პარიზში საშინელი სიცხე იდგა. გარბენში მონაწილეობდა 10 ქვეყნის 38 სპორტსმენი, მაგრამ აუტანელი სიცხის გამო ნახევარზე მეტმა შეწყვიტა ასპარეზობა. ფინიშამდე მივიდა 15 სპორტსმენი, მათგან პირველი იყო ჰაავო ნურმი. აქ მან ორი ოქროს მედალი მიიღო _ პირად და გუნდურ ჩათვლაში. კიდევ ერთი ოქროს მედალი ფინელმა მორბენალმა 3000 მ დისტანციაზე სირბილში მოიპოვა.

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ნურმი მიიწვიეს შეერთებულ შტატებში. ქვეყანას, რომელიც ამაყობდა თავისი მძლეოსნობის სკოლით, უნდოდა, ენახა, რას წარმოადგენდა ეს ევროპელი, რომელსაც 8 ოლიმპიური მედალი ჰქონდა მოპოვებული ორ ოლიმპიადაზე. და ნურმიმ ამერიკელი მაყურებლის თვალწინ დაამარცხა ამ ქვეყნის მორბენლები სხვადასხვა დისტანციაზე.

თავისი ბოლო ოლიმპიური ოქროს მედალი ნურმიმ მოიგო IX ოლიმპიურ თამაშებზე ამსტერდამში 1928 წელს 10 000 მ დისტანციაზე (ახალი ოლიმპიური რეკორდით). ამ ოლიმპიადაზე დაუმატა მან თავის ურიცხვ ჯილდოს ორი ვერცხლის მედალი _ 5000 მ და 3000 მ დისტანციებზე წინაღობებით სირბილში.

55 წლის ნურმი კიდევ ერთი ოლიმპიადის მონაწილე იყო, ამჯერად _ საპატიო მონაწილე. 1952 წელს XV ოლიმპიური თამაშები ფინეთში ჩატარდა და ოლიმპიური ცეცხლი ნურმიმ აანთო. როდესაც ის ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე ანთებული ჩირაღდნით ხელში გამოჩნდა, 40 ათასი ადამიანი ფეხზე წამოდგა და მხურვალედ მიესალმა დიდ სპორტსმენს. მანამდე კი ოლიმპიური ჩირაღდანი ნურმის გადასცა მეორე ოლიმპიურმა ჩემპიონმა _ ჰანეს კოლემაინენმა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ნურმი წარმატებით უძღვებოდა ბიზნესს. 1968 წელს კი დააარსა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა კვლევის დასახმარებელი ფონდი.

ჰაავო ნურმი ფინელების ეროვნული სიამაყეა. ჰელსინკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ამ დიდებული მორბენლის სკულპტურა, რომელიც ჰაავო ნურმის სიცოცხლეშივე დაუდგეს _ ასეთი პატივი ბევრს არ რგებია. ეს სკულპტურა 1924 წელს შექმნა ფინელმა მოქანდაკე ვაინე ააოლტონენმა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here