Home რუბრიკები პოლიტიკა არამკითხე მედია

არამკითხე მედია

1631
მედია

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ რამდენი საქმეა ძიებაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებისთანავე ციხეში უნდა ჩაჯდეს. ესეც არ იყოს, სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული და, როგორც ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა სააკაშვილი დააკავონ და გადმოგვცენ, თუმცა, ამ მტკიცების მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას სააკაშვილის დაკავება, უბრალოდ, არ სურს, რაც შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმადაადასტურა”.

შეგახენებთ, რომ მღებრიშვილის მინისტრობისას გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც მღებრიშვილს ვითომ უკრაინელი კოლეგა ესაუბრებოდა და სააკაშვილის დაკავება-გადმოცემას სთავაზობდა, რაზეც ქართველი ძალოვანი კატეგორიულ უარს ამბობდა. რეალობაც ხომ ესაა _ ხელისუფლებას ევროპაში მოხეტიალე სააკაშვილი უფრო აძლევს ხელს, ვიდრე ქართულ ციხეში მჯდომი, რადგან პირველ შემთხვევაში მისგან “ბუას” ქმნის, ციხეში ჩაჯდომის შემთხვევაში კი “ბუა” მხოლოდ რუსეთი დარჩება. რუსეთი, რომელიც რეალურად “ბუა” არ არის და არც ხელისუფლების პოლიტმომავალს ემუქრება პირდაპირ თუ ირიბად. შესაბამისად, ამას ამომრჩეველი ნელნელა ხვდება და სულ უფრო ცოტა ხალხი აპროტესტებს ჩრდილოელ მეზობელთან საუბარსა თუ ურთიერთობების დაწყებას. ის, რაც გასულ კვირას ქართველი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ფორუმზე მოხდა, კარგად მოფიქრებული სპექტაკლი იყო, მაგრამ ვერ დადგეს, ცარიელ ჭიქაში ქარიშხალი ვერ დაატრიალეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა ტელემედიას არ აჰყვა, არ დაიჯერა, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ჟურნალისტები მტრები იყვნენ, ვერც ის დაიჯერეს, რომ ამ უწყინარ მედიაფორუმს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო და მართლაც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მედიაფორუმით, შესაძლოა, სახელმწიფო ჩამოიშალოს, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მედიაფორუმებითა და დიალოგით ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო არ ჩამოშლილა.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ქართული ტელემედია ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობდა და არ გამოუვიდამეთქი. არადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული ტელემედია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ერევა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და მათ განხილვას იწყებს.

სომხეთში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის წარმომადგენლებთანაც ისაუბრა, ევროპელებსაც შეხვდა, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და არსად არ უთქვამს, რომ მის ქვეყანას რომელიმე სახელმწიფო დამონებას უპირებს. სამაგიეროდ, ქართული მედია ჯიუტად ამტკიცებს, რომ სომხეთს რუსეთი ემუქრება.

* “მას შემდეგ, რაც სომხეთში ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს და მას უშიშროების ყოფილი მინისტრიც მიაყოლეს, რუსეთმა კლანჭები გამოაჩინა. რუსულმა მხარემ გასაგებად აუხსნა სომხეთს, რომ ყოფილ პრეზიდენტებს არ უნდა შეეხონ და სწორედ ამიტომ ქოჩარიანი სასწრაფო წესით გაათავისუფლეს. რუსეთი უხეშად ერევა სომხეთის საშინაო საქმეებში, რაც იმპერიალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა”, _ ეს ქართული ტელემედიის მარგალიტია.

მარგალიტია იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სომხებს არ უთქვამთ: რუსეთმა მიგვითითა და ქოჩარიანი იმიტომ გავუშვითო; მეორეც _ ქოჩარიანი სასამართლომ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც იმუნიტეტის გამოყენებაზე დათანხმდა (მანამდე ამას არ აკეთებდა) და, ექსპრეზიდენტებს სომხეთში იმუნიტეტი რომ იცავს, ეგ მათი კანონმდებლობის “ბრალია”. ქართული ტელემედიას, საუბედუროდ, არც სომხეთიდან მოჰყვა გამოხმაურება და არავის უთქვამს: ხედავთ, ჩვენი მეზობლებიც კი ხედავენ, როგორ გვჩაგრავს რუსეთიო. მცდელობა იმისა, რომ როგორმე რუსეთი მონსტრად წარმოჩნდეს, არაერთხელ ყოფილა და მომავალში უფრო ხშირად იქნება, რადგან ასეთია ევროპაამერიკის დაკვეთა. მოსახლეობა ნელნელა ხვდება, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და, რაც მთავარია, სასწრაფოდ დასაწყები. არავინ ამბობს და ამტკიცებს, რომ ერთი დიალოგის შემდეგ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას მიჯდეს, ის, რომ დიალოგისთვის მზადყოფნის ნებისმიერ გამოვლინებაზე რუსულ მხარეს მყისიერი რეაქცია აქვს და მხარს უჭერს, უკვე მრავლისმთქმელია.

მაგრამ არა, ჩვენთან ასე ადვილად არ ხდება ყველაფერი. ჩვენ ჯერ აქ უნდა დავაჯეროთ ყველა, რომ დიალოგი არ შეიძლება (ვაი და, ისე მოხდეს, რომ ამ დიალოგიდან რამე გამოვიდეს, რა ეშველება ათეულობით წლების ნაშრომს, როცა საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ). სამაგიეროდ, როცა საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეხება, ეს პოლიტიკური დევნაა. ჰო, სააკაშვილზე მოგახსენებთ, ქართულმა სასამართლომ ის გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და სწორედ ამერიკა და ევროპა უკიჟინებს ხელისუფლებას, მიშას არ შეეხოთო და არც არავინ ეხება. ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკასაც და ევროპასაცწიხლზე ჰკიდიათ”, რადგან სააკაშვილი მათი პროექტი იყო და მისი დაპატიმრება ამ პროექტის ჩავარდნის აღიარება იქნება, ისინი კი შეუცდომლები არიან, არასდროს არაფერი ეშლებათ და მერე რა, რომ სააკაშვილის დარად კოვზი ნაცარში ვიქტორ იუშჩენკოს მიმართაც ჩაუვარდათ. არც იუშჩენკოს ეხება არავინ და მეტიც _ სააკაშვილს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, ოფიციალურ მიღებებს უმართავენ, ხელისგულზე ატარებენ და ეთერს უთმობენ. ადამიანს, რომელიც სასამართლომ გაამტყუნა, იმ სასამართლომ, რომელზეც სწორედ ევროპა და ამერიკა გაიძახის, დასახვეწია, მაგრამ აშკარად დემოკრატიულ პრინციპებზე დგასო. რა გამოდის? გვეუბნებიან, კარგი სასამართლო გაქვთ, მაგრამ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი არ გვაინტერესებს, მიშა ხელშეუხებელიაო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმავეს ეტყვიან სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც… ანუ სახელმწიფოებს, რომელთა მხოლოდ ტერიტორია აინტერესებთ და არა ხალხი და, როგორც კი ვინმეს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ მოეწონებათ, მაშინვე მიუთითებენ: ამ კაცს თავი დაანებეთო, ანუ სამართალიც მათია და მართლმსაჯულებაც. გადაწყვეტილებას სწორედ ევროპა და ამერიკა იღებს _ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ჩვენი ხელისუფლება კი ამ გადაწყვეტილებების უბრალო აღმსრულებელია.

გავყვეთ ლოგიკას _ რუსეთი რომც ჩარეულიყო სომხეთის საშინაო საქმეებში და მიეთითებინა, რომ ქოჩარიანი გაეთავისუფლებინათ, ხმაური, უწინარესად, სწორედ სომხებს უნდა აეტეხათ, მაგრამ მათ ხმა არ გაუღიათ. სამაგიეროთ, ჩვენ გადავწყვიტეთ “ჩაგრული” მეზობლის დაცვა და ისეთი ხმაური ავტეხეთ, სომეხი ჟურნალისტებიც კი გაოცებული კითხულობდნენ: რამე მოხდა და ჩვენ არ ვიცითო?! შედეგად, მივდივართ მარტივ დასკვნამდე _ ის, რაც ეპატიება ევროპასა და ამერიკას, არ ეპატიება რუსეთს, იმიტომ, რომ ეს სწორედ ევროპასა და ამერიკას აძლევს ხელს, თორემ ხმა არავის გაუღია მართლაც ღია ჩარევაზე საქართველოს საშინაო საქმეში და, რაც მთავარია, არავინ აპროტესტებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების გადაწყვეტილებაზე უშუალოდ ზემოქმედებს ამერიკის ელჩი საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელისა და გვარის იქნება ელჩი, კაცი იქნება თუ ქალი, მთავარია, იყოს ამერიკის აზრის გამხმოვანებელი და, შესაბამისად, ძია სემის კარზე ვისაც მწვანე შუქს აუნთებენ, ის იქნება სათავეშიც.

სწორედ ამიტომ ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკეინის გასვენებაში საქართველოდან წასულმა ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ კარიდანვე მიაკივლა: ეს რა ბერმუხა წაგვექცაო და სახეც ჩამოიხოკა სხვა სენატორების დასანახავად, სისხლიც არ გვენანება გარდაცვლილისთვის და ცოცხლებს ხომ, საერთოდ, თან გადაგყვებითო. მაკეინი იყო ის კაცი, რომლის თითის დაქნევაზე მთელი მთავრობა ფეხზე იდგა; მაკეინი იყო ის კაცი, სამუშაო გრაფიკისა და განრიგის გარდა, ამინდის პროგნოზსაც რომ გვიდგენდა და იმასაც კი გვასწავლიდა, როდის უნდა გვეჭამა და დაგვეძინა.

ჯორჯ ორუელის “1984” თუ წაკითხული არ გაქვთ, წაიკითხეთ და “ცხოველთა ფერმაც” მიაყოლეთ. ქართულ სიმანამდვილეს სწორედ ეს ორი რომანი ასახავს დღეს და ვაი, რომ ამ გადასახედიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ორ ფეხზე შემდგარი ცხოველების ატანა; იმ ცხოველების, ცხოვრების წესს რომ გვასწავლიან და გვითითებენ, მაშინ, როცა თვითონ არც არსებობდნენ, როცა საქართველოში ოქროს ხანა იდგა. წარსულს ნუ მივტირით, მომავალი შევქმნათო, _ ხშირად მსმენია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ წარსულსაც გვავიწყებენ და მომავალსაც სათავისოდ ქმნიან. საქართველო, პოლიტიკური რუკიდან კი არა, სამყაროდან ქრება და შორს არ არის დრო, როცა ჩვენზე ზუსტად ისე იმსჯელებენ, როგორც გადაშენებულ მაიას ტომზე _ ჭკვიანი, განათლებული, საოცარი ისტორიის მქონე და… გამქრალი. გაქრობამდე მართლა ძალიან, ძალიან ცოტა გვიკლია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here