Home რუბრიკები პოლიტიკა განაჩენი გასაჩივრების უფლებით და სააკაშვილის რუსული «რულეტკა»

განაჩენი გასაჩივრების უფლებით და სააკაშვილის რუსული «რულეტკა»

640

საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსჯელობა ობამა-სააკაშვილის 30 იანვრის შეხვედრაზე, რომლის მუდმივი თანამგზავრი იქნება კონსპიროლოგიური მკითხაობა იმაზე, თუ ,,რა ითქვა სინამდვილეში» ოვალურ კაბინეტში და კადრს მიღმა დარჩა. ეს, ალბათ, ბუნებრივია იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერაც ვერ დაადგინა, თუ რა ხდება საქართველოს თავს, ხოლო დასავლეთიდან წინააღმდეგობრივი სიგნალები მოდის. ერთის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და HUMAN RIGHTS WATCH-ის ბოლო ანგარიშები, დასავლური მედიის მთელ რიგ პუბლიკაციებთან ერთად, ქმნიან მყარ შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასვენების წინა პანაშვიდი უკვე დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტები დღეს ამაყად აფრიალებენ ფრაზას, რომელიც ობამამ ბრიფინგზე თქვა: «ველით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება».

თუმცა იმავე ბრიფინგზე იყო ისეთი ფრაზებიც, რომლებიც სააკაშვილის მომხრეებმა გაშიფრეს როგორც რეჟიმის თითქმის უპირობო მხარდაჭერა. 30 იანვრის შეხვედრის მრავალფეროვანმა ინტერპრეტაციებმა საზოგადოება ერთობ დააბნია; მკაფიო პასუხები თავის კითხვებზე მან ჯერჯერობით ვერ მიიღო.ბებერი ხარის რქები

არჩევნების თაობაზე ობამას განცხადება შეგვიძლია შევადაროთ განაჩენს, რომლის გასაჩივრების უფლება სააკაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება; საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩება. ძალიან ბევრი რამ ცხადი მაშინ გახდება, როდესაც სააკაშვილი ამერიკიდან დაბრუნდება და შიდაპოლიტიკურ არენაზე ამა თუ იმ ნაბიჯს გადადგამს. მანამდე კი შეგვიძლია იმის დადგენა ვცადოთ, რა თემა დარჩა «კადრს მიღმა», რადგან მასზე საუბარი ბრიფინგზე მიზანშეწონილი არ იყო.

ასეთ ბუნდოვან სიტუაციაში ერთი კარგად აპრობირებული მეთოდის გამოყენება შეიძლება; კერძოდ კი, იმის დაკვირვება, თუ რას ამბობენ «ძველი გვარდიის» წარმომადგენლები, ვეტერანი დიპლომატები, რომლებიც ვითარებას მეორე ეშელონიდან საკუთარ გამოცდილებასა და ალღოზე დაყრდნობით აფასებენ. ისინი, როგორც წესი, კარგად ხედავენ იმას, რაც კვამლში გახვეულ წინა ხაზზე არ ჩანს. ჯერ კიდევ 30 იანვრის შეხვედრამდე, მათი და სხვა კომენტატორების პროგნოზებს შორის ერთი ძნელად შესამჩნევი სხვაობა დაფიქსირდა: «ვეტერანებს» წინა პლანზე გამოჰქონდათ თემა, რომელსაც სხვები ან გაკვრით ეხებოდნენ, ან საერთოდ არ ახსენებდნენ, რადგან ობამა- სააკაშვილის შეხვედრას მომავალი არჩევნების და, ძირითადად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში განიხილავდნენ. საბოლოოდ, ჩვენ მივედით პარადოქსულ სიტუაციამდე, როდესაც ქართველი კომენტატორების დიდი ნაწილი თითქოსდა ვერ ამჩნევდა იმას, რომ ამ პლანეტაზე, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთიც არსებობს, რაც «ვეტერანებს» ნამდვილად არ დავიწყებიათ. არადა, თუ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ, უკან შეიძლება არა მხოლოდ არჩევნები, არამედ სახელმწიფოებრიობაც დაგვრჩეს.

ორიოდე ციტატა:

სტივენ სესტანოვიჩი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრი, თავის დროზე სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის თანაშემწე პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკითხებში:

«როგორ შეიცვლება სიტუაცია რუსეთში პუტინის დაბრუნების შემდეგ _ ეს ის საკითხია, რომლის გვერდის ავლასაც აშშ-ის და საქართველოს პრეზიდენტები ვერ შეძლებენ. უფრო მნიშვნელოვანი თემა უსაფრთხოების საკითხია და ამ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს განიხილავენ» (სააგენტო «პირველი»).

კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:

«საერთაშორისო საქმეები და უსაფრთხოების საკითხები საუბარში ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ. სიის ზედა ნაწილში იქნება საქართველოს რთული ურთიერთობები რუსეთთან» («DF watch»). იქვე იალოვიცი, ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის დაბრუნების კონტექსტში, საუბრობს რთულ სიტუაციაზე კონფლიქტურ რეგიონებში, იმაზე, რომ ობამას, სავარაუდოდ, გაუჩნდება სურვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები განიხილოს და რომ მხარეები ჩრდილოეთ კავკასიაზეც იმსჯელებენ, «სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია. ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც სიტუაციის გაურესების პრევენციისთვის წინდახედულობა და ნათელი ანალიზია საჭირო».

ბრიფინგის დასაწყისში ობამამ შეცდომით საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მოლაპარაკებების დროს სერიოზული საუბარი მასზე ნამდვილად იყო (ცხადია, ამ მცირე დეტალზე რამდენადმე ღირებულ დასკვნას ვერ დავაფუძნებთ). დიდი ალბათობით, «კადრს მიღმა» ობამამ სააკაშვილს მოუწოდა, რუსეთთან ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოავლინოს.

ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს დისტანცირებას «ჯვაროსნული ლაშქრობისგან», რომელიც მიზნად ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოცილებას ისახავს, თავის შეკავებას მკვეთრი ნაბიჯებისგან საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში და ზოგადად, უარის თქმას «გადატვირთვის» ჩაძირვის მცდელობებზე, რაზეც სააკაშვილი (რა დასამალია) ოცნებობს: ხანდახან _ მარტო, ხანდახან _ ჯონ მაკკეინთან ერთად.

როგორ შევიტყობთ, შეისმინა თუ არა სააკაშვილმა ეს გაფრთხილება (რომელსაც ადგილი, სავარაუდოდ ჰქონდა)? ტესტი, რომელიც ამას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, არ არსებობს. მართალია, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, არის ერთი საკითხი, რომელმაც შეიძლება ტესტის როლი შეასრულოს, თუმცა ყოვლისმომცველ პასუხს ის ვერ მოგვცემს. «მედიანიუსის» ცნობით, «ევროპაში მცხოვრები ინგუშები საქართველოს 1944 წლის ინგუშთა დეპორტაციის გენოციდად აღიარებას სთხოვენ».

შესაბამისი მიმართვა დავით ბაქრაძის სახელზე თბილისში უკვე გავრცელდა. მისი ავტორები ქართულ მხარეს მოუწოდებენ, ეს საკითხი ევროპარლამენტშიც დააყენოს. ამ ისტორიის გაგრძელება შესაძლებლობას მოგვცემს გარკვეულ ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა გლობალურ დასკვნამდე ნამდვილად ვერ მიგვიყვანს. იმისათვის, რომ გავიგოთ, გვიახლოვდება თუ არა რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის ახალი ტალღა, რომელიც შეიძლება ახალი ომით დაგვირგვინდეს, სხვა ინდიკატორია საჭირო.

საერთოდ, ნებისმიერ ომს, თუნდაც ის იდეალურად დაგეგმილი იყოს, ხოლო მისი დაწყება კარგად გააზრებულ ნაბიჯს წარმოადგენდეს, წინ მცდარი წარმოდგენების მთელი სპექტრის გავრცელება უძღვის; ან ხელისუფლებაში (მაშინ როდესაც ის კეთილგონიერებაში მოიკოჭლებს, როგორც სააკაშვილის მთავრობა 2008-ში), ან საზოგადოებაში (მაშინ როდესაც, ის პროპაგანდის მიერ გავრცელებული შტამპების ტყვეობაში ექცევა), ან ორივეში ერთად (მაშინ როდესაც საქმე ძალზე ცუდადაა). როგორია ეს მცდარი წარმოდგენები, რომელთა ფართო გავცელება შეიძლება ომის საფრთხეზე მიანიშნებდეს?

ზეგ იყო ომი

პროფესორმა გრეგ კეშმანმა, არ დაიზარა და თავის საკმაოდ საინტერესო წიგნში «რა იწვევს ომს?» რეალობას დაშორებული, არაკორექტული წინასაომარი წარმოდგენები აღწერა. მათ შორის:

1) ოპონენტი აღიქმება როგორც უფრო მტრულად განწყობილი, ვიდრე სინამდვილეში არის. შედარებით იშვიათია შემთხვევები, როდესაც მას «უფრო მეგობრულად» თვლიან, თუმცა ადგილი ასეთ ვარიანტსაც აქვს;

2) ხდება ძალთა ბალანსის არასწორი შეფასება და ამ დროს ოპონენტს უფრო სუსტად წარმოვიდგენთ, ვიდრე სინამდვილეში არის;

3) მკვიდრდება წარმოდგენა, რომ ომი გარდაუვალია;

4) ვრცელდება აზრი იმის შესახებ, რომ ომი ხანმოკლე და ნაკლებად ხარჯიანი იქნება;

5) არასწორად ფასდება მესამე ქვეყნების შესაძლებლობები და მოტივები;

6) მკვიდრდება არასწორი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს ჩვენზე ოპონენტი; ამ დროს, როგორც წესი, გვგონია, რომ ის ისევე აღგვიქვამს, როგორც ჩვენ _ საკუთარ თავს.

ყოველივე ამის საილუსტრაციოდ, როგორც წესი, გამოიყენება პერიოდი I (უფრო იშვიათად _ II) მსოფლიო ომის წინ, თუმცა ამ პუნქტებისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ მათზე დაყდნობით «აგვისტოს ომის» ფრიად შინაარსიანი ისტორიის დაწერა შეიძლება.

2008 წლის მოვლენებს თითქოსდა რეალობაში უნდა დავებრუნებინეთ, თუმცა ჩამოთვლილი სიმპტომები არ გამქრალა. მეტიც, ბოლო დროს მათ სულ უფრო ხშირად ვხედავთ. ეს კი ირიბად ახალი ომის საფრთხეზე მიგვანიშნებს, მითუმეტეს, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები, სრული გაურკვევლობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში და ხელისუფლების სათავეში მენტალურად ერთობ არასტაბილური ლიდერის ყოფნა მისი დაწყების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ვიდრე ყველა მხარისთვის კონფლიქტის მოგვარების მეტ-ნაკლებად მისაღები სტრატეგიის ფორმულირება არ მოხდება, სავარაუდოდ, მუდმივად ომის ზღვარზე ბალანსირება მოგვიწევს.

საინტერესოა, რომ «ცივი ომის» დასრულების შემდეგ, გონივრული კომპრომისის საფუძველზე არც ერთი «ცხელი კონფლიქტი» არ მოგვარებულა; ბიპოლარული მოდელის მსხვრევამ ეს შედეგიც მოიტანა. თანამედროვე სამშვიდობო დარეგულირება სინამდვილეში ერთი მხარის მიერ მეორის «დაჩაგვრის» გაფორმებას წარმოადგენს (ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ მხრივ ყოფილი იუგოსლავიაა), ხოლო იმ სიტუაციაში, როდესაც ვაშინგტონი ვერ ახერხებს (ან არ უღირს), რომ ამა თუ იმ ქვეყანას თავს საკუთარი ნება მოახვიოს, კონფლიქტი «იყინება» და არასტაბილურობის მუდმივი გენერატორის ფუნქციას იძენს. საქართველოს შემთხვევაში, ახალი ომის დაწყების საფრთხის მინიმიზება, პრინციპში, დღემდე ვერ მოხერხდა და, ზოგიერთი შეფასებით, ის იზრდება კიდეც. იმისთვის, რომ ახლო მომავალში ეს არ მოხდეს, საჭიროა კონფლიქტის მოგვარების ყველა მხარისთვის ასე თუ ისე მისაღები, სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად რევოლუციური იქნება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ბოლო ათწლეულების ისტორიაში ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი არ არსებობს.

მოსკოვი უკან არ იხევს, ვაშინგტონს «სახის დაკარგვა» არ სურს, თუმცა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, იმასაც აცნობიერებენ, რომ იმის პასიური ლოდინი, თუ როდის გაჭრიან რუსული ტანკები ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს ირანის საზღვრამდე სააკაშვილის მორიგი არაგონივრული ნაბიჯის შემდეგ, კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც თბილისელი პარტნიორი ძლიერ ნერვული და თითქმის უმართავი გახდა.

ეს ჩიხური, ჰაერში გამოკიდებული სიტუაცია ევროპულ, უფრო კონკრეტულად კი გერმანულ დიპლომატიას მანევრისთვის გარკვეულ სივრცეს უხსნის. სათანადო სურვილი, რესურსი და გამოცდილება მას ნამდვილად აქვს და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათ, ურიგო არ იქნება დაფიქრება იმაზე, თუ რისთვის ჩამოვიდა საქართველოში გასულ კვირას, კიდევ ერთი «ვეტერანი» მეორე ეშელონში დაბანაკებული «ძველი გვარდიიდან», კერძოდ კი ჩვენი ძველი ნაცნობი ბატონი დიტერ ბოდენი.

რისთვის ჩამოვიდა ბოდენი?

«ბოდენის გეგმა», «შტაინმაიერის გეგმა»… დღევანდელი გადასახედიდან ისინი სამაშველო რგოლებს ჰგავს, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს რგოლები თბომავალ «ბერლინის» ბორტიდან გადმოგვიგდეს, ჩვენ რატომღაც არ ვთვლიდით, რომ ვიხრჩობოდით და სასწრაფოდ შველა გვჭირდებოდა.

თავიდან ბოდენი, რომელიც ამჟამად «ბოშის ფონდში» მოღვაწეობს და, ფორმალური თვალსაზრისით, დამოუკიდებელი კონსულტანტია, სოხუმს ესტუმრა, ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და (ანქვაბის ადმინისტრაციისა და «აფსნიპრესის» ცნობით) განაცხადა, რომ აფხაზეთში ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის დეპუტატების ჯგუფის ვიზიტის ორგანიზებას აპირებს. შემდეგ ის თბილისში გამოჩნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და თედო ჯაფარიძეს შეხვდა (სხვათა შორის, თუ საქმე ივანიშვილის მთავრობის ფორმირებამდე მივა, ჯაფარიძემ მასში შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს. შეხვედრა ბოდენთან აქ არაფერ შუაშია; ვარაუდი სხვა ფაქტებს ეფუძნება). ხელისუფლება კი ამ დროს მეტად უცნაურად იქცეოდა.

ნუგზარ წიკლაურმა, პავლე კუბლაშვილმა და შოთა მალაშხიამ სააგენტო «პირველს» განუცხადეს, რომ საქართველოში ბოდენის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი ორშაბათის ბრიფინგზე თქვა, რომ სოხუმში ვიზიტის შესახებ იცის და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფლობს. ივანიშვილი-ბოდენის შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯალაღანიამ, ერთობ ფილოსოფიურად განაცხადა, რომ «არ ესმის, რატომ უნდა იცოდეს მან საერთოდ ამ შეხვედრის შესახებ». ყოველივე ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს გაურბის. როდესაც სოხუმში დომინოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმებოდა, ის განგაშის ზარებს რეკავდა. დღეს კი, როდესაც იქ ევროპელი პარლამენტარების ჩასვლა იგეგმება, ხელისუფლება უცნაურად დუმს. შესაძლოა იმიტომ, რომ მთავარი მისთვის არა აფხაზური ამბები, არამედ ბოდენისა და ივანიშვილის შეხვედრაა, რომელიც (მედიაში მოკრძალებული გაშუქების მიუხედავად), შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელშიც ივანიშვილი ბოლო თვეებში მონაწილეობდა. გამორიცხული არაა, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლებამ იგრძნო, რომ თამაშგარე მდგომარეობაში რჩება და ერთ-ერთი მთავარი კოზირი, კონფლიქტის მოგვარების სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია, რომელზეც ბოდენი და მისი გერმანელი კოლეგები დღესაც მუშაობენ, ახლო მომავალში შეიძლება ამ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სახელს დაუკავშირდეს.

ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, გაცნობით ხასიათს ატარებდა. კონკრეტიკაზე საუბარი ამ შემთხვევაში ძალზე ნაადრევია, თუმცა საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდება ბოდენი გერმანიაში და ვის გაუზიარებს მათ; ძველი ჩინელების თქმისა არ იყოს, «დიდი გზის გავლა პირველი ნაბიჯით იწყება». გამორიცხული არაა, სააკაშვილის ხელისუფლება ამ გზის პირას პირდაღებული და განაწყენებული დარჩეს იმიტომ, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თვალი მივადევნოთ ამ ისტორიის შემდგომ განვითარებას, ეს, ალბათ, გაცილებით პროდუქტიული იქნება, ვიდრე დაუსრულებელი მკითხაობა იმაზე, თუ რა უთხრა ობამამ სააკაშვილს სინამდვილეში; ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე სააკაშვილის, მალაშხიას და წიკლაურის დღევანდელი ვნებები და საბოლოო ხვედრი.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here