Home რუბრიკები პოლიტიკა აზერბაიჯანი რუსეთისკენ იხედება

აზერბაიჯანი რუსეთისკენ იხედება

1381
აზერბაიჯანი რუსეთისკენ იხედება

რუსეთისა და აზერბაიჯანის ბოლოდროინდელმა დაახლოებამ შეიძლება არსებითად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში, თუმცა ოფიციალური თბილისი, როგორც ჩანს, თადარიგის დაჭერას არ აპირებს, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ყურადღებას არ აქცევს და მთელი საგარეო პოლიტიკა დაჰყავს დაჟინებულ და უშედეგო მოთხოვნებამდე დასავლეთის მიმართ _ სასწრაფოდ გააწევრიანოს საქართველო ნატოში.

1 სექტემბერს სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებები შედგა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა 16 დოკუმენტს, რომლებიც დაარეგულირებს თანამშრომლობას ენერგომატარებლების მოპოვების, მრეწველობის, ტურიზმის, სპორტის, საბაჟო კონტროლისა და სხვა სფეროებში. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 5 მილიარდი დოლარის რუსული შეიარაღება შეიძინა და არმიის მოდერნიზაციის პროცესში შესყიდვების გაზრდას აპირებს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის თითქმის 35%-ით გაიზარდა და 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირდაპირი რუსული კაპიტალდაბანდებები აზერბაიჯანში 1,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ის შეეხო “გაზპრომისა” და სანავთობო კომპანიების მუშაობას, აგრეთვე, განჯის საავტომობილო ქარხანაში ლიცენზირებული “კამაზ”-ების გამოშვებასა და რუსული “რ-ფარმის” 74-მილიონიან ინვესტიციას, რომელიც აზერბაიჯანში ფარმაცევტული ქარხნის შექმნას ითვალისწინებს.

ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნითჩრდილოეთისამხრეთი”, რომელიც რუსეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, წელს დაახლოებით ასჯერ მეტმა ტვირთმა გაიარა, ვიდრე შარშან. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას რუსული ენისა და კულტურის მიმართ. მისი თქმით, “აზერბაიჯანში მოქმედებს ორი წამყვანი რუსული უნივერსიტეტის ფილიალი 340-ზე მეტი სკოლა, რომლებშიც სწავლების ენა რუსულია”. მან, აგრეთვე, ისაუბრა რუსეთის დიდ როლზე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

ამ შეხვედრის წინ მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო საუბარი აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრებაზე ოდკბ-ში. ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალი გუსეინლიმ, განაცხადა, რომ “მიზანშეწონილია აზერბაიჯანის ოდკბ-ში მონაწილეობის საკითხის განხილვა”. აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წევრები მსგავს განცხადებებს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, როგორც წესი, არ აკეთებენ, ამიტომ მისმა სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც რუსეთსა და აზერბაიჯანში, ისე მეზობელ სომხეთში.

ერევანშიხავერდოვანი რევოლუციისგამარჯვების შემდეგ, სომხეთრუსეთის ურთიერთობებში არსებითად არაფერი შეცვლილა _ ნიკოლ ფაშინიანსა და მის გუნდს ევრაზიულ ეკონომიკურ და სამხედრო სტრუქტურებში სომხეთის წევრობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, თუმცა გაჩნდა ორი ახალი ფაქტორი, რომლებმაც მოსკოვს უბიძგა, ყურადღებით დააკვირდეს ახალი პარტნიორის მოქმედებას. ერთ-ერთი ფაქტორი იმ მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის _ რობერტ ქოჩარიანის, სისხლისსამართლებრივი დევნა გახდა, რომელთანაც კრემლი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ამასთანავე, 2017 წლის სექტემბერში ოპოზიციური ფრაქცია “ელკი”, რომლის წევრები ახლახან სომხური პოლიტიკის მთავარი მოქმედი პირები გახდნენ, გამოვიდა წინადადებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი უნდა შეესწავლა. ამგვარად, მოსკოვის სომხურ პოლიტიკაში “დაკვირვების” პერიოდი დაიწყო და, როგორც ჩანს, ბაქოში ჩათვალეს, რომ ეს ურთიერთობის გაღრმავებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტია. საგულისხმოა, რომ 2018 წლის ივლისში აზერბაიჯანში ჩატარდა კონფერენცია “ღერძი ბაქო-მოსკოვი: აზერბაიჯანი _ რუსეთის ერთადერთი მოკავშირე კავკასიაში”, მონაწილეობა მასში ორი ქვეყნის დეპუტატებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

ერთ კვირაში სოჭის შეხვედრიდან მოსკოვში სომხეთის ახალი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ “ორმხრივ ურთიერთობაში არ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა არ შეიძლება… ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება. ვგულისხმობ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ჩვენს ურთიერთობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში”.

ალიევისა და პუტინის შეხვედრის წინ მოხდა ერთი მცირე, თუმცა საგულისხმო, ინციდენტი: აშშ-ის დროებითი რწმუნებული აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გადასცეს ნოტა, რომ აშშ-ის მოქალაქე, ვინმე დენ ბილზარიანი ყარაბაღში ჩავიდა და, აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსპიკერ ჰიკმეტ გაჯიევის თქმით, “ქალაქ ჰანკენდიში და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნისას, უკანონო რეჟიმის პროპაგანდას ეწეოდა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და, პროვოკაციული მიზნით, საჩვენებლად გაუხსნა ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს”. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია არა საკუთრივ ინციდენტი, არამედ რეაგირების ფორმა _ იმის ნაცვლად, რომ უკმაყოფილება დიპლომატიური არხებით სამუშაო რეჟიმში გამოეხატა, ოფიციალურმა ბაქომ სრულფასოვანი დიპლომატიური დემარში განახორციელა.

ამ ეპიზოდის შედარება იმასთან, რაც გასულ კვირას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მოხდა, ალბათ, არ შეიძლება, თუმცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქცია ამერიკელი კონგრესმენის, სტივ რასელის, მოწოდებებზე იმდენად მოკრძალებული იყო, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მათთვის მთავარია, თუნდაც შემთხვევით არ აწყენინონ ამერიკელ პარტნიორებს. აი ციტატა რასელის სკანდალური გამოსვლიდან, რომელიც ზოგმა შეიძლება ჩათვალოს მოწოდებად საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ: “მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს, დავეხმაროთ საქართველოს შემოდგომის არჩევნებში პროცესებზე მეთვალყურეობაში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წლის არჩევნებზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო კომისიას, აღიდგინოს თავი წარმომადგენლობით ორგანოდ და ნუ იმყოფებს თავს მოსკოვისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, კერძო მფლობელობაში. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლეთის ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის აქტივები, რადგან ის არღვევდა კანონს, როგორც იარაღით უკანონოდ მოვაჭრე. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მივცეთ ნიშანი იმ ქართველ ოფიციალურ პირებსა და ბიზნესლიდერებს, რომლებიც აღმოჩნდებიან თავისუფალი არჩევნების მოსყიდვის თანამონაწილეები, რომ გაუქმდეს მათი ვიზები და გაიყინოს მათი აქტივები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დასავლეთის თავისუფალი პრესის ჟურნალისტებს, არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში, რომელიც შესაძლოა საქართველოს რესპუბლიკისთვის თავისუფლების ბოლო რამდენიმე თვე იყოს, მისცენ ქართველ ხალხს შანსი, ხმა მიაწვდინონ მსოფლიოს. ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ თვითგამორკვეულ თავისუფალ და უდრეკ ქართველ ხალხს, იდგეს წმინდა გიორგის სულიერების გზაზე. იყავით თავაწეულნი, მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ თავდამსხმელი დრაკონი”.

ამ ეტაპზე აშშაზერბაიჯანის ურთიერთობა მეგობრულად ითვლება, თუმცა მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თურქულამერიკული დაპირისპირების გამწვავება, რომელმაც მეზობელ სახელმწიფოს საკმაოდ მტკივნეული ეკონომიკური პრობლემები მოუტანა. თურქეთი აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორია, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. 15 სექტემბერს ალიევმა და ერდოღანმა ერთად მიიღეს სამხედრო აღლუმი, რომელიც ბაქოს აღების მე-100 წლისთავს მიეძღვნა. მაშინ, 1918-ში თურქებმა და აზერბაიჯანელებმა, ქალაქის სხვა დამცველებთან ერთად, ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი, ანუ დასავლეთის წარმომადგენლები დაამარცხეს. საქართველოს ხელისუფლება მსგავს სიტუაციაში, სავარაუდოდ, შეეცდებოდა ამ გარემოებისთვის ხაზი არ გაესვა, მისი წარმომადგენლები თითქმის არასოდეს იხსენებენ 1920 წლის ივლისს, როდესაც, ჟორდანიას ხელისუფლების მწვავე განცხადებების ფონზე, ინგლისელებმა ბათუმი დატოვეს და ის საქართველოს ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა. ალიევი კი არათუ პოლემიკასთან, არამედ ომთან დაკავშირებით არანაირ უხერხულობას, როგორც ჩანს, არ გრძნობს, ისევე, როგორც ერდოღანი.

აზერბაიჯანი ესაზღვრება კიდევ ორ სახელმწიფოს, რომელსაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა _ რუსეთსა და ირანს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ორივეს საკვანძო ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს. ამასთანავე, რუსეთს ყარაბაღის კონტექსტში განსაკუთრებული როლი აქვს, რაც ბაქოს უბიძგებს, მასთან კარგი ურთიერთობა იქონიოს.

აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის ძველი და სომხეთის ახალი ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესონ, მაშინ, როდესაც ოფიციალური თბილისი საპირისპირო მიმართულებით მიდის _ ურთიერთობები რუსეთთან უარესდება და მთავარ როლს ამაში ნატოში ინტეგრაციის თემა ასრულებს.

სექტემბრის პირველ დეკადაში საქართველოს პრემიერმინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა. ამ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე გაკეთდა. ერთი მხრივ, ახალი პრემიერის ასეთი მოწადინება მისასალმებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ დასავლეთს და მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს ალტერნატიული წინადადება ერევნისა და ბაქოსთვის, რომელიც უბიძგებს მათ, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას თავი დაანებოს.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ უცნაური დამოკიდებულება დამკვიდრდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები სწრაფ ცვლილებებს, მოულოდნელ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ამ მიდგომამ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, 2006-ში დაეანონსებინა საქართველოს გაწევრება ნატოში 2008 წლისთვის, ხოლო 2012-ში _ 2014 წლისთვის და საკმაოდ ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში, ეს სრული სერიოზულობით მიიღო. ამ მიდგომის ფარგლებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ემსგავსება ველოსიპედის მართვას და სწორედ ასე უდგებოდა მას მოყვარული ველოსიპედისტი სააკაშვილი, მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობის მქონე მთავრობები კურსის შეცვლასა და კორექტირებას გარკვეულ დროს ანდომებენ _ ამ დროს ისინი არა ველოსიპედისტებს, არამედ დიდი გემების კაპიტნებს ემგვანებიან.

არაერთი ქართველი ექსპერტი ირწმუნება, რომ თურქეთისა და აშშის ან აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობაში არაფერი იცვლება, რადგან ადგილი არ აქვს რაღაც მკვეთრ, ხმაურიან ნაბიჯებს, არამედ მხოლოდ ჩუმ, გეგმაზომიერ მუშაობას, რომელიც მოსაწყენია მათთვის, ვინც აღიქვამს პოლიტიკას, როგორც კარნავალს, თუმცა ფაქტი ჯიუტია: აშშთურქეთის ურთიერთობა აღარაა ისეთი, როგორიც თუნდაც ხუთი წლის წინათ იყო, ხოლო აზერბაიჯანი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან. ეს ორი გარემოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონულ პოლიტიკაზე, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის გათვალისწინებას აპირებს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here