Home რუბრიკები პოლიტიკა მიტ რომნი საქართველოს გამო თავს არ იტკიებს

მიტ რომნი საქართველოს გამო თავს არ იტკიებს

526

ამერიკულ არჩევნებს ქართული პოლიტიკური ელიტა, შესაძლოა, უფრო დიდი ყურადღებით აკვირდება, ვიდრე თავის დროზე ცვლილებებს სკკპ ცკ-ის და პოლიტბიუროს შემადგენლობაში. მას სურს განჭვრიტოს, რა ცვლილებები მოხდება ვაშინგტონში, რათა თადარიგი წინასწარ დაიჭიროს. სააკაშვილის ხელისუფლება ტრადიციულად ამერიკელ რესპუბლიკელებს გულშემატკივრობს, მათ კანდიდატებს შორის კი ჯერჯერობით მიტ რომნი ლიდერობს. მართალია, დღეს ოდნავ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ რესპუბლიკელების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ რომნი გახდება და მითუმეტეს არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნოემბერში ის ბარაკ ობამას დაამარცხებს, მაგრამ ურიგო არ იქნება, ყოველი შემთხვევისთვის გადავხედოთ ამ კანდიდატის პროგრამას, შევეცადოთ, დავადგინოთ რა ცვლილებები მოხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოს მომავალზე.

ჩვენი ხსენებაც აღარ უნდათ?

9 იანვარს ჯოშუა კუცერამ EurasiaNet-ში შენიშნა, რომ რომნის შტაბის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ეხება, საქართველო ნახსენები საერთოდ არ არის. კუცერა ამას «ქართული საკითხის მიჩუმათებას» უწოდებს და კითხულობს: «ხომ არ არის ეს ნიშანი, რომ საქართველოს ვარსკვლავი რუსოფობებს შორისაც კი ეშვება, ხოლო ჩახუტება (close embrace) საქართველოსა და სააკაშვილთან პოლიტიკური მარცხის ტოლფასია?». ის, რომ სააკაშვილთან ასოცირება შტატებში სულ უფრო ნაკლებ პოლიტიკოსს სურს, საიდუმლო არავისთვისაა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად მართებულია ასეთი გლობალური დასკვნების გაკეთება საქართველოს «არხსენების» ფაქტზე დაყრდნობით.იმავე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, მაგალითად, ფილიპინებზე, თუმცა ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობებში ამ ასმილიონიან ქვეყანასთან, რომელსაც აშშ ამა თუ იმ ფორმით, საუკუნეზე მეტია, აკონტროლებს, რაღაც არსებითად შეიცვალა ან რომნის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიცვლება. არსად არ არის ნახსენები უკრაინა, არც აფრიკის რომელიმე სახელმწიფო, არაბული ქვეყნების და სომალის გარდა, არც ბოლივია ან მალაიზია, არც აშშ-ს მუდმივი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა (კანადა, ავსტრალია და ა.შ.). საერთოდ, განხილულ დოკუმენტს არ აქვს იმის პრეტენზია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან აშშ-ის ურთიერთობები მიმოიხილოს. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქარველოს რომნის წინასარჩევნო დეკლარაციაში ისეთივე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა, როგორც ისრაელს (გამორჩეული მეგობარი) ან ირანს (გამორჩეული მტერი), ეს, ალბათ, ძლიერ გადაჭარბებული მოლოდინი იყო.

თუმცა ის, რომ საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა ამ დოკუმენტში ნახსენები არ არის, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ იქ წარმოდგენილი იდეების რეალიზება მათზე სერიოზულ ზეგავლენას არ მოახდენს. საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში საყურადღებო, ალბათ, შემდეგი მონაკვეთი არის: «იგი (რომნი) გაატარებს პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპელი მომხმარებლის დამოკიდებულების შემცირებაზე. იგი შეისწავლის ტექნიკური დახმარების გაზრდის საკითხს იმ აღმოსავლეთევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ამჟამად თურქეთ-ავსტრიის «ნაბუქოს» გაზსადენს ავითარებენ, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზისგან დამოუკიდებლად, ევროპისთვის იაფი ენერგიის წყარო გახდება».

როგორც ცნობილია, გაზი თურქეთში შეიძლება ან საქართველოს გავლით მოხვდეს (აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან), ან ირანიდან, როგორც ამას პირვანდელი, 2004 წლის პროექტი ითვალისწინებდა, ან ჩრდილოეთ ერაყიდან და ასევე, ეგვიპტიდან (იორდანია-სირიის გავლით, ე.წ. არაბული გაზსადენის მეშვეობით). თეორიულად, «ნაბუქო» შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე გაზის გატარების გარეშეც შეივსოს, თუმცა ამ შემთხვევაში, კონსორციუმმა უარი უნდა თქვას ცენტრალური აზიის გაზზე, ან ის ირანის გავლით გაატაროს, რაც დღეს ერთობ არარეალისტურად გამოიყურება. თუმცა «რომნის დეკლარაციაში» პასაჟს «ნაბუქოს» თაობაზე, პრაქტიკულად დაუყონებლივ მოსდევს მონაკვეთი ცენტრალური აზიის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში განიხილავს: «შეერთებულმა შტატებმა უნდა ააგონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცების, სამხედრო მომზადებისა და დახმარების, სავაჭრო შეთანხმებების და განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების გზით».

ამასთანავე, რომნი რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტ რიტორიკას იყენებს. ის მწვავედ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს და აცხადებს: «რუსეთი საერთაშორისო არენაზე მადესტაბილიზებელი ძალაა», პირობას დებს, რომ გაცილებით ხისტ პოზიციას დაიკავებს მოლაპარაკებებზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე, საუბრობს ობამას რუსული პოლიტიკის ჩავარდნაზე და დასძენს, რომ «გადატვირთვის გადატვირთვას» მოახდენს. რუსეთისადმი მიძღვნილი ქვეთავის ბოლოს რომნი წერს, რომ მისი ადმინისტრაცია «დაუპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას მისი ავტორიტარული პრაქტიკის გამო» და რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას დახმარებას აღუთქვამს.

თეორიულად, რომნის ხელისუფლებაში მოსვლის და განხილული პროგრამის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ, სავარაუდოდ, მივიღებთ მინიმუმ სამ ფაქტორს, რომლებიც საქართველოს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს: ა) «რომნის აშშ-ის» კონფრონტაცია «პუტინის რუსეთთან»; ბ) ცენტრალურ აზიაში აშშ-ის მყარი დამკვიდრების მცდელობა, რაც ირიბად სამხრეთ კავკასიაში პოზიციების განმტკიცებას გულისხმობს; გ) «ნაბუქოს» პროექტის წინა პლანზე წამოწევა და მისი რეალიზების დაჩქარება, რაც დიდი ალბათობით მისი კავკასიური შენაკადის ამოქმედებასაც ნიშნავს, ეს კი ასევე მოასწავებს აშშ-ის კონტროლის გაფართოებას საქართველოსა და აზერბაიჯანზე.

აქ ჩვენ მთავარ კითხვას მივუახლოვდით: თუ რომნი ყოველივე ამას გეგმავს და ლამის კრემლის დალაშქვრას აპირებს, რატომ არ აისახა მის თეზისებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლებლობას მისცემდა, ანტიმოსკოვური რიტორიკა გაემყრებინა? გამორიცხული არაა, რომ ეს არა სააკაშვილისგან დისტანცირების სურვილმა (ტაქტიკური ან თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით, ის სავსებით გასაგებია, თუმცა, გეოპოლიტიკური რაკურსით, ეს არასაკმარისად წონადი მიზეზია), არამედ სხვა, გაცილებით სერიოზულმა ფაქტორმა განაპირობა.

«ფანტოცი ყველას წინააღმდეგ-2»

«ჩინეთი და რუსეთი ძალას იკრეფენ და მზის ქვეშ საკუთარ ადგილს ეძებენ. მათმა ეკონომიკურმა წარმატებამ და მზარდმა ძალამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააჯანსაღოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, მაგრამ ასევე შეიძლება დაშალოს ის. ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული ხასიათი უკვე უზრუნველყოფს ამ ქვეყნების მონაწილეობას ქმედებებში, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებას ძირს უთხრის,» _ ნათქვამია დოკუმენტში An American Century (ამერიკული საუკუნე), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიტ რომნის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. რუსეთზე ზემოთ ვისაუბრეთ, რაც შეეხება ჩინეთს, აქ რომნი უფრო შორს მიდის: «ჩინეთი მეზობელი ქვეყნების დაშინებისა და მათზე დომინირების მცდელობებისგან იმედგაცრუებული უნდა დარჩეს. თუ დღევანდელ ჩინურ რეჟიმს შესაძლებლობას მივცემთ, წყნარი ოკანის დასავლეთ ნაწილში თავი დაიმკვიდროს როგორც უპირატესმა ძალამ, მან შეიძლება ჩაკეტოს რეგიონის დიდი ნაწილი თანამშრომლობისთვის აშშ-სა და დასავლეთთან».

შემდეგ მოდის იმ ზომების ჩამონათვალი, რომელიც შტატებმა, რომნის აზრით, უნდა მიიღონ _ რეგიონში საკუთარი სამხედრო ძალები გააძლიერონ, რეგიონულ მოკავშირეებს, მათ შორის ტაივანს, იარაღი მიყიდონ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, ინდოეთთან და ჩინეთში ადამიანის უფლებები დაიცვან. ამასთანავე, რომნი აპირებს, აქტიურად იმოქმედოს არაბულ სამყაროში «ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ», ძალიან ხისტი პოლიტიკა აწარმოოს ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, აქტიურად იმოქმედოს ლათინურ ამერიკაში და «ბოლივარულ მოძრაობას» დაუპირისპირდეს. შეიძლება შეიქმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ მიტ რომნი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, «მეორე ბუში» გახდება, რომელიც საერთაშორისო არენაზე უკომპრომისოდ იმოქმედებს და, შესაძლოა, დაახლოებით ისეთი შედეგი მიიღოს, როგორიც ბუშმა.

თუ ვაშინგტონი ერთდროულად წავა მწვავე კონფრონტაციაზე მოსკოვსა და პეკინთან, ამით შეიძლება ისინი სტრატეგიული ანტიამერიკული ალიანსის შექმნამდე მიიყვნოს. ძნელი წარმოსადგენია, I მსოფლიო ომის წინ დიდ ბრიტანეთს რუსეთ-გერმანიის დაახლოებაზე ეზრუნა, ან კიდევ II მსოფლიო ომის წინ აშშ-ს ემოქმედა ისე, რომ ბრიტანეთი და იაპონია კვლავ ერთმანეთის მოკავშირეები გამხდარიყვნენ, როგორც ეს XX საუკუნის დასაწყისში იყო; ეს ძალზე არარაციონალური, აბსურდული იქნებოდა. რომნი თავისი რიტორიკით, ფაქტობრივად, უბიძგებს ორ ევრაზიულ გიგანტს, ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლონ. მეტიც, ის აპირებს, გააძლიეროს აშშ-ის პოზიციები ენერგორესურსებით მდიდარ ცენტრალურ აზიაში, სადაც რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის კონკურენტები არიან, რითაც, საბოლოო ჯამში, მათი დაპირისპირების ალბათობას ამცირებს, ხოლო დაახლოებისას, შესაბამისად, ზრდის. აშშ-ის ალიანსი ინდოეთთან, სავარაუდოდ, ვერ გაანეიტრალებს ნეგატიურ შედეგებს აშშ-ის გლობალური გავლენისთვის, რომელსაც მოსკოვისა და პეკინის ანტიამერიკული ალიანსი მოიტანს.

ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით რომნი ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას მიმართავს. ნიუანსების დაკვირვებამ შეიძლება მოგვაძებნინოს პასუხი კითხვაზე: რატომ წუხს ასე რომნი ჩინეთის მეზობლებზე, საუბრობს სამხედრო საფრთხეზე, რომელიც მათ, მისი თქმით, ემუქრება და, ამავე დროს, რუსეთთან დაკავშირებით საქართველოზე ან თუნდაც იმავე უკრაინაზე მსგავსს არაფერს ამბობს?

პოკერი «დიდ საჭადრაკო დაფაზე»

რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ალიანსი შტატებისთვის გეოპოლიტიკური კოშმარი გახდებოდა, ამას ვაშინგტონში არავინ უარყოფს და ეს, სავარაუდოდ, მიტ რომნისაც ესმის. ამერიკელებს სჭირდებათ, რომ დაპირისპირებაში პეკინთან მოსკოვი მათ მხარეს იდგეს, თუმცა, ვიდრე კრემლში ვლადიმერ პუტინი იმყოფება, რუსეთი ამ გეოპოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს. ურიგო არ იქნება, ამ თემასთან დაკავშირებით წამყვანი ამერიკელი ექსპერტის ორი ციტატა მოვიყვანოთ.

ედვარდ ლუტვაკი: «კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის გარდაუვალია, ამას ეკონომიკური მიზეზები განაპირობებს. ჩინეთი ზრდას განაგრძობს, ხოლო აშშ პირველობას ასე უბრალოდ არ დაუთმობს. ორივე მხარე შეეცდება, მოკავშირეები შეიძინოს. ყველაზე დიდი ბრძოლა რუსეთისთვის წავა».

ზბიგნევ ბჟეზინსკი: «ატლანტიკური თანამეგობრობის ცნებამ, მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკა და ევროკავშირი, ხოლო გრძელვადიანში, თანდათან რუსეთი და თურქეთი უნდა მოიცვას». იქვე ბჟეზინსკიმ დასძინა, რომ პუტინის პრეზიდენტობის პირობებში, რუსეთისა და დასავლეთის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შეიძლება არ შედგეს. მიტ რომნიმ კი პროგრამაში, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, პუტინი გააკრიტიკა და იქვე დაწერა, რომ რუსეთის «მზარდმა ძალამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააჯანსაღოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა».

მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონს სჭირდება დამყოლი რუსეთი, რომელსაც ანტიჩინურ სტრატეგიაში ერთ-ერთი საკვანძო როლი დაეკისრება. პუტინი ამ გზით სიარულზე თანახმა არ არის და რომნი ამერიკელებს, ფაქტობრივად, სთავაზობს, ევრაზიას მისი «ენერგეტიკული გული», ანუ ცენტრალური აზია გამოჰგლიჯონ, რაც პუტინის «ენერგეტიკული ზესახელმწიფოს» დესტაბილიზაციას გამოიწვევს, და, ამასთანავე, აქტიურად დაუჭირონ მხარი პროამერიკულ ძალებს მოსკოვში.

ეს სტრატეგია საკმაოდ სარისკო ჩანს და ვა-ბანკზე წასვლას ჰგავს. თუ პუტინი შეტევის მოგერიებას შეძლებს, ურთიერთგაგება აშშ-სა და რუსეთს შორის, ძალიან დიდი ალბათობით, წარსულს ჩაბარდება და მოსკოვი პეკინთან სწრაფ დაახლოებას დაიწყებს. აშშ, რა თქმა უნდა, უძლიერესი ზესახელმწიფოა, თუმცა რუსეთისა და ჩინეთის ერთიანი ძალების დამარცხება (ეკონომიკურ, სამხედრო თუ ნებისმიერ სხვა ასპექტში) მის შესაძლებლობებს აღემატება, მითუმეტეს, რომ დღეს «კარგ ფორმაში» ნამდვილად არ არის. ორი გიგანტის პოტენციალის გაერთიანებამ აშშ-ს შეიძლება ორიოდე ათწლეულში დააკარგვინოს ის პოზიციები აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, რომელთა დაკავებას მთელი საუკუნე მოანდომა; ფსონი, სინამდვილში, ძალზე დიდია.

უმცროსი ბუში ცდილობდა, რუსეთი საზღვრები პერიმეტრზე შეეზღუდა (ფერადი რევოლუციები, ნატოს გაფართოება) და თანდათან «მიეხრჩო»; მისი პოლიტიკა წარუმატებელი გამოდგა. რომნი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად აპირებს, იერიში უშუალოდ კრემლზე მიიტანოს და აქტიურად დაუჭიროს მხარი ხელისუფლების სათავეში აშშ-ის მიმართ ლოიალური ძალების მოსვლას. ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა უახლოეს მომავალში ხელისუფლება დათმოს, თუმცა ეს რომც მოხდეს, რუსეთის ახალ, «დამჯერ» ლიდერებთან თეთრი სახლი, ალბათ, უპირველესად, იმ პრობლემებზე ისაუბრებს, რომლებიც მას აღელვებს, და არა საქართველოს გასაჭირზე, მითუმეტეს, რომ კრემლის ნებისმიერი დათმობა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული საზოგადოების მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას და ახალი ხელისუფლების პოზიციების მყისიერ შერყევას გამოიწვევს. გამორიცხული არაა, რომ რომნიმ ეს თემა თავის საპროგრამო დოკუმენტში ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, წინდახედულად არ შეიტანა. მას რუსეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მის წარმოსხვაში არსებობს, სავარაუდოდ, გაცილებით სერიოზული დათმობების მიღება სურს, ვიდრე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტაა (რუსეთის «მცოცავი» ბირთვული განიარაღება, მისი ჩართვა ანტიჩინურ კომბინაციებში, ამერიკელების მიერ მისი რესურსების თანდათანობითი დაპატრონება და ა.შ.).

საქართველოს საკითხი ამ კონტექსტში პერიფერიაზე ექცევა და, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რომნისეულ «ამერიკულ საუკუნეში» ის ნახსენები საერთოდ არ არის. მოკლედ, «გადატვირთვა» იქნება თუ «გადმოტვირთვა», ბუში, ობამა თუ რომნი, ჩვენ ძია სემის ხელში ჯერჯერობით არაფერი გვეშველა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here