Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

2192
ვახტანგ გოგუაძე

როგორ გარდაიქმნებიან ანტისტალინელები სტალინელებად

1990 წლის იმ საბედისწერო არჩევნებში, რომლის დროსაც კომუნისტურმა პარტიამ ნებაყოფილობით ლანგრით მიართვა ქვეყნის მმართველობა გამოუცდელ და არასახელმწიფოებრივად არამოაზროვნე არაფორმალებს, საარჩევნო მარათონში პოლიტიკური ორგანიზაციასტალინიციყო ჩართული.

“მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო” მართავდა საპროტესტო აქციებს, რათა არჩევნებიდან მოეხსნათ პოლიტიკური ორგანიზაცია “სტალინი”. აქციები იმართებოდა, როგორც უზენაეს სასამართლოსთან, აგრეთვე ჩემი სახლის სადარბაზოსთან. ამ და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა იმხანად სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, აწ განსვენებული პროფესორი ვახტანგ გოგუაძე.

გარდა ქუჩის აქციებისა, ცხარე დებატები იმართებოდა ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში. ერთ-ერთმა გამოცემამ გამოაქვეყნა პროფესორ ვახტანგ გოგუაძის ვრცელი წერილი, რომელიც სტალინის მიერ ჩადენილ “ბოროტმოქმედებებს” შეეხებოდა და იმის საფუძველს ქმნიდა, რომ არათუ არჩევნებში უნდა მიეღო სტალინის სახელობის ორგანიზაციას მონაწილეობა, არმედ სტალინის სახელი საერთოდ არ უნდა ხსენებულიყო საზოგადოებაში. ამასთანავე, როგორც პედაგოგი და აღმზრდელი, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ურჩევდა, ბაბუა ქუჩაში მარტო არ გამოეშვათ, რადგან შეიძლებოდა, შინ ვერ დაბრუნებულიყო გაფანტული სკლეროზის გამო.

წიგნი

რა თქმა უნდა, საპასუხო წერილებს მეც ვწერდი და ეკრანიდანაც მკაცრად ვცემდი პასუხს ოპონენტებს. როდესაც უმაღლეს სასამართლოსა და ჩემზე გავლენა ვერ მოახდინეს, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ წოდებული, კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი გივი გუმბარიძე აიძულეს, დადგენილებით მოეხსნა არჩევნებიდან პოლიტიკური ორგანიზაცია “სტალინი”, რაც შესრულდა კიდეც.

გავიდა ხანი, “მრგვალმა მაგიდა_თავისუფალმა საქართველომ” პროფესორ ვახტანგ გოგუაძეს უდიდესი ამაგი არ დაუფასა, და ეს შეიქნა მიზეზი იმისა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ინტელიგენციის სხვა ბევრ წარმომადგენელთან ერთად, ვახტანგ გოგუაძემაც მიატოვა (არ გამოვრიცხავ, გარეშე ძალების ჩარევით _ გრ. ონიანი). ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედუარდ შევარდნაძემ მოიკითხა ყოფილ ხელისუფლებაზე განაწყენებული თავისი კუთხის პროფესორი ვახტანგ გოგუაძე და ის ჯერ დეპუტატად, ხოლო შემდეგ პარლამენტის სპიკერად აქცია. ქვეყანა დაშლისა და გაპარტახების გზაზე იყო და ხელისუფლება უძლური იყო, შემოებრუნებინა 2-3 წლის წინათ დაწყებული ნგრევის პროცესი. ახალი ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავდა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვროდა. ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა. შევარდნაძემ გადადგომა და გაქცევა გადაწყვიტა. პარლამენტში “ხმალი ხმალს სცემდა”, ვნება დაუოკებელი ქალების გამყინავი კივილი აზანზარებდა “იმელის” შენობას.

ერთ დღეს “სეირის” საყურებლად მეც ვესტუმრე პარლამენტს, სტუმრების ადგილზე მიმითითეს, ნაცნობი დეპუტატები და ჩემი მეგობრები გვერდით მომისხდნენ. პრეზიდიუმში მხოლოდ ორი კაცი იჯდა _ ედუარდ შევარდნაძე და ვახტანგ გოგუაძე. მცირე ხნის შემდეგ დამინახა ბატონმა ედუარდმა, თავი ჩაღუნა და წერა დაიწყო. შემდეგ ბარათი გამოძახებულ გოგონას გადასცა. მან ჩემკენ აიღო გეზი, მომიახლოვდა და გადმომცა ბარათი, რომელშიც ეწერა:

წერილი

“გრიშა, მიმიღე “სტალინის” პარტიაში, სხვა ამ საქმეს არაფერი ეშველება, გადავალ იატაკქვეშეთში”.

წერილი დავკეცე და დარბაზს ამაყად გადავხედე.

მალე დარბაზიდან ბატონი ვახტანგი გავიდა და მალევე უკან დაბრუნდა. ხელში ჟურნალი და თაბახის ფურცლები ეჭირა. შემოსვლისთანავე ისევ ის გოგონა გამოიძახა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ შევარდნაძის წერილი მომიტანა, მას გადასცა მთელი “დასტა” ქაღალდებისა და გოგონაც კვლავ ჩემკენ გამოემართა. მან გზავნილი გადმომცა და მეც სწრაფად დავიწყე მისი გარჩევა. ჟურნალი აღმოჩნდა რუსულენოვანი, გამოშვებული ლენინგრადში. პირველივე გვერდზე ბატონი ვახტანგის სურათი იყო, ქვევით კი _ წერილი სათაურით: “სტალინი _ კაცზე დიდი და ღმერთზე ნაკლები”. მე სხვა ასეთი ღრმა შინაარსიანი სტატია, არც სტალინისდროინდელი და არც შემდეგდროინდელი, არ წამიკითხავს. თაბახის ფურცლებზე უამრავი ამონარიდი და შეფასებები იყო დაბეჭდილი, რომლებიც ჯერ არ ჰქონდა გამოქვეყნებული ბატონ ვახტანგს.

გავიდა დრო და ბატონმა ვახტანგმა თავისი მეგობარი ედუარდიც მიატოვა და პარლამენტიც _ განაგრძო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, შექმნა “საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირი”.

2002 წლის 27 მარტს ფოსტით მივიღე გზავნილი, რომელშიც აღმოჩნდა ბატონ ვახტანგ გოგუაძის წერილი. აი რა ეწერა მასში:

ძვირფასო ძმაო გრიშა!

იშვიათია ადამიანი, რომელთანაც მე საბოდიშო მქონდა რამე. ერთადერთი კაცი ხარ, რომელსაც ორგზის ვუხდი პოლიტიკურ ბოდიშს. პირველად სტალინსა და თქვენ, მეორედ ახლა, იმის გამო, რომ თქვენ მიერ წამოწყებული იდეის განხორციელებას უთქვენოდ შევუდექი. მართალი გითხრათ, არც მჯეროდა, ისე დავიწყე ეს საქმე. ვხედავ, რომ რაღაც გამომდის. როცა შედეგი საგრძნობი იქნება, მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ შენი ღვაწლი მივაჩუმათო და ჯეროვნად არ დაგიფასო ყოველი სიკეთე შენი.

ქრისტესმიერი სიყვარულით, ძმობით

ვახტანგ გოგუაძე

27.03.02”.

წერილი

სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანზე მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული გადაცემა იყო “პირისპირ”, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია. ბატონმა ვალერიმ მიმიწვია გადაცემაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა ერთი საათის განმავლობაში. გადაცემიდან გამარჯვებული პოლიტიკოსი თითქმის არავინ გამოსულა. იქ ჩემი მიწვევა ისეთ არაპოპულარულ თემაზე, როგორიც იმხანად სტალინის თემა იყო, სასტიკად დამარცხების გარდაუვალი პირობა გახლდათ, მაგრამ, ოღონდ სტალინზე სიმართლე მეთქვა ხალხისათვის, ყოველგვარ დამცირებას ავიტანდი.

ჟურნალისტმა ისეთი კითხვით დაიწყო გადაცემა, რომ სიმართლე ადვილად მათქმევინა. ამას მოჰყვა მეორე შეკითხვა, რომელსაც უფრო სრულყოფილად ვუპასუხე, მომდევნო კითხვაში წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომელშიც თვითონ ბატონ ვალერის დავდე ბრალი არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებაში. შევატყვე, არ სწყენია, პირიქით _ გაუხარდა და, როდესაც კვლავ დამისვა ვითომ ჩამჭრელი შეკითხვები, ცხარე კამათის შემდეგ ჩემს თვალსაზრისს თითქოს დაეთანხმა. ასე გაიარა ერთმა საათმა საეთერო დროისა, როცა ჟურნალისტმა არაპოპულარულ თემას პოპულარობა შესძინა.

ამ გადაცემას რესპუბლიკის სრულიად მოსახლეობა უყურებდა. იმ პერიოდში პარლამენტის სხდომები მთელი დღის განმავლობაში გადაიცემოდა ტელევიზიით. საკანონმდებლო ორგანოში თითქმის ყველა აქტიური იყო, მაგრამ ყველაზე მეტ აქტიურობასა და გაბედულებას იჩენდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი. სწორედ მან მოითხოვა სიტყვა და დასჭექა:

ეს რა ხდება? ჩვენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს ვაშენებთ თუ სტალინურ ეპოქას ვაბრუნებთ ცხოვრებაში? წუხელ გადაცემაპირისპირში”, სადაც ეროვნული მოძრაობისთვის თავგანწირულ ადამიანებს ოფლი გვდის, რომ სიმრთლე ვთქვათ და ვალერი კვარაცხელია ათასნაირ მახეს გვიგებს, რათა გაგვაშავოს, გრიშა ონიანი ერთი საათი ალაპარაკა სტალინის სიდიადეზე და ერთი ჩამჭრელი კითხვა ვერ დაუსვა. ჩვენთვის კი ვალერი კვარაცხელია და მისი გადაცემა აუღებელი ციხესიმაგრე გახდა. მაშ, როგორ დაამარცხა სტალინისტმა გრიშა ონიანმა ვალერი კვარაცხელია, თუ ეს დადგმული სცენა არ არის, რომელსაც ჩვენ არ მოვითმენთ?!”

ამ კრიტიკას ჩემი და ირაკლი წერეთლის მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია და დღემდე მეგობრებად დავრჩით, მაგრამ დღეს, ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეელახოს, ბევრ საკითხში უკვე სტალინს ამართლებს.

2007 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს, ბატონმა ვახტანგ გოგუძემ ვაკეში თავის ოფისში მიმიწვია. სიამოვნებით დავთნხმდი და სამუშაო კაბინეტში ვეახელი. ძალიან გაუხარდა. კარადიდან ერთი ბოთლი შამპანური გამოიღო, ორი ჭიქა ნელ-ნელა შეავსო და ერთი გამომიწოდა. ორივე ფეხზე ვიდექით. ამ ჭიქით საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღეს, 25 თებერვალს, გაუმარჯოსო, _ თქვა და სასმისი დაცალა. მე სიტყვის თქმას და ჭიქის დაცლას ვაგვიანებდი და საყვედურიანი ღიმილით თვალებში შევყურებდი.

_ ვიცი, გრიშა, რასაც შენი ჭროღა თვალებით მეუბნები. ამაზეც მალე გაგცემ პასუხს, ახლა კი შესვიო.

მეც წარმოვთქვი 25 თებერვლის სადღეგრძელო და გრიშაშვილის ლექსიც მივაყოლე “25 თებერვალი გამარჯვების მაისია”.

გარკვეული დრო დავყავით ერთად. გავიხსენეთ წარსული წლები და მშფოთვარე დღეები. წუხდა საქართველოზე, გულწრფელად წუხდა. დასამშვიდობებლად წამოვდექი და მადლობა გადავუხადე მიწვევისთვის.

_ გრიშა, მოიცა, მე სხვა რამისთვის დაგიძახე.

ვახტანგი საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრიდან სუფთა ქაღალდში გახვეული წიგნი გამოიღო და გამომიწოდა.

_ ძალიან გთხოვ, სახლში მისვლამდე არ გახსნა. გახსნისთანავე არ დამირეკო, როდესაც წიგნს წაიკითხავ, შენი აზრი მითხარი, მაინტერესებს. მასპინძელი გადავკოცნე, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი. სწრაფი სვლით სახლში მივედი, კარში შესვლისთანავე, პირობის თანახმად, წიგნს ქაღალდი შემოვაცალე და წავიკითხე:

ვახტანგ ვლასის ძე გოგუაძე

სტალინი და საშინელი სამსჯავრო”.

ელდა მეცა, ვიფიქრე, ბატონმა ვახტანგმა, ალბათ, კიდევ შეიცვალა აზრი სტალინზე-მეთქი. როგორც კი გადავფურცლე, ყდის მეორე მხარეს ხელით ნაწერს მოვკარი თვალი:

ბატონ გრიგოლ ონიანს!

დიდად დასაფასებელი კაცი ხართ. ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ალღოს, ნებისყოფას, სიკეთის სიყვარულს, დიადი სიყვარულის ძალას.

მე ცხოვრებაში ორ კაცს მოვუხადე ბოდიში _

სტალინსა და გრიშა ონიანს.

ჩვენ ისევ სტალინი თუ მოგვხედავს.

მისი სახელი, მოძღვრება უდიადესი იხსნის ჩვენს ხალხს. რომელმა ერმა მისცა კაცობრიობას მსგავსი ფენომენი _ ღმერთზე ნაკლები და კაცზე მეტი.

ქრისტესმიერი, სტალინისმიერი

სიყვარულით

ვახტანგ გოგუაძე

25.02.07”.

წიგნის პირველივე გვერდზე ბატონი ვახტანგი ქართველ მკითხველს მიმართავს:

“ეს შენ არ იყავი, სტალინს რომ აგინებდი, ტირანს ეძახდი?

_ დიახ, მე ვიყავი.

_ მერედა, არ გრცხვენია, ახლა რომ ცაში აგყავს, ამბობ, “ღმერთზე ნაკლები და კაცზე მეტიო”?

_ არ მრცხვენია და აი რატომ: სირცხვილია, როცა მოქმედ ხელმწიფეს გუნდრუკს უკმევ პირადი კეთილდღეობისათვის, მაგრამ დღეს სტალინის სიდიადის შესახებ ლაპარაკი ძალზე წამგებიანია. მისი მადიდებელნი ისევე დევნილნი არიან, როგორც თვით სტალინის სახელი. თქვენ მსაყვედურობთ: თუ პრინციპული კაცი ხარ, ბავშვობიდან რომ აიჩემებ რაიმე აზრს, ის არ უნდა გადაგეთქვა… ხალხს სიჯიუტე პრინციპულობა ჰგონია. ჯიუტი კი ყოველთვის უპრინციპოა. იგი ჭეშმარიტად თვლის მხოლოდ თავის ნათქვამს, თუნდაც სრულ უაზრობას. პრინციპული კაცისთვის მთავარია სიმართლე, ჭეშმარიტება, რაოდენ არასასიამოვნოც უნდა იყოს იგი მისთვის… სავლე აწამებდა ქრისტიანებს. გამოეცხადა (დამასკოს გზაზე) იესო ქრისტე და იგი მოექცა. სავლე გახდა უმაღლესი მოციქული ქრისტესი _ პავლე მოციქული.

_ შენ რა, ქრისტეს ბაძავ? _ ცინიკურად მკითხა ერთხელ ჟურნალისტმა და დაელოდა ჩემს დარცხვენილ მოგერიებას, _ როგორ გეკადრებათო. მე კი ვუპასუხე: _ ქრისტეს ვბაძავ, აბა, შენ ხომ არ მოგბაძავ?!… პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ: “მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა” (ეფესელთა, 5,1).

თავმდაბლობაც ამ უკვდავი კაცისაგან რომ ვისწავლოთ მოკვდავებმა, არ იქნებოდა ურიგო.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას” (1. კორინთ. 15,9).

მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებული ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით ვაკეთებდი ურწმუნოებაში” (1 ტიმოთე. 2,1. 13.).

* “ძმანო რუსებო, თუ თქვენ კიდევ ვერ აღიარებთ გენიოსთა შორის გენიალური კაცის როლს, გენიალური მხედართმთავრის მისიას რუსეთის გადარჩენის საქმეში, მაშინ თქვენ ისპობთ ისტორიას და ისტორიოგრაფიას, იმ ღვთაებრივ პასპორტს, რომლითაც თქვენ მომავალში უნდა იმგზავროთ. ის ფაქტი, რომ სტალინი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის მხედართმთავარი, დღემდე ანონიმური მხედართმთავარია, რუსეთის ცნობიერებას ღვთისაგან აშორდებს და ამ დაპატარავებულ მსოფლიოში ვეღარც რუსეთი იქნება დიდი. თუ თქვენ სამართლიანად ვერ განსჯით, უფალი განგსჯით და დაგსჯით! ეს ჩვენთვის ტრაგედიაა”.

* “დღეს დედამიწაზე მართლმადიდებელ ერთა შორის ყველაზე ტრაგიკულია ქართველი ერი. ისტორიას ვერ გავაკვირვებთ. ხშირად იყო საფრთხე ქართველობის მოშლისა, მაგრამ ამ უზნეო კაცობრიობამ ერთერთ პირველ სამიზნედ გაიხადა საქართველო. ყველაზე დიდი უბედურება მაინც ისაა, როცა ხალხს მტერი მოყვასად ეჩვენება და მოყვასი _ მტრად.

* სტალინმა შექმნა მსოფლიოში აღიარებული სიბრძნის ტაძარი _ .. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ანტისტალინმა ნანგრევებად აქცია იგი.

* სტალინმა აგვიშენა მძლავრი მეცნიერებათა აკადემია.

ანტისტალინმა ნანგრევებად აქცია იგი.

* სტალინმა შექმნა ბრწყინვალე ქართული საბჭოთა კულტურა.

ანტისტალინმა ნანგრევებად აქცია იგი…

და მაინც არ ვკარგავთ იმედს, ნანგრევებიდან კვლავ აღორძინდეს ტაძარი იგი. ყოველ შემთხვევაში, ანტისტალინი და ანტიქრისტე, ხედავთ, როგორ დაემთხვა ერთმანეთს.

სტალინს არ სჭირდება ჩვენი დახმარება ან თანაგრძნობა. ეს ჩვენ გვჭირდება სტალინის გაგება, რათა გაჯანმრთელდეს ავადმყოფი ეროვნული ცნობიერება. სტალინის სამშობლოდ ყოფნას იამაყებდა მსოფლიოს ყველაზე დიდი კულტურის ერი. როცა ქართველი ერი იამაყებს სტალინის სახელით, მაშინ გადარჩება იგი. თუ ეს არ აღსრულდება, აღსრულდება საშინელი განაჩენი _ “საშინელი სამსჯავროსი”.

ვევედროთ უფალს, მოგვიტევოს მძიმე ცოდვები ქრისტეს წინაშე, ჩვენი ისტორიის, ცხოვრების წესის წინაშე, მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ლოცვა ეკლესიის საქმეა, ჩვენი კი _ ვედრება და მონანიება. “იყავნ ნება შენი!”

* “ზღვა წიგნებისა გამოდის სტალინზე. განა კიდევ დარჩა რაიმე სათქმელი? ანდა: კიდევ ერთხელ უნდა გადაღეჭონ ათასგზის ნათქვამი?! _ ასეთი კითხვები უთუოდ გაუჩნდება მკითხველს ამ წიგნის ხელის შეხებისთანავე. ხელოვნური თავმდაბლობის გარეშე გეტყვით და გთხოვთ, ნუ დამძრახავთ: ამ კუთხით სტალინზე არც წიგნი, არც ბროშურა არ არსებობს. ამ წიგნში მოცემულია ცდა, ახსნილი იქნას ნამდვილი მიზეზი: რატომაა დევნილი სტალინის ფენომენი?

წინასწარ ვაცხადებ:

სტალინი იდევნება მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი მრევლის გადარჩენისთვის. დღევანდელი გაბატონებული კოსმოპოლიტიკური იდეოლოგია დაუნდობლად ებრძვის ორ სახელს: ქრისტესა და სტალინს; ქრისტეს _ შეფარვით, სტალინს _ პირდაპირ, თუმცა უკვე იესო ქრისტესადმი ღია ზიზღსაც არ მალავს სოდომური დასავლეთი. ანტიქრისტეს ძალები ისე ცოფმორეულნი ებრძვიან სტალინს, როგორც ცოცხალ საფრთხეს; ისე თრთიან, როგორც ზღაპრული ქალაქის მცხოვრებნი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულის მოახლოებისას. ტყუილად ეშინიათ? _ არა, ტყუილად არ ეშინიათ! სტალინის მიერ შექმნილი სამყარო ამხელს თანამედროვე ურჯულოთა ბატონობას. თუ როგორ იქცევა იგი ცოცხალ ძალად, რისხვად, ამის შესახებ ეს წიგნი მოგვითხრობს.

2007 წლის გაზაფხულზე ბატონი ვახტანგის გულმა ვეღარ გაუძლო ერთ დროს აყვავებული საქართველოს ნანგრევების ყურებას, ქვეყანაში პროსტიტუციის, ნარკომანიის, სქესთა აღრევის, ყოველგვარი ეროვნულის განქიქების, გამასხარავების, ნამუსიანის უნამუსოდ და ლაჩრის გმირად გამოცხადების ტრაგიკული სცენების ყურებას, ერთ დღეს ამ გულიან კაცს, სამწუხაროდ, გულმა უმტყუნა და მძიმე ინფარქტით საწოლს მიაჯაჭვა. დაწყებულ საქმეზე მაინც წუხდა და მის დასასრულებლად სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს არ იშურებდა. თავისი წიგნის რუსულენოვანი გამოცემა სტალინზე რუსეთში უნდა გაეგზავნა. ჩქარობდა. უნდოდა, საკუთარი თვალით ენახა თავის მრავალ წიგნთაგან უპირველესი _ “სტალინი და საშინელი სამსჯავრო”, მაგრამ ასევე ჩქარობდა უფალი წმინდა სულის წმინდა საუფლოში გადაბრძანებას. ცაიტნოტში იყო ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, მაგრამ წიგნის სრულყოფილად გამოსაცემად ტექნოლოგიური ციკლია საჭირო. მეგობართა შორის გამოჩნდა ყველაზე მოხერხებული და ნიჭიერი ადამიანი, გამომცემლობა “სამშობლოს” თანამშრომელი თენგიზ თომაძე, რომელმაც ერთ დღეში შეძლო სრული ტექნოლოგიის დაცვით წიგნის ერთი ეგზემპლარის გამოშვება და საღამოს ბატონი ვახტანგის ძმასა და მეგობარს წიგნი ჩააბარა. ბატონი ვალერი კვარაცხელია სულმოუთქმელად გაიქცა მეგობართან და ვახტანგ გოგუაძეს რუსულ ენაზე თარგმნილი წიგნი “სტალინი და საშინელი სამსჯავრო” საწოლთან დაუდო. ეს 9 ივნისის საღამოს მოხდა.

ბატონმა ვახტანგმა გატაცებით დაიწყო წიგნის კითხვა, ალიონზე დაასრულა.

ნანი, ჩემთან მოდი, _ იგონებდა მეორე დღეს ბატონი ვახტანგის მეუღლე, _ თვალებში სიცოცხლის სხივი ჩასდგომოდა, ამაყად შემომხედა და მითხრა: სტალინს თავისი ხელით რომ დაეწერა თავის თავზე წიგნი, ასეთი სრულყოფილი ისიც ვერ იქნებოდაო. ეს სიტყვები თქვა და თვალები სამუდამოდ დახუჭა”.

ეს 2007 წლის 10 ივნისი იყო.

ნათელი და სანთელი მის სულს.

გრიგოლ ონიანი

2 COMMENTS

  1. ღმერთმა გაანათლოს იმ ქვეყანაში ბატონი ვახტანგი.

  2. ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს არ ყოლია ისეთი განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე და პატრიოტი საზოგადო მოღაწე, როგორიც გახლდათ ბატონი ვახტანგ გოგუაძე. სანამ საქართველოს მთავრობა არ გაიზიარებს ბატონი ვახტანგის მსოფლმხედველობას და არ დაადგება მის მიერ დასახულ ქვეყნის განვითარების გზას, ჩვენ არაფერი არ გვეშველება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here