2 თებერვალს რუსეთში აღნიშნეს საბრძოლო დიდების დღე _ დღე, როდესაც საბჭოთა მეომრებმა გაანადგურეს ფაშისტი დამპყრობლები სტალინგრადთან. ამ გამარჯვებაში საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ქართველებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი.
სტალინგრადის ბრძოლა უმნიშვნელოვანესია 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის ისტორიაში. სტალინგრადის ბრძოლამ თავისი ხანგრძლივობითა და გააფთრებულობით, საომარი ტექნიკისა და ბრძოლაში მონაწილე ადამიანების რაოდენობით გადააჭარბა მსოფლიოს ისტორიაში აღრიცხულ ყველა ბრძოლას. სტალინგრადთან (ამჟამად ვოლგოგრადი) საბჭოთა მეომრებმა გაანადგურეს მტრის 5 არმია, მათ შორის, 2 გერმანული, 2 რუმინული და 1 იტალიური. მეორე მსოფლიო ომში გარდატეხის შემტანი ბრძოლა 200 დღეს გრძელდებოდა, 1942 წლის 17 ივნისიდან 1943 წლის 2 თებერვლამდე. სტალინგრადის ბრძოლა მიმდინარეობდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 ათას კვადრატულ კმ-ზე. სხვადასხვა ეტაპზე მასში მონაწილეობდა 2 ათასზე მეტი თვითმფრინავი, 26 ათასი ქვემეხი, 2 ათასამდე ტანკი და 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი.
საბრძოლო მოქმედებების ხასიათის მიხედვით, სტალინგრადის ბრძოლა იყოფა ორ პერიოდად: პირველი _ თავდაცვითი, რომელიც გრძელდებოდა 1942 წლის 17 ივლისიდან 18 ნოემბრამდე. ამ პერიოდის ბრძოლების მიზანი იყო ქალაქ სტალინგრადის დაცვა. მეორე პერიოდი იყო შეტევითი, რომელიც დაიწყო 1942 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა 1943 წლის 2 თებერვალს სტალინგრადის მიმართულებით მოქმედი ფაშისტური გერმანიის სამხედრო დაჯგუფებების სრული განადგურებით.
სტალინგრადის ბრძოლაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ სტალინგრადის ფრონტის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების, დონის, ვორონეჟის ფრონტების მარცხენა ფრთის მეომრები, ვოლგის სამხედრო ფლოტილია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სტალინგრადის კორპუსი.
გერმანელი ფაშისტების მთავარსარდლობა გეგმავდა, რომ 1942 წლის ზაფხულში გაენადგურებინა საბჭოთა არმიის ნაწილები ქვეყნის სამხრეთში, დაეპყრო კავკასიის სანავთობე რაიონები, დონისა და ყუბანის მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწები, დაენგრია ქვეყნის ცენტრისა და კავკასიის დამაკავშირებელი კომუნიკაციები და შეექმნა ომში გამარჯვების პირობები. ამ ამოცანის შესრულება დაეკისრა A და B ჯგუფების არმიებს. სტალინგრადის მიმართულებით შეტევის განხორციელება დაევალათ B ჯგუფის არმიებს გენერალ-პოლკოვნიკ ფრიდრიხ პაულიუსის სარდლობით და მე-4 სატანკო არმიას. 17 ივლისისთვის გერმანელთა სამხედრო შენაერთი ითვლიდა 270 ათას კაცს, 3 ათას ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, აგრეთვე, 500 ტანკს. მას მხარს უჭერდა მე-4 საჰაერო ფლოტი დაახლოებით 1200 თვითმფრინავით. გერმანელ ფაშისტებს უპირისპირდებოდა სტალინგრადის ფრონტი 160 ათასი კაცით, 2,2 ათასი ქვემეხითა და ნაღმსატყორცნით, 400 ტანკით. მას მხარს უჭერდა მე-8 საჰაერო არმიის 454 თვითმფრინავი, შორი მოქმედების ავიაციის 150-200 ბომბდამშენი.
სტალინგრადის ფრონტის ძალები თავმოყრილი იყო მდინარე დონის კლაკნილთან, სადაც თავდაცვით პოზიციებზე იდგნენ 62-ე და 64-ე არმიები, რათა არ დაეშვათ მტრის მიერ მდინარის გადალახვა და სტალინგრადისკენ გარღვევა.
გერმანელთა მთავარსარდლობამ აგვისტოს დასაწყისში ბრძოლაში ჩააბა ახალი ძალები _ მე-8 იტალიური არმია და მე-3 რუმინული არმია. ფაშისტები ცდილობდნენ, ალყაში მოექციათ საბჭოთა მეომრები და დასავლეთის მიმართლებით განეხორციელებინათ გარღვევა სტალინგრადისკენ, მაგრამ საბჭოთა მეომრების გმირული მოქმედებებით ეს ვერ შეძლეს.
12 სექტემბერს მტერი ახლოს მივიდა ქალაქთან, რომლის დაცვაც დაევალა 63-ე და 64-ე არმიებს. ქუჩებში დაიწყო გააფთრებული ბრძოლები. 15 ოქტომბერს ფაშისტებმა მოახერხეს, სტალინგრადის სატრაქტორო ქარხანისთვის მიეღწიათ. 11 ნოემბერს გერმანელები უკანასკნელად შეეცადნენ ქალაქის დაპყრობას, მაგრამ ამაოდ. განუწყვეტელი კონტრშეტევებით 62-ე არმიამ მინიმუმამდე შეამცირა ფაშისტების წარმატებები, გაუნადგურა მას ცოცხალი ძალა და ტექნიკა. 18 ნოემბერს გერმანელი ფაშისტების მთავარი სამხედრო დაჯგუფება თავდაცვაზე გადავიდა.
გერმანელებს ჩაეფუშათ სტალინგრადის ხელში ჩაგდების გეგმა. ჯერ კიდევ სტალინგრადის დაცვის პერიოდში საბჭოთა სარდლობა სტალინის მეთაურობით თავს უყრიდა ძალებს კონტრშეტევის დასაწყებად. მზადება დასრულდა ნოემბრის შუა რიცხვებში. შეტევითი ოპერაციების დაწყების წინ საბჭოთა არმიას ჰყავდა 1,1 მლნ კაცი, ჰქონდა 15 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1,5 ათასი ტანკი და 1,3 ათასი თვითმფრინავი.
გერმანელების არმიაში კი იყო 1,01 მლნ კაცი, 10,2 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 675 ტანკი და 1616 თვითმფრინავი. საბჭოთა სარდლობამ სტალინგრადის ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი უპირატესობა შექმნა. სამხრეთ-დასავლეთის ფრონტისა და 65-ე არმიის შეტევა 1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო 80-წუთიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ. დღის ბოლოს ორ უბანზე გარღვეულ იქნა მე-3 რუმინული არმიის თავდაცვა. სტალინგრადის ფრონტმა სრული შეტევა (ოპერაცია “ურანი”) 20 ნოემბერს დაიწყო. უკვე 23 ნოემბერს სამხრეთ–დასავლეთისა და სტალინგრადის ფრონტის მეომრებმა ალყაში მოაქციეს გერმანელი ფაშისტების 22 დივიზია, მე-6 არმიის 160 ქვედანაყოფი და მე-4 სატანკო არმიის ნაწილები.
1942 წლის დეკემბრის ბოლოს მტერი გაანადგურეს, მისი ნარჩენები კი სტალინგრადიდან 150-200 კმ-ით უკუიქცნენ.
ფაშისტების დაჯგუფებების საბოლოოდ გასანადგურებლად სსრკ-ის უმაღლესმა მთავარსარდალმა სტალინმა დაგეგმა ოპერაცია “რგოლი”, რომლის შესრულება დაევალა დონის ფრონტს გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე როკოსოვსკის მეთაურობით. ოპერაცია დაიწყო 1943 წლის 10 იანვარს, 26 იანვარს 21-ე არმია მამაის ყორღანის რაიონში შეუერთდა 62-ე არმიას, რომლითაც ფაშისტების დაჯგუფება ორ ნაწილად გახლიჩა. 31 იანვარს წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა ფაშისტების სამხრეთ დაჯგუფებამ ფელდმარშალ ფრიდრიხ პაულიუსის მეთაურობით, 2 თებერვალს კი დანებდა ჩრდილოეთი დაჯგუფებაც. ეს იყო ალყაშემორტყმული მტრის საბოლოო განადგურება. შეტევითი ოპერაციების შედეგად 1943 წლის 10 იანვრიდან 2 თებერვლამდე საბჭოთა მეომრებმა ტყვედ აიყვანეს 91 ათასი გერმანელი ჯარისკაცი, დაახლოებით 140 ათასი გაანადგურეს. სტალინგრადის შეტევითი ოპერაციის შედეგად განადგურდნენ გერმანელთა მე-6 არმია და მე-4 სატანკო არმია, მე-3, მე-4 რუმინული არმიები და მე-9 იტალიური არმია. მოწინააღმდეგის საერთო დანაკარგმა შეადგინა 1,5 მლნ კაცი.
სტალინგრადის ბრძოლამ გარდამტეხი როლი ითამაშა დიდ სამამულო ომში. საბჭოთა არმია დაეუფლა სტრატეგიულ ინიციატივას და ხელიდან არ გაუშვია ომის ბოლომდე. სტალინგრადთან ფაშისტური ბლოკის მარცხმა შეარყია გერმანიისადმი ნდობა მისი მოკავშირეების მხრიდან, ხელი შეუწყო წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურებას ევროპის ქვეყნებში. შედეგად, იაპონია და თურქეთი იძულებული შეიქნენ, უარი ეთქვათ აქტიური მოქმედებების დაწყებაზე სსრკ-ის წინააღმდეგ.
სტალინგრადთან გამარჯვება საბჭოთა არმიისა და ხალხის სიმამაცისა და გმირობის შედეგი იყო.
ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 112-ს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
1945 წელს, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, სტალინგრადს გმირი ქალაქის წოდება მიენიჭა.
სტალინგრადის ბრძოლაში თავი ისახელეს საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ-პოლკოვნიკ პორფირე ჩანჩიბაძის მეომრებმა; გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილის მფრინავებმა; აგრეთვე, გენერალ-მაიორების _ ნიკოლოზ თავართქილაძის, ნიკოლოზ კალაძის, კირილე ჯახუას, შალვა ჭანკოტაძის, ხასან ხარაზიას სამხედრო ნაწილებმა; მფრინავმა, საბჭოთა კავშირის გმირმა ჭიჭიკო ბენდელიანმა; აგრეთვე, გრიგოლ ბუაჩიძემ, გიორგი გოცირიძემ, დავით თავაძემ, ნიკოლოზ აბრამიშვილმა; სამხედრო ექიმმა კლარა ხოჭოლავამ, სნაიპერმა ტარას იჩქიტიძემ და სხვ.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ