Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის კრიზისი საქართველოზეც აისახება

ევროკავშირის კრიზისი საქართველოზეც აისახება

1341
ევროკავშირის კრიზისი

ამ დღეებში ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მეთაურების სამიტი გაიმართა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ერთიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ხოლო უთანხმოება მის წევრებს შორის ღრმავდება და პრინციპულ ხასიათს იძენს. ექსპერტები არა მხოლოდ კრიზისზე, არამედ ევროკავშირის დაშლის საფრთხეზეც ალაპარაკდნენ.

დღის წესრიგის მთავარი საკითხი მიგრანტების პრობლემა იყო. ახლახან იტალიასა და ავსტრიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრეები, ხოლო გერმანიაში უთანხმოება მმართველი ბლოკის შიგნით წარმოიშვა _ ბავარიის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერი და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი დაუპირისპირდა ანგელა მერკელს. განსაკუთრებულ მიდგომას, იტალიის გარდა, ესპანეთიც და საბერძნეთიც გამოხატავენ, რადგან ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტების ტალღა, უპირველესად, ამ ქვეყნებს აწყდება.

ხანგრძლივი, დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ ევროპელი ლიდერები წესების გარკვეულ გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. მათი სტრატეგიის ერთერთ მთავარ იდეად იქცა თურქეთთან 2016 წელს მიღწეული შეთანხმების პრინციპების გავრცელება სხვა ქვეყნებზე, უპირველეს ყოვლისა, ლიბიაზე. იქ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახალი ბანაკები შეიქმნება, გაიზრდება ლიბიის სანაპირო დაცვის დაფინანსებაც, რომელმაც ევროპის მიმართულებით ლტოლვილებით სავსე გემების გადაადგილება უნდა აღკვეთოს. ადრე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 3 მილიარდ ევროს თურქეთს გამოუყოფენ, 500 მილიონს _ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, იგეგმება ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის _ “ფრონტექსისგაძლიერებაც.

მაგრამ პარტნიორი სახელმწიფოების ნაწილი ევროკავშირის ინიციატივების მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა და ალბანეთმა უარი თქვეს ბანაკების შექმნაზე იმ ლტოლვილებისთვის, რომელთაც ხმელთაშუა ზღვაში (ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე) გადაარჩენენ.

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ლტოლვილების განაწილება წევრ სახელმწიფოებს შორის სავალდებულო არ იქნება და მათ მხოლოდ ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც ამის სურვილს ნებაყოფლობით გამოთქვამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დეპორტაციას დაექვემდებარებიან. იტალიის ახალმა პრემიერმა ჯუზეპე კონტემ შემაჯამებელ დოკუმენტს ხელი მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ კონტეს როლი საკმაოდ დიდია, პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობა აქტიურად იყენებს ტერმინს “საიმიგრაციო პოლიტიკის ორბანიზაცია”, რადგან შესაბამისი იდეები უმაღლეს დონეზე პირველად უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან ითქვა. დეპორტაციის დაჩქარება კონტეს მხარდამჭერებმა იტალიაში, ისევე როგორც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრეებმა ევროპაში, საკუთარ დიდ გამარჯვებად აღიქვეს.

ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა, სიტუაცია ისე წარმოეჩინა, თითქოს სამიტმა ევროპული ერთიანობა განამტკიცა. “დღეს გაიმარჯვა თანამშრომლობამ ევროპულ ქვეყნებს შორის”, _ განაცხადა მან, მაგრამ აშკარაა, რომ არჩევანი ბრიუსელში ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ გაკეთდა, რადგან თითოეული ქვეყანა თავის საიმიგრაციო პოლიტიკაში გაცილებით დამოუკიდებელი გახდა. ის თვითონ გადაწყვეტს, შექმნას თუ არა მიგრანტების პირველადი განთავსების ახალი ცენტრები. ეს ნიუანსი მნიშვნელოვანია _ იტალიის ხელისუფლება მოითხოვდა, რომ ლტოლვილები დაუყონებლივ მოათავსონ პირველადი განაწილების ბანაკებში და ევროკავშირის ქვეყნებში თანაბრად განაწილდნენ. პირველი წინადადება გაიზიარეს, რაც შეეხება მეორეს, სახელმწიფოები თვითონ გადაწყვეტენ, შექმნან თუ არა შესაბამისი ცენტრები და ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთმა ან უნგრეთმა ამ მხრივ ინიციატივა გამოავლინოს.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში ბანაკების სისტემის ამოქმედება ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, მისი რეალიზაცია დეტალურად გაწერილი არაა. თუ თურქეთ-ევროკავშირის 2016 წლის შეთანხმების შესრულებას ერდოღანის ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომელიც თავის ქვეყანას სრულად აკონტროლებს, გაუგებარია, ვინ დაიცავს (უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებით და ა.შ.) ლტოლვილთა ბანაკებს ლიბიაში, რომელმაც სამოქალაქო ომის ქაოსს თავი ჯერჯერობით ვერ დააღწია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებს მიუძღვით.

სამიტის შედეგების შეფასებისას, ემანუელ მაკრონზე გაცილებით გულწრფელი ანგელა მერკელი გახლდათ, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნებს შორის დიდი წინააღმდეგობები შენარჩუნდა. ევროკავშირმა წინ ვერ წაიწია კიდევ ორ _ ახალი წევრების მიღებისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის საკითხებში. ფიქრობდნენ, რომ სამიტზე გაკეთდებოდა განცხადება ევროკავშირში ალბანეთისა და მაკედონიის შესვლაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ, მაგრამ ნიდერლანდების პარლამენტმა პრემიერმინისტრ მარკ რუტეს დაავალა, ევროკავშირისა და ალბანეთის მოლაპარაკების დაწყებას ხელი შეუშალოს იმ მოტივით, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმს არ უპასუხებს. რაც შეეხება მაკედონიას, იქ თავი ძველმა პრობლემამ იჩინა. მთავრობამ მიაღწია კომპრომისულ შეთანხმებას ქვეყნის სახელწოდების თაობაზე (“ჩრდილოეთი მაკედონია” “მაკედონიის” ნაცვლად). ამას ევროინტეგრაციის გზაზე საბერძნეთის მიერ აღმართული ბარიერები თითქოს უნდა მოეხსნა, მაგრამ ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

ევროკავშირმა ნახევარი წლით გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინაღმდეგ, მიუხედავად ამისა, მოსკოვში სიტუაციის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევის აზრით, “მონოლითური მიდგომა აღარ არსებობს, სახეზეა აზრთა სხვაობა”. მან მაგალითად იტალიისა და პოლონეთის განსხვავებული პოზიცია მოიყვანა. კოსაჩევმა შექმნილი სიტუაცია ასე აღწერა: “ერთი მხრივ, აშკარაა, რომ სანქციებს აზრი არ აქვს და, მეორე მხრივ, ევროპული ბიზნესი აქტიურად “აწვება” პოლიტიკოსებს, რადგან სანქციების გამო არანაკლებ ზარალს განიცდის… ეჭვგარეშეა, სანქციების გაუქმების მომხრეებს რაღაც არგუმენტები ან საბაბი რომ ჰქონოდათ, სანქციების პოლიტიკისთვის ისე გადაეხედათ, რომ ევროკავშირისთვის “სახის შენარჩუნების” შესაძლებლობა მიეცათ, გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა”.

განსაკუთრებით აქტუალური პოლონეთის პოზიცია იყო კიდევ ერთი პრობლემის მიმართ, რომელიც სამიტის დასკვნით დეკლარაციაში სრული სიმწვავით არ ასახულა. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირში წარმოებულ ფოლადსა და ალუმინს სატარიფო ბარიერი დაუწესა, ხოლო “დიდი შვიდეულის” სამიტზე უთანხმოება ამის თაობაზე ლამის სკანდალში გადაიზარდა, ევროპელებმა კონტრზომების პაკეტი შეიმუშავეს და აშშ-თან ფართომასშტაბიანი “სატარიფო ომის” საფრთხის წინაშე დადგნენ. მათი მიდგომა ერთიანი არც ამ შემთხვევაში არის _ პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოზიცია მკვეთრად პროამერიკულია, შესაბამისად, ბერლინი და პარიზი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ვაშინგტონთან დაპირისპირებაში ევროპულ სოლიდარობას დაეყრდნონ.

აშშსთან გამწვავებულ ურთიერთობას უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამიტზე განიხილეს _ ევროპული ქვეყნების ლიდერები თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ევროკავშირის ცხრა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა სწრაფი რეაგირების ერთობლივი ძალების შექმნისა და გენერალური შტაბების მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. საინტერესოა, რომ ამ ინიციატივის რეალიზაციაში, ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, მონაწილეობას მიიღებს დიდი ბრიტანეთიც _ ადრე ლონდონი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მსგავს წამოწყებებს ნატოს ფარგლებს გარეთ.

უთანხმოება აშშ-სა და ევროკავშირს შორის, სავარაუდოდ, 11 ივლისს ნატოს სამიტზე გამოიკვეთება, მით უმეტეს რომ, ახალი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, თქმით, “ამერიკის პრეზიდენტს სურს, ბოლოს და ბოლოს, იხილოს ციფრები”, საუბარია ევროპელი პარტნიორების თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე. ამ სამიტის შემდეგ ტრამპი ფინეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მისმა პირველმა კომენტარმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ევროპა შოკში ჩააგდო. “როიტერის” ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე _ შეიძლება თუ არა აშშ-მა ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად აღიაროს? _ დონალდ ტრამპმა უპასუხა: “ვნახავთ”.

გასულ კვირას “ვაშინგტონ პოსტი”, ევროპულ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს სტუმრობდა, დონალდ ტრამპმა მას ჰკითხა: “რატომ არ გინდათ, ევროკავშირიდან გახვიდეთ?” და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც უფრო მომგებიანია პარიზისთვის, ვიდრე ევროკავშირის ფარგლებში დადებული შეთანხმებები. მედიაში, აგრეთვე, ფართოდ გავრცელდა კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ამ ვიზიტს უკავშირდება. მაკრონმა ტრამპს ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა, რადგან “არსებობს საერთო პრობლემა _ ჩინეთი”, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა თითქოს უპასუხა: “ევროკავშირი ჩინეთზე უარესია”. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

საქართველოს ამჟამინდელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაღრმავდება და ისინი სამხრეთ კავკასიაში თავის პოლიტიკას ისე გაატარებენ, რომ ერთმანეთის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ. თუ დონალდ ტრამპის ჯვაროსნული ლაშქრობა ევროკავშირის წინააღმდეგ გაგრძელდება, დასავლური ქვეყნების ერთიანი ფრონტი, დიდი ალბათობით, ჩამოიშლება, ხოლო რუსეთის გავლენა საქართველოში ძალიან სწრაფად გაიზრდება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here