რამდენიმე დღის წინათ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს. გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი მისი არაერთი საჯარო განცხადებაა, რომლებითაც მან შეურაცხყო პოლიტიკური გუნდის წევრები და დააზიანა პარტიის იმიჯი და ინტერესები.
“ჩემი გაგდება ადვილი არ არის, პარტიიდან გარიცხვას სხვა პროცედურები სჭირდება”
დავით ჭიჭინაძე:
_ ბატონო დავით, რა გახდა პარტიიდან თქვენი გარიცხვის მიზეზი? ხშირად არ აქტიურობდით, რამდენიმეჯერ გამოთქვით საკუთარი მოსაზრება და უცბად აღმოჩნდა, რომ თქვენი შეხედულებები მიუღებელი იყო “ქართული ოცნებისთვის”…
_ მიზეზი, რომლის გამოც გამომიშვეს, მათ უკვე თქვეს. განცხადებაში ეწერა, რომ პარტიული დისციპლინა დავარღვიე, გამოვირჩეოდი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება, ვინ და როდის შეურაცხვყავი. ან რას ეძახიან შეურაცყოფას? მხოლოდ გვარი ვახსენე _ ზარდიაშვილი და ეს არის შეურაცხყოფა?!
შესაძლოა, მე არ მქონდა შესაფერისი ტონი ან მათ არ ჰქონდათ, მაგრამ ტონი ფურცელზე არ ჩანს. აქედან გამომდინარე, პარტიიდან ჩემი გარიცხვის მიზეზს ვერ ვხედავ. ჩვენ ადამიანები ვართ, შეიძლება ხმას ავუწიოთ ან დავუწიოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის სიტყვები მეორე ადამიანს აღიზიანებს. ამ შემთხვევაში ერთ რომელიმე პიროვნებაზე არ არის საუბარი. რაც იქ მოხდა, მთელი საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ასე რომ, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი გაგდების მიზეზი. ჩემი გაღიზიანება მინდელის შახტში მომხდარ მორიგ ტრაგედიას მოჰყვა, მე პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება არ მომეწონა…
_ თქვენ არ ხართ პირველი, ვისაც პარტიაში აზრის თამამი გამოხატვისთვის პრობლემები შეექმნა. თავის დროზე პრობლემები ჰქონდა თამაზ მეჭიაურს, გოგი თოფაძეს, გედევან ფოფხაძეს… ომარ ნიშნიანიძე ვეღარ მოხვდა მე-9 მოწვევის პარლამენტში… დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანი ერთ აზრზე ვერ იქნება. ავტოკრატიის ნიშნები ხომ არ იკვეთება?
_ ერთ აზრზე ყოფნას არც ითხოვენ… რომც სურდეთ, საპარლამენტო ქვეყანაში ავტოკრატია ვერ იქნება. ახალგაზრდა კაცია ირაკლი კობახიძე და მას ურთიერთობების გამოცდილება არ აქვს. მისი ახალგაზრდობით ვხსნი იმას, რომ მეტისმეტად ღიზიანდება კოლეგების გამონათქვამების გამო. ასაკში რომ იყოს, ასე არ გაბრაზდებოდა.
_ პარლამენტში უამრავი ნაციონალი ზის. ისინი მართლაც გამოირჩევიან თავხედური გამოსვლებით, მაგრამ მათ სიტყვებზე იშვითად კარგავს წონასწორობას პარლამენტის თავმჯდომარე. საკვირველია, რომ საკუთარი პარტიის წევრის გამოსვლამ გააღიზიანა, თანაც ისე, რომ გაწირა. ხომ არ ცდილობს პარლამენტის ახალგაზრდული ფრთა ძალაუფლების ხელში აღებას?
_ ძალაუფლების ხელში აღების მცდელობა ვერ დავინახე. უბრალოდ, კობახიძეს, როგორც ჩანს, არ ესმის პრინციპი “მოყვარეს პირში უძრახე…”. ის ნაკლებად უნდა ღიზიანდებოდეს თავისიანების გამოსვლებზე, ყველას გვინდა, უკეთესი ქვეყანა გვქონდეს. რაც შეეხება ნაციონალებს, ისინი არაობიექტურები არიან, კობახიძე ჭკვიანია მაგ კუთხით და ამიტომაც არ ღიზიანდება მათზე.
ჩემი გაგდება ადვილი არ არის, ეს არის სამდივნოს ხუთი წევრის გადაწყვეტილება. პარტიიდან გარიცხვას სხვა პროცედურები სჭირდება, ინსტანციებია გასავლელი, შემიძლია, მე თვითონ მივმართო რაღაც ინსტანციებს, მაგრამ ჯრ არაფერი დამიგეგმავს. უმრავლესობიდან გარიცხვა უფრო რთულია, მას სულ სხვა პროცედურები აქვს. მოკლედ, ჯერ არ ვიცი კონსულტაციების შედეგად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ მისაღებია თქვენთვის, რომ ახალგაზრდა კაცის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო პარტიიდან გაირიცხოთ?
_ ახლა ეს ფაქტი რომ შევაფასო, სუბიექტური ვიქნები, ამიტომ საზოგადოებისთვის მიმინდვია კომენტარი. ფაქტია, რომ აზრი ორად გაიყო: ზოგი აღფრთოვანებულია ჩემი გაშვებით, ზოგი წუხს, მაგრამ იმას, რომ მე ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიმყავს, არავინ დაიჯერებს…
_ რას აპირებთ?
_ ამას წინათ ხუმრობით ვთქვი: პარტიიდან გარიცხულების ფრაქცია უნდა შევქმნა-მეთქი… არაფერს ვნანობ, პირიქით _ პარტიიდან ჩემი გაშვებით “ქართულ ოცნებას” რეიტინგი არ მოემატება. ეს ხალხს არ მოსწონს, ამიტომ არ მგონია, დიდი ფრაქცია გამომივიდეს…

“ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საბაბი “კოლექტიური ზარდიაშვილების” ხსენება შეიქნა”
დათო ლორთქიფანიძე:
_ ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი ჭიჭინაძეზე ამბობს: ბინის მშენებლობისთვის 85 ათასი დოლარი გამომართვა და “გადამაგდო”, ჩვეულებრივი თაღლითიაო. როდესაც ჟურნალისტმა ჭიჭინაძეს დაურეკა და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი, ჭიჭინაძემ უპასუხა, პროკურატურას მიმართოს და გაირკვევაო…
_ ამ ფაქტს საერთო არაფერი აქვს პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვასთან; პარლამენტის თავმჯდომარე გაბრაზდა და გარიცხა _ მას საკუთარი აზრის გამოთქმა არ აპატიეს…
_ როგორც ყოფილი პარლამენტარი, ვაცხადებ, რომ ერთი, თუნდაც მიუღებელი, აზრის გამოთქმისთვის, ასეთი რადიკალური ზომების მიღება საჭირო არ იყო. ვერ ვამართლებ, მაგრამ სამდივნო განმარტავს, რომ შეურაცხმყოფელი გამოთქმები ჭიჭინაძის მხრიდან ხშირი იყო. ასეთ შემთხვევაშიც კი ის უნდა დაებარებინათ და გაეფრთხილებინათ. პარლამენტის წევრი თავისუფალია აზრის გამოთქმაში, ეს რეგლამენტითაც ასეა და კონსტიტუციითაც.
_ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი ხომ არ ცდილობენ ასეთი ხერხებით სადავეების ხელში აღებას?
_ ვისაც პარლამენტის თავმჯდომარის გუნდში მოიხსენიებთ, ის ახალგაზრდები ცდილობენ, პოლიტიკაში დაიმკვიდრონ ადგილი და შეუვალნი იყვნენ, მაგრამ ეს შეუვალობა დემოკრატიისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასარგებლო არ არის. გახსოვთ, ალბათ, თალაკვაძემ ჭიჭინაძეზე თქვა: კაბინეტში დავიბარებო. ასეთი საუბრები კარგი არ არის, არც მისაღებია. როდესაც მე პარლამენტში ვიყავი, ასეთი მიდგომა არ იყო. დავით ჭიჭინაძეს შეუძლია პოლიტსაბჭოს მიმართოს და გადაწყვეტილებაც შეიცვალოს, მაგრამ ამბობს, კარგი ქნეს, რომ გამრიცხესო, ის არ ნანობს.
იქნებ ემოციური ფონი იყო, წარმოუდგენელია, გახარებოდა და მიზანმიმართულად მოქცეულიყო ისე, რომ გაერიცხათ.
ჭიჭინაძემ თქვა: “კოლექტიური ზარდიაშვილებიო”, რამაც სამდივნოს გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ეს თუ ასეთი ცუდია, მაშინ ვანო ზარდიაშვილს რა უნდა პარლამენტში?! ახლა მე რომ ვთქვა: “კოლექტიური მირიან წიკლაურები” ან “კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები”, არ გამრიცხავენ, რადგან ეს კარგია, ყველას გაუხარდება, “კოლექტიური ზარდიაშვილების” ხსენება კი არ გაუხარდათ და ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საბაბიც შეიქნა. ემოციებმა გადაძალა ორივე მხარე და გადაწყვეტილების მიღება იჩქარეს. ამას ამომრჩეველი უყურებს, მხარდამჭერებიც და ვფიქრობ, არავის წაადგება ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
“ქართული ოცნების” ბევრი წევრი სადავეებთან აღარ არის, რაზეც გული მტკივა. რეგიონებში ადგილობრივ დონეზეც არ არის ის ხალხი რეალიზებული, დასაქმებული და მათთვის ასეთი გადაწყვეტილებების მოსმენა კიდევ უფრო დამთრგუნველი იქნება.

“არ ვიცი, რაში ადანაშაულებენ დავით ჭიჭინაძეს, მაგრამ ვიცი, რომ დავით ჭიჭინაძე კარგი პიროვნებაა”
პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ ყოფილ პარლამენტარსა და “ქართული ოცნების” ყოფილ წევრ თამაზ მეჭიაურს:
_არ შემიძლია სხვის პარტიაზე საუბარი. არ ვიცი მათი ბოლოდროინდელი შინაგანაწესი, არ ვიცი მათი წესდება, ამიტომ არ ვიცი, რაში ადანაშაულებენ დავით ჭიჭინაძეს. მე და დათო წინა მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ზუსტად ვიცი, რომ ის კარგი პიროვნებაა, მასზე ცუდს ვერ ვიყვი… ჩემი პარტია მაქვს და სხვის პარტიას არ ვეხები”.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა







