Home რუბრიკები ისტორია ასეთი დიდებით, ძნელია, გაუძღვე საზოგადოებრივი აღორძინების რთულ საქმეს

ასეთი დიდებით, ძნელია, გაუძღვე საზოგადოებრივი აღორძინების რთულ საქმეს

1087
ნიკო ნიკოლაძე

მათი გონება ვიწრო და ცალმხრივია, ხასიათი _ სუსტი და მოდუნებული, ცოდნა არავითარი არ გააჩნიათ, გარდა გაუმჯობესებული, პირადი თავდასხმით გაღვივებული რიტორიკისა

ქართული პუბლიცისტიკისა და საქართველოს ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში ნიკო ნიკოლაძის, როგორც ნათელი გონების პიროვნებისა და მამულიშვილის, როლი სადღეისოდ საფუძვლიანად არ არის შესწავლელი და სათანადოდ დაფასებული. მან ცხოვრების ასპარეზად საზოგადო საქმე აირჩია და ქართული ხასიათის კვლევის პროცესი ერთი მძლავრი ნაბიჯით წინ წასწია: “საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებად, სიტუტუცედ?”

 ნიკო ნიკოლაძისრევოლუციონერების როლი”, რომელიც 1865 წელს რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ კულტურას საკვირველი სიზუსტით ასახავს. დღესაც უკანა რიგში მოექცა ის საკითხები, რომლებიც მასების გულისტკივილს გამოხატავს, და მოხდა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არსებითი საკითხების გადაწყვეტაში ვერ შეთანხმდნენ ის პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთაც მთავრობის წინააღმდეგ გასალაშქრებლადერთმანეთთან შეტევითი კავშირი დასდეს”. ამის საბოლოო შედეგი კი სახეზე გვაქვს _ მასებს გული აუცრუვდა იმ საქმისადმი, რომელზეცმოწინავე კაცებიქადაგებენ და, ქართული ანდაზისა არ იყოს, მივიღეთ: რაც ბერიო _ ის ერიო.

ამ მდგომარეობას ოთარ ჭილაძე, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, ამგვარად აღწერს:

 “ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარგახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე _ ჰაერშივე _ შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია, არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრებამივმდგარმოვმდგარიყავით, გაგვეხედგამოგვეხედა, გავმძვრალგამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წესჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა, მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც. ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად”.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ვფიქრობთ, ნიკო ნიკოლაძის ზემოხსენებული წერილის წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის გაცნობა თუ შეხსენება კარგ სამსახურს გაუწევს თითოეულ ჩვენგანს არჩევანის გაკეთებისას. ქვემოთ მოგვაქვს ვრცელი ამონარიდი ამ წერილიდან, რომელიც ქართულად სიმონ ხუნდაძემ (1897-1933) (ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი) თარგმნა:

“ევროპის სახელმწიფოთა მოწინავე პარტიები, დაწყებული 1848 წლიდან, მოქმედებენ მხოლოდ უარყოფითი გზით. გაფაციცებით ადევნებენ რა თვალყურს მთავრობის მოქმედებას, ისინი კმაყოფილდებოდნენ უბრალო პროტესტაციებით, მთავრობის ამა თუ იმ განკარგულების უკანონობის აღნიშვნით და მიისწრაფოდენ მხოლოდ ერთი მიზნისაკენ: დაერწმუნებინათ მასა, რომ მთავრობები ბოროტი განზრახვით არიან გამსჭვალულნი, აღეძრათ მასში სიძულვილი ამ მთავრობებისადმი და გამოეწვიათ მისი მხნე მოქმედება მთავრობის ძალის წინააღმდეგდაეპირისპირებინათ ამ უკანასკნელისთვის არჩევნების მორალური ძალა და ბარიკადებზე მებრძოლთა კუნთების ძალა.

ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის მოწინავე კაცები სცდილობდენ, არ აღეძრათ ის საკითხები, რომელთაც შეეძლოთ, ჩამოეგდოთ რაიმე უთანხმოება არსებულ მთავრობათა სხვადასხვა ჯურის მტრებს შორის. სადავო მუხლები იმ მოკავშირეთა შორის, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ მიდიოდნენ, მიჩქმალული იყო თითქოს მოკავშირეთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით. ამ ტაქტიკის წყალობით, რომელიც იქნებ მოხერხებულია საარჩევნო უმრავლესობის მისაღწევად, უკანა რიგში მოექცა ის საკითხები, რომლებიც მასების გონებას ეუფლებოდენ, და მოხდა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არსებითი საკითხების გადაწყვეტაში ვერ შეთანხმებულიყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მთავრობის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ერთმანეთთან შეტევითი კავშირი დასდეს. ამის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მასებს გული აუცრუვდათ იმ საქმისადმი, რომელზედაც მოწინავე კაცები ქადაგებდნენ.

რაკი “მტრის დამარცხებამდე” გადაწყდა გაჩუმება სადაო და საჭირბოროტო საკითხებზე, მოწინავე კაცებმა, _ ხოლო მათ შემდეგ იმ ახალგაზრდობამაც, რომელიც სიტყვის შეუბრუნებლად მისდევდა მათ, _ თანადათან დაკარგეს ნათელი შეგნება ამ საკითხების არსებასა და მდგომარეობაზე და მათი გადაჭრის საშუალებებზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ხელს უწყობდა არა მარტო მოკავშირეებთან არ წაჩხუბების სურვილი, არამედ ის უბრალო მოსაზრებაც, რომ ახლა მთავარი და უპირველესია მტრის დამხობა, ხოლო ყოველივე დანარჩენის მოფიქრება და მოგვარება შეიძლება ამ სასურველი დამხობის შემდეგ.

ასეთ უმოქმედო მოლოდინში გასული დრო ვერ შესძენდა მოწინავე ადამიანებს უნარს – ჩაეხედათ ცხოვრებაში და გაერკვიათ იმ სიძნელეთა დედააზრი, რომელთა თავიდან აცილება გადაიქცევა მათ მოვალეობად იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა მათი სასურველი მოლოდინი. მათ ვერ გაიგეს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება მთავრობისა და მიმდინარე ცხოვრებისადმი ვერ ჩაითვლება მათი მომავლი მოქმედების საკმაოდ ძლიერ თავმდებად, რომ იგი ვერ მოაგროვებდა ძალას მთავრობასთან საბრძოლველადაც კი, აღარას ვამბობთ იმაზე, რომ იგი ვერ მიიზიდავდა მათ რიგებში ვერც ერთ გარეშე კაცს, რომელსაც მათი დროშის დაცვა პირად გადაუდებელ საკითხად არ მიაჩნია.

საზოგადოებრივ საქმეებში არაფერია ისე ადვილი, როგორც საზოგადოების ამა თუ იმ განწყობილების წაქეზება: საკმარისია მცირედი ნიშანიც კი, რომ საზოგადოებამ იგი თავისი აზრების გამოხატულებად მიიღოს, და მსმენელები თუ მკითხველები გულუბრიყვილოდ მზად არიან, თავიანთი აზრები და გრძნობები მიაწერონ ყოველ ფრაზას, რომელიც ოდნავ მაინც, თუნდაც გარეგნობით, ეგუება მათ განწყობილებას. მაგრამ ასეთი სიმპატია იმდენადვე მტკიცეა, რამდენადაც ადვილად წარმოიშვება იგი. აი სწორედ აქ სჩანს სიბეცე მოწინავე კაცებისა, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მასების სიმპატია და ახლად ჩასახული ნდობა შეინარჩუნონ იმ დროისთვის, როდესაც გაივლის საზოგადოების ეხლანდელი განწყობილება. ამის მიღწევა კი შეიძლებიდა მასების მოთხოვნილების, მათი მისწრაფებებისა და საჭიროების უაღრესად სერიოზული და კეთილსინდისიერი შესწავლით. მართალია, ამგვარი საკითხების საჯარო დამუშავება შეამცირებდა თანამგრძნობთა რიცხვს, მაგრამ სამაგიეროდ თანაგრძნობისა და ნდობის ძალა და სიმტკიცე იმ ზომამდე გაიზრდებოდა, რომ არავინ აიტკივებდა თავს ცრუ თაყვანისმცემელთა დაკარგვაზე ფიქრით.

მეორე უბედურება, რომელსაც უკვე მიაღწიეს მოწინავე კაცებმა, არის ის, რომ ისინი არ იცნობენ პრაქტიკულ საკითხებს, ვერ ახერხებენ მოსალოდნელ დაბრკოლებათა და სიძნელეთა თავიდან აცილებას. ოპოზიციონური დეპუტატების სიტყვები და ასევე ჟურნალისტების წერილები სავსეა მთავრობის ბოროტ-განზრახვათა აღნიშვნით ამ მთავრობის წარმომადგენელთა და მის მწერალთა მხილებით წინააღმდეგობასა და არათანმიმდევრულობაში. მაგრამ ყოველსავე ამას ერთგვარი ინტერესი აქვს მხოლოდ დღევანდელ მომენტში; რომ გაჰქრეს ამჟამად მთავრობა, ოპოზიციონურ მოღვაწეებს არ ეცოდინებათ, რა გააკეთონ: ისინი არა თუ ვერ მოახერხებენ მეტად აბნეული ფინანსური მდგომარეობის ლიკვიდაციას ან სხვებზე უფრო ნაკლებად გაძნელებული ისეთი ეკონომიკური პირობების თავიდან აცილებას, რომლებიც გაძვალტყავებულ და უკმაყოფილო ხალხს შეეხებიან, არამედ მათ არ ეყოფოდათ ნიჭიერი და მცოდნე ხალხი სამოსამართლო და ადმინისტრატიული დაწესებულებების რეორგანიზაციისათვის. და თანამედროვე მოწინავე კაცები რომ ბედის წყალობით მთავრობის სათავეში მოექცნენ, ისინი იძულებულნი გახდებიან, კვლავ დააღონ პირი და იწყონ საზოგადოებრივი საკითხის “გამოკვლევა” და “შესწავლა”, მაშინ, როცა ცვლილებით დაჩქარებული ცხოვრების მსვლელობა მოითხოვს მათგან დამზადებულ გადაწყვეტილებებს და ზომებს, ხალხის ეკონომიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრების სწრაფ გაუმჯობესებას, გადაუდებელ ცვლილებებს კანონმდებლობის ყოველ ნაწილში და უამრავი ხალხის მატერიალურ საჭიროებათა დაკმაყოფილებას, იმ ხალხისა, რომელიც უპუროდ და უმუშაოდ დარჩება შერყევათა გამო, რაც აუცილებლად მოსდევს ყოველ პოლიტიკურ ცვლილებას. სად გამოძებნიან მოწინავე კაცები სახსარსა და ძალას ყველა ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად? საიდან აიღებენ ისინი ცხოვრების პრაქტიკულ ცოდნას, გამჭრიახობას, გაბედულებას და ენერგიას ყოველგვარი ცდისა და ღონისძიებისათვის? ისინი გულხელდაკრეფილნი იყვნენ და მოელოდნენ მესამე რესპუბლიკის მოსვლას და ამას უქმად არ ჩაუვლია მათთვის: მათი გონება ვიწრო და ცალმხრივია, ხასიათი – სუსტი და მოდუნებული, ცოდნა არავითარი არ გააჩნიათ, გარდა გაუმჯობესებული, პირადი თავდასხმით გაღვივებული რიტორიკისა; ასეთი-დიდებით კი, ძნელია, გაუძღვე საზოგადოებრივი აღორძინების მეტად რთულ საქმეს…

რა იქნება? ამას ვერავინ გამოიცნობს. მაგრამ ისინი, ვისაც გულწრფელად სურს სიკეთე ხალხისათვის, _ დარწმუნებულნი ვართ _ ჩვენთან ერთად გაიმეორებენ: ღმერთმა ქნას, რომ იმ გადატრიალებას, რომელსაც იწვევს მთავრობათა იდიოტური შეუგნებლობა და გონების სიჩლუნგე, მოუმზადებელი არ დახვდეს ახალგაზრდობა, და ღმერთმა ქნას, რომ მოესწროს ახალგაზრდობის ძალთა გამაგრება და მისი დავაჟკაცება ამ აუცილებელი კატასტროფის დროისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, ეხლანდელი მოწინავე კაცების მოუმზადებლობის წყალობით და მასების მისწრაფებათა გაურკვევლობის გამო, მოჰყვება ისეთი რეაქცია, რომელზეც მარტო ფიქრიც კი შესაზარია”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

3 COMMENTS

  1. baraqala Tqven, aseti werilebis gamoqveynebistvis. natqvamia, wina kaci ukanas xidiao. swored rom xidis funqciaa es werilebi, romlebic qveyanas im bewvis xidze gadaagarebs, romelic amjamad win gvaqvs. gmadlobt. warmatebebi

  2. ოთარ ჭილაძის აზრი („დაცემას დაცემამდე _ ჰაერშივე _ შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია, არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება – მივმდგარ–მოვმდგარიყავით, გაგვეხედ–გამოგვეხედა, გავმძვრალ–გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს–ჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია“) მერაბ მამარდაშვილის აზრსა ჰგავს („ქართველი გლეხი… არ არის მაინცდამაინც დაინტერესებული კოლმეურნეობების დაშლით. ასეა, მაგალითად, ლეჩხუმში, რაჭაში. ეს გასაგებია, იმიტომ რომ გლეხმა, განსაკუთრებით ქართველმა გლეხმა, კარგად მოირგო კოლმეურნეობა და არ არის დარწმუნებული, რომ, როცა კოლმეურნეობა დაიშლება, ის ამით არ დაზარალდება… ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, რომ დღევანდელი მოგება ღუპავს საქართველოს, როგორც არალი დაღუპა“ და სხვა). რა გამოდის, არ უნდა მივმდგარ–მოვმდგარიყავით, დღევანდელ მოგებაზე უარი უნდა გვეთქვა და მაშინვე დავღუპულიყავით, როგორც დღეს ვიღუპებით, გამსახურდია-შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის დამოუკიდებლობა-თავისუფლებისათვის: გლეხები ან საზღვარგარეთ უნდა გადახვეწილიყვნენ ან თბილისში ჩამოხიზნულიყვნენ ორი ლარისათვის სატაქსაოდ, ღამეები ტაქსებში ეთენებინათ და გამოუძინებლებსა და პირდაუბანელებს ტურტლიანი მანქანებით ეტაქსავათ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ ბატონებს მათი საკოლმეურნეო მიწები უცხოელებზე გაეყიდათ და ა.შ

  3. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა, მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც. ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად. აი ესაა ნაღდი სიმართლე. სხვისი კარნახით ვცხოვრობდიტ თითქმის სულ და მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი საფიქრალი სხვას უნდა ეფიქრა, სხვას მიეთითებინა, როგორ გვეცხოვრა და აჰა, ახლაც ვეძებთ პატრონს – ზოგი ევროპაში, ზოგი ამერიკაში, ზოგირუსეთში. საკუთარი ძალების და შესაძლებლობების რწმენა არ გვაქვს. დიდი ჭაბუა ამირეჯიბის თქმისა არიყოს,საშოვარზე გადაგებულ ნახირს დავემსგავსეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here