Home რუბრიკები ისტორია რაში მდგომარეობს პოლიტიკური მონობის ტრაგიზმი?

რაში მდგომარეობს პოლიტიკური მონობის ტრაგიზმი?

მონა თავისი მონობის საშინელებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც სულიერად თავისუფალია

1794
გერონტი ქიქოძე

მუსლიმანური სამყაროს გარემოცვაში მოქცეული საქართველო ოდითგან ანდამატივით იზიდავდა გადამთიელებს. თავისუფლების მოყვარე ქართველი კაცი კი აბჯარასხმული ხნავდა, სხლავდა და იწევდა ჭირნახულს, ქმნიდა თავის განუმეორებელ კულტურას. მან კარგად იცოდა საკუთარი თავის, ქვეყნისა და თავისუფლების ფასი, ამიტომაც წაქცეული ისევ ფეხზე დგებოდა და ისევ ფენიქსივით განახლებული აგრძელებდა ცხოვრებას იმ რწმენით, რომ უცხოობაში კარგი არაფერია, “სადაცა ვერვის იკარებს სული და არს უთვისო, დაობლებული”, “რა ხელჰყრის პატივს ნაზი ბულბული”, როდესაცგალიაშია დატყვევებული” ( ნიკოლოზ ბარათაშვილისბედი ქართლისა”).

რაში მდგომარეობს პოლიტიკური მონობის ტრაგიზმი?

როგორც მონა თავის მონობის მთელ საშინელებას, თავისი გარეგანი ნებისყოფის შებორკვის აუტანლობას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა სულიერად უკვე განთავისუფლებულია, როცა მან უკვე ისწავლა თავისი ინდივიდუალობის დაფასება და ცდილობს, მას გარეგნული მოქმედებაც შეუსაბამოს, ისე ეროვნებაც მხოლოდ მაშინ განიცდის მთელ ტრაგიზმს პოლიტიკური მონობისას, როცა იგი უკვე ასულია ეროვნული თვითშეგნების სიმაღლეზე, როცა აშკარად ხედავს წინააღმდეგობას თავის შინაგან მისწრაფებათა და გარეგან პოლიტიკურ მდგომარეობათა შორის. ეს ტრაგიკული და სახიფათო მდგომარეობაა…” (გერონტი ქიქოძე; “ეროვნება, ენა და ესთეტიკური კულტურა”); საკითხს, რომელზეც გერონტი ქიქოძის თვალსაზრისს წარმოგიდგენთ, ძლიერ დიდი, თითქმის შეუდარებელი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოდ, მსოფლმხედველობისთვის.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დღესეს ტრაგიკული და სახიფათო მდგომარეობა” “არ გვემუქრება” _ პოლიტიკური მონობის მთელი ტრაგიზმი რომ ვერ დავინახოთ, ამაზე უამრავი გარეშე თუ შინაური ძალა ზრუნავს. ისინი ძალიან ზუსტ და კარგად გათვლილ ნაბიჯებს დგამენ; იციან, სად უნდა დაგვარტყან, წელში რომ ვეღარ გავიმართოთ; წლებია, გეგმაზომიერად, ნაბიჯნაბიჯ ცდილობენ ქართული ეროვნული თვითშეგნების განადგურებას, რადგან იციან, რომ მხოლოდსულიერად თავისუფალ ეროვნებას შეუძლია ბევრი მშვენიერი და დიადი რამ შექმნას თვით პოლიტიკურ მონობაშიაც კი. სულიერად დამონებული და დამახინჯებული კი მონად დარჩება თვით უთავისუფლეს სახელმწიფოში”. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ ერი თავის განუმეორებლობასა და დამოუკიდებლობას სულიერი კულტურის სფეროში ჰპოვებს, რაც მის შეუდარებელ ნიჭსა და გენიოსობაზე მიანიშნებს.

ფაქტია, რომ საქართველო დღეს პოლიტიკურ მონობაშია. მისგან თავის დაღწევა კი ერს სულიერი თავისუფლებით შეუძლია, მაგრამ არის კი დღეს ქართველი ერი სულიერად თავისუფალი?

ამ და სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას გერონტი ქიქოძე წერილშიეროვნება, ენა და ესთეტიკური კულტურა”, რომელიც 1909 წელს გაზეთდროებაშიდაიბეჭდა და დღესაც ჩვენს ცხოვრებაში არსებული ბევრი პრობლემის მიზეზსა და შედეგს თვალნათლივ წარმოაჩენს.

ეროვნება, ენა და ესთეტიკური კულტურა

ყველა საზოგადოებრივი ძალა ერთნაირადაა დაინტერესებული, რომ ის ეროვნება, რომელსაც იგი ეკუთვნის, დიადი და კულტურული გახდეს. ეს იმიტომ, რომ პიროვნება, რომელ წრესაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ორგანულადაა შეერთებული ეროვნულ ფსიქიურ ერთეულთან, მთელ მის არსებობასთან, ზრდასთან და განვითარებასთან.

დამოკიდებულება და ურთიერთობა ეროვნებასა და პიროვნებას შორის შეუდარებლად უფრო მჭიდრო და ორგანულია, ვიდრე ეს სოციალ-ატომისტურ თეორიას ეგონა. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება არ არი ცალმხრივი: პიროვნება არა მარტო ექვემდებარება ეროვნული ერთეულის გავლენას, არამედ თვითონაც აქტიურად მოქმედებს მასზე და მით უმეტეს, რაც უფრო მდიდარი და ძლიერია თვითონ ის.

ერთი თანამედროვე გერმანელი ისტორიკოსი სრულიად სამართლიანად ამბობს: “ადამიანი საჭიროებს საზოგადოებას არა მარტო როგორც თავის მატარებელს, არამედ როგორც ობიექტსაც, რომელშიც შეაქვს ის, რაც მასში ცხოვრობს, და რამდენადაც უფრო ავტონომიური და ინდივიდუალური ხდება თვით პიროვნება, იმდენად უფრო გაბედულად და ფართოდ ავალებს ის თავის გარშემო იმ წრეს, რომელმაც მასზე უნდა იქონიოს გავლენა და რომელზედაც, აგრეთვე, მას სურს იმოქმედოს”.

თუ თანამედროვე მატერიალური კულტურა და სოციალ-პოლიტიკური წესწყობილება, მართლაც, საერთაშორისო შემოქმედების ნაყოფს შეადგენს, თუ მასში საკაცობრიო სხვადასხვა ეროვნების გამაერთიანებელი ტენდენციები უფრო აშკარად იხატება, ვიდრე გამაცალკევებელი, ცხადია, რომ სპეციფიკურად ეროვნული უნდა ვეძიოთ სხვაგან, სახელდობრ, სულიერი კულტურის სფეროში. აქ ვპოვებთ, უწინარეს ყოვლისა, იმას, რაც ყველაზე ნათლად ხატავს ეროვნების განუმეორებლობას და დამოუკიდებლობას, რაც შეურყევლად მოწმობს მის სხვასთან შეუდარებელ ნიჭს და გენიოსობას. ეს ეროვნული სული და გენიოსობა ისე რეალურად, ისე ხელშესახებად არსად გამოსჭვივის, როგორც ენაში და იმ ფსიქიური შემოქმედების სფეროში, რომელსაც ჰქმნის ადამიანი ენის შემწეობით: ზნე-ჩვეულებაში, ესთეტიკურ და ეთიკურ კულტურაში, საზოგადო და ფილოსოფიურ მხედველობაში, მითოლოგიურ და რელიგიურ რწმენაში.

თეოლოგიური აზროვნებისთვის ენა სასწაულებრივი მოვლენაა, განგების მიერ ადამიანთა დასასჯელად ან დასაჯილდოვებლად მოგზავნილი; რაციონალიზმისათვის კი, პირიქით, იგი ბუნებრივი, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული, მზა იარაღია პიროვნების მიერ თავისი აზრებისა და შინაგანი გამოცდილების გამოსახატავად მოგონილი. არსებითად, თუმც გარეგნულად შეცვლილი ფორმით, ეს უკანასკნელი ინდივიდუალისტური თეორია ჯერ კიდევ ცოცხლობს ეგრეთ წოდებულ “გამოგონების” და “წაბაძულობის” თეორის სახელით.

თუ ენა დამოუკიდებელ პიროვნებათა მიერ მოგონილი იარაღია, ბუნებრივად იბადება საკითხი, როგორ მოხდა, რომ შემდეგ ეს ინდივიდუალური იარაღი სოციალურად გარდაიქცა, თავისი წარმოშობის სხვადასხვაობა ერთიმეორეს შეუფარდა და ჩაჩრდილა და მთელი სოციალური ერთეულის გაერთიანებულ გამოხატულებად გარდაიქცა. ყოვლისშემძლე წაბაძულობის შემწეობითაო, უპასუხებს ეს თეორია. ეს წაბაძულობა რაღაც უცნაური მისტიკური, გამათანასწორებელი ძალაა, რომელიც ჯადოსნური შესაძლებლობით ინდივიდუალურისგან ჰქმნის სოციალურს. კიდევ მეტი: საზოგადოება წაბაძულობაა, წაბაძულობა კი ერთგვარი სომნამბულიზმიაო, ამბობს ამ მიმართულების ცნობილი თეორეტიკოსი, ფრანგი სოციოლოგი გაბრიელ ტარდი თავის თხზულებაში “კანონები წაბაძულობისა”.

ნიჭიერი და არაჩვეულებრივი პიროვნება, ერთადერთი წყარო ყოველგვარი შემოქმედებისა, სრულიად დამოუკიდებლად იგონებს ახალს, უცნობს, გენიოსურს; წაბაძულობის წყალობით ეს ახალი ჯერ იმ ვიწრო წრეში ვრცელდება, რომელიც გამომგონებელს გარს არტყია, შემდეგ კი შეუმჩნეველი ზვავით უფრო ფართო და ფართო წრეებს ედება, სანამ ბოლოს არ დაკარგავს თავის ძალას და ერთ საზღვარზე არ შეჩერდება: ესაა საზღვარი გარკვეული სოციალური ერთეულისა. გენიოსი გიპნოტიზიორი, სოციალური სხეული კი _ პასიური მედიუმი, რომელიც მას აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს. ამით აიხსნება, რომ ენა, რომელიც თავდაპირველად ინდივიდუალური იარაღია, ჩქარა მთელი განსაზღვრული საზოგადოებისათვის განგებ, სულიერი შინაგანობის გამომხატველ საშუალებად ხდება. ნიჭიერი პიროვნება ჰქმნის ენას ან წინასწარი მოსაზრებით, შეგნებულად (ინტელექტუალისტური შეხედულება), ან სრულიად უნებლიეთ, რეფლექტურად, შეუგნებლად (ფიზიოლოგიური თეორია): ფსიქიური აღელვების დროს, ძლიერი გრძნობით, ვნებით ან გულისთქმით გამსჭვალული იგი ცდილობს მოძრაობით, ყვირილით და ხმის მოცემით გამოსავალი მისცეს დაგუბებულ ფსიქიურ ენერგიას; ეს ხმა თავის მხრივ პოულობს გამოხმაურებას ახლო-მახლო წრეებში: თვითეული პიროვნება ცდილობს, მდგომარეობა და ხმა ასოციაციურად ერთიმეორეს დაუკავშიროს და შემდეგ ანალოგიურ მდგომარეობაში თვითონაც მსგავსი ხმა გამოსცეს. ამგვარად იბადება ენა, წაბაძულობის ნაყოფი.

ამ თეორიის დასახასიათებლად, საკმაოა, გავიხსენოთ, როგორ ხსნის იგი ეგრეთ წოდებულ “ხმის ცვლილებათა” ფაქტს. მაგალითად, ცნობილია, რომ ლათინურ სიტყვას “ცეზარს” სხვადასხვა ეროვნება სხვადასხვანაირად სცვლის: გერმანელი ამბობს “კაიზერს”, რუსი “ცარს”, ქართველი “კეისარ”-ს ან “ყაისარ”-ს. ამ თეორიის მიხედვით, ეს იმით აიხსნება, რომ ერთს რომელსამე უსახელო პიროვნებას ლათინური სიტყვა შეცდომით წარმოუთქვამს, მისთვის წაუბაძავთ სხვებს და ამგვარად ბოლოს დამახინჯებული გამოთქმა საერთო ეროვნულ კუთვნილებად გამხდარა.

აქედან ნათლად ჩანს ამ ხელოვნური სოციოლოგიური კონსტრუქციის სისუსტე და ნაკლოვანება: წაბაძულობის თეორიას, ჩვენის აზრით, სრულიად არ შეუძლია ეროვნულ ენათა სხვადასხვაობის ახსნა. როგორ მოხდა, რომ პიროვნებათა იმ ჯგუფმა, რომელიც შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა ცხოვრობს, რომელსაც შემდეგ ქართველი ერი ეწოდება, გამოუკლებლივ სწორედ “კეისარის” გამომთქმელს მიბაძა. რა ჯადოსნობამ მისცა სწორედ “კაიზერს” ასეთი აბსოლუტური ბატონობის ძალა ნემანისა და ჩრდილოეთ ზღვას შუა ან “ცარს” აღმოსავლეთ ევროპაში? რატომ ყველამ ლათინურ “ცეზარს” არ მიბაძა? ამ სიტყვას ხომ მთელი ეროვნება ხმარობდა, სანამ იგი გერმანულ, რუსულ და ქართულ ენაში შევიდოდა? ცხადია, რომ წაბაძულობა თავისთავად გასაგები მოვლენა არ არის. ცხადია, რომ იგი მეორეხარისხოვანი სოციალური ფაქტორია: თუ ქართველი ერი ერთნაირად სცვლის უცხო სიტყვათა გამოთქმას, ამას სჩადის არა წაბაძულობის შემწეობით, არამედ თანახმად თავისი ეროვნული ფსიქიური ბუნებისა; თუ მისი გამოთქმა განსხვავდება გერმანული ან რუსული გამოთქმისაგან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სულიერი ბუნება, რომელიც საძირკვლად უდევს ენის შემოქმედებას, განსხვავდება გერმანული ერის სულიერი ბუნებისაგან.

რა არი პიროვნება თავისი ნიჭით, აზროვნებით და მეტყველებით ეროვნების გარეშე? რა არი თვით უუმდიდრესი ენა რობინზონისთვის, რომელიც მოწყვეტილია თავის ეროვნებას? _ ასოებად დაწყობილ ხმათა სისტემა, მოკლებული ყოველ რეალურ აზრსა და შინაარსს, ან ამაო მოწოდება და ძახილი ძლიერი გრძნობით აღელვებული სულისა, ან აზრით და გულისნადებით აღსავსე წინადადება, რომელიც ვერავითარ გამოხმაურებას ვერ იპოვის და დაჩცება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა.

პირიქით, რა განუზომელს, ყოველი მხრით შეუდარებელ კულტურულ ძალას წარმოადგენს ენა, იგი არქიტექტონული სისტემა ხმებისა, იმ პიროვნებისათვის, რომელიც ცოცხალი ეროვნული ერთეულის წევრია, შეკავშირებული მის აზრებთან, გრძნობებთან და ნების ლტოლვასთან… რამდენ ახალ თვისებას იძენს ენა სოციალური თვალსაზრისით, სულიერ შინაგანობის წარმოდგენათა და გრძნობათა გამომხატველი უძლიერესი და უგავლენიანესი საშუალება, სოციალური გამოცდილების დამგროვებელი და შემნახველი იარაღი, ურომლისოდაც ყოვლად შეუძლებელია კულტურული წინსვლა, სოციალური ნასკვი, რომელიც უფრო მჭიდროდ და საიმედოდ აკავშირებს საზოგადოებას, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ან სარწმუნოებრივი დაწესებულება, ფსიქიური პროცესი, ურომლისოდაც შეუძლებელია აბსტრაქტულ ცნებათა შედგენა და, მაშასადამე, აზროვნების განვითარება: და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ენა გარეგნულად გამოხატულებაა იმ სოციალ-ფსიქიური ჰარმონიისა, რომელსაც ეროვნება ეწოდება და არა ჰეტეროგენულ, ერთიმეორისაგან დამოკიდებულ პიროვნებათა მიერ გამოგონილი იარაღი.

ვუნდტმა აღნიშნა ვილჰელმ ჰუმბოლდტის ღვაწლი, რომელიც ამ მეცნიერს მიუძღვის ენის ფილოსოფიის წინაშე (. ვუნდტი: “ენა და ეროვნება”, ნარკვევები, გამოც. 2, გვ. 27); პირველად ჰუმბოლტმა დაინახა ნათლად ძველი ფილოლოგიის სისუსტე და ნაკლოვანება და დაამტკიცა, რომ ენა არი არა მარტო შედეგი აზროვნების, არამედ მისი მიზეზიც, “რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, არი არა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული იარაღი, რომელიც მზად არი ყოველმხირივ მოსახმარად, არამედ თვით იმ სულიერ მოქმედებაში მდგომარეობს, რომელიც მას შეუწყვეტლად ჰქმნის”.

…ენა, ისევე, როგორც აზროვნება, აპერცეფციული მოვლენაა და არა ასოციაციური _ აი, მოკლედ ის დასკვნა, რომელზედაც მივიდა თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება. ეს იმას ნიშნავს, რომ საღი, ჭეშმარიტი აზროვნების დროს ადამიანი პასიურად კი არ ეძლევა წარმოდგენათა ასოციაციას, არამედ განუწყვეტელი შეგნებული ნებისყოფის შემწეობით ცდილობს, აზრთა მიმდინარეობა იმ კალაპოტში ჩააყენოს, რომელიც მიზანთან ყველაზე ადრე მიიყვანს; ცდილობს ცნებათა და იდეათა სისტემა არქიტექტონულად დედააზრს დაუქვემდებაროს და უსარგებლო ბილიკებზე სვლას ააცილოს. ენაც ამ შინაგანი აპერცეფციული პროცესის გარეგნული გამოხატულებაა: ნებისყოფა, რომელიც დალაგებულ აზროვნებას ჰქმნის, იმავე დროს მას მის გარეგან მხარეს _ ენას უსაბამებს.

დედაენა არი არა შემთხვევითი დამატება ადამიანისა, არამედ თვით იმის აზროვნებასთან ორგანულად შეზრდილი პროცესი, რომლის გამოცვლა თვით იმ აზროვნების ნაჩვევი მიმდინარეობის გამოცვლას მოასწავებს. ის განსხვავება, რომელიც არსებობს სხვადასხვა ენათა შორის გამოთქმის, სიტყვათა სიმდიდრის, მოდულაციის, ხმის აწევის, ხმის ცვლილების, წინადადების დაწყობის და აშენების მხრივ, წარმოდგება არა რაიმე გარეგნულ უბრალო შემთხვევისაგან, არამედ თვით აზროვნების სხვადასხვაობისაგან. მაგ., ეჭვს გარეშეა, რომ წინადადებას თვითეული ეროვნება ისე აშენებს, როგორც იგი აზროვნებს და სიტყვათა თანდათანობა შეესაბამება ცნებათა თანდათანობას; ამიტომ, ვისაც შეუმჩნევია ის განსხვავება, რომელიც არსებობს სხვადასხვა ენას შორის ამ მხრივ, წარმოიდგენს დაახლოებით მაინც, რა დიდი უნდა იყოს განსხვავება მის შემქნილ ეროვნულ ფსიქიკათა შორის.

ენის იგივეობა გულისხმობს ნებისყოფის და, მაშასადამე, შემოქმედი სულის და ნიჭის იგივეობას, ენის სხვადასხვაობა _ პირიქით, ნებისყოფის და მასთან ერთად ნიჭისა და სულის სხვადასხვაობასაც. აქედან ცხადად ჩანს მთელი ტრაგიზმი და საშინელება იმ ეროვნების მდგომარეობისა, რომელსაც აძალებენ მისი ფსიქიური ბუნებისათვის სრულიად უცხო და შეუსაბამელი ენის ტერმინებში იაზროვნოს, ტრაგიზმი ნორჩი თაობისა, რომელიც იძულებულია თავისი ახალი ფრთაგაშლილი აზროვნება სხვის მიერ შექმნილს კალაპოტში ჩასვას. ესაა მუდმივი დისჰარმონია ადამიანის სულიერ შინაგრძნობასა და მის გარეგნულ გამოხატულებას შორის. მუდმივი ბრძოლა ფორმისა შინაარსთან, სურვილისა ასრულებასთან, _ უსიტყვო, აუჩქარებელი, ფარული დრამა, რომელიც აუცილებლად პიროვნების დამახინჯებით თავდება.

არსებობს სულიერი ურთიერთობა კულტურული კაცობრიობისა, სულ სხვა პრინციპებზე აშენებული, ვიდრე მატერიალური ურთიერთობა, თუმცა მასზე უფრო მჭიდრო და გავლენიანი; მატერიალური ინტერესები მხოლოდ სივრცის და დროის ვიწროდ შემოფარგლულ წრის საზღვრებში აკავშირებენ, სულიერი ინტერესები კი ჰქმნიან სივრცისა და დროის შემთხვევითი საზღვრებისაგან დამოუკიდებელ სულიერ ერთობას. იქ ბრძოლა და წინააღმდეგობაა, აქ განსხვავებულ ეროვნულ ძალთა სრული ჰარმონია. კაცობრიობის განვითარება არის შეუჩერებელი ზრდა ამ სულიერი ერთობისა. ეროვნებანი ჰქრებიან და თან მიაქვთ თავიანთი მატერიალური კულტურა: ის კი, რაც მათს ნიჭსა და თავისებურებას შეუქმნია დიადი და გენიოსური, სულიერი კულტურის სფეროში, ხელუხლებელ საუნჯედ რჩება მსოფლიო გონებრივ სალაროში; ამ ნაყოფიერების საშუალებით მათი ორიგინალური სული სამუდამოდ რჩება კაცობრიობის განვითარების ფაქტორად.

ამ მხრივ ეროვნება უკვადავია. ძველი საბერძნეთის მატერიალური კულტურა დიდი ხანია დაიღუპა, გაწყდა ეკონომიურ ინტერესთა ნასკვი, რომელსაც შეეძლო დაეკავშირებინა კლასიკური ქვეყანა შემდეგ თაობებთან, მაგრამ ელინური სული მაინც ცხოვრობს კლასიკური მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის და მითოლოგიის სახით, როგორც უდიდესი კულტურული ძალა ჭეშმარიტებისა და მშვენიერებისაკენ მამოძრავებელი. თვით ჩვენი სამშობლოს წარსული მატერიალური მდგომარეობა მოქმედებს ჩვენს დღევანდელ ნაციონალურ არსებობაზე არა პირდაპირ, არა უშუამავლოდ, არამედ სოციალ-ფსიქიური გამოცდილების შემწეობით, რომელიც ერთი თაობიდან მეორე თაობამდე იზრდება და მრავალფეროვნდება. მატერიალური კულტურა წინ მიდის და მისი განვითარების ერთი საფეხური უარყოფს მეორეს, ეროვნება კი, მიუხედავად ამისა, ირჩენს იგივეობას და ნათესაობას თავის წარსულთან სულიერი შემოქმედების საშუალებით.

რა გვაერთებს, მაგალითად, ჩვენ ჩვენი აღორძინების ხანასთან, გარდა იმ ორიგინალური სულიერი კულტურისა, რომელმაც უმშვენიერესი და უმაღლესი (მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა ერთადერთი) გამოხატულება ჰპოვა მაშინდელ ლიტერატურულ შემოქმედებაში. ეკონომიურ ინტერესთა მთლიანობა, რასაკვირველია, დარღვეულია, სავსებით უარყოფილია ის საფეხური მატერიალური განვითარებისა, რომელზედაც ჩვენი შორეული წინაპარნი იდგნენ, მაგრამ ათასი ხილული და უხილავი ძაფი აკავშირებს მთელ ჩვენს ფსიქიურ არსებობას წარსულ თაობათა არსებობასთან შეგნებულადაც, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად მალულად, შეუგნებლად. ჭეშმარიტების ძიებაში, ეთიკურსა და ესთეტიკურ დაფასებაში, უდიადეს სიკეთეთა და მშვენიერებათა აღიარებაში, გრძნობაში, აზროვნებაში, რწმენაში და სასოებაში, ყველა ამ მხარეში აღმოჩნდება თანდათანობა და თავისებურება, საჭიროა მხოლოდ მისი ისტორიის და მრავალმხრივობის შეგნებულად შესწავლა და გათვალისწინება. ეს შესწავლა გვაპოვნინებს სავსებით ჩვენს თავს, ჩვენს ეროვნულ “მეს” და შეგვაძლებინებს ორიგინალურსა და განათლებული კაცობრიობისათვის შესაფერ შემოქმედებას, უნიჭო და საცოდავი წაბაძულობის მაგივრად.

ეროვნული სულის დამოკიდებულება და რეალობა თითქმის არსად არ იხატება ენის გარეშე ისე აშკარად და თვალსაჩინოდ, როგორც ესთეტიკურ სფეროში, არსად არ ჰქმნის თვითეული ეროვნება ისე დამოუკიდებლად თავისი საკუთარი არსების სიღრმიდან, როგორც აქ, მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკური ნიჭი და მშვენიერებისადმი ლტოლვა ისეთივე საყოველთაო საკაცობრიო ფსიქიურ მომენტს წარმოადგენს, როგორც ლტოლვა ჭეშმარიტებისა ან უმაღლესი სიკეთისადმი. კიდევ მეტი: იგი ელემენტარულია და უძლეველი და ბუნებრივი პირველყოფილობით მოქმედებს თვით თავის უდიდეს გამოხატულებაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რა უზარმაზარი განსხვავება არსებობს სწორედ ესთეტიკური კულტურის მხრივ სხვადასხვა ეროვნებას შორის

მეცნიერება ობიექტური ჭეშმარიტების თვალსაზრისით მუშაობს; არსებობს თუ არა ასეთი ჭეშმარიტება, ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ყოველი დარგი მეცნიერებისა აუცილებლად გულისხმობს მის არსებობას. ხელოვნება, პირიქით, ჰქმნის სუბიექტური ღირებულების მიხედვით და მისი სინამდვილე სრულიად შეუდარებელია ჩვეულებრივ სინამდვილესთან. თავისი მიზნის მისაღწევად მეცნიერება მუშაობს ობიექტურ წარმოდგენათა და ცნებათა სისტემით, ხელოვნება კი, პირიქით, _ ფანტაზიის ფორმებში განსხვავებული სუბიექტური გრძნობების სურათებით. მეცნიერი ცდილობს, სინამდვილე ისე შეიგნოს, როგორც ის არსებობს თავისთავად, სუბიექტური მხედველობისა და შეთვისების დამოუკიდებლად; ესთეტიკოსი, პირიქით, ცდილობს, დაგვანახვოს იგივე სინამდვილე, როგორც იგი მას ეჩვენება, გაატაროს ის ადამიანურ გრძნობათა პრიზმაში და იმის შემადგენელ ელემენტებიდან მხოლოდ ის მხარეები აირჩიოს, რომელიც შემომქმედი ფანტაზიისთავის გამოსადეგია ესთეტიკური სამეფოს ასაშენებლად.

მეცნიერების მიერ მიღწეული საყოველთაოდ სავალდებულო რეზულტატები მოწმობს ადამიანის აზროვნების ძირითადი კანონებისა და პრინციპების იგივეობას, ხელოვნების მიერ შექმნილი ნაწარმოებნი კი _ გრძნობათა და ფანტაზიის მოქმედების განუზომელ სიმდიდრეს და მრავალმხრივობას. მთელ თანამედროვე მეცნიერულ აზროვნებას, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველებას და მათემატიკას, საძირკვლად რამდენიმე მარტივ დებულებათა სისტემა უძევს, რომელთა ჭეშმარიტება საყოველთაოდ აღიარებულია. მთელი თანამედროვე ესთეტიკური კულტურა, პირიქით, დაფუძნებულია ეროვნულ შეხედულებათა და გემოვნებათა დაუშრეტელ სიმდიდრეზე, რომლის აუცილებლობა და საჭიროებაც არანაკლებ მიჩნეულია საყოველთაოდ.

ყოველი ესთეტიკური კულტურა ნაციონალურია და ის ხელოვნება, რომელიც ეროვნული სულიდან არ შობილა, არც ეკუთვნის ნამდვილ ესთეტიკურ კულტურას. ამ აზრის დამამტკიცებელი მაგალითი ბევრი იცის ხელოვნების ისტორიამ, ჩვენთვის კი საკმაო იქნება ეგრეთ წოდებულ ცრუკლასიკურ მიმართულებაზე მივუთითოთ მხატვრობაში, ქანდაკებაში და პოეზიაში. სანამ ახალი ეროვნული ესთეტიკური აზროვნება არ განთავისუფლდა იმ წინასწარ ყალბი რწმენისაგან, რომ მშვენიერების აბსოლუტური იდეალი უკვე სავსებით მიღწეულია ბერძნების მიერ, რომ ამ მხრივ წინ ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია, რომ სხვა ეროვნებებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ წაბაძონ ფიდიასის და ლიზიპოსის, ესქილეს და სოფოკლეს, ჰორაციუსის და ვირგილიუსის მიერ შექმნილს ნიმუშებს, საეჭვოდ გახდა არა მარტო ზრდა და წინსვლა, არამედ თვით არსებობაც კი ხელოვნებისა.

აბსტრაქტული, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული ცნება მშვენიერების გაქრობას უქადდა ფერთა და ფორმათა სიმდიდრეს, გრძნობათა და განცდათა მრავალმხრივობას, მოულოდნელობას უჩვევ ესთეტიკურ მოვლენათა შექმნაში, ელემენტარობას და პირდაპირობას კონკრეტულ გამოხატულებაში, ყველა იმ დიად თვისებას, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ყოველი ნამდვილი ხელოვნება. ესთეტიკური კულტურის წინსვლა და დღევანდელი მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოქმედმა პიროვნებამ ხელოვნებაში შეიგნო ნაციონალური მომენტის მნიშვნელობა და დაეწაფა ხალხური გენიოსობის დაუშრეტელ წყაროს, რომელიც ხშირად შეუგნებლად, მაგრამ თავისებურად შობს დიადსა და ორიგინალურს.

რადგა ესთეტიკურ შემოქმედებას საძირკვლად ფანტაზიის და გრძნობის მოძრაობა უძევს, ესენი კი, ფსიქიური ცხოვრების ყველაზე მეტად დამახასიათებელი მხარეები არიან, ამიტომ ეროვნული სულის ინდივიდუალობა არსად არ იხატება ისე ნათლად, როგორც ხელოვნებაში. ამ მხრივ ეროვნება მართლაც სავსებით განუმეორებელია. იტალიელ ერს _ მშვენიერი სხეულის თაყვანისმცემელს, მის ნიჭს მწყობრი, ჰარმონიული ფორმის შექმნაში, მის სიძულვილს განყენებული, უსისხლხორცო იდეისადმი, მის ნაკლებად ფილოსოფიურ და უფრო მხატვრულ, ნაკლებად ასკეტურ და ტრანსცენდენტურ, უფრო ამქვეყნიურ და იმანენტურ ლტოლვას და გენიოსობას არაფერი ახასიათებს ისე კარგად, როგორც ის არსებითად წარმართი ხელოვნება, რომელშიაც მიქელ ანჯელომ, რაფაელმა, ლეონარდომ და სხვებმა გამოხატეს თავიანთი განცვიფრება და აღტაცება ჯანსაღი, ტიტველი ტანის წინაშე.

პიროვნება იბადება და კვდება, ერთი თაობა მეორე თაობას სცვლის, ეროვნება კი იჩენს თანდათანობას და იგივეობას ამ ცვალებადობაში; თავის სულიერ შემოქმედებაში კი ის ხშირად სტოვებს სფინქსივით უცნაურ ძეგლს ან უკვდავების უზრუნველმყოფელ პირამიდას იდგამს… დღეს შემოქმედმა პიროვნებამ, დროის ამ ახალსა და რთულ ვითარებაში, რწმენისა და იმედის სულ სხვა წყაროს აღმოჩენა უნდა შესძლოს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here