Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენი ჰალსტუხი დაიღეჭა კვირას ავლაბრის რეზიდენციაში?

რამდენი ჰალსტუხი დაიღეჭა კვირას ავლაბრის რეზიდენციაში?

662

გასულ კვირას სახელისუფლო პროპაგანდა ცოფიან ძაღლს დაემსგავსა. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს და თქვას, რომ ის წინა კვირებშიც გამორჩეულად ცოფიანი იყო და არც ძაღლური თვისებების დეფიციტს უჩიოდა, თუმცა ეს ბოლო დღეები მაინც გამორჩეული გამოდგა.

დროის მცირე მონაკვეთში საინფორმაციო სივრცეში ამდენი სიცრუისა და სიძულვილის ერთდროულ გადმოღვრას, ალბათ, ერთი მთავარი მიზეზი განაპირობებდა: რეჟიმმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. ამ საფრთხის ანარეკლს მისი წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ყველგან ხედავდნენ: სოციოლოგიურ მონაცემებში, რომლებიც გასულ კვირას გამოქვეყნდა; იმ ადამიანების განწყობაში, რომლებიც ფილარმონიაში «ქართული ოცნების» პრეზენტაციაზე მივიდნენ; უცხოელი პარტნიორების კვლავინდებურად კორექტულ, თუმცა ამავე დროს ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეცვლილ ტონალობაში ან სულაც, საკუთარი ხელქვეითების უცნაურ, უცაბედად დაფიქსირებულ გამოხედვებში, გამვლელების სახეებში, რომელთაც საკუთარი ლიმუზინების ფანჯრებიდან ხედავენ… მოკლედ, ასეთ დროს ადამიანის ფსიქიკა გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის და ნებისმიერ სიგნალს, ბულბულის სტვენისა და შაშვის გალობის ჩათვლით, მოახლოებული აღსასრულის უტყუარ ნიშნად აღიქვამს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის ის ფსიქოტური სიცოფე, რომელმაც სახელისუფლო პროპაგანდა (და ხელისუფლება) გასულ კვირას შეიპყრო. ნამდვილად არ ვაპირებ იმ უამრავი სიბინძურის ციტირებას, რომელიც მათ ივანიშვილზე და მის თანამოაზრეებზე თქვეს, უბრალოდ, შემოვიფარგლოთ იმ ფაქტის კონსტატაციით, რომ სახელისუფლო წრეებში დამკვიდრებული შიში, როგორც ჩანს, რეალურია, ხოლო ფსიქოზი _ მწვავე. იყო კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი; როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ფილარმონიაში შეკრებილთა შორის «ცნობილ სახეებს» ეძებდა, მე ყურადღება სხვა ფაქტს მივაქციე. «ქართული ოცნების» პრეზენტაციაზე სხვებთან ერთად იმყოფებოდნენ ის (შესაძლოა, შედარებით ნაკლებად ცნობადი) ადამიანებიც, რომლებიც ადრე ნებისმიერ ოპოზიციურ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ და მასში მონაწილეობისგან თავს იკავებდნენ. არა იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილი მოსწონდათ (მათი უმრავლესობა თავიდანვე დასანახად ვერ იტანდა მას), უბრალოდ, ინფორმირებულობის ან განვითარებული ინტუიციის გამო მიიჩნევდნენ, რომ ის საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ადგილი დღემდე ჰქონდა, მარცხისთვის განწირული იყო. მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციის გამარჯვებას, ერთი შეხედვით, ძალიან ცოტა აკლდა, ისინი პროცესებში არ ერთვებოდნენ. ის, რომ მათ ჩრდილიდან გამოსვლა და ივანიშვილის გვერდით დადგომა გადაწყვიტეს, პირადად ჩემთვის ძალზე სიმპტომატური იყო. თუ ამ ფრთხილმა, წინდახედულმა და, როგორც წესი, კარგად ინფორმირებულმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამჯერად აქტიურად უნდა ამოქმედდნენ, ეს, ალბათ, არცთუ ურიგო ინდიკატორია იმისა, რომ (ანჯეი საპკოვსკის თქმის არ იყოს) «რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება». არანაირი განზოგადება და გლობალური დასკვნები, თუმცა ეს მომენტი საკმაოდ ნიშანდობლივი იყო და ეს, სავარაუდოდ, ხელისუფლებამაც იგრძნო.

ეს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი ადამიანის სუბიექტური დაკვირვებაა. ასე რომ, აჯობებს სოციოლოგიურ კვლევებზე გადავიდეთ, რომელიც, წესით, მოსახლეობის განწყობას ობიექტურად უნდა ასახავდეს. გასულ კვირას «სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის» და «IRI»-ს (ნაწილობრივ) კვლევების შედეგები გამოქვეყნდა. IRI-ს მონაცემებთან დაკავშირებით უამრავი უხერხული კითხვა გაჩნდა. კომენტატორების უმრავლესობამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს 74%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო «ყველაზე სანდო ოპოზიციური ლიდერის» ნომინაციაში ბიძინა ივანიშვილს გიორგი თარგამაძემ აჯობა. ასევე შეინიშნებოდა შეუსაბამობა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მონაცემებს შორის. ასე რომ, დეტალების დაზუსტებამდე, ალბათ, აჯობებს, ამ კვლევაზე საერთოდ არ ვისაუბროთ, არ დავსვათ პროვოკაციული კითხვა: სად აქვს სააკაშვილს 74%-იანი რეიტინგი _ «ნაცმოძრაობის» მთავარ ოფისში თუ ცენტრალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? ან, როგორც მინიმუმი, არ ვუპასუხოთ მას. 

რაც შეეხება «სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის» მონაცემებს, კითხვაზე _ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? _ რესპონდენტების 36%-მა უპასუხა: «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას», ხოლო 32%-მა _ «ბიძინა ივანიშვილის პარტიას»; თუმცა აქ ყურადღება ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ. თბილისში, სადაც ამომრჩევლების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული, ივანიშვილი თითქმის 16%-იანი უპირატესობით ლიდერობს (39,6 პროცენტი «ნაციონალების» 23,9%-ის წინააღმდეგ), ამასთანავე, ის 13%-იანი უპირატესობით ლიდერობს იმერეთში, სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით (ცხადია, თბილისის გამოკლებით) ყველაზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მაღალი აქტიურობა დაფიქსირდება (ან გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტების 77,7%-მა თუ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას «აუცილებლად მიიღებს», ხოლო 11,4%-მა _ «ალბათ, მივიღებ»), ივანიშვილის გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით სავსებით რეალური გახდება. მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალებს» ჩამორჩენის კომპენსირება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ნაწილობრივ შიდა ქართლის ხარჯზე შეუძლია, მათი მდგომარეობა ფრიად საგანგაშოდ გამოიყურება, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მათ მოწინააღმდეგეს საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ დაუწყია. ივანიშვილი არ ჩასულა რეგიონებში, არ გაუშლია თავისი განცხადებები კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების მოზიდვაზე ორიენტირებულ გზავნილებად, არ აუფრიალებია დროშები და მჭექარე ლოზუნგები, არ შეხვედრია ადგილობრივ ლიდერებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ის ჯერ კიდევ სასტარტო პოზიციაზე იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამოკითხვის ჩატარების მომენტში კითხვარში მოხსენიებული «ბიძინა ივანიშვილის პარტია», როგორც ასეთი, არ არსებობდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხვაში ასახული შედეგი ივანიშვილის მინიმუმია, რომელიც ნაციონალების «ნაძალადევი მაქსიმუმის» ფონზე ძალზე დამაჯერებლად გამოიყურება.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოციოლოგებთან საუბრისას, მოქალაქეების ნაწილი ფრთხილობს და ცდილობს ხელისუფლების საწინაღმდეგო არაფერი თქვას. ეს სიტუაცია გასულ კვირას უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლენა ტრეგუბმა «Kyiv Post»-ში აღწერა: «როდესაც ქართველებს ვესაუბრებოდი, განსაკუთრებით იმან გამაოგნა, რომ ყოველთვის, როდესაც ადამიანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, აუცილებლად მეკითხებოდა, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ მისი სურათი ან სახელი სტატიაში არ გამოჩნდება. «რატომ გეშინიათ?,» _ ვეკითხებოდი გაოცებით და შემდეგ პასუხებს ვისმენდი: «ისინი სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ», «ჩემს კომპანიაში საგადასახადოს გამოგზავნიან», «სახელმწიფო სამსახურში ჩემი ნათესავი მუშაობს და ჩემ გამო შეიძლება დაითხოვონ»… ვერაფერს ვიზამთ, ეს რეალობაა; სოციოლოგებთან საუბრისას მოქალაქეები ყოველთვის გაცილებით შეზღუდულები არიან, ვიდრე, მაგალითად, ინტერნეტში, სადაც სხვადასხვა გამოკითხვაში ივანიშვილის რეიტინგი 65-75%-ის ფარგლებში მერყეობს.

«ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები ყველაზე დიდ იმედებს მაჟორიტართა კორპუსზე ამყარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ ათიოდე მაჟორიტარის გაყვანას თუ შეძლებს (თბილისი ნაწილობრივ პლუს რამდენიმე რაიონი); ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რომელიც ივანიშვილის წინაშე დგას, თუმცა საუბარი მის სავარაუდო სტრატეგიებზე ძალიან შორს წაგვიყვანდა. ასე რომ, უბრალოდ, დავაფიქსიროთ, რომ ყველა წინასწარი მონაცემის შეჯამება (გამოკითხვები იქნება ეს, ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მოსაზრებები, სხვადასხვა დაკვირვებები და ა.შ.) დღეს დაახლოებით თანაბარ, საყაიმო შედეგს გვაძლევს. თბილისელებს ეს შეფასება შეიძლება ზედმეტად პესიმისტურად მოგვეჩვენოს, რადგან აქ სააკაშვილის მომხრეები აშკარა უმცირესობაში არიან, თუმცა ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ სიტუაცია რეგიონებში განსხვავებულია. ამასწინათ ვიმოგზაურე (რეგიონს არ დავასახელებ, ეწყინებათ) და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სადღაც სხვა ქვეყანაში, დათრგუნულ, დაშინებულ «მიშისტანში» მოვხვდი. სააკაშვილის იდეური მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ, ფატალური ამაში არაფერი იქნებოდა (ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მხარი ნებისმიერ პოლიტიკოსს დაუჭიროს, თუნდაც ის ჩამოყალიბებული მობუტუ იყოს), მაგრამ იმ ადამიანებს პოლიტიკაზე საუბრის და თუნდაც მომიჯნავე თემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირების ელემენტარულად ეშინოდათ.

ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, ალბათ, არა იმდენად სააკაშვილია, რამდენადაც ეს უტყვი, დამთრგუნველი შიში; თუ მის დამარცხებას შეძლებს, არჩევნებში, სავარაუდოდ, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს.

«ქართული ოცნების» პრეზენტაციამ, თუ სათვალავში რამდენიმე ხარვეზს არ ჩავაგდებთ, პრინციპში, კარგად ჩაიარა და, რაც საინფორმაციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ის საზოგადოებაში დღემდე მთავარ განსახილველ თემად რჩება. ჩვენ ბოლო წლებში მივეჩვიეთ იმას, რომ პოლიტიკოსები ავანსცენაზე ჭკუანაკლული პავიანებივით დახტიან და ისეთ ლოზუნგებს ისვრიან, რომ ნორმალურ ქვეყანაში იძულებითი მკურნალობა არ ასცდებოდათ. ივანიშვილმა, ამ მხრივ, ახალი სტილი _ მშვიდი, აზრიანი საუბარი შემოგვთავაზა. ეს, ცხადია, მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ზოგიერთ ამომრჩეველს ამ ტალღაზე მყისიერი გადართვა შეიძლება გაუჭირდეს, რადგან ის პოლიტიკურ შოუს მიეჩვია, რომელშიც ცირკის ელემენტები ჭარბობს.

მთავარი, რაც «ქართული ოცნების» პრეზენტაციაზე დაფიქსირდა, იყო ორიენტაცია საზოგადოების გაერთიანებაზე, იმ ერთიან ფრონტზე, რომელზეც რეჟიმის ოპონენტები ამდენ ხანს ოცნებობდნენ, ოღონდაც ის ფართო პოლიტიკური ალიანსის სახით წარმოედგინათ (მისი შექმნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა). ივანიშვილის ინოვაცია ამ ფრონტის არა პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ფუნდამენტზე დაფუძნება გახლდათ. ეს სხვაობა შეიძლება ძნელი დასაფიქსირებელი იყოს, თუმცა მას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თუ სრულიად საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირების მოდელი საქართველოს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ სივრცეში ცენტრალურ ადგილს დაიმკვიდრებს, სააკაშვილის ხელისუფლება, უფრო სწორად კი მმართველთა არც თუ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, იზოლირებული, ალყაშემორტყმული აღმოჩნდება. ამ მიზნის მიღწევა არც ისე იოლია; ივანიშვილმა, ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ფრონტის მუდმივი გაფართოება; მეორეს მხრივ კი, მისი დაშლის პრევენცია მოახდინოს. თუ ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს, რაღაც მომენტში «პოზიციური ჩიხი», რომელიც დღევანდელ «საყაიმო შედეგს» განაპირობებს, დაიძლევა და მოხდება გარღვევა, რაც რეიტინგებში კრიტიკულად მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.

საინტერესო კია: რამდენი ჰალსტუხი დაიღეჭა 11 დეკემბერს ავლაბრის რეზიდენციაში? არა, ეს ისე, სხვათა შორის ვიკითხე, უბრალოდ, სპორტული ინტერესია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here