Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპის თურქული გამბიტი და საქართველო

დონალდ ტრამპის თურქული გამბიტი და საქართველო

რეგიონში ახალი, გაცილებით რთული და დაუნდობელი ეპოქა იწყება

2078
ტრამპი-ერდოღანი

გასული კვირის ბოლოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება. ეს არაერთმა მიზეზმა განაპირობა, თუმცა მთავარი თურქეთისა და რუსეთის ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები, ლირასა და რუბლის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებებია. აშშის სანქციებმა, ფაქტობრივად კი, ეკონომიკურმა ომმა ამ ორი ქვეყნის, აგრეთვე, ირანის წინააღმდეგ საქართველოს პირველი ნეგატიური შედეგი მოუტანა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ოპტიმიზმს ინარჩუნებს: “ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით 17%-ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია”. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევაში ფასებს სტაბილურს ვეღარ ვუწოდებთ, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც თურქეთის მიმართულებაზე მუშაობენ, ძალიან ნერვიულობენ.

თურქული ლირა იანვრიდან აგვისტომდე 29%-ით გაუფასურდა, ბოლო დღეებში კი ამ გაუფასურებამ ზვავისებური ხასიათი მიიღო. ამის მთავარი მიზეზი ძველ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობის გაუარესებაა. ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ 2016-ში გაფუჭდა, როდესაც ერდოღანის მოწინააღმდეგეებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, შემდგომი თვეების განმავლობაში კი თანდათან უარესდებოდა. ბოლო ეტაპზე დეტონატორის როლი ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის, საქმემ შეასრულა _ მას ბრალს დებენ ჯაშუშობისა და ფეთჰულა გიულენთან კავშირში, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტად თვლის. ვაშინგტონის მოთხოვნის მიუხედავად, თურქებმა ბრანსონი არ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, 1 აგვისტოს აშშ-მა შემოიღო პერსონალური სანქციები თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების წინააღმდეგ, რასაც ერდოღანმა სიმეტრიულად უპასუხა.

10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა: “სულ ახლახან თურქეთისთვის გავაორმაგე ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რადგან მისი ვალუტა, თურქული ლირა, ეცემა ჩვენი ძალიან ძლიერი დოლარის მიმართ!.. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც ისე კარგია”. საპასუხოდ თურქებმა გაზარდეს ტარიფები 22 დასახელების ამერიკულ საქონელზე. ამის შემდეგ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თურქეთისთვის დაწესებულ სავაჭრო პრეფერენციებს გადახედავენ. ამასობაში თურქულმა ლირამ სწრაფი დაცემა დაიწყო. პრეზიდენტმა ერდოღანმა მოქალაქეებს მოუწოდა, დოლარი და ევრო ლირაზე გადაცვალონ და “ასე უპასუხონ მათ, ვინც ქვეყანას ეკონომიკური ომი გამოუცხადა”. მან ასევე თქვა: “ვაპირებთ, გადავიდეთ ვაჭრობაზე ეროვნულ ვალუტებში იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ორმხრივი ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა გვაქვს _ ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან, უკრაინასთან. თუ ევროპის ქვეყნები მოისურვებენ, თავი დააღწიონ დოლარის მარწუხებს, ანალოგიურად მოვიქცევით”.

დაპატიმრებული პასტორის ისტორია კონფლიქტის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც ზედაპირზე დევს. კიდევ ერთი, გაცილებით მასშტაბური, თუმცა ნაკლებად ხმაურიანი კონფლიქტი ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის გამო, ამ ქვეყნის საბანკო სექტორს სანქციები დაუწესეს. ამერიკელები მაშინ ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ დასჯიან ყველას, ვინც დაეხმარება თეირანს, სანქციებს გვერდი აუაროს. თურქეთმა, რომელიც ირანული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახლდათ, ეს მუქარა ცნობად მიიღო, მაგრამ იმ მასალების თანახმად, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებას ფეთჰულა გიულენის მომხრეებმა წარუდგინეს, 2012 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ნება დართო სახელმწიფოს კუთვნილ “ჰალკ ბანკს”, ჩართულიყო ჩახლართული სქემის რეალიზაციაში, რომლის ფარგლებში ირანული ნავთობი ოქროზე იცვლებოდა. ამ მასალების მიხედვით, პროცესში ჩართულმა ამერიკელმა ბანკირებმა არ იცოდნენ, რომ ფული თეირანში მიდის. გასული წლის მარტში ამერიკელებმა “ჰალკ ბანკის” თავმჯდომარის მოადგილე ჰაკან ატილა დააპატიმრეს, მაისში კი 32-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამან თურქეთის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. რაც მთავარია, ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მა შეიძლება თურქული აქტივების გაყინვა და კონფისკაცია დაიწყოს. პრეცედენტი უკვე არსებობს _ “ბნპ პარიბასის” დაჯარიმება 8,9 მილიარდი დოლარით ირანის, სუდანისა და კუბის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო (იყო სხვა მსგავსი შემთხვევებიც).

დაპირისპირება ეკონომიკის სფეროს გასცდა. 10 აგვისტოს “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ ვაშინგტონი პოლიტიკას არ შეცვლის, თურქეთს ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების ძებნა მოუწევს. ექსპერტები გაკვირვებული არიან პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულებით ტრადიციული რეგიონული პარტნიორის მიმართ, რომელმაც შეიძლება მრავალწლიანი სამოკავშირეო ურთიერთობა იმსხვერპლოს. ბოლოს აშშ-მა სანქციები თურქეთის წინააღმდეგ 1975 წელს, კვიპროსის კრიზისის დროს შემოიღო.

წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც აშშ-ს გლობალიზაციის პროცესის ლიდერად და მთავარ მოდერატორად განიხილავდნენ, ტრამპი, როგორც ჩანს, იდეალს კლასიკური იმპერიალიზმის ეპოქაში ხედავს, სადაც მთავარ ადგილს იკავებდა ეროვნული ინტერესების მკაცრი პრიორიტეტი, ბრძოლა ბაზრებისთვის, სავაჭრო ომები, სანქციები და ა.შ. ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპი აწარმოებს სხვადასხვა ინტენსიურობის ეკონომიკურ ომს ევროკავშირსა და ჩინეთთან. მან უარი თქვა “ბირთვულ გარიგებაზე” ირანთან და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ძველი პაკეტი აამოქმედა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო კომენტარი ტრამპის ანტითურქულ პოლიტიკაზე სწორედ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა გააკეთა: “ტრამპის ზეიმი, რომ თურქეთს, ნატოს მოკავშირეს, ეკონომიკური ზიანი მიაყენა, სამარცხვინოა. აშშმა უარი უნდა თქვას სანქციებისა და დაშინებისადმი თავის მიდრეკილებაზე, თორემ მსოფლიო გაერთიანდება, რათა ისინი აიძულონ, ეს გააკეთონ. საუბარი არაა მხოლოდ სიტყვიერ გაკიცხვაზე. ჩვენ წარსულშიც მხარს ვუჭერდით ჩვენს მეზობლებს და ახლაც იმავეს გავაკეთებთ”. ტარიფების გაზრდის პროცესში დონალდ ტრამპმა არ დაინდო უახლოესი პარტნიორები, “კარის მეზობლები” _ კანადა და მექსიკა. გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს.

8 აგვისტოს ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს “იმ საწარმოებს, რომლებზეც რუსული ეკონომიკის 70% და მუშა ხელის 40% მოდის”. ამასთანავე, სენატორების ჯგუფის შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, 7 რუსულ ბანკს აშშ-ის ტერიტორიაზე ოპერაციების განხორციელება აეკრძალება, ხოლო ამერიკული კომპანიები, ფაქტობრივად, დაკარგავენ შესაძლებლობას, რუსულ სახაზინო ვალდებულებებთან იმუშავონ. იგეგმება რუსეთში ე.წ. ორმაგი დანიშნულების ელექტრონიკის ექსპორტის შეზღუდვაც. ამის პასუხად, რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება ეკონომიკური ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება “და ამ ომზე რეაგირება მოგვიწევს _ ეკონომიკური, პოლიტიკური, საჭიროების შემთხვევაში კი _ სხვა მეთოდებით; ამერიკელ მეგობრებს ეს უნდა ესმოდეთ”. “ჩვენი ქვეყანა, ბოლო ასი წელია, სანქციების ზეწოლის პირობებში ცხოვრობს. რისთვის კეთდება ეს? იმისთვის, რომ რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი კონკურენტების სიიდან ამოშალონ”, _ დასძინა რუსეთის პრემიერმინისტრმა.

2014 წლის უკრაინის კრიზისის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციები შემოიღეს. გაეროს სპეციალური მომხსენებლის _ იდრის ჯაზაირის შეფასებით, რუსეთმა ამის გამო 52-55 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, ხოლო სხვა ქვეყნებმა _ 100 მილიარდ დოლარზე მეტი (ეს 2017 წლის შეფასებაა, ახლა სიტუაცია გაუარესებულია). ჯაზაირის თქმით, რუსეთი სანქციებთან გამკლავებას წარმატებით ახერხებს, “რაც მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა საადაპტაციო ზომებმა დადებითი შედეგი გამოიღო”.

ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს ეკონომიკურ ომს საქართველოს სამი მეზობლის _ რუსეთის, თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ. პირველი ორის ეკონომიკის თუნდაც მცირე დესტაბილიზაცია საქართველოზე ნეგატიურ გავლენას ყოველთვის ახდენს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამივე ქვეყანამ შეიძლება დედოლარიზაციის პროცესი დააჩქაროს და არა მხოლოდ ეკონომიკური კოოპერაციის, არამედ პოლიტიკური დაახლოების ახალი გზები მოძებნოს. ტრამპის პოლიტიკა ჩამოთვლილ ქვეყნებს ალიანსების შექმნისკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში საქართველო, თუ ხელისუფლება პროცესებს ადეკვატურად არ შეაფასებს, შეიძლება გადაიქცეს არა დამაკავშირებელ ხიდად, არამედ იზოლირებულ კუნძულად. 1921 წელს რუსეთი და თურქეთი საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც მათ მიმართ მტრულად განწყობილი დასავლეთის პოტენციურ პლაცდარმს და ამან შესაძლებლობა მისცა ორ, ერთმანეთთან ტრადიციულად დაპირისპირებულ სახელმწიფოს, საერთო ენა გამოენახათ. შესაძლოა, ახლა საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ვალუტის კურსის ცვლილება, ხოლო რეგიონში ახალი, გაცილებით რთული და დაუნდობელი ეპოქა იწყება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here