სპეცპროკურორ მიულერის გამოძიება, რომელზეც, ტრამპის იმპიჩმენტის თვალსაზრისით, კოლოსალურ იმედს ამყარებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები მოიგეს არა ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა, არამედ რუსეთის სპეცსამსახურებმა, ბოლოს და ბოლოს, დასასრულს უახლოვდება. ნაცვლად იმისა, რომ სიხარულით დამტკბარიყვნენ მომავალი პოლიტიკური შოუს მოლოდინში, ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაიწყეს საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ არანაირი ფოიერვერკი არ იქნება და არც _ იმპიჩმენტი.
სპეცპროკურორმა მიულერმა ვერ აღმოაჩინა “კრემლისა და ტრამპის შეთქმულება”. უფრო მეტიც, დიდია ალბათობა, რომ საზოგადოებრიობის ყურადღება გადაერთვება ამერიკის არჩევნებში სხვა უცხო ჩარევაზე. ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტტექნოლოგი ჯორჯ პაპადოპულოსი 25 ოქტომბერს სენატში გამართულ დახურულ მოსმენებს ესწრებოდა და, როგორც მან განაცხადა, სენატორებს უამბეს, როგორ ჩაატარეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის “ინფილტრაცია და საბოტაჟი” აშშ–ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ბრიტანეთის სპეცსამსახურმა.
სპეცპროკურორ მიულერის გამოძიების დასრულების შესახებ მასმედიაში ინფორმაციის გაჟონვის გარდა, არის კიდევ რამდენიმე მომენტი, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ “ტრამპისა და კრემლის შეთქმულების” ისტორია დასასრულს უახლოვდება. პროკურორზე ზემოქმედებენ მაღალჩინოსნები, რომლებიც მოითხოვენ, _ ან წარმოადგინოს ახალი ბრალდებები, ან დასრულდეს გამოძიება. ამასთანავე, მიულერი ძირითად სამუშაო ადგილებზე აბრუნებს იმ გამომძიებლებს, რომლებიც მას გამოძიებაში ეხმარებოდნენ, ანუ საქმე კვანძის გახსნას უახლოვდება.
ტყუილუბრალოდ არ დაუწყიათ საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ შედეგები მრავალთვიანი სკანდალური გამოძიებისა, რომელიც აქამდე აშშ–ის პოლიტიკური ახალი ამბების მთავარი წყარო იყო, არასოდეს გამომზეურდება.
გარემოებების უცნაური დამთხვევით სპეციალური პროკურორის _ მიულერის მანდატი ისე იყო შედგენილი, რომ მას არ აქვს თავისი დასკვნების გასაჯაროების არანაირი ვალდებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის, უბრალოდ, ანგარიშს ჩააბარებს ამერიკელ კანონმდებლებს _ და მორჩა. სავარაუდოდ, ის სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლებს, რათა დონალდ ტრამპსა და რუსულ პროპაგანდას კმაყოფილება არ მოჰგვაროს საჯარო აღიარებით, რომ არანაირი შეთქმულება არ ყოფილა.
არის კიდევ ერთი არგუმენტი გასამყარებლად იმ ვერსიისა, რომ სპეცპროკურორმა ვერაფერი იპოვა და ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლო. სულ მცირე შესაძლებლობაც რომ ყოფილიყო, განეცხადებინათ “კრემლთან შეთქმულების” რეალური მტკიცებულებების შესახებ, ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნებოდა საზოგადოებისთვის კონგრესსა და სენატში ნოემბრის არჩევნების წინ, რათა მაქსიმალურად ევნოთ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მხარს უჭერს ამერიკის პრეზიდენტი. და, თუ ეს არ ხდება, ე.ი. წარმოსადგენიც არაფერია.
ჩნდება მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა: როგორ შეძლო ტრამპის გუნდმა, თავიდან აეცილებინა განვითარება მოვლენებისა, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ გარდაუვალი ჩანდა, სახელდობრ, თავიდან აეცილებინათ სცენარი, რომლის მიხედვით მიულერი განაცხადებდა, რომ “ტრამპისა და კრემლის შეთქმულება” არსებობდა და რომ ტრამპი უზურპატორი და პუტინის აგენტია?
სიმართლე, ალბათ, არასოდეს გამჟღავნდება, მაგრამ შეიძლება ითქვას ერთი აშკარა მიზეზის შესახებ: ტრამპმა, ალბათ, დამაჯერებლად მიიტანა თავის ვიზავიმდე ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში იმპიჩმენტის შესახებ სხდომებს გამოიყენებდა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში გამოიტანდა ყველა კომპრომატს, რომლებიც აქვს ჰილარი კლინტონზე, აგრეთვე, თავის სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ამასთანავე, დაედანაშაულებინა ისინი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.
სავარაუდოდ, მიულერის გამოძიების აშკარა ჩაფლავებიდან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციამ გაბედულად დაიწყო რუსეთთან კონტაქტი და მიღწეული იქნა შეთანხმება რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ 11 ნოემბერს პარიზში. ამ შეთანხმებას მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, 23 ოქტომბერს მოსკოვში ვიზიტისას მიაღწიეს. ბოლტონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრა გაიმართება პარიზში 11 ნოემბერს I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჯონ ბოლტონი ბაქოსა და ერევანს სტუმრობდა, სადაც ლაპარაკი იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. სომხურ მედიასთან საუბრისას ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი 2019 წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია. მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია და საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.

“ჩვენი საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ჩვენთვის მაღალი პრიორიტეტის საკითხია ეს რეგიონი, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ამ პოზიციას არ ვიცვლით. ჩვენ გვაქვს სამხედრო ხასიათის ურთიერთობა, რომლის თაობაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დღეს. ასევე მნიშველოვანია სავაჭრო–ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით ამერიკული ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობა”, _ განაცხადა ჯონ ბოლტონმა და დასძინა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრების მიმართულებით ევროპელ პარტნიორებთან უნდა ისაუბროს.
“განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები… რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ–ის განსაკუთრებული პარტნიორისა და მოკავშირის, მზარდ როლს. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში”, _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბოლტონმა განაცხადა, რომ არ იცის, იმსჯელებენ თუ არა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს საკითხზე 11 ნოემბერს პარიზში შეხვედრისას, თვითონ კი ისაუბრა საქართველოზე ხელმძღვანელ პირებთან, თუმცა სხვა არაფერი არ დააკონკრეტა.
როგორც ხედავთ, “ჩვენი სტრატეგიული” პარტნიორი, რომელიც რეგიონში თავისი ინტერესების გატარებისთვის ზრუნავს, გვირჩევს, ნატოში ინტეგრაციაზე ევროპელ პარტნიორებს დაველაპარაკოთ, ხოლო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რომელსაც, უკვე წლებია, “გულმხურვალედ უჭერს მხარს”, არც კი სურს, რუსეთთან დააყენოს. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინათ ვალდაის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა საქართველო (მანამდე კი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხის მიმართ), ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას თითქოს ყურები აქვს დახშული და დასავლეთის შიშით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე კრინტს ვერ ძრავს.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ







