Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფალნო, მიბაძეთ ფინეთს!

ხელისუფალნო, მიბაძეთ ფინეთს!

823

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ფინეთის ახალმა ხელისუფლებამ დიდი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა. იგი დაეყრდნო ობიექტურად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას და გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ურთიერთობა დაემყარებია დიდ მეზობელ საბჭოთა კავშირთან, რომელთანაც ათას სამას კილომეტრიანი უშუალო საზღვარი აქვს. არადა, სულ ახლო წარსულში ფინეთი საბჭოთა კავშირთან საომარ მდგომარეობაში ორგზის იმყოფებოდა: პირველად 1939 წლის ნოემბრიდან 1940 წლის მარტამდე და შემდეგ 1941-1945 წლებში, როცა ფაშისტური გერმანიის მხარეზე ომობდა.

ფინეთის ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ იუხო კუსტი პაასიკივიმ (1870-1956), რომელიც 1946-1956 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო, ქვეყნის პარლამენტში საჯაროდ განაცხადა: «მთავარსა და განმსაზღვრელს ფინეთის საგარეო პოლიტიკაში უნდა წარმოადგენდეს კარგი ურთიერთობა ჩვენს დიდ აღმოსავლელ მეზობელთან _ სსრ კავშირთან. ჩვენ ისეთი საგარეოპოლიტიკური კურსი უნდა გავატაროთ, რომელიც არ იქნება მიმართული საბჭოთა კავშირის საზიანოდ» (სტატიებისა და სიტყვების კრებული, რუსული თარგმანი, მოსკოვი, 1958, გვ. 118).პაასიკივის ინიციატივით, 1948 წელს ფინეთსა და სსრ კავშირს შორის გაფორმდა «მეგობრობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების» ჩარჩო ხელშეკრულება. პაასიკივის შემდეგ ეს კურსი ახალმა პრეზიდენტმა ურხო კალევა კეკკონენმა გააგრძელა და გააღრმავა. მის დროს ფინეთმა სათანამშრომლო ურთიერთობა გააფორმა სოციალისტური ქვეყნების ურთიერთდახმარების ეკონომიკურ საბჭოსთან. ფინეთის ხელისუფალთა აღნიშნული კურსი ისტორიაში «პაასიკივი-კეკკონენის ხაზის» სახელით შევიდა. ამ ხაზის საფუძველზე ფინეთმა საბოლოოდ უთხრა უარი ნატოს და სხვა სამხედრო ბლოკებს, სამხედრო ბლოკებს მიუმხრობლობის ახალი ნიმუში გვიჩვენა. მოიხვეჭა რა საიმედო და კეთილი მეზობლის სახელი ჯერ საბჭოთა კავშირის, ამჯერად კი რუსეთის ფედერაციის თვალში, ფინეთმა მრავალმხრივი სარგებლობა მიიღო: მისთვის რუსეთში ღიაა არა მარტო გასაღების ბაზარი ცნობილი ფინური ნაწარმისთვის, არამედ დასაქმების ბაზარიც მურმანსკის ოლქში; ყოველივე ეს საკუთარი თვალით ვიხილე 1976 წელს, როცა მურმანსკის ოლქში მესამე საზაფხულო შრომით სემესტრს, სხვა ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად, პედაგოგიური ინსტიტუტის 50 სტუდენტიც ეწეოდა. იმხანად აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორად ვმუშაობდი და სტუდენტებს ადგილზე ჩავაკითხე. ვნახე ფინელი მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი როგორ ნაყოფიერად შრომობდნენ ერთ დიდ სამშენებლო ობიექტზე, ქ. მურმანსკში კი ფინური ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებიც ვიხილე.

ჩვენს ხელისუფლებას კი ისეთი ანტირუსული ეპიდემია შეეყარა, რომ, აგერ 20 წელზე მეტია, მისგან ვერ განკურნებულა და «ნატო მინდას» რიტორიკის ქვეშ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტიც დაკარგა; ბაზარი ხომ პირწმინდად ხელიდან გამოეცალა. არადა, რუსეთში გატანილი მწვანილით, ციტრუსებით, ღვინით, დაფნის ფოთლითაც კი ქართველებმა თავის დროზე სასახლეები აიშენეს; დღეს კი იმდენად გაღატაკდნენ, რომ იმ სასახლეში ქარის მიერ ჩამტვრეული მინის ჩასმაც უჭირთ. რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ამ სტრიქონების ავტორი დაფნის ფოთოლს ბუხარში ცეცხლის დასანთებად იყენებს.

ფინეთი თავის გეოპოლიტიკურ კონცეფციას დაეყრდნო, დიდ მეზობელთან ადრე არსებული მტრული ურთიერთობა სულ მალე მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობაში გადაზარდა, ჩვენ კი რა უბედურება დაგვემართა?!

საქართველოს დღეს წინ უდევს არა მარტო ფინეთ-რუსეთის, არამედ საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობათა გამოცდილებაც, რომლებიც ადრე ბევრჯერ ყოფილან ურთიერთსაომარ მდგომარეობაში, დღეს კი კეთილმეზობლურად თანამშრომლობენ; ამაზე სააკაშვილის ხელისუფლებას ხაზგასმით ამასწინათ საქართველოში ჩამოსულმა საფრანგეთის პრეზიდენტმაც მიანიშნა.

უბედურება ისაა, რომ საქართველოს ხელისუფალთ დღემდე არ გააჩნიათ ობიექტურად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი ქართული გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ჩამოაყალიბებდა ჭეშმარიტად სასარგებლო საგარეოპოლიტიკური მოქმედების ხაზს _ პაასიკივი-კეკკონენის ხაზის შესატყვისს.

სააკაშვილის ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს გაშმაგებული ანტირუსული ისტერიკითაა გართული და რომელმაც საქართველო ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა, რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენაზე, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანობაზე ფიქრიც კი გამორიცხულია.

სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების მოღალატის როლს თამაშობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს შესაძლებელი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის მომხრე ძალები ფართო კოალიციას შექმნიან დაწყებული რადიკალი მემარცხენეებიდან ცენტრისტების ჩათვლით. ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან დამოკიდებულებაში უნდა იმოქმედოს ფინეთის მაგალითით, იზრუნოს რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, საგარეო პოლიტიკიდან საერთოდ ამოძირკვოს ნატოზე ფიქრიც კი.

ფინეთის მსგავსად, რუსეთთან მეგობრობისა და ურთიერთეკონომიკური თანამშრომლობის გაფორმების საფუძველზე ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს თბილისი-მოსკოვის, ერევანი-თბილისი-მოსკოვის, წყალტუბო-მოსკოვის ადრინდელ სარკინიგზო მიმოსვლათა აღდგენაზე, რასაც უაღრესად დიდი პოლიტიკური დატვირთვა მიეცემა; თანდათანობით შევალთ საქმიან კონტაქტებში აფხაზებთან, ბოლოს მოვუღებთ ურთიერთგაუცხოებასა და უნდობლობას. უნდა ჩავებათ სოჭის ოლიმპიადის მომზადებაში, იქ სამუშაოებზე უნდა გავგზავნოთ ასობით ჩვენი უმუშევარი; რაც მთავარია, ჩვენი ტრადიციული საქონლით გავალთ რუსეთის ბაზრებზე. მხოლოდ ასე მოვამზადებთ პირობებს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის.

თუ ფინეთმა ომის დამთავრებიდან მესამე წლისთავზე რუსეთთან მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარება შეძლო, ჩვენ რატომ ვერ უნდა გადავდგათ მსგავსი ნაბიჯი?

მაშ, ასე: მივბაძოთ ფინეთს. ახალ ხელისუფლებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართველი პაასიკივის გამოჩენა.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტოლოგი ქუთაისიდან

1 COMMENT

  1. ძლივს არ მოვისმინე საღი აზრი?ხელი ავიღოთ ნატოზე და მივბაძოთ ფინეთს.მაგრამ ვის აინტერესებს.საკუთარ ჯიბეებს გადააყოლეს საქართველოც და ქართველი ხალხიც

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here