Home რუბრიკები ისტორია  “რა მიზეზია ის მიზეზი, რომელიც ძირს უთხრის ყოველგვარ “საერთო საქმეს”, რომელსაც კი...

 “რა მიზეზია ის მიზეზი, რომელიც ძირს უთხრის ყოველგვარ “საერთო საქმეს”, რომელსაც კი კისრულობენ ქართველები?”

1418

ფოტოზე არჩილ ჯორჯაძე

ერის ერთიანობა, ურთიერთდაპირისპირების უარყოფა _ ეს არის ძირითადი საკითხი, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. იმ პერიოდში არჩილ ჯორჯაძემ ამ თემას მიუძღვნა “საერთო ნიადაგის თეორია”. და საერთოდ, ამ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და უაღრესად განათლებული ადამიანის, რომელსაც სხვადასხვა დროს უსწავლია რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში, ფილოსოფიურ წერილებში ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებია დასმული. მათი გაანალიზება და გააზრება დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, საინტერესოც არის და სასარგებლოც.

რატომ არის ძველი ეპოქების ქართველი ადამიანის ფსიქიკა “უკიდურესად საამქვეყნო” (ანუ ეროვნული) და ემპირიული ხასიათის?
რა არის ის მიზეზი, რომელიც ძირს უთხრის ყოველგვარ “საერთო საქმეს”?
ქართველი ინტელიგენტი რატომ არის ხშირად ფარისეველი, როდესაც სასწორზე “პირადი” და “საზოგადო” იწონება?
რატომ არის, რომ ხალხი, რომლისთვისაც “სწირავ თავს და ჰღუპავ სიცოცხლეს”, შენვე დაგცინის და გაფურთხებს?

ეს არის კითხვები, რომლებზეც, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს კი არა, თავისი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს გვიზიარებს არჩილ ჯორჯაძე წერილში “დაკვირვებანი” და ასკვნის, რომ ქართული ბუნება და საერთოდ, ქართული გენი ემპირიულია და განსაკუთრებულად ეროვნული, “პატარა ერი, რომელიც მუდამ ბრძოლაში იყო, თავის არსებობის დასაცავად, მეოცნებე და გულგრილი მჭვრეტელი ამ ქვეყნიერებისა ვერ იქნებოდა”. მაშ, რა გვემართება ახლა? ნუთუ დავკარგეთ “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”? საქართველოს კულტურა, მისი აწმყო, წარსული და მომავალი ხომ ის ძლიერი ფესვია, რომელზეც ამოიზარდა “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი” და გალაკტიონს სიამაყით ათქმევინა: “წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართულიო”. სწორედ ეს ქართული სისხლი ალაპარაკებს არჩილ ჯორჯაძესაც, როდესაც ქართველთა ეროვნული ხასიათის თავისებურებაზე საუბრობს.

“საინტერესოა, რა მიზეზია ის მიზეზი, რომელიც ძირს უთხრის ყოველგვარ “საერთო საქმეს”, რომელსაც კი კისრულობენ ქართველები. ეს მიზეზი რომ გარკვეული იყოს ჩვენთვის, იქნება უფრო გასაგები გახდებოდა მაშინ ფაქტი მესამოციანების დაქსაქსვისა და საზოგადოდ ფაქტი “ჯგუფობრივ საქმეების” ქართველებში სისუსტისა და გაუტანლობისა”.

ის დაქსაქსულობა და გაუტანლობა, რომელზეც არჩილ ჯორჯაძე ამახვილებს ყურადღებას, დღესაც ისევე მძაფრად იგრძნობა და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, როგორც მაშინ.

ფაქტია, რომ დღეს “ქართულ ოცნებაში” არ არის ერთიანობა. ზოგ პოლიტოლოგს მმართველ პარტიაში დაქსაქსულობის მიზეზად ის მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” ძალზე ჭრელია _ აერთიანებს სოციალისტებს, მემარჯვენეებს, კონსერვატორებს. ამის გამო ის დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ეს პროცესი გარკვეულწილად შეაჩერა, მაგრამ ზეწოლა ხელისუფლებაზე და საკუთრივ “ქართულ ოცნებაზე”, როგორც პარტიაზე, გაიზარდა. ამას ემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც. კვლევებიც ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” რეიტინგით სხვა პარტიებს უსწრებს, თუმცა მისი რეიტინგიც საგრძნობლად დაეცა.

ჩვენში საერთოდ ასე ხდება ხოლმე: ხალხი ლიდერს სთხოვს პასუხს ყველაფერზე. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის შემთხვევაშიც. ახლა ივანიშვილის ჯერია, მაგრამ საკითხავია: ვინ შეცვლის მას? თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ივანიშვილი კვლავ ღირსეულ მმართველად აღიქმება და მისი პარტიის ლიდერად დაბრუნებას იმედის თვალით უყურებს. მათი აზრით, თანამდებობებს დატოვებენ ის ადამიანები, რომლებმაც ბიძინას ნდობა ვერ გაამართლეს. ამ ვითარებაში საკითხავია: ვინ შეცვლის თანამდებობიდან მიმავალ ადამიანებს და, რაც მთავარია, რას მოიტანს ეს ცვლილებები?

“…ხოლო რომ მივიღოთ მხედველობაში ის, რაც უკვე გარკვეულია ჩვენს წარსულ ცხოვრებაში, უნდა ვსთქვათ, რომ ძველი ეპოქების ქართველი ადამიანის ფსიხიკა უკიდურესად საამქვეყნოა და ემპირიული ხასიათისაა”.

ამის მიზეზი, არჩილ ჯორჯაძის აზრით, ისტორიული პირობების ზედგავლენაა, რადგან “პატარა ერი, რომელიც მუდამ ბრძოლაში იყო, თავის არსებობის დასაცავად, მეოცნებე და გულგრილი მჭვრეტელი ამ ქვეყნიერებისა ვერ იქნებოდა. და ეს თვით ჩვენს წარსულს რელიგიურ აზროვნებასაც ატყვია. ჩვენი რელიგიური მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ მასში “ასკეტიზმს” და “მეუდაბნოებას” ფრიად საპატიო ადგილი ეჭირა, თითქმის ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივობასთან, რომელიც დარაჯი იყო, როგორც ხალხისა, ისე ეკლესიისა “ურჯულოთა” შემოსევის დროს. პატარა, მცირე რიცხოვანი ხალხი დამოუკიდებლად და თავისუფლად ვერ განავითარებდა თავის რელიგიურ აზროვნებას, რომელსაც ნიადაგ უდარაჯებდა განსაცდელი გაქრობისა და განადგურებისა. შავშეთ-კლარჯეთის მეუდაბნოენი ცდილობენ, საზღვარი დასდონ საამქვეყნოსა და საიმქვეყნოს შორის, ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ მეფეს ბერებთან არავითარი საქმე არა აქვს, რადგან ისინი სხვა და სხვა ღმერთებს ემსახურებიან, მაგრამ მტკიცედ ამ ნიადაგზე ვერ დგანან, ერთ-ერთ კუროპალატს ეურჩებოდა ბერი და მის ბრძანებაზე არ ჰსურდა მეფესთან მისვლა, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის რჩევით ურჩობას თავი დაანება და აასრულა მეფის ბრძანება. ეკლესია იმგვარ პირობებში იყო, რომ მისთვის შეუძლებელი იყო სრული კავშირის გაწყვეტა სახელმწიფოსთან. ამიტომ ჩვენი რელიგიური აზროვნება თუ არის მისტიკური და მეტაფიზიკური, არის ამგვარი სარწმუნოებრივი და დოგმატიური საკითხებში, ხოლო ეს მისტიციზმი ჰქრება მთავარ საგნის გარკვევის დროს, ე.ი. მაშინ, როდესაც საჭიროა არჩევა; ან საამქვეყნოსი, ან “სასუფევლისა ღვთისა”, _ თუნდ სიკვდილის საფასურით მოპოებულისა. აქ ჩვენი რელიგიური აზროვნება ემპირიულია, ხორცშესხმული, მიწიერი და საამქვეყნოა. ილია ჭავჭავაძემ რომ თავისი “განდეგილი” დაამარცხა, საამქვეყნო მშენების პირველსავე ხილვის დროს _ ეს აუცილებლობა სწორედ ზემოდ აღნიშნულ მოტივებით უნდა აიხსნას. კიტა აბაშიძემ მიაქცია ყურადღება ამ ფსიხოლოგიურ პრობლემას და კარგად გაგვიმარტა, რომ ჭავჭავაძე გამომხატელი იყო ამ შემთხვევაში ქართულ ბუნებისა, ქართველ გენიასი, რომელიც, არსებითად, ემპირიული და საამქვეყნოა”.

რაც შეეხება ქართველი ინტელიგენციის ხასიათს, “ჩვენი ინტელიგენცია რომ შევადაროთ რუს-ინტელიგენციას, მათ შორის დიდ განსხვავებას ვპოვებთ, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნების მხრით საერთო ბევრ რამა აქვთ. თავდაპირველად მოსჩანს რუს-ინტელიგენციის კულტურული უპირატესობა (ამგვარი უპირატესობა რუსის ხალხს ჩვენ ხალხთან შედარებით არა აქვს). იქ მეტი სიღრმეა, მეტი თავადება, ენტუზიაზმი, რწმენა და თავგანწირულება. აქ ზერელეობაა, თავდაჭერა; გატაცება და ენტუზიაზმი ხან-მოკლე და თავის თავის დაზოგვაა. შესაძლებელია ეს ძველის ძველად გადმოცემული და ჩვენ დროში ახლად გამოღვიძებულ პატარა რიცხოვან ერის თავის დაცვის ინსტინქტის გადაფურჩქვნაა, მაგრამ ჩვენ მიზეზებს არ ვიკვლევთ.

წინდაწინვე უნდა ვსთქვათ, რომ ლაპარაკი გვაქვს მეცხრამეტე საუკუნის ინტელიგენციაზე. მეოცე საუკუნის “მოძრაობა” აქ სახეში მისაღები არ უნდა იყოს, რადგან მაშინ მღელვარება და თავგანწირულება საზოგადო მოვლენა იყო, ეს იყო ხალხური სტიქია, რომელსაც აჰყვა ინტელიგენციაც. ჩვენ უნდა ავიღოთ ის ხანა, როდესაც, როგორც იყო, ერთ დროს რუსეთში, ინტელიგენცია სრულიად განმარტოებულ ჯგუფს შეადგენდა, რომლის წინააღმდეგ სასტიკად იბრძოდა მთავრობა და ხალხი კი მას სრულებით არ თანაუგრძნობდა.

როდესაც 1825 წელს “დეკაბრისტებმა” მოაწყეს პირველი შეთქმულება და თავიანთი სიცოცხლეც შესწირეს ამ საქმეს (ზოგი ჩამოაღრჩეს, ზოგი კატორგაში დააბერეს), ვინმე გრ. რასტოპჩინი დაცინვით ამბობდა: საკვირველია, საფრანგეთში “ბრბომ” მოახდინა რევოლუცია გაბატონებულ კლასების პრივილეგიების ჩამოსართმევად, ჩვენში კი არისტოკრატია თვითონ ცდილობს თავისი უპირატესობა “ბრბოს” დაუთმოს და ჩააბაროსო; რუსი ინტელიგენტი იმ თავითვე თავგანწირული ადამიანია. იგი ავადმყოფია ქვეყნიურ უსამართლობის გამო, იგი არ ითვისებს, არ იწყნარებს უსამართლობაზე დამყარებულ ქვეყანას. გერცენი პატარაობისას მგრძნობიერი ყმაწვილი იყო. ერთხელ პატარა ოგარიოვთან ერთად მოსკოვში, ვორობიოვის მთაზე, უსეირნია და იქ ამ ორ ყმაწვილს რაღაც არაჩვეულებრივი სულიერი განწყობილება აღეძვრათ. თვითონ გერცენი ასე აგვიწერს ამ ამბავს: “მზე ის იყო წვებოდა, ეკლესიების გუმბათები ბრჭყვიალებდნენ, უსაზღვრო სივრცეში იშლებოდა დიდი ქალაქი, მთის ძირში, საამო ნიავი სახეს გვიგრილებდა. ჩვენ ვიდექით, ვიდექით, ერთმანეთს მიუახლოვდით და უეცრად, გადახვევის დროს, ფიცი მივეცით ერთმანეთს აი, აქ, მთელი მოსკოვის წინ, რომ სიცოცხლეს შევწირავთ ამ ბრძოლაში, რომელიც უკვე არჩეული გვქონდა”. ან გეხსომებათ “მწვანე პატარა ჯოხის” ამბავი ლ. ტოლსტოის სიყმაწვილიდამ. მის უფროსს ძმას ნიკოლინკას ერთი პატარა შტო მოუჭრია, მწვანეთ გაუთლია და ზედ გაუკეთებია რაღაც საიდუმლო წარწერები და ეს ჯოხი ჩაუფლავს სოფ. იასნაია პოლიანაში, იქ, სადაც ახლა ასაფლავია, ლ. ტოლსტოი. ამ ჯოხის წარწერა თურმე ნიშნავდა საიდუმლოებას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ადმიანს არავითარი უბედურება აღარ მიეკაროს, რომ არასოდეს არ ჩხუბობდნენ და არ ჯავრობდნენ და ყოველთვის “ბედნიერნი ყოფილიყვნენ”. ლ. ტოლსტოის თავის ბავშვობაში ბევრი უძებნია ეს ჩაფლული ჯოხი, მაგრამ ვერ მოუნახავს (იქვე, გვ. 188).

ან რა შეედრება თავისი სიდიადით, თავისი წვალებრივობის ნიშნებით და თავისდადებით იმ მოძრაობას, რომელიც გაჩნდა რუსეთში 1872-73 წლებში, როდესაც მთელმა ინტელიგენციამ, ქალ-ვაჟიანათ, ხალხისაკენ გაიწია და ხალხი უნდოდა აემაღლებინა, გაენათლებინა და აემოძრავებინა უკეთესის მომავლისათვის. “ხალხში სიარული” ის არ არის, რასაც დღეს კულტურულ მუშაობას ეძახიან (ბიბლიოთეკა-თეატრების გამართვა), არა, მიდიოდნენ გლეხკაცობაში, მათთან ერთად მუშაობდნენ და ქადაგებას ეწეოდნენ, მიდიოდნენ ქარხნებში უბრალო მუშებათ და აუტანელ პირობებში თავიანთ მისიას ასრულებდნენ. ტურგენევს ერთ თავის პროზაიკულ ლექსში მშვენივრად აქვს აღბეჭდილი იმ დროინდელ სულიერ ვითარების სიდიადე. უზარ-მაზარ, მახინჯ სახლის გახსნილ კარის წინ დგას მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. საიდუმლო ხმა აფრთხილებს და ეუბნება, რომ მოერიდოს დერეფანს, ნუ შევა ღია კარებში, იქ “სიცივე, სიმშილი, მძულვარება, დაცინვა, ზიზღი, შეურაცხყოფა, საპყრობილე, ავადმყოფობა და თვით სიკვდილია”. მაგრამ ქალი არ დრკება. მას არ უნდა “არც მადლობა, არც შებრალება, არც სახელი”.

_ მაშ, რომ გაჭირდეს, სისხლის დანაშაულობასაც ჩაიდენ?

ქალმა თავი დაღუნა.

პატარა ხანს უკან, საიდუმლო ხმა განაგრძობდა: ის კი იცი, რომ შემდეგში იქნება რწმენა დაგეკარგოს და აღარ ინდომო, რაც დღეს გინდა. და მაშინ იგრძნობ, რომ მოსტყუვდი და უქმად დაღუპე ახალგაზრდა სიცოცხლე.

_ ეგეც ვიცი. და მაინც მინდა კარებში შესვლა.

_ შედი.

ახალგაზრდა ქალი ფეხს გადადგამს და მძიმე ფარდა ჩამოეშვება.

_ “სულელი”! _ წამოიძახა ვიღაცამ უკანიდამ.

_ “წმინდა” _ საიდღამაც გაისმა პასუხად (იქვე, გვ. 162). დაგვეთანხმებით, რომ ამგვარ ფსიხიკაში არის რაღაც არაჩვეულებრივი, თითქოს რელიგიური ხასიათის ენტუზიაზმი, რომელიც ზიზღით უყურებს პირად ბედნიერებას, პირად სიცოცხლეს, და უნდა სთქვას კაცმა, რომ ეს საერთო თვისებაა რუსეთის ინტელიგენციისა, თვისება, რომელიც გამოისახა როგორც პოლიტიკურ ბრძოლის ასპარეზზე, ისე კაზმულ სიტყვიერებაში, სადაც საკვირველის და გასაოცარის სიღრმით სხვა და სხვა ეთიკური პრობლემებია წამოყენებული.

ამ ხასიათის ფსიხიური მიდრეკილება აწინდელ ქართველის სულის განწყობილებას არ ეგუება. ძველად უნდა ყოფილიყვნენ ამ ტიპის ხასიათები. ჩვენი წარსული ისტორიის ზოგიერთი მომენტები ნამდვილი გმირული თვისებისაა. უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, დაწყლულულნი ხალხის ტანჯვით და სევდით, უნდა ყოფილიყვნენ მამულიშვილნი, რომელთათვინაც პირადი სიცოცხლე არ არსებობდა და, რომელნიც სიხარულით სდებდნენ თავსა მამულის კეთილდღეობისთვის. ნამდვილად იყვნენ ამგვარი მებრძოლნი. მაგრამ უნდა ვსთქვა, რომ ეგეც ის არ არის, რასაც წარმოადგენს რუს ინტელიგენტის ფსიხიკა”.

ომიანობის დროს, როდესაც ყველანი დიდი და პატარა, თავადი თუ ყმა გლეხი ერთი აზრით იყვნენ გამსჭვალულნი, ვაჟკაცობასა და თავგანწირვას ერთნაირად ავლენდნენ, ერთი საქმისთვის _ მამულის დაცვისთვის სიცოცხლის გასაწირად მზად იყვნენ. საუბრობს რა მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრულ ქართველთა პატრიოტიზმზე, არჩილ ჯორჯაძე მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს გაცილებით რთულ საკითხს, ჩვენი ერის ხასიათიდან გამომდინარე _ საქვეყნო საქმის კეთებისას თავდადების, უანგარობის არა მხოლოდ დაუნახაობას, არამედ დევნასა და შეურაცხყოფას თანამემამულეთა მხრიდან. და რომელი უფრო ადვილია, რომელი თავდადება _ ომში სიკვდილი თუ უმადურების გარემოცვაში ქვეყნის სამსახური?

არჩილ ჯორჯაძის პასუხი ასეთია:

“თავდადების გამოჩენა მაშინ, როდესაც ირგვლივ არამც თუ თანაგრძნობა არ არის, თავისიანების მხრით დევნა და სასტიკი მოპყრობაა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც სწირავ თავს და ჰღუპავ სიცოცხლეს, შენვე დაგცინის და გაფურთხებს, ამ პირობებში უანგარო თავდადებობის თვისებების აღმოჩენა და უმწვერვალეს ზომამდე მათი განვითარება სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც თავის გმირულის ხასიათით არ შეედრება სამხედრო ხასიათის გმირობას”.

ახალ დროში ჩვენი ხასიათი შესამჩნევად დაწვრილმანდაო და მაგალითად მოჰყავს 1832 წლის შეთქმულება: “ჩვენებურ მამულიშვილებს სწადდათ საქართველოს “განთავისუფლება”, მაგრამ რა ბავშვური იყო მათი ოცნება და რა გულუბრყვილო მათი პოლიტიკური აზროვნება! უმეტეს შემთხვევაში, ნადიმებსა და სადილობის დროს სწყვეტდნენ თავიანთ საქმეებს, ღვინით შეზარხოშებულებს ვარდისფრად ეჩვენებოდათ ყოველივე, ხოლო შემდეგში, როდესაც ოცნების ფრთები შემოაჭრეს, რა მალე დამშვიდნენ, რა წარმატებით და გულმოდგინეობით ემსახურებოდნენ სამოქალაქო თუ სამხედრო ასპარეზზე იმავ მთავრობას, რომლის წინააღმდეგ გუშინ ილაშქრებდნენ… მესამოცე წლებში ახალი ტიპის ახალგაზრდობა გვიჩნდება. ეს უკვე ნამდვილი ინტელიგენციაა. წინა წერილებში ჩვენ საკმარისად ნათელი ვყავით ის აზრი, თუ რა დიდი კულტურული საქმე გააკეთა ამ ახალმა თაობამ, პირველმა ჯგუფმა ნამდვილ ქართველ ინტელიგენციისა. მაგრამ, თუ შევადარეთ ჩვენი იმ დროინდელი ინტელიგენცია რუსეთის ინტელიგენციას მესამოცე წლებისას, აშკარად დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს სხვა და სხვა ტიპის ინტელიგენციებთან, არც უარ-ყოფაში, არც რისამე აღიარებაში ქართველი ინტელიგენცია არ მიდიოდა ლოღიკურ უკანასკნელ დასკვნამდე, იგი მიდიოდა საშუალო გზით. ეს იყო არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ინტელიგენცია უფრო დაბლა იდგა კულტურული და სულიერ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა რუსეთის ინტელიგენციასთან, ეს იყო იმიტომ, რომ ქართველს აქვს თავისი საკუთარი ტემპერამენტი და ხასიათი. მას მეტად უყვარს საკუთარი თავი; პირადობა მისი ბატონია, საზოგადო საქმე ძალდატანებაა. იგი მალე ინთება, ხოლო უმალვე ჰქრება. მისი ენტუზიაზმი უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ფსიხიური. იგი შრომობს, ხშირად ბევრსაც შრომობს, ხოლო მის შრომას გაუტანლობის ნიშნები ატყვია. არ უყვარს საერთო მუშაობა. იგი ინდივიდუალისტია. ჯგუფობრივობა სულს უხუთავს. იგი განზე იწევა, არ უთმობს სხვას იმას, რაც საჭიროა საერთო საქმის გაკეთებისათვის. და საერთო საქმე მას არ ეხერხება. ვიმეორებ, შესაძლებელია, რომ ყოველივე ეს უკულტურობის ნიშანი იყოს, მაგრამ უკულტურობის გარდა აუცილებლივ საჭიროა ეროვნულ თვისებების მხედველობაში მიღება. ქართველი ინტელიგენტი არსებითად საამქვეყნო კაცია, მისი სიცოცხლის ფესვები აი ამ მიწაშია ჩაფლული, რომელზედაც დგას, მას უყვარს მზე, ლაყბობა, ოხუნჯობა, იგი გულ-უბრყვილოა, მაგრამ თავს არ ივიწყებს. მას მეტად უყვარს თავისი ხორცი, თავისი კეთილდღეობა. ამიტომ არის იგი ხშირად ფარისეველი, როდესაც სასწორზე “პირადი” და “საზოგადო” იწონება. მას არ უნდა გახსნას და გააქარწყლოს თავისი პირადობა “კრებულობითი დასაწყისში” _ ღმერთია იგი თუ საზოგადო, სახალხო საქმე.

ჩვენში არ იყო არაფერი მსგავსი იმისი, თუ როგორი აღფრთოვანებით იყო აღჭურვილი რუსეთის ინტელიგენცია “ხალხში სვლის” პერიოდში 1872-73 წელს. უსამართლობა იქნებოდა ჩვენის მხრით, რომ გვეთქვა, სამოცდაათიან წლებში ქართველი ინტელიგენცია სრულიად არ იზიარებდა ამ ხასიათის აღფრთოვანებას და ამ საქმეში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა-თქო.

ყოველივე ეს იყო და თითქოს ამგვარი ფაქტების არსებობა ძირიანად არღვევს ჩვენ მიერ დახატულ ქართველ ინტელიგენციის ფსიხიურ განწყობილების სურათს. მაგრამ ამ ფაქტებს ჩემს თვალში ის დიდი ღირებულება არა აქვთ, როგორადაც სჩანს ზერელედ რომ შეეხოთ მათ. აქ არ არის გამორკვეული, რა არის საკუთარი და რა შეთვისებული. რომ მასიური მისწრაფებანი და მოქმედება გადმომდებია, ამაში ეჭვი არ არის, აღელვებული მასა წყნარ და მშვიდ ადამიანს ჩაადენინებს ხშირად არა ჩვეულებრივ საქციელს. მასსიური ფსიხოლოგია იმორჩილებდა ადამიანის ნებას და მას აკუთვნებს თავის საკუთარ თვისებებსა. ჩვენი ახალგაზრდობა სამოცდაათიანებში, როდესაც იგი უკვე შეპყრობილი იყო ამ გადამდებითი სენით, სულით და ხორცით შეეთვისა რუსეთის ინტელიგენციას. და აქ მანაც გამოააშკარავა ყოველივე ის, რაც დამახასიათებელია რუსეთის ინტელიგენციისა. ხოლო რამდენად იყო ეს ბუნებრივი, ე.ი. რამდენად ეგუებოდა ამგვარი ფსიხიური ვითარება ქართულ ეროვნულ ხასიათს, სხვა საკითხია. და სწორედ აქ იბადება ეჭვი, რომ საკუთარის ინიციატივითა, თავის საკუთარ ხალხში ახალგაზრდობა ანალოგიურ მოქმედებას მოერიდება. და მართლაც, ჩვენში ამ მხრით დიდი რამ არა მომხდარა რა. მოუმწიფებლობაა ეგ, თუ ეროვნულ განსაკუთრებულ ტემპერამენტის თვისების გამოაშკარავებაა, სწორედ ეს პრობლემაა გასარკვევი და სწორედ ამ პრობლემის ნათელ საყოფად გამოვსთქვით ჩვენ რამდენიმე ზემოდ აღნიშნული მოსაზრება”.

მოუმწიფებლობა...

იქნებ დღესაც ეს არის ჩვენი პრობლემების თავიდათავი?!

იქნებ უმწიფარი ხელისუფალნი ქმნიან დაბრკოლებებს სახელმწიფოს წინსვლის გზაზე?!

საზოგადოებამ თავიდანვე კარგად დაინახა “ქართული ოცნების” ხელისუფლების სისუსტე, როცა რეალური დამნაშავეების, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, რეალურად დასჯის პრეცედენტი სახეზე ჰქონდა, მაგრამ მაშინ ამას სისუსტე არ დაარქვა, წყალწაღებულივით ხავსს ჩაეჭიდა: ალბათ, ასეა საჭიროო. მაშინ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მილიარდებს ხალხს დაურიგებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს აზრად არ მოსვლია, რატომ, რა დამსახურებისთვის უნდა დაერიგებინა მათთვის საკუთარი ფული ოლიგარქს. ასევე ცოტა ვინმეს თუ მოსვლია აზრად, რომ მის მიერვე არჩეული ახალი ხელისუფლებისათვის მოეთხოვა იმ მილიონებისა და თუ მილიარდების დაბრუნება, რომელიც მათი ჯიბიდან წინა ხელისუფლებამ ამოიღო. მეტიც: საზოგადოებამ რეჟიმს აპატია ახალგაზრდა ბიჭების ქუჩაში დახოცვა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, უდანაშაულო ადამიანების ცხრაკლიტულში გამოკეტვა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ხალხის მიმართ სისხლიანი სპეცოპერაციების ჩატარება, განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მოღალატეებად გამოცხადება ან, უარეს შემთხევაში, ქუჩაში მოკვლა და შემდეგ მათი გვამების მაღაზიის თავზე შემოწყობა, შედეგად კი მიიღო დამონებული მდგომარეობა და დაჩაჩანაკებული ეროვნული სული.

სამწუხაროდ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი სახელმწიფოებრივად აზროვნების დაბალი დონე და საზოგადოების უმწიფრობა და ინდეფერენტულობა საქვეყნო საქმეების მიმართ.

ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს!

და ეს ხდება, ერთი მხრივ _ ადამიანში გამჯდარი შიშის, მედროვეობის, მლიქვნელობის, უდარდელი გულგრილობის, მოჭარბებული “მონური” საწყისების და, მეორე მხრივ _ ღირსების გრძნობის, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნის, განათლების, სამოქალაქო თვითშეგნების სიმწირის გამო. ეს ქართული სენია.

სწორედ ამაზე ამბობდა არჩილ ჯორჯაძე: “მოუმწიფებლობაა ეგ თუ ეროვნულ განსაკუთრებულ ტემპერამენტის თვისების გამოაშკარავებაა, სწორედ ეს პრობლემაა გასარკვევიო”. ფორმულა, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, ათეულობით საუკუნის წინანდელია და ძალაში იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ერი კი, რომელიც მზადაა, ხელისუფლებას აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლება ჩაუგდოს ხელთ, მუდამ განწირული იქნება.

გვაქვს თუ არა იმის გარანტია, რომ “ქართული ოცნების” შემდეგ მოსული ხელისუფლება იმ ცდუნებას გაუძლებს, რასაც მისმა წინამორბედებმა ვერ გაუძლო?

სწორედ ესაა საფრთხე და პრობლემა, რაზეც უწმინდესი არა ერთხელ გვაფრთხილებდა, როცა ერში ანალიტიკური აზროვნების სიმწირესა და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობდა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

 

 

1 COMMENT

  1. ბრწყინვალე ანალიზია, მაგრამ აკლია დასკვნა: ქართველები „ფსიხიკურად“ მზად არ არიან სახელმწიფოებრივი წყობისათვის და, მაშასადამე, დამოუკიდებლობისათვის. მათ სჭირდებათ წესიერი უცხო მმართველი, თუნდაც რუსი ან თურქი. მაგრამ უბედურება ის არის, რომ აშშ-ს, რომელმაც წაართვა მათ რუსი მმართველი, არ სურს, რომ თვითონ იკისროს მისი მართვა. მას სურს მხოლოდ მისი გამოყენება საზარბაზნე ხორცად რუსეთის წინააღმდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here