Home რუბრიკები ისტორია ნავთლუღი

ნავთლუღი

3235
წმინდა ბარბარეს ეკლესია

ნავთლუღი თბილისის ძველი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთაღმოსავლეთით, ისანისამგორის რაიონშია გაშენებული. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II- იქ ციხეგალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა.

1770 წლიდან ნავთლუღს უწოდებდნენ ერეკლეს ციხესაც. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე. წ. კახეთის გზა). ნავთლუღის ტერიტორიაზე შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია: ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიიღო) _ ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია, მეორე _ XIX საუკუნის II ნახევრისა.

ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია _ ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ქინძმარაულის შესახვევში, წმინდა ბარბარეს სასაფლაოზე.

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია, გადმოცემის თანახმად, VIII საუკუნეში აუგიათ, თუმცა ის პირველად 1779 წელს მოიხსენიება. საეკლესიო გადმოცემით, ეკლესია თავდაპირველად წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა და სოფელ ნავთლუღის მფლობელთა და მეპატრონეთა _ თავად სუმბათაშვილების საგვარეულო საძვალეც იყო. მათი შთამომავლები დღეს საფრანგეთში ცხოვრობენ.

ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხის ნაშთი
ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხის ნაშთი

მოსე ჯანაშვილი წერს: “ტაძარი წმინდა ბარბარესი ქვემო ნავთლუღში, აგებული ძველ დროს, დიდი თაყვანისსაცემელია, დღეობას აქ იკრიბება დიდძალი მლოცველი, წმინდა ბარბარეს მოსალოცად აქ მუდამ მოჰყავთ სახადით მოსარჩენალი ბავშვები”.

თბილისში არსებობდა უძველესი ტრადიცია, ყველა ოჯახს ბავშვი ამ ეკლესიაში მიჰყავდა დასალოცად და წმინდა ბარბარეს მამალსაც სწირავდა.

1880-1883 წლებში ეკლესია შეაკეთა და განაახლა მღვდელმა თეოფანე ჩიჯავაძემ.

თბილისის წმინდა ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში დასვენებულია წმინდა ბარბარეს XVI-XVII საუკუნეების სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც სამი შარავანდედი ადგას თავზე. წმინდა ბარბარეს (ქვემო) ეკლესია წარმოადგენს ერთნავიან შენობას, რომლისთვისაც მინაშენი მეფე ერეკლეს XVIII საუკუნეში გაუკეთებია. 1903 წლის გაზეთი “ივერია” წერდა, რომ “4 იანვარს, ნავთლუხში, ნავთლუხის წმინდა ბარბარეს ეკლესიის მღვდელის, მამა იოსებ ჩიჯავაძის მოთავეობით გამართული იქნება საქველმოქმედო საღამო მუსიკალური განყოფილებით. შემოსავალი ამ საღამოსი გაეგზავნებათ ქალაქ ანდიჯანში მიწისძვრისაგან დაზარალებულთ შესაწევრად”. ამ ცნობის მიხედვით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენად ფართო იყო ამ ეკლესიის საქმიანობის ფარგლები. ამ ტაძარში ინახებოდა კიევის წმინდა ვლადიმერის ტაძარში დაბრძანებული წმინდა ბარბარეს ხისგან გამოთლილი ნეკის ასლი, რომელიც მოგვიანებით გადააბრძანეს წმინდა ბარბარეს (ზემო) ეკლესიაში. ასევე აქ დასვენებულია XVI საუკუნის ყოველთა წმიდათას აღდგომის ხატი და სხვა ხატები.

სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია ერეკლეს ციხის ნანგრევების ნაშთები. თბილისის თავდაცვითი ნაგებობების ხსენებისას პირველი, რა თქმა უნდა, ნარიყალა გვახსენდება და, ალბათ, ბევრისთვის ქალაქის სიმაგრეები ამით იფარგლება. არადა, გავიხსენოთ რომ ნარიყალა, ანუ კალას ციხე რეალურად მთავარი ციტადელი _ დედა-ციხე იყო, თორემ ქალაქში არაერთი თავდაცვითი ნაგებობა არსებობდა: შაჰისტახტი, მეტეხის ციხე, თაბორის ციხე, ოქროყანის კოშკი, დიდუბის ციხე, ჩუღურეთის სიმაგრე და კიდევ ერთი ციხე-გალავანი _ ნავთლუღის, იგივე ერეკლეს ციხე. ამ ციხეს ახსენებს ერეკლე მეორის დროის ყველა მემატიანე. მათი გადმოცემით, 1760-იან წლებში ნავთლუღში, მტკვრის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილას ერეკლეს ციხე აუშენებია. გალავანი მართხკუთხა ყოფილა და ერთი მრგვალი კოშკი ჰქონია.

სუმბათაშვილის საფლავი
სუმბათაშვილის საფლავი

ცნობილია, რომ რუსი გენერლის, ტოტლებენის, თანმხლებმა თავადმა მოურავოვმა 1770 წლის 18 ივნისს ტოტლებენის სახელზე მოხსენება სწორედ ამ ციხეში დაწერა. მოურავოვს აღწერილი აქვს, რომ თბილისში შავი ჭირის გავრცელების გამო მოსახლეობა სხვადასხვა მხარეს დახიზნულა, ხოლო თავად მეფეს, ამალასთან და სამეფო კარის წევრებთან ერთად, ნავთლუღში, მისივე სახელობის ციხისთვის შეუფარებია თავი. ოდნავ მოგვიანებით, 1772 წლის თებერვალში, აქ ყოფილა გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი, რომელიც შედარებით დეტალურად აღწერს ადგილსაც და ციხესიმაგრესაც: “სოფელი ნავთლუღი მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, შედგება დაახლოებით 50 სახლისგან და, გარდა ამისა, ახლანდელმა მეფემ (ანუ ერეკლე მეორემ) შემოარტყა ოთხკუთხა გალავანი, დიამეტრით 80 ნაბიჯი და დაატანა მრგვალი კოშკი. ამიტომ მას დაარქვეს ერეკლეს ციხე”.

ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხე დატანილია 1783 წელს პიშჩევიჩის მიერ შედგენილ რუკაზე და 1800 წელს კაპიტან ჩუიკოს მიერ შედგენილ რუკაზე. მეცნიერებათა აკადემიის “მაცნეში” (1975 წლის გამოცემა) დაბეჭდილია მკვლევრ კობა ხარაძის სტატია XVIII-XIX საუკუნეების თბილისის ტოპოგრაფიული გეგმების შესახებ. სტატიაში ერეკლეს ციხეზე საგანგებოდაა ყურადღება გამახვილებული და დაზუსტებულია მისი მდებარეობა. კობა ხარაძე წერს, რომ ერეკლეს ციხის ადგილას დღეისათვის ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას. სწორედ ის ეკლესია, რომელიც თავად სუმბათაშვილებს ეკუთვნოდათ. 1975 წლისთვის ეკლესიის მიმდებარედ ციხის რამდენიმე ფრაგმენტი ჯერ კიდევ ყოფილა შემორჩენილი. ალეკო ელისაშვილმა ციხის ფრაგმენტების ძებნისას აღმოაჩინა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს კლდის თავზე აშკარად გამოირჩევა დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ფლეთილი ქვით ნაშენი მრგვალი გოდოლი. სავარაუდოდ, ეს გიულდენშტედტის მიერ ნახსენები მრგვალი კოშკის საძირკველი უნდა ყოფილიყო. ამ გოდოლზე, ისევე როგორც, ყოფილი ციხის მთელ ტერიტორიაზე, საფლავებია, მეოცე საუკუნეში დაკრძალული თბილისელების. ყოფილი ერეკლეს ციხის გალავნის ფრაგმენტები აქ არაერთგან აღმოჩნდა. ციხის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კონტურები საკმაოდ კარგად იკითხება. რამდენიმე შენობა გალავანზეა დაშენებული.

მაშ, ასე: ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხე მდებარეობდა დღევანდელ “ზეემკაზე”, სასაფლაოსა და წმინდა ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე. თბილისელებს მიაჩნიათ, რომ არ იქნება ურიგო, ერეკლეს ციხე ტოპონიმად აღდგეს ამ ტერიტორიაზე. “ვფიქრობ, რომ ასე პირნათელი დავრჩებით ამ ციხის ამგები და დამცველი ნავთლუღელების წინაშე”, _ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ნავთლუღის ბაზარი
ნავთლუღის ბაზარი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here