Home რუბრიკები პოლიტიკა ჩადენილ დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს

ჩადენილ დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს

598

ინტერვიუ «ქართუ ჯგუფის» პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილთან წლის შემაჯამებელ საუბრად იყო ჩაფიქრებული.

_ დღეს და ხვალ კი არა, 31 დეკემბერს რომ მოხვიდე სასაუბროდ, შედეგებზე ლაპარაკი მაშინაც კი ნაადრევი შეიძლება იყოსო, _ მითხრა მან.

ეტყობა, ასეა.

ამიტომ ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, დღევანდელ დღეზეა აქცენტირებული, სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაში კალეიდოსკოპურად იცვლება.

_ ბატონო ნოდარ, ისეთი ძნელი წელიწადი, როგორიც 2011 გამოდგა, უთუოდ არ გქონიათ?

-_ გაცილებით ძნელიც მქონია: 1993-1994 წლები გაიხსენეთ._ წლევანდელზე უფრო რთული?

_ გააჩნია, რომელი კუთხით შევხედავთ, მაგრამ ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც ის პერიოდი გაცილებით რთული იყო, თუმცა არც ახლა არის იოლი ცხოვრება.

_ მაგრამ განსხვავება ხომ არის?

_ განსხვავება და თავისებურება, რა თქმა უნდა, არის. ხელისუფლებაში მაშინაც იყო კურიოზული დაპირისპირებები, განსხვავებული ხედვა ქვეყნის მშენებლობის საკითხებზე და თუნდაც იმ სფეროს მიმართ, რომელსაც მაშინ ვხელმძღვანელობდი, იყო სერიოზული წინააღმდეგობები, მაგრამ ხელისუფლება ასე თავგამოდებით, ასე დაუფარავად და ასე აშკარად არ ებრძოდა განსხვავებულ აზრს, განსხვავებულ პოზიციას. დღეს ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია.

იმდროინდელი ხელისუფლება ვერ ბედავდა კანონების უგულებელყოფას, რის გაკეთების უფლებასაც დღევანდელი მმართველი ძალა თავის თავს აძლევს, ვერ ბედავდა შექმნილ ვითარებაზე კანონების მორგებას.

დღეს ბევრი ისეთი რამ ხდება, როგორიც ჩემს ცნობიერებაში ვერ ჯდება.

_ ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ბედავს, უჭკუობით არის გამოწვეული თუ თავხედობამდე მისული თავდაჯერებულობით?

_ ძნელია შეფასება, იმდენად ჰგავს ერთმანეთს მათი თავხედობა და უჭკუობა…

_ რუსებს კარგი სიტყვა აქვთ _ самодурство. მე თუ მკითხავთ, ეს ცნებები ერთმანეთის განმაპირობებელია. სისულელე თავხედობის და პირიქით _ თავხედობა სისულელისა.

(ნოდარ ჯავახიშვილს არ უთქვამს, მაგრამ, მოდით, ჩვენ «ჩავიდეთ ჩოთქში»: წლის შედეგებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ხელისუფლების მიერ კანონების უპარდონო დარღვევა, მათი მორგება სიტუაციაზე, უგნურებამ და თავხედობამ შვა დღევანდელი ვითარება).

_ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის, რაც ხდება, აშკარად გამოკვეთილი აგონიის შედეგია. აგონიაა თუ ბრძოლა არსებობისთვის?

_ ეს ქმედებები, რასაკვირველია, შეიცავს აგონიის ელემენტებს, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი გაცილებით უფრო მასტიმულირებელია, რომელიც მოდის წლების იქიდან, როცა ქართულმა საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ვერ ვაჩვენეთ ძალა და, თუ გნებავთ (ცუდად ვიტყვი), კბილები თავხედ და უგნურ ხელისუფლებას.

_ სამაგიეროდ, აგერ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა კბილების გამოჩენის საპრეზიდენტო პროგრამა შემოგვთავაზა _ ღიმილი გაპრიალებული (!) კბილებით კმაყოფილების გამოსახატავად!

_ აი, სწორედ ეს გვაკლდა!

_ ბატონო ნოდარ, გუშინ და გუშინწინ «ბანკმა ქართუმ» კვლავ გაავრცელა განცხადებები, რამ გამოიწვია მათი ასეთი სიხშირე?

_ პერმანენტულმა ზემოქმედებამ, შემოტევებმა, რაც ყოველდღიურად განსხვავებულ სურათს ქმნის. განცხადებებში ასახული იყო იმ კვირის პრობლემები, როცა მოხდა დაყადაღება და შემდეგ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია. ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ ახლა ამ პროცესში ახალი და ახალი, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემები ჩნდება.

გასულ ორშაბათს შევეცადეთ დაყადაღებულ ქონებაზე გამოცხადებულ ვაჭრობაში მიგვეღო მონაწილეობა, გვაინტერესებდა, სახელმწიფო რა პოზიციას დაიკავებდა ჩვენ მიმართ.

_ რა ვაჭრობაზეა ლაპარაკი?

_ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი ჰქონდათ იმ ორგანიზაციების დაყადაღებული ქონება, რომლებსაც ბიუჯეტური დავალიანება ჰქონდა. გამოიტანეს ეს ქონება გასაყიდად იმიტომ, რომ გაიყიდოს და შემოსული ფულით დაიფაროს ბიუჯეტის ვალი.

ასეთია ამ ღონისძიების აზრი და ლოგიკა.

მაგრამ, როცა ეკონომიკის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო თვითონ ერევა ვაჭრობაში, ამით ხაზი ესმება სრულ ალოგიკურობას: ეკონომიკის სამინისტრო არ გითმობს, საშუალებას არ გაძლევს, რომ იყიდო, ყიდულობს თვითონ ბიუჯეტის ფულით, ესე იგი, ბიუჯეტის ფულს ისევ ბიუჯეტში აბრუნებს!

აშკარა ხდება, თუმცა არც მანამდე იყო დაფარული, რომ მათი იდეა, მიზანი ბიუჯეტის ვალების დაფარვა კი არ არის, არამედ ქონების წაღება.

_ ერთი ჯიბიდან იღებს ფულს და მეორე ჯიბეში იდებს?

_ დიახ, ასეა.

_ მაშ, რა ხეირს ნახულობს?

_ არავითარს, მაგრამ აძლიერებს ეჭვს, რომ დაინტერესებულია, რათა ცოტა ხნის შემდეგ რაღაც სქემით დაუბრუნოს მეპატრონეებს დაყადაღებული ქონება. ამის პირობა აქვს მიცემული.

სხვა აზრი ამაში ნამდვილად არ არის.

(ნოდარ ჯავახიშვილს არ უთქვამს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ასეთი ყალთაბანდობა, აფერა, წლევანდელი წლის თვალსაჩინო შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ «ინოვაცია» ამით არ ამოიწურება. ბატონი ნოდარი განაგრძობს).

ბიუჯეტის დავალიანება რომელიმე ორგანიზაციას თუ აღმოაჩნდება, წესით და რიგით, ჯერ ანგარიში უნდა დაუყადაღო (ეგებ აქვს ფული ანგარიშზე?!), ესენი პირდაპირ ქონების რეალიზაციით იწყებენ. მაგალითად, ამ პროცესში ერთ-ერთ ორგანიზაციას ჯერ ქონება გაუყიდეს, შემდეგ ინკასო დადეს მის ანგარიშზე (!).

გაუგებარია და საეჭვოც.

_ რა მოტივით უთხრეს უარი «ბანკ ქართუს» აუქციონში მონაწილეობაზე? შეიძლება, აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, როგორ ახორციელებენ ასეთ მანიპულაციებს? ილუზიონისტები ხომ არ მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროში: ხელის სისწრაფე და არავითარი ყალთაბანდობა?

_ ტექნიკურად აკეთებენ ამას. ვთქვათ, მივეცით ერთი ბიჯი…

_ ბიჯი რა არის?

_ აუქციონზე ქონება, როგორც წესი, რაღაც ფასით გამოაქვთ. დაწესებულია ბიჯი _ ნამატი, რომელსაც შენ აძლევ. იმ აუქციონზე, რომელზეც ვლაპარაკობთ, ორპროცენტიანი ბიჯი იყო დაწესებული. ესე იგი, ჩვენ ვიხდიდით თავდაპირველ ფასზე ორი პროცენტით მეტს. ასე იმიტომ ვიქცეოდით, რომ, როგორც გითხარით, გვაინტერესებდა სახელმწიფოს რეაქცია _ მიგვაღებინებდნენ თუ არა მონაწილეობას აუქციონში, _ ეს ერთი, და მეორე _ ვინ დაიწყებდა ვაჭრობას.

თუ სხვა, ვთქვათ, კერძო ბანკი, მაშინ გასაგებია, რომ თავისუფალი ვაჭრობაა, თუ _ სახელმწიფო, მაშინ გაუგებარია.

მაშ, დავდეთ პირველი ბიჯი, ბიჯი მისცა სახელმწიფომ. მივეცით მეორე ბიჯი და ისევ სახელმწიფომ მისცა ბიჯი.

_ ანუ ეკონომიკის სამინისტრომ?

_ დიახ. მესამე ბიჯზე გაგვითიშეს კომპიუტერი, დააგვიანეთ შემოსვლაო (?!), თუმცა მთელი ბანკი ორ კომპიუტერს მივჩერებოდით, ვხედავდით, რომ დრო გვქონდა _ სამწუთიანი პერიოდია!

შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აქვს კი აზრი დამტკიცებას?

_ ფაქტი სახეზეა.

_ დიახ. ამით მოხდა ბოლომდე ლუსტრირება იმ უსინდისობის, რითაც ებრძვიან «ბანკ ქართუს».

(პრიმიტიულ მანიპულირებაში გამოხატული ბრძოლა ივანიშვილის ქონების წინააღმდეგ კიდევ ერთი შედეგია 2011 წლის).

_ შეტევები გრძელდება და «ბანკ ქართუს» ხან რას წაგლეჯენ, ხან რას _ აფთრებივით თავს ესხმიან. ბანკი ზარალობს, სამაგიეროდ იზრდება თქვენი მორალური კაპიტალი.

_ ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა. მე სულაც არ ვთვლი, რომ ეს ზარალი და წაგებაა, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მაგალითის მისაცემად ქართული საზოგადოებისთვის, რაც, ჩვენ, მე მგონი, ასე გვჭირდება ზოგადად ბიზნესშიც და კერძოდ საბანკო სექტორშიც, თუ გნებავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. აბსოლუტურ დონ კიხოტებად რომ დავრჩეთ, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერი, რომელსაც არ ჰყავს დონ კიხოტები, განწირულია.

პოლიტიკურად ჩვენ მხოლოდ ვიგებთ.

აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებზე.

_ ეს არაფერს ნიშნავს?

_ თუ სასწორის მეორე პინაზე რაც დევს, იმას შევადარებთ, ეს დანაკარგი არაფერს ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, მოძრაობა «ქართული ოცნება» სულაც არ არის ბრძოლა ბანკისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, ღირსებისთვის, გნებავთ _ კორპორაციული, გნებავთ _ პიროვნული ღირსებისთვის და, საბოლოო ჯამში, ბრძოლა სამშობლოსთვის.

_ ბატონო ნოდარ, თქვენ ხართ პრეზიდენტი «ქართუ ჯგუფის» და არა მხოლოდ ბანკის. თავს უფლებას მივცემ გკითხოთ, შექმნილ ვითარებაში ბრკოლდება თუ არა ის მრავალმხრივი მოღვაწეობა, რომელსაც ეს ჯგუფი ეწევა?

_ თუ იმაზეა საუბარი, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიცვლება თუ არა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მისი სტრუქტურების ქველმოქმედების მიმართ, გეტყვით, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. ფინანსური დარტყმები, რაც ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ განახორციელა, არ არის იმ მასშტაბის, რომ რესურსების ეკონომიის მიზნით ბატონ ბიძინას უარი ათქმევინონ მის კეთილშობილურ მოღვაწეობაზე, მაგრამ, მოგეხსენებათ, ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს გაუგებარ საკანონმდებლო აქტებს, რაც კანონგარეშე დააყენებს ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების გაღებას, მაშინ ეს კანონმორჩილი ადამიანი ვეღარ დაარღვევს კანონს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ჩნდება საფრთხეები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებრიობა სწორად შეაფასებს მოსალოდნელ ვითარებას, კერძოდ, რომ «ვიღაცა» ხელს უშლის «ვიღაცას» (ასე ვიტყვი, არც ერთ მხარეს რომ არ ეწყინოს) სიკეთის კეთებაში.

სიკეთის კეთებას კი ხელს მხოლოდ ბოროტება უშლის. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. და თუ ამ ეტაპზე ბოროტება სიკეთის ქმნას კანონის ძალით შეაჩერებს, ამას ლოგიკურად მოჰყვება რეაქცია სიკეთის სასარგებლოდ.

_ მაგრამ პრაქტიკულად არავითარი რეაქცია არ აქვს საქართველოს საბანკო სექტორს იმ ბოროტების (როგორც თქვენ თქვით) საპასუხოდ, რომელსაც ხელისუფლება თქვენი ბანკის წინააღმდეგ სჩადის.

_ იმ ავბედითი 18 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ფულს ვღებულობთ მხოლოდ ეროვნული ბანკიდან, რისთვისაც სოლიდურ საფასურს ვიხდით. სხვა ბანკები თანამშრომლობაზე უარს გვეუბნებიან.

_ ჩამოთვლით ამ ბანკებს?

_ არა. არა იმიტომ, რომ «პროგრესბანკის» გარდა ჩვენთან არავინ თანამშრომლობს, მაგრამ ეს ბანკი ჯერჯერობით იმდენად მცირე მოცულობისაა, რომ მისგან რაიმე სიკეთის მიღება ამ ეტაპზე გამორიცხულია. დანარჩენი ბანკები ჩუმად არიან, არც ერთი არ ხმაურობს.

_ «იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს»…

_ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კი ნდობით გვეკიდებიან და პრობლემებს საკუთარ საკრედიტო ხაზებზე არ გვიქმნიან.

_ ქართულ ბანკებს გადაუგრიხეს ხელები…

_ თანაც ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. თავი დავანებოთ იმას, რომ «ბანკ ქართუს» მხარდაჭერა არ გამოცხადდა. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ამ ეტაპზე ჩვენ წინააღმდეგ ძალიან აქტიურად იყენებენ სადამსჯელო ოპერაციად, აბსოლუტურად გარანტირებულ საშიშროებას შეიცავს მთელი საბანკო სისტემისთვის, რასაც კოლეგები სულ მალე იგრძნობენ.

(მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დამფრთხალი ხელისუფლება იძულებული გახდა, ისეთი ცვლილებები შეეტანა კანონმდებლობაში, რომლითაც რეგულირდება ბანკების საქმიანობა, რომლითაც უეჭველი დაშლის საშიშროების წინაშე დააყენა აქამდე ერთ-ერთ წარმატებულ დარგად მიჩნეული მთელი ეს სისტემა.

ესეც მიითვალეთ ანგარიშში, როგორც წლის ერთ-ერთი «გამორჩეული შედეგი»).

_ გავრცელდა ხმები, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი შექმნილ სიტუაციაში აღარ დაეხმარება ხელოვნების მუშაკებს, მეცნიერებს, ამიტომ, სანამ დროა, თქვენ თვითონ თქვით უარი ამ დახმარებაზეო, ასეთი რჩევა თუ დავალება მისცეს, მაგალითად, თეატრების მმართველებს.

_ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიიღეს პარტიების დაფინანსების ხაზით, ისეთი ფორმულირებით არის წარმოდგენილი, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიძლება პარტიასთან დააკავშირონ და აკრძალვა შეიძლება ყველაფერზე გავრცელდეს.

ეს ერთი მხარეა. მეორე: თუ ვინმე უარს იტყვის ბატონ ბიძინას დახმარებაზე, ეს მისი პირადი საქმეა. ბატონი ბიძინა არავის აძალებდა და არც ამის შემდეგ დააძალებს, გინდა თუ არა, მიიღე დახმარებაო…

_ ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის თემაზე საუბრისას ადვოკატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ, აცხადებენ, რომ თუ საქართველოში ვერ იპოვიან სამართალს, სტრასბურგში განაგრძობენ ბრძოლას.

თქვენს შემთხვევაში რა მექანიზმები არსებობს საერთაშორისო საბანკო სისტემის მიერ მხარდაჭერის ან ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად?

_ თუ საერთაშორისო საზოგადოების ნება იქნება, პრაქტიკულად ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ დიპლომატიურ სივრცეში ყველაფერი ნელა და ფრთხილად კეთდება. ჩვენ არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის, საელჩოებისთვის და ა.შ. ცხადი გავხადოთ ყველაფერი ის, რაც ხდება. და ამ ინფორმირებულობის დონის გაზრდით იძულებული გავხადოთ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები. არ ველოდებით, რომ ეს იქნება დღეს და ხვალ, მაგრამ გარწმუნებთ, რეაქცია _ პირდაპირი და მკვეთრი აუცილებლად იქნება.

_ შეშფოთებას გამოთქვამენ?!

_ როცა რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, აღარაფერს ვამბობ ქვეყანაზე, კატეგორიულ განცხადებას გააკეთებს, ამას მოჰყვება შესაბამისი ქმედებაც.

(არ ვიცი, შეიძლება თუ არა, მოლოდინის რეჟიმი შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა: მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც გარკვეული სტრატეგიით არის გეზმიცემული და რა დროს როგორ ტაქტიკას გამოიყენებს ბრძოლაში ჩართული მხარე, მივცეთ უფლება, თავად განსაზღვროს. მანამდე კი ერთი შეკითხვა დაზუსტებისთვის).

_ წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ვერ გამონახეს დრო თქვენთან შესახვედრად. შეიცვალა რამე?

_ თქვენმა მკითხველმა განსაჯოს, შეიძლება თუ არა ცვლილება დავარქვათ იმას, რომ გუშინ მესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თანაშემწე და მითხრა, რომ 27 დეკემბერს მისი უფროსი გამონახავს დროს ჩემთან შესახვედრად. ვუპასუხე, რომ გაცილებით ადრე მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ არა უშავს, ახალ წელს მაინც მივულოცავთ-მეთქი ერთმანეთს.

_ მიგაჩნიათ, რომ 11 დეკემბერს გამართული «ქართული ოცნების» პრეზენტაცია, როგორც ზოგიერთი პოლიტმოღვაწე აფასებს, იყო «შეხვედრა წარსულთან»?

_ სიმართლე გითხრათ, ასეთი განცხადება განხილვის ინტერესსაც არ იწვევს ჩემში, არ ვთვლი დასკვნების გაკეთების ღირსად. ამგვარ აზრზე მდგარ პიროვნებებს, თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ჯერ არც ერთი მეტ-ნაკლებად ობიექტური, საფუძვლიანი და აზრიანი განცხადება არ გაუკეთებიათ. ვინმე გოგონამ ან ბიჭუნამ შეიძლება თქვას, რომ ნოდარ ჯავახიშვილი არის შეხვედრა წარსულთან, ასეთ აზრს შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება ამ გოგონას ან ბიჭუნას თავში, მაგრამ მეტი _ არა. არაფერია ცუდი იმაში, თუ ასაკით, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებულ ადამიანებს ჭკუას დაეკითხებიან. ნორმალურ საზოგადოებაში ასეა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ჭეშმარიტება ზოგისთვის მიუღებელია, ზოგისთვის _ საქილიკო. მსოფლიოში კი არანორმალურობად ითვლება, ასეთი მაქსიმალიზმი მიუღებელია.

_ ბოლო სიტყვას მოვიდეთ, ბატონო ნოდარ, წლის შეფასების თვალსაზრისით. ხევსურეთში კენჭაობისას მოფარიკავეთაგან ერთ-ერთი მეორეს შემთხვევით თუ გაუსერავდა, ვთქვათ, მკლავს, ჭრილობის მიმყენებელს დაჭრილისთვის იმდენი სული ცხვარი ან საქონელი უნდა მიეცა, რამდენი ხორბლის მარცვალიც ამ ჭრილობაში მიჯრით ჩაეტეოდა. ვინაც თქვენ ბანკს მიაყენა ჭრილობები, ანუ აზარალა, რითი უნდა ზღოს?

_ ვიტყვი ჩემს შეხედულებას, არ ვიცი, როგორ უყურებს ამას პოლიტიკური მოძრაობა. თუ გინდა სამართლიანი სახელმწიფოს აშენება, უსამართლობა უნდა გამოასწორო, სამართლიანობა უნდა აღადგინო, კი არ დაჰპირდე მხოლოდ. ეს იძლევა რწმენას, იმედს და, რაც მთავარია, ქმნის პრევენციის მაგალითს. სამართლიანობის აღდგენა კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონების საფუძველზე ადამიანებმა ჩადენილ დანაშაულზე, თუ არის ასეთი, უნდა აგონ პასუხი.

სამართლიანი სასამართლო ყველას ყოველთვის თავისას მიუზღავს.

_ როგორი გინდათ გათენდეს 1 იანვარი თქვენთვის, საქართველოსთვის?

_ ოცნების განსაკუთრებულ დონეზე უნდა ავიდე, 1 იანვრისთვის მეტ-ნაკლებად ხელშესახებ სიკეთეებს რომ ველოდო. თუმცა დღეს, როგორც ამ ბანკის ხელმძღვანელს, მაქვს პატარა იმედი იმისა, რომ დანაშაულებრივ საკანონმდებლო ცვლილებებს 1 იანვრისთვის გააუქმებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ძალაში დატოვებენ, ეს უმძიმეს ტვირთად დააწვება საქართველოს ეკონომიკას, უწინარეს ყოვლისა, მის საბანკო სისტემას, სერიოზულად დაეცემა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.

(ესეც ერთი შედეგი მოსალოდნელი. დადებითი თუ უარყოფითი, მალე გაირკვევა).

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here