Home რუბრიკები საზოგადოება ოფიციალური მოსკოვი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

ოფიციალური მოსკოვი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

1551
გულბაათ რცხილაძე

კრემლი დაინტერესებულია, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა სრული მასშტაბით აღდგეს, _ ეს განცხადება გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვამ მედიასთან გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური მისწრაფება დღეს სრულად პასუხობს, როგორც რუსი, ისე ქართველი ხალხის ინტერესებს და რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე დაბრკოლება არ არსებობს: “ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე”, _ განაცხადა ზახაროვამ, თუმცა საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მეზობელ სახელმწიფოს კონფლიქტური რეგიონები შეახსენა და დასძინა, რომ ურთიერთობების ნორმალიზება სწორედ ამ წითელ ხაზზე გადის.

ოფიციალური მოსკოვი უკვე მერამდენედ გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებასთან შეხვედრისა და პირდაპირი დიალოგის დაწყებისთვის. მიუხედავად ამისა, დღემდე ამისთვის არც პრეზიდენტი აღმოჩნდა მზად და არც პრემიერმინისტრი. პირიქით _ ყოველი მსგავსი შეთავაზების შემდეგ ერთიც და მეორეც ჯიუტად ამბობდა, რომ საქართველო დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე “ოკუპანტს” პირისპირ მოლაპარაკებაზე არ დაუჯდებოდა. შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში ელემენტარულ სავაჭრო აღებ-მიცემობას ვერ გასცდა, მთავარი პოლიტიკური საკითხები კი კვლავ გაყინულია…

არის თუ არა მზად დღესქართული ოცნებარუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის და რას ნიშნავს პოლიტიკურად საქართველოსთვის მარია ზახაროვას განცხადება, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, წინა კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მედიასთან განაცხადა, რომ კრემლი დაინტერესებულია თბილისთან ურთიერთობის სრულად აღდგენით. საქართველოს ხელმძღვანელობას თუ ეტყობა მსგავსი ინტერესი?

_ საქართველოში დღეს არავინაა მზად რუსეთთან დიალოგისთვის და ამას ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაც, რომელიც ზახაროვას გამოსვლას მოჰყვა. მან თქვა, ორ ქვეყანის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახითო, ანუ ამით, პრაქტიკულად, გამორიცხა რამე არსებითად მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება მოლაპარაკების კუთხით, სანამ მთავარი არ იქნება გადაჭრილი, თუნდაც ნაწილობრივ; თუმცა, ჩემი აზრით, აქ უნდა ხაზგასმით აღინიშნოს ერთი რამ: როდესაც რუსული მხარე გამოხატავს დაინტერესებას მოლაპარაკებებით, ამაში არანაირად არ იგულისხმება საქართველოს მხრიდან რამე კომპრომისზე წასვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. ეს მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ რა პროცესებიც უნდა დაიწყოს თბილისსა და მოსკოვს შორის, თუნდაც ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდეს, იქ შეიძლება, აღინიშნოს, რომ ქართული მხარე თავის პოზიციაზე რჩება და არ აღიარებს კონფლიქტურ რეგიონებს. ამას, დარწმუნებული ვარ, რუსული მხარეც მიიღებს ნორმალურად და მშვიდად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს გარკვეული ძალები დემაგოგიურად იყენებენ. საერთოდ, როდესაც ადამიანს ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა გიკავია, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრობა, განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა აკეთებდე. ის, რაც ზალკალიანისგან ზახაროვას განცხადების პასუხად მოვისმინეთ, მისი დონისა და რანგის დიპლომატს არ ეკადრება, მით უფრო, რომ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრია და ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, განსხვავებით მისი წინამორბედი ჯანელიძისგან. აქ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღეს პოლიტიკას ვერ ქმნის, ის ლამის ოფიციალურად იღებს ინსტრუქციებს დასავლეთიდან და ესა თუ ის გადაწყვეტილება იმის მიხედვით კი არ მიიღება, რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, რას იტყვიან ნაციონალები, ვიღაც შემოგზავნილი ამერიკელი ვითომ ექსპერტები და ა.შ. აი, ეს არის, ჩემი აზრით, პრობლემის არსი…

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გასაგებია _ მას, რიგი მიზეზების გამო, არ შეუძლია, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა არანაკლებ საინტერესო, ალბათ, თავის მხრივ, კრემლის მესვეურთა შემოთავაზებაა. რას ნიშნავდა რეალურად ზახაროვას განცხადება? რა პოლიტიკური სიგნალი მიიღო საქართველომ?

_ ვფიქრობ, რაც განცხადებით ითქვა, ამოცანაც ეს არის და ამის უკან რაღაც სხვა დიდი ქვეტექსტების ძებნა საჭირო არ არის. ის, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებით, სავსებით ლოგიკურია და ეს ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ მას არ აქვს საქართველოს მიმართ პრეტენზიები. ახლა ის პრეტენზია, რომელიც ნატოსკენ ჩვენს განუხრელ სწრაფვას უკავშირდება, მას მიმართული აქვს ნატოსკენ და, თუ ვინმე ამის გამო სერიოზული უკმაყოფილების ნოტას იღებს, უწინარესად, ეს ნატოს ხელმძღვანელობაა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ პუტინმა ერთერთ ინტერვიუში სწორედ ნატოს მიმართა და მის მესვეურებს დაფიქრებისკენ მოუწოდა, რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთისგან ალიანსის გაფართოების პროვოკაციულ ქმედებებს. მიუხედავად ამისა, დღეს კრემლი ჩვენ მაინც არ გვიყენებს ასეთ წინაპირობას: ნატო დაივიწყეთ და დიალოგი დავიწყოთო. არა, მისი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: განაგრძეთ თქვენი კურსი, მაგრამ თან ვილაპარაკოთო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს რატომ არ აძლევს ხელს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები, უბრალოდ, გაუგებარია. თუმცა ეს ყველაფერი, ალბათ, მაინც ერთი რამით აიხსნება _ გარკვეულ დასავლურ ძალებს არ სურთ რუსულ-ქართული დიალოგი. ეს არის პრობლემა და, ახლა ნატოში წავალთ თუ არა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია…

_ ბევრმა ზახაროვას განცხადება რუსეთისგან ერთგვარ პოლიტიკურ ვაჭრობად მიიღო; ვაჭრობად იმის გამო, რომ თურმე საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება. რამდენად ლოგიკურია ეს?

_ ასე ფიქრი დიდი შეცდომაა, დიპლომატიური წესები და კანონები ასე მარტივად არ მოქმედებს. კიდევ ვიმეორებ: ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განცხადება და ამის იქით ჩვენთვის სახიფათო გეგმები არ დგას. მით უმეტეს, აქ საუბარიც ზედმეტია ვაჭრობაზე, რომ თქვენ ახლა ალიანსს შეეშვით და სამაგიეროდ ჩვენ დაგელაპარაკებითო. საერთოდ, დიალოგი საჭიროა და დღევანდელ ვითარებაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და, მოგვწონს თუ არა, მას სხვაში არავინ გაგვიცვლის.

რაც შეეხება კრემლის დაინტერესებას და მოწოდებას დიალოგისკენ, რა თქმა უნდა, ამან გარკვეული მოლოდინი გააჩინა, მაგრამ ერთია მოლოდინი, მეორე _ რეალობა. სანამ საქართველო არ აირჩევს თავისი ეროვნული ინტერესების განხორციელების კურსს და არა სხვათა მომსახურებას, რუსეთის ვერანაირი მზადყოფნა ან მოწოდება დიალოგისკენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერ შემოაბრუნებს.

_ ეს, ალბათ, მოსკოვშიც კარგად იციან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიალოგისკენ მოწოდებას ჯიუტად მოგვიწოდებენ.

_ მთლად ასეც არ არის, დიალოგისკენ მოწოდების პარალელურად რუსეთი შიგადაშიგ ნეგატიურ მინიშნებებსაც აკეთებს. მაგალითად, ამას წინათ იქ 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო დაბლოკეს იმის გამო, რომ თითქოს ეს პროდუქტი რაღაც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ამით რუსეთის მხრიდან გამოიკვეთა ის, რომ, თუ საქართველო უარყოფითად წაიყვანს მასთან ურთიერთობას, ამოქმედდება ეკონომიკური ბერკეტები. არადა, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ბერკეტები, ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ ქართული ღვინო წარმატებით გადის ექსპორტზე, ყურძენს მეტნაკლებად კარგი ფასი აქვს და გლეხი კმაყოფილია, დიდწილად სწორედ რუსული ბაზრის დამსახურებაა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღემდე ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან შემოდის, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტიც რუსეთში ცხოვრობს და მათი უმრავლესობა იქ ნაშოვნი სახსრებით აქ ოჯახს ინახავს…

_ დავუბრუნდეთ ზახაროვას განცხადებას. თქვით, რომ გარკვეულ დასავლურ ძალებს არ სურთ რუსულქართული დიალოგი. მიუხედავად ამისა, ვთქვათ, გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები, როგორ აისახება ეს საქართველოს ურთიერთობაზე დასავლეთთან?

_ ამით უფრო მეტი ფასი დაედება საქართველოს და უფრო მეტი პატივისცემით მოეკიდება მას დასავლეთი, თუმცა ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც გითხარით, არასდროს იქნება მზად დიალოგისთვის…

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ გამოვეხმაურო “ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ვფიქრობ, ამ პარტიაში რაც უფრო ნაკლები იქნება მისნაირი ადამიანი, მით უფრო დაემსგავსება ეს პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”, ოღონდ კბილებისა დ ბრჭყალების გარეშე.

აი, ასეთია დღევანდელი “ქართული ოცნება”…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here