Home რუბრიკები პოლიტიკა ველოდოთ თუ არა ახალ ლტოლვილებს სირიიდან?

ველოდოთ თუ არა ახალ ლტოლვილებს სირიიდან?

912
ველოდოთ თუ არა ახალ ლტოლვილებს სირიიდან?

7 სექტემბერს თეირანში ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების სამიტი გაიმართა. ის სირიის პრობლემების გადაწყვეტას მიეძღვნა. მხარეებს არ დაუმალავთ, რომ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, ხოლო დასკვნითი დეკლარაცია, “სამეულისწინა სამიტებისგან განსხვავებით (2017 წლის 22 ნოემბერს სოჭში და 2018 წლის 4 აპრილს ანკარაში), საკმაოდ ზოგადი გამოდგა. ვითარება სირიაში ძალზე დაძაბულია და კონფლიქტმა შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს.

დღეს ყველაზე პრობლემური წერტილი არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ რეგიონში იდლიბის პროვინციაა. ასადის ხელისუფლება აპირებს, მასზე კონტროლი აღადგინოს. მან რუსეთისა და ირანის დახმარებით ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში წარმატებულად დაასრულა ოპერაციები ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ბოლო ოპერაციის დროს დაიკავა დამასკოს სიახლოვეს მდებარე აღმოსავლეთ გუთას ანკლავი, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში აკონტროლებდა. შესაბამისად, მან შეძლო ახალი ოპერაციისთვის საჭირო ძალების გამოთავისუფლება, ამასთანავე, გაუჩნდა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გაკონტროლების ამბიცია.

იდლიბის ზონის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია _ სწორედ მასზე გადის უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თურქეთსა და სირიის ცენტრალურ პროვინციებს, აგრეთვე, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქ ალეპოს. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება თურქეთის მიერ სირიაში დაკავებული სასაზღვრო ზონა და საკუთრივ თურქეთის ტერიტორია, ყველა სხვა მხრიდან კი პროვინციები, რომლებსაც ასადის ხელისუფლება აკონტროლებს. ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები ორ ნაწილად იყოფა _ ქალაქ იდლიბსა და პროვინციის დაახლოებით ორ მესამედს “ტაჰრირ აშ-შამის” ბოევიკები აკონტროლებენ (ეს ორგანიზაცია რამდენიმე რადიკალური დაჯგუფების, უპირველესად, “ჯებჰატ ან-ნუსრას” ყოფილმა წევრებმა შექმნეს). გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის _ სტაფან დე მისტურას შეფასებით, მათი რაოდენობა 10 ათასს აღწევს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი 50 ათას მებრძოლზეც კი საუბრობს. აგრეთვე, იქ იმყოფება დაახლოებით 50 (ზოგიერთი წყაროს თანახმად _ 90) ათასი მებრძოლი ახლახან შექმნილი ოპოზიციური “ეროვნული განთავისუფლების ფრონტიდან”, რომელიც ასადის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს აერთიანებს. ერთერთი მიზეზი იმისა, რომ იდლიბში თავი ამდენმა მებრძოლმა მოიყარა, ისაა, რომ ომის წინა ეტაპებზე ასადი და მისი მოკავშირეები დამარცხებულ ბოევიკებთან დადებული შეთანხმების ფარგლებში მათ ევაკუაციის შესაძლებლობას აძლევდნენ (.. “მწვანე ავტობუსებით”) და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იდლიბში მოხვდა.

თურქეთი არ ეწინააღმდეგება, მეტიც, მხარს უჭერს იდლიბში რადიკალური დაჯგუფებების განიარაღებას და, ზოგიერთ შემთხვევაში განადგურებასაც კი, მაგრამ მას არ სურს, რომ ასადმა “ეროვნული გათავისუფლების ფრონტი” დაამარცხოს, რადგან მას მომავალი პოლიტიკური დარეგულირების პროცესში თავის მთავარ ბერკეტად განიხილავს. სამხედრო თვალსაზრისით, ასადს ოპერაციის დაწყება ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ შეეძლო, მაგრამ რუსმა და ირანელმა პარტნიორებმა მას ურჩიეს, არ აჩქარებულიყო. სწრაფ ესკალაციას შეიძლებასამეულისფორმატის კრახი მოჰყვეს და ამის შემდეგ თურქეთი, სავარაუდოდ, ვაშინგტონში შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით იმოქმედებს, რაც ირანსა და რუსეთს ხელს არ აძლევს. ერდოღანის ინტერესების გათვალისწინება მოკავშირეებს აშშ-ის შეკავების შესაძლებლობას აძლევს. ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ის უთანხმოებები, რომლებიც ბოლო წლებში ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობებში დაგროვდა.

თეირანში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მას არ სურს, იდლიბის 3,5 მილიონი მოსახლე, ესკალაციის შემთხვევაში, ლტოლვილად იქცეს და თურქეთს მოაწყდეს. ამჟამად თურქეთში სწორედ 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს და მათი რაოდენობის გაორმაგება ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. წინა წლების ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ, იდლიბიდან წამოსული ლტოლვილების ნაწილი შეიძლება საქართველოშიც მოხვდეს.

თურქეთს ოპტიმალურად იმ სცენარის ამოქმედება მიაჩნია, რომელიც უკვე გამოიყენა იმ საზღვრისპირა რეგიონებში, რომლებშიც სირიის კონფლიქტში ჩარევის პირველ ეტაპზე შევიდა. ეს გულისხმობს რადიკალური დაჯგუფებების ნეიტრალიზაციას, შემდეგ კი, თურქეთის ზედამხედველობის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, მაგრამ საქმე ისაა, რომ იდლიბში თავმოყრილი მებრძოლების რაოდენობისა და მათი პოლიტიკური ამბიციების გათვალისწინებით, რეალურად საქმე ერთგვარი ალტერნატიული, “ოპოზიციური სირიის” ჩამოყალიბებამდე მივა, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის გაყოფის ტოლფასია. ოპოზიცია კვლავინდებურად აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებაში ასადის ადგილს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის მოიგო სამოქალაქო ომი და გაცილებით დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე მისი ოპონენტები. ანალოგიური განცხადება გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმაც გააკეთა.

შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თამჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, კონტრტერორისტული ოპერაცია იდლიბში თვითონ ჩაატაროს; მეტიც, ის არ აპირებს, ეს რუსეთის გენერალურ შტაბს შეუთანხმოს. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ იდლიბში ამერიკული კონტინგენტის შეყვანის სცენარს თურქეთის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში განიხილავს ანგელა მერკელთან შეხვედრაზე, შემდგომ კი _ ვლადიმერ პუტინთან.

ამ ეტაპზე იდლიბის სიახლოვეს ჯარების თავმოყრა და შეტაკებები ხდება, ხოლო ასადი და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ქიმიური შეტევის ან შესაბამისი პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებენ. 8 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოთვალა დასახლებული პუნქტები, რომლებშიც ასადის მოწინააღმდეგეები ამის გაკეთებას გეგმავდნენ. ვაშინგტონი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ასადის ძალებს დაბომბავს; მან სირიის ნაპირებთან თავი მსხვილ საზღვაო დაჯგუფებას მოუყარა. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ 5 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშრუსეთის ურთიერთობა სულ უფრო დაძაბული ხდება და ორი ქვეყანა შეიძლება სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს.

რუსეთისთვის “სამეულის” შენარჩუნება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზის გამო: აშშ მასში შემავალი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს და, ფაქტობრივად, ეკონომიკურ ომს აწარმოებს. თანამშრომლობის გაღრმავება მათ შესაძლებლობას მისცემს, ამ გამოწვევას უფრო იოლად გაუმკლავდნენ, მაგრამ დაპირისპირებამ სირიაში ამ პერსპექტივას შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს. ტაქტიკური აუცილებლობა და სტრატეგიული მიზნები ამ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებული ხდება. იდლიბის ან თუნდაც მთელი სირიის პრობლემა არ შეიძლება განიხილებოდეს ცალკე, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ისევ გაააქტიურა ძველი სანქციები ირანის წინააღმდეგ, მოსახლეობის ნაწილმა ვალუტისა და ოქროულობის შეძენა დაიწყო. ამის გამო შავ ბაზარზე ირანული რიალის კურსი მკვეთრად დაეცა (1 დოლარი მაისში 65 ათასი ღირდა, აგვისტოში _ 120 ათასი), თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში ხელისუფლებამ პანიკის აღკვეთა შეძლო, მაგრამ ეს ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, რომ მსხვილი ინვესტორები, რომლებიც ობამას მიერ სანქციების გაუქმების მომენტიდან ირანში ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას გეგმავდნენ, ახლა გადაწყვეტილებას ცვლიან. ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რომ ამერიკულმა სანქციებმა ყველაზე დიდი დარტყმა შედარებით ლიბერალურ პრეზიდენტ როუჰანის იმიჯს მიაყენა, რომელიც აშშ-თან დიალოგის გაღრმავების მომხრე იყო, კონსერვატორებმა მასთან ბრძოლაში დამატებითი არგუმენტები მოიპოვეს.

იგივე პრობლემა _ ინვესტორების გადინება, ვალუტის კურსის ვარდნის ფონზე, გასულ თვეში თურქეთსაც შეექმნა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საუბარი საგარეო ვაჭრობის დედოლარიზაციაზე. პირველი ხმაურიანი განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთი აპირებს, რუსეთთან და ირანთან ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტებზე გადავიდეს, ერდოღანმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა. ანალოგიური სურვილი რუსეთის ხელისუფლებამაც გამოხატა, თუმცა პროცესი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რუსეთი თურქეთისთვის საკვანძო სავაჭრო პარტნიორია, ის ყველაზე მეტ რუსულ ფოლადსა და ფოლადის ნაკეთობას ყიდულობს, ყველაზე მეტ რუსულ ენერგომატარებელს (გერმანიის შემდეგ) და ყველაზე მეტ ხორბალს (ეგვიპტეს შემდეგ). თუ მსხვილი რუსული კომპანია, მაგალითად, “გაზპრომიმილიარდობით თურქულ ლირას მიიღებს, ის რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდება. იმ ქვეყნის ვალუტის შენახვა, რომელშიც ინფლაციის ტემპებმა აგვისტოში 17,9%- მიაღწია, წამგებიანია, ისევე როგორც მისი გადაცვლა სხვა ვალუტაზე. შესაძლებელია თურქული საქონლის შეძენა, მაგრამ თურქეთი არ აწარმოებს იმ რაოდენობისა და ხარისხის ნაწარმს, რომელიც “გაზპრომს” სჭირდება _ მილებს, სხვადასხვა სახის ტექნიკას და ა.შ. არსებობს პრობლემა რუსულ ბაზარზეც. იმ პერიოდში, როდესაც რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა გაუარესდა, მოსკოვმა ხელი შეუწყო საკუთარი აგრარული კომპლექსის განვითარებას (ცნობილი “იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა”) და თუ ახლა რუსულ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის თურქული პროდუქცია შემოვა, ეს რუს ფერმერებსა და აგრარულ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის და მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუ თურქეთი ვერ გაზრდის ექსპორტს რუსეთში, მას არ ექნება საკმარისი რაოდენობის რუბლი იმისთვის, რომ რუსული გაზის, ხორბლისა და ა.შ. საფასური გადაიხადოს. შესაბამისად, ჩნდება უფრო რთული მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, რომლის ფარგლებში არც ერთი მხარე არ დაზარალდება. ევროპელები ცდილობენ, შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და მიანიშნებენ დაინტერესებულ მხარეებს, რომ მათთვის უმჯობესია, ევროზე გადავიდნენ, თუმცა მოსკოვსა და ანკარაში ამას ჯერჯერობით ეჭვის თვალით უყურებენ.

ყოველივე ამას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რუსეთის, ირანისა და თურქეთის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დაახლოებამ, აგრეთვე, აშშთან მათი ურთიერთობების დინამიკამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა დასავლეთისთვის და იზოლაციის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამგვარად, “სამეულისქვეყნების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და მოქმედება, ერთი შეხედვით, შორეულ სირიაში ყველაზე კარგი ინდიკატორია იმის დასადგენად, თუ რა მოხდება საქართველოს თავს ახლო მომავალში.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here